აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავის კანდიდატურა მოხსნა. როგორც ბაიდენი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა იყო, მას სჯერა, რომ მისი პარტიისა და ქვეყნისთვის უკეთესი იქნება მისი გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ფოკუსირება. ამასთან, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი გაიზიარა ჯო ბაიდენის პათოსი და საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს მხარი დაუჭირა.
კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბაიდენი ამერიკელ ხალხს და ამერიკას ყველაფერზე მაღლა აყენებს.
„არჩევნების დღემდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანო ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი“, - აღნიშნა ჰარისმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის არ იყო შესაფერისი კანდიდატი. მისი თქმით, პრეზიდენტის თანამდებობა მან მხოლოდ „ტყუილებით“ და „ფეიკით“ მიიღო.
„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი სამსახურისთვის და არც არასდროს ყოფილა!
ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო.
ჩვენ ძალიან ვიტანჯებით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი“, - დაწერა მან თავის სოციალურ ქსელში.
სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება For.ge-სთან საუბარში შეაფასა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისის წარდგენით, დემოკრატების შანსები გაიზარდა.
„ვფიქრობ, ამ კონფიგურაციით, დემოკრატების გამარჯვების შანსები უფრო მეტად გაიზარდა, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საკმაოდ დიდი დრო არის დაკარგული - ახალ კანდიდატზე გადაწყობა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ახლა მნიშვნელოვანია დემოკრატები ყრილობაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რით გააძლიერებენ მათ გუნდს - ამასთან, მნიშვნელოვანია დარჩენილ დროს ბაიდენი როგორ გამოიყენებს იმისათვის, რომ ლამაზად წავიდეს პოლიტიკიდან - მხედველობაში მაქვს, უკრაინისთვის დახმარებაზე კოცენტრირება“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
სამხედრო ექსპერტი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, მისი რეიტინგი იმდენად გაიზარდა, რომ ეს ფაქტი გადამწვეტ როლს ითამაშებს საპრეზიდენტო არჩევნებში და მას გამარჯვების გარანტიას მისცემს.
„ცალსახად იმის თქმა, რომ ტრამპზე თავდასხმა პირდაპირ გადამწყვეტ როლს ითამაშებს არჩევნებში, ასე არ იქნება, რადგან საკმაოდ დიდი შუალედია არჩევნებამდე და ეს თემა დიდხანს ვერ იქნება წინა პლანზე წამოწეული, მით უმეტეს, ეს ახალი არ არის ამერიკის პოლიტიკისათვის. ამერიკის ისტორიაში, დაახლოებით, 7 პრეზიდენტია მოკლული და იყო სროლების და დაჭრების შემთხვევებიც.
ვფიქრობ, დადგა დრო გადახალისებისა, უფრო ახალგაზრდა პოლიტიკოსების წინ წამოწევის პროცესის. მოგეხსენებათ, ტრამპი სამი წლით უმცროსია ბაიდენზე - ასაკმა გადამწვეტი როლი ითამაშა კანდიდატის ცვლილებაზე. რაც შეეხება ტრამპს, გასაგებია, რომ ამერიკის გარკვეულ ამომრჩეველში ის პოპულარულია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს იყოს გადამწვეტი ფაქტორი. რეალურად, დღეს მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ამას სჭირდება ახალგაზრდა პოლიტიკოსების გუნდი, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და ვფიქრობ, რომ ამერიკელი ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - დასძინა აკია ბარბაქაძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა კამალა ჰარისის კანდიდატურის წარდგენა ბაიდენის მიერ. ანჯაფარიძე ასევე აღნიშნავს, რომ ჰარისს არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი არ აქვს ამ ეტაპზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ბაიდენის კანდიდატურის მოხსნა, როგორც ჩანს, მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა. მე პირადად ბოლომდე არ მეგონა, რომ ის კანდიდატურას მოხსნიდა, რადგან ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა არის დემოკრატიული პარტიისთვის. რაც შეეხება მის მიერ კამალა ჰარისის კანდიდატურის მხარდაჭერას, ვფიქრობ, ეს სავსებით მოსალოდნელი იყო - მოულოდნელი იქნებოდა, რომ მას საერთოდ არავისთვის დაეჭირა მხარი ან სხვა კანდიდატისთვის გამოეხატა მხარდაჭერა.
მგონია, რომ კამალა ჰარისის გამარჯვების შანსები მაინცდამაინც მაღალი არ არის, თუმცა, არც უშანსოდაა. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაიწყებს ის მის საარჩევნო კამპანიას და როგორ წარმართავს მას. მით უმეტეს, ასეთი შოკური გადაწყვეტილების შემდეგ, მისთვის მარტივი არ იქნება საარჩევნო კამპანიაში ჩაბმა უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითქოს ტრამპს გარანტირებული აქვს გამარჯვება, რადგან მას წინ სასამართლო პროცესი ელოდება და შესაძლოა, კიდევ არაერთი საქმე ამოუქექონ. ამასთან, იმ შემთხვევამ, რაც ჩვენ ვიხილეთ, მასზე განხორციელებულმა თავდასხმამ, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეგვახსენოს თავი, თუკი იმ ძალებმა, რომლებიც ამ მკვლელობის მცდელობის უკან იდგნენ, კიდევ ერთხელ სცადონ მისი ლიკვიდაცია.
ეს არის ძალიან რეზონანსური ამბავი, საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმა - ეს პირდაპირ ჩრდილს აყენებს ამერიკული დემოკრატიას და მისი ინსტიტუტების გამართული მუშაობის იმიჯს, რომელიც მსოფლიოში მისაბაძ მაგალითად ითვლება. წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება.
ვფიქრობ, ამ თავდასხმის შემდეგ, ტრამპის რეიტინგმა მოიმატა, მაგრამ მისი კოსმოსური ავარდა არ ყოფილა, როგორც ცალკეული პირები წერენ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.