„ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა“, - ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლოდინი. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება - იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. ომის დასრულების პირობას იძლევა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი მსოფლიოს მშვიდობას და უკრაინას ომის დასრულების პირობას აძლევს, რომელიც უკვე ესაუბარა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
მხარეებმა სატელეფონო საუბრისას ომის დასრულების გეგმებზე ისაუბრეს და ასევე, ტრამპის უკრაინაში ვიზიტის საკითხი განიხილეს. ზელენსკის პრეს-მდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, სად და როდის უნდა შედგეს ტრამპის ვიზიტი უკრაინაში, ამაზე უკვე გუნდები იმუშავებენ, ისინი შეათანხმებენ გრაფიკს, დეტალებს, თუ როდის იქნება ეს შეხვედრა შესაძლებელი.
ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დონალდ ტრამპს შეხვდა. საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო უკრაინა. ჯონსონი, რომელმაც, უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სამშვიდობო დოკუმენტზე ხელის მოწერა აუკრძალა და ომის გაგრძელება აიძულა, დღეს ეჭვიც არ ეპარება, რომ ტრამპი ძლიერი და გაბედული იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში.
„დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როგორც არასდროს, დავრწმუნდი, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება. მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია დაასრულოს ეს ყველაფერი უკრაინისა და დასავლეთისთვის მართებული პირობებით“, - აცხადებს ბორის ჯონსონი.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უახლოეს თვეებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც, შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. კლიჩკოს აზრით, ისევე, როგორც ომი მომდევნო წლებში, ტერიტორიული კომპრომისებიც ადვილი არ იქნება. მისი თქმით, ზელენსკიმ, შესაძლოა, რეფერენდუმის ჩატარების გზას მიმართოს, რათა ხალხს ჰკითხოს აზრი რუსებისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ.
„მომავალი თვეები ძალიან რთული იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, მოუწევს გააგრძელოს ომი, თუ განიხილოს პუტინთან ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობა და თუ ასეა, რა ზეწოლა იქნება ამერიკიდან ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში? და როგორ უნდა ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებსაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლეს ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე მიდის.
მართალი გითხრათ, ომი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე, კოშმარი იქნება კიდევ ორი წელი რომ მოგვიწიოს ბრძოლა. ზელენსკის, ალბათ, მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს. არა მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა დამოუკიდებლად, სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე. მისთვის გამოსავალი, შესაძლოა, იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, როგორც ისრაელში მოხდა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზად არის დათმოს მის ხელში ცენტრალიზებული ძალაუფლება“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია არა მხოლოდ კიევი, არამედ დანარჩენი მსოფლიო, რადგან მიაჩნიათ, რომ ამერიკის ხელისუფლებაში რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოსვლა შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ერთ-ერთია იმათ შორის, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მკაფიო მიზეზი არ იცის. იცის ის, რაც საჯაროდ ცხადდებოდა, მაგრამ ამ განცხადებების უკან რა ხდებოდა, არ იცის.
„არის ეჭვი, რომ უკრაინის კონფლიქტში ინტერესი იარაღით ვაჭრობა იყო, ოღონდ კონკრეტულად იმ წრეების, რომლებიც ბაიდენთან ახლოს არიან და რომლებიც აწყობდნენ ბაიდენის უკრაინაში ხშირ ვიზიტებს და მის მხარდაჭერას უკრაინული კონფლიქტის მიმართ. ჩვენ ყოველთვის წმინდა პოლიტიკურ ინტერესებს ვაანალიზებთ, მაგრამ კრიმინალური მიზეზებიც ამოძრავებს ამ დიდ ქვეყნებს, რაც ხშირად ძალიან დიდი პოლიტიკური პროცესების საფუძველი ხდება.
ვიმეორებ, ეს კრიმინალური მიზეზები უნდა გაირჩეს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბაიდენი ძალიან ჯიუტობდა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით - აშკარად არ უნდოდა პრეზიდენტობის დატოვება არა მარტო იმიტომ, რომ ტკბილია პრეზიდენტობა, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდა, რადგან მისი ოჯახის დანაშაულის შესახებ შეიძლება ბევრი კრიმინალური საქმე ამოტივტივდეს და შეიძლება მისი პირადი მონაწილეობაც.
ეს კრიმინალური კონტექსტი ჩემთვის ლოგიკურად უფრო დამაჯერებელია. ეჭვი ჩნდება, რომ ავღანეთიდან გამოსვლაც მაგ ტიპის კრიმინალური მოტივით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული. იქ იარაღი დატოვეს, რომელიც მერე ავღანელებმა გაყიდეს. ჩნდება კითხვა - ავღანელებმა ისე გაყიდეს, თუ ვინმე წილში იყო ამერიკელებიდან? - ეს კიდევ გასარკვევია. ამ პირობებში ომის შეწყვეტა ძალიან რთულია, რაც უკავშირდება დემოკრატიული პარტიის ზედა ეშელონს, ბაიდენთან დაახლოებულ წრეს. ასე რომ, თუკი დემოკრატები ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, რისი შანსიც დიდია, მაშინ რეალური ხდება ომის შეწყვეტა, რის პირობებსაც ტრამპი საჯაროდ იძლევა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება ინგლისის ყოფილი პრემიერის შეცვლილ პოზიციას, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე იხსენებს არახამიას სკანდალურ განცხადებას - რომ არა ინგლისის პრემიერის, ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გარძელების შესახებ, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული იყო სტამბულში გამართული მოლაპარაკებების თანახმად. ანალიტიკოსის განცხადებით, ბორის ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა კისერზეა უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლე.
„ეს არის რეალური სახე გარედან მართული უკრაინის სახელისუფლებო ხროვის, რომლის სათავეში დგას ზელენსკი. იმ ზელენსკის, რომელსაც, იყო დრო, გმირად წარმოგვიდგენდნენ და მასზე წიგნებს წერდნენ და თარგმნიდნენ აქაური შარლატანები. გლობალური ომის პარტიის წევრებს ზუსტად ანალოგიური სცენარის განხორციელება სურდათ საქართველოში; ამიტომაც შემოაგზავნეს სააკაშვილი; ამიტომაც მოითხოვდნენ თბილისის აეროპორტიდან ჩარტერული რეისებით მოხალისეების გაგზავნას; ამიტომაც გაჰყვიროდნენ საქართველოდან ხვრელები გადის რუსეთშიო; ამიტომაც ხაოდნენ საქართველოს ცის გავლით იბომბება უკრაინაო; ამიტომაც ბღაოდნენ თსუ თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი და წერდნენ უსტარებს „არა რუსულ კანონსო“ და დიახ, ამიტომაც წიოდნენ ლომჯარია-გიგაურის შანტრაბა - „გვრეკე თავში ძია ვალოდია, გვრეკეო“. იმიტომაც იყვნენ და არიან აჟიტირებულნი, თინიკოები, ცისკარიშვილი, ბუღაძეები, გვარამიები, მელიები, პატიკოები, ჭიჭიკოები. იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ ზოგიერთები, თუ რა საშინელებას გადაარჩინა ქვეყანა საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.