„თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო“, - ამ სიტყვებით ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და გზა გაუხსნა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. სავარაუდოდ, სწორედ კამალა ჰარისი ცდის არჩევნებში ბედს.
ამასობაში „ნაცმოძრაობა“ ტრამპის მზის ქვეშ ადგილის მონიშვნას ცდილობს. მათ იგრძნეს, რომ ტრამპის გამარჯვება მოახლოებულია და ერთი-მეორის მიყოლებით უმტკიცებენ ქარიზმატულ დონალდს ერთგულებას.
სწორედ ამით აიხსნება სააკაშვილის სენტიმენტები ტრამპის მიმართ და შეხსენება მისთვის, რომ ოდესღაც ტრამპი მას „საუკეთესო პრეზიდენტს“ უწოდებდა, სამაგიეროდ, იმ დროს თურმე ივანიშვილის ჯგუფი ტრამპს „საერთაშორისო აფერისტს“ ეძახდა.
ტრამპის სიმპათიის მოსაპოვებლად ნაცებმა თინა ბოკუჩავა აფრინეს ამერიკაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესზე, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატად ტრამპის წარდგენა მიმდინარეობდა. ბოკუჩავა თურმე უზომოდ მოხიბლულა რესპუბლიკელების კანდიდატის ნათქვამით, რომელმაც ისაუბრა აგვისტოს ომის დროს საქართველოში პუტინის შეჭრასთან დაკავშირებით და თქვა, რომ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ.
თავის დროზე, როცა ბაიდენმა თეთრი სახლის ლიდერის სავარძელი დაიკავა, „ქართული ოცნების“ მომხრე არაერთი ანალიტიკოსი მოუთმენლად ელოდა ტრამპის დაბრუნებას პრეზიდენტად, რადგან მიაჩნდათ, რომ ტრადიციული ღირებულებების დამცველი ტრამპი დემოკრატების ლგბტ მისწრაფებებს მოთოკავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაცებს ტრამპი არ გახსენებიათ, ისინი ცდილობდნენ, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის თავი მოექონათ, მაგრამ ახლა ბაიდენი აღარც ახსოვთ და ტრამპს ჩაებღაუჭნენ.
როგორც ჩანს, საქმე დასწრებაზეა, ვინ უფრო შეძლებს ტრამპთან მიახლოებას - „ქართული ოცნება“, თუ ნაცები. სამაგიეროდ, ტრამპი, ალბათ, რუკაზეც ვერ იპოვის საქართველოს, როგორც ამას თავის დროზე „ენდიაი საქართველოს“ ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ამბობდა.
„ტრამპი რუკაზე საქართველოს, დიდი ალბათობით, ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!“ - ამბობდა წლების წინ ლორა თორნტონი.
ვისთან ურთიერთობა უფრო აინტერესებს ტრამპის ადმინისტრაციას - „ქართულ ოცნებასთან“, თუ ნაცებთან?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არასწორად მოქმედებდა. ამ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩაიხუტეს გულში სააკაშვილის ნაცები, გამოხატეს მათთან მეგობრობა.
„მე არ დამავიწყდება აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის ქმედება. ეს ის ქალბატონია, რომელმაც თავის დროზე კიევში დაარიგა ნამცხვრები, თუ ორცხობილები, ხოლო შემდეგ სატელეფონო საუბრით კარნახობდა ამერიკის ელჩს სცენარს, რომ კლიჩკო მომავალ ხელისუფლებაში წარდგენილი არ უნდა იყოსო და ამას მოჰყვა პასუხად გინება, ანუ ამ ქალბატონმა ევროკავშირი უხამსი სიტყვებით მოიხსენია უკრაინასთან მიმართებით. ცხადია, ეს სკანდალი იყო და ეს ქალბატონი როდესაც დაბრუნდა მაღალ თანამდებობაზე, პირდაპირ ეუბნებოდა ქართველ დიპლომატებს, თქვენ უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ მიშა სააკაშვილი ჩემი მეგობარია. ეს გამაოგნებელი იყო, რადგან პირადად სააკაშვილის და მისი რეჟიმის დანაშაულზე იმდენი დაიწერა დოკუმენტებზე დაყრდნობით, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, ავტორიტეტულ გამოცემებში, რომ ისმის კითხვა, თუკი ვიქტორია ნულანდი სააკაშვილის მეგობარია, მაშინ თვითონ რაღას წარმოადგენს?! ეს ურთიერთობა გაგრძელდა, ჩვენ ვიცით ამ ურთიერთობის შედეგები და მე აღარ მიკვირდა, როცა გამოდიოდა თეთრი სახლის სპიკერი და შეკითხვის საპასუხოდ, „კი, მაგრამ, შეერთებულ შტატებს ხომ აქვს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს კანონთან შედარებით გაცილებით მკაცრია“, ყბადაღებულ სიცრუეს ამბობდა, „ნურას უკაცრავად, ჩვენი კანონი მხოლოდ მტრული მთავრობების წინააღმდეგააო“. ამ დროს გიული ალასანიამ რომ 920 ათასი დოლარი გადაუხადა ლობისტურ კომპანიას და, ამ კანონის შესაბამისად, შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს საიტზე დაიდო ეს ინფორმაცია, გამოდის, რომ გიული ალასანიაა მტრული მთავრობის წარმომადგენელი ყოფილა?! მოკლედ, ბაიდენის ადმინისტრაცია არასწორად იქცეოდა ჩვენთან მიმართებით“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
მისივე განმარტებით, დღეს უკვე ვითარება შეიცვალა. ტრამპზე განხორციელებული საშინელი თავდასხმის შემდეგ ამერიკის ანალიტიკური გამოცემები სავსეა ინფორმაციით, რომ ბევრად გაიზარდა ტრამპის გამარჯვების შანსები, რომელიც ისედაც მაღალი იყო. მით უმეტეს, იმ დებატების შემდეგ ხომ ისედაც წერდნენ და წერდნენ, რომ ტრამპის შანსი გაცილებით მაღლა იყო და ბაიდენისთვის დებატები ფატალური აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ზელენსკის უწოდა პუტინი, თავის ვიცე-პრეზიდენტს უწოდა დონალდ ტრამპის სახელი, უკვე ანეკდოტური ვითარება შეიქმნა და ბუნებრივი პროცესია, რაც ახლა ხდება, როცა ბაიდენი მიდის და ტრამპთან ცდილობენ დაახლოებას.
პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ზელენსკიც ესაუბრა ტელეფონით ტრამპს, ანუ გრძნობენ მსოფლიოში მოქმედი პოლიტიკოსები, რომ ალბათობა დიდია, ტრამპი ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში და ცდილობენ, დროზე დაამყარონ მასთან ურთიერთობა. ამის გამო ვერ ვუსაყვედურებთ პოლიტიკოსებს, მთელ მსოფლიოში ასე იქცევიან.
„ამიტომაც გააქტიურდა სააკაშვილი და ირწმუნება, თურმე ტრამპის მეგობარია, ჩამოიყვანა თავის დროზე ტრამპი ბათუმში და რაღაცის აშენება შესთავაზა, სამაგიეროდ, უკვე შემდგომ პერიოდში, პრეზიდენტობის სავარძელს დამშვიდობებული სააკაშვილი როცა ჩავიდა ტრამპის ინაუგურაციაზე, ტრამპთან ახლოს არ მიუშვეს. სამარცხვინო კადრები გავრცელდა იმ დროს, სადღაც შორს, ბუჩქებში დგას სააკაშვილი და არავის აინტერესებს მისი იქ ყოფნა. ახლა კი ისევ გაითამაშებენ როლს, თითქოს სააკაშვილი ტრამპის მეგობარია. რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, რომ შეწყვეტს ომს უკრაინაში და ამას გააკეთებს ძალიან მარტივად, ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაწერეს, თუ როგორ განახორციელებს ტრამპი სამშვიდობო გეგმას. ეს ძალიან მარტივად მოხდება. ტრამპი ამბობს, ზელენსკის ვეტყვი, რომ ამერიკა აღარ დაეხმარება მას არც იარაღით, არც ფულით და საერთოდ შეწყვეტს დახმარებას, თუკი ზელენსკი კრემლთან მოლაპარაკებას არ დათანხმდება. ხოლო ტრამპი პუტინს ეტყვის, თუ ისიც არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ გამონახავს საერთო ენას უკრაინასთან, მაშინ ბევრად გააძლიერებს უკრაინის დახმარებას და პუტინისთვის ეს იქნება დასასრული“, - ამბობს პეტრე მამრაძე.
თვითონ ტრამპს ვინ უფრო ესიმპათიურება - „ქართული ოცნება“, თუ ნაცები? ამის შესახებ ანალიტიკოსი განმარტავს, რომ არავითარი სიმპათიები ტრამპს არ აქვს. ტრამპმა შეიძლება რუკაზე ზუსტად ვერ აჩვენოს საქართველოს მდებარეობა და ისიც გამორიცხულია, სიმპათიები ჰქონდეს ვინმეს მიმართ საქართველოში, მაგრამ ვინც მას აღიარებს და იტყვის, რომ ის არის დიდი მოღვაწე, რომელიც ასრულებს თავის პირობას - ამერიკა ისევ დიადი გახადოს, ეს ტრამპისთვის მისაღები იქნება.
ამიტომ პეტრე მამრაძეს არ უკვირს, რომ ნაცებმა ამერიკაში მიავლინეს ენდიაის მიერ გაზრდილი ბოკუჩავა, რომელიც „ენდიაის“ ინსტიტუტში მუშაობდა და შემდეგ უკვე პირდაპირ „ენდიაის“ მერხიდან მიიღო მაღალი თანამდებობა ხელისუფლებაში, რამაც, სხვათა შორის, აღაშფოთა „ენდიაის“ ხელმძღვანელები ამერიკაში.