რატომ შეიცვალა მოულოდნელად ბაიდენმა საარჩევნო რბოლაში მონაწილეობის გაგრძელებაზე აზრი და ვინ ახდენდა მასზე ზეწოლას

რატომ შეიცვალა მოულოდნელად ბაიდენმა საარჩევნო რბოლაში მონაწილეობის გაგრძელებაზე აზრი და ვინ ახდენდა მასზე ზეწოლას

არჩევნებამდე სამი თვით ადრე, შეერთებულ შტატებში პოლიტიკური პროცესები თავდაყირა დგება. რას ნიშნავს დემოკრატებისთვის, წინასაარჩევნოდ, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა და რას ნიშნავს ბაიდენის მხრიდან ძალაუფლების დათმობა? შეერთებული შტატებისთვის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ნაბიჯი ისტორიულია. ამერიკის პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს, საპრეზიდენტო კანდიდატს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა.

ჯო ბაიდენმა მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა და პოლიტიკურ კარიერას ამით წერტილი დაუსვა. მისი ამ ნაბიჯის შემდეგ რესპუბლიკელები უკვე მის თანამდებობიდან გადადგომასაც ითხოვენ.

ახლა მთელი მსოფლიო ელოდება, რა იქნება ამის შემდეგ და გახდება თუ არა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი. მას ბაიდენის მხარდაჭერა უკვე აქვს, ერთ დღეში მიიღო საარჩევნო კამპანიისთვის 55 მილიონი დოლარი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დემოკრატიულმა პარტიამ უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების აზრით, დემოკრატებმა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ, რათა მათი კანდიდატის შანსები, ნოემბრის არჩევნებზე, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მაღალი იყოს.

რესპუბლიკელი ოპონენტი, აშშ-ის 45- პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მალევე დაესხა თავს კამალა ჰარისს და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამარჯვება მისთვის უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის დამარცხება იქნებოდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტრამპის სიხარული არც თუ არარეალურია, რადგან კამალა ამერიკელებს დიდად არ უყვართ. ის არ არის პოპულარული საზოგადოების დიდ ნაწილში. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე გუბერნატორმა თავისი კანდიდტურა წამოაყენოს. თუმცა „სიენენი“ სანდო წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ჰარისის კანდიდატურას მხარი დემოკარტება უკვე ერთსულოვნად დაუჭირეს.

ამერიკული მედია კი წერს, რომ წყაროების ცნობით, ავადმყოფობის ფონზე, 81 წლის ბაიდენმა, შაბათ-კვირა დემოკრატიული პარტიის ზეწოლის ქვეშ გაატარა, რომლებიც მას საარჩევნო რბოლიდან გამოთიშვას ურჩევდნენ. წყაროების თქმით, ბაიდენი განსაკუთრებით აღშფოთებული იყო წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის მისამართით, რომელიც ბაიდენის მრჩევლების აზრით, მისი გადადგომის მიზნით, ზეწოლის კამპანიას მართავდა. ამიტომაც ბაიდენის გადაწყვეტილება თეთრი სახლის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ბაიდენი რამდენიმე საათით ადრე აცხადებდა, რომ ის წინ მიიწევდა და არსად წასვლას არ აპირებდა. ხოლო როიტერის წყაროს ინფორმაციით „დაახლოებით 13:45 საათზე, პრეზიდენტმა თავისი გუნდის უფროს წევრებს უთხრა, რომ გადაიფიქრა და მიდის“, - ამბობს წყარო. ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ბაიდენზე სერიოზული ზეწოლა განხორციელდა და არ გამორიცხავენ, რომ  მას რამითაც ემუქრებოდნენ.

ჰარისის კანდიდატურას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში კრემლიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და კამალა ჰარისს შორის არც ერთი კონტაქტი არ ახსოვს და ისინი ერთმანეთს არასდროს დალაპარაკებიან.

„ განცხადებები სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია. მას პუტინთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

რა ხდება ამერიკაში

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „დემოკარტებისთვის“ ბოლო წუთამდე ბაიდენი ერთადერთ და ყველაზე ძლიერ კანდიდატურად განიხილებოდა. ახლა კი გამოდის, რომ ტრამპმა ბაიდენი არჩევნებამდე დაამარცხა, ამიტომაც მისი თამაშიდან გაყვანა გადაწყვიტეს.

„ახლა ყველაფერი ერთიან გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც ჩიკაგოში „დემოკრატების“ ყრილობაზე 19-20 აგვისტომდე უნდა გახდეს ცნობილი, ამას უკვე ტრამპისთვისაც დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. დემოკრატების ნებისმიერი კანდიდატი უკვე პელსინვანიის შტატში დამარცხდა, როცა ტრამპს ესროლეს. ის, რაც ჩვენ ყველამ, პირდაპირი ეთერი ვიხილეთ, ეს იყო დემოკრატების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი. ეს კი ლიბერალიზმის სრული კატასტროფაა. ნაქები დემოკრატია და საარჩევნო სისტემა, რომლითაც ამერიკელები თავს იწონებდნენ აქამდე, წყალში ჩაეყარათ.

 ეს იყო კატასტროფა, რომელმაც მთელს მსოფლიოს თვალში აი, ამ ამერიკული ე.წ. თანამედროვე ფასეულობების რეიტინგი გაანულა. დღეიდან ამერიკიდან ვინმეს განცხადება საარჩევნო სისტემასთან და არჩევნებთან, პოლარიზაციასთან და ა.შ. უბრალოდ ყურადსაღებიც არ უნდა იყოს. ამერიკის ფსევდო ლიბერალიზმის სისტემა უკვე დამარცხდა. რა თქმა უნდა, აი, ამ დამარცხების ფონზე, ტრამპი გაიმარჯვებს და დემოკრატების ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც დააყენებენ, დაამარცხებს. კამალა ჰარისს რაც შეეხება, ეს ქალბატონი ჯერ ხომ ამერიკელების დიდ ნაწილში საერთოდ არ სარგებლობს პოპულარობით, ხოლო დიდი მხარდაჭერა მას არც დემოკრატების უმრავლესობისგან აქვს. ამ გაკოტრების, სირცხვილის და დანაშაულის ფონზე, შესაძლოა დემოკრატების ირგვლივ კიდევ უფრო დიდი სკანდალი განვითარდეს“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურმა კონგრესს და მის სპიკერს, მაიკლ ჯონსონს უკვე წარუდგინა გარკვეული მტკიცებულებები, საიდანაც შესაძლოა ბადენის ადმინისტრაციის და მასთან დაქვემდებარებული საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ქართველიშვილი ამბობს, რომ ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატების ავტორიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და ჯერ კიდევ არავინ იცის ტრამპის თავდასხმის ფიგურანტები ვინ ამოტივტივდებიან.

რა გავლენას მოახდენს ტრამპის არჩევა უკრაინის ომზე, ამ თემაზე

ქართველიშვილი ამბობს, რომ ტრამპმაც და ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯეიდი ვენსიმაც, წინასაარჩევნო პროგრამაში, საკვანძო და მნიშვნელოვანი როლი უკრაინის ომის განხილვას და მის დასრულებას მიანიჭეს. ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის ომში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, დიდი გარდატეხა მოხდება.

„ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. ხოლო თუკი მისი არჩევა 2024 წელს მოხდა, ის ამ ომს დაასრულებს. უფრო შორს წავიდა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ჯედი ვენსი, რომელმაც თავის განცხადებებში თქვა, რომ უკრაინას მოუწევს გარკვეულ ტერიტორიებთან დამშვიდობება რუსეთის სასარგებლოდ. ვენსმა თქვა, რომ მთავარია ომი დასრულდეს, რომელმაც ამდენი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. ეს არის ვენსის ფორმულა, რომელიც ტრამპის და მისი არჩევის შემთხვევაში უკრაინის ომის დასრულების გზამკვლევი იქნება. მე არ ველი, რომ ეს ხალხი არჩევის მერე ამაზე უარს იტყვის. ამიტომ ტრამპის გაპრეზიდენტება ძალიან დიდი ცვლილებებს მოიტანს, როგორც ამერიკისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“, - ამბობს ქართველიშვილი.

რა შეიცვლება საქართველოსთვის ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში

ანალიტიკოსი ამბობს, რომ როგორც კი ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ის უკრაინაში ომს დაასრულებს, რითაც „გლობალური ომის“ პარტიის იმ მოლოდინებს დაუსვამს წერტილს, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არსებობს.

„ტრამპის გაპრეზიდენტება, საქართველოსთან დაკავშირებით, ბევრ რამეზე წერტილს დასვამს. პირველ რიგში იმაზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. რა თქმა უნდა, როგორც კი უკრაინაში ომი შეწყდება, საქართველოსთან მიმართებაში რევოლუციური სცენარების განვითარება, გადატრიალებების მცდელობები შეწყდება, მით უმეტეს ტრამპი ფერადი რევოლუციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებებით არის ცნობილი. ამიტომ მშვიდობა თავისი დადებით ზეგავლენას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე მოახდენს.

ასევე გამოსწორდება საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებიც. ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირზე ამერიკის პოლიტიკას დიდი გავლენა აქვს და ევროპელები, ძირითადად, ამერიკელების პოლიტიკის გამტარები არიან. ევროპელებიც ამ „გლობალური ომის“ პარტიის მარწუხებიდან გათავისუფლდებიან და ამ ვასალური მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოვლენ“, - ამბობს ქართველიშვილი.

 

ლევკოთეა უკრაინის ომი მალე დასრულდება, თუ გვიან, ოცნების ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება დასავლეთის იმ წრეების მხრიდან, ვინც რევოლუციურ პროცესებს ახალისებს საქართველოში.
მათთვის უკვე ნათელია, რომ ივანიშვილი მათ ჭკუაზე არ ივლის და რაღა მნიშვნეობა აქვს, უკრაინის ომის გამო დაუპირისპირდება მაგ ხალხს, თუ სხვა მიზეზით?
4 თვის უკან