ყატარგეიტის სკანდალი და ევროპარლამენტარის კორუმპირებულობა ჯერ მოშუშებული არ აქვს ევროპას, როცა ამერიკელი სენატორი რობერტ (ბობ) მენენდესი უცხოური გავლენის აგენტი აღმოჩნდა. მოჰყვება თუ არა მენენდესს სხვა აგენტები, ეს რთულად გამოსაცნობი არაა ლობიზმის ეპოქაში, სადაც თურმე ფული ანათებს ამერიკის სენატსაც კი.
ნიკა მელიას და ბობ მენენდესის სახელები ერთმანეთს გადაეჯაჭვა, როცა „ქართული დემოკრატიის უკუსვლით“ შეშფოთებული მენენდესი ციხეში მყოფი მელიას გათავისუფლებას თავგამოდებით ითხოვდა. სავარაუდოდ, ამ მოთხოვნაშიც მთლად უმწიკვლო არ იქნებოდა.
რობერტ მენენდესი ერთ-ერთი მათგანია იმ ამერიკელ და ევროპელ კანონმდებლებს შორის, რომლებმაც 2021 წლის თებერვალში წერილი გამოაქვეყნეს და ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში საფრთხეში იყო ნიკანორ მელიას დაკავების გამო.
ამერიკული ბრალდების თანახმად, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბობ მენენდესმა მეუღლესთან ერთად ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები მიიღო იმის სანაცვლოდ, რომ ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა.
2023 წლის ოქტომბერში ფედერალურმა პროკურორებმა წარადგინეს საბრალდებო დასკვნა, რომ მენენდესმა შეთქმულება მოაწყო ცოლთან და ნიუ ჯერსის ორ ბიზნესმენთან ერთად, რათა ემოქმედათ უცხო ქვეყნის აგენტებად ეგვიპტისთვის და აშშ-ის მთავრობის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებით ეგვიპტის ინტერესებისთვის დახმარება გაეწიათ. ეს ყველაფერი დაიგეგმა მანჰეტენში სადილის დროს გამართულ შეხვედრებზე, სადაც მენენდესების წყვილი ეგვიპტელ უცნობ ოფიციალურ პირს ხვდებოდა და მათ თან ახლდათ ბიზნესმენი ვაელ ჰანა. ეს მაშინ, როცა ფედერალური კანონი უკრძალავს საჯარო მოხელეებს, იმსახურონ უცხოელ აგენტებად, ტექნიკურად ეს FARA-ს ჩარჩოებს სცდება.
სენატორი მენენდესი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ წარდგენილ 16-ივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, მათ შორის, ქრთამის აღების, გამოძალვის და საჯარო მოხელის მიერ უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედების შეთქმულებაში.
მენენდესის მსგავსი კიდევ რამდენი შეფარული აგენტი მოქმედებს ამერიკასა და ევროპაში?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ასეთი მენენდესები უამრავი არიან და „ლეგიონია მათი სახელი“. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი განმარტავს, რომ კუბილიუსები, კრამონები, იუკნევიჩიენეები, კიზინგერები არიან ბობ მენენდესის პოლიტიკური ბიძაშვილ-მამიდაშვილები.
„დარწმუნებული იყოს ყველა, რომ ეს ადამიანები ხმას არ ამოიღებენ ფულის გარეშე. ქართველებს ძალიან კარგად გვახსოვს ბობ მენენდესი, როდესაც 2021 წელს ციხეში გამოკეტილი იყო ნიკა მელია, იმ პერიოდში ბობ მენენდესს მელიას გათავისუფლებისთვის შარვალ-პერანგი შემოგლეჯილი ჰქონდა. სინამდვილეში, მენენდესს მელია ცალ ფეხს ეკიდა, მას ყველაზე მეტად აინტერესებდა საქართველოდან გაგზავნილი ფულები, რომელიც ქართველი ხალხისთვის წანაგლეჯი იყო „ნაცმოძრაობის“ და მისი პარტიის მიერ. საბოლოოდ მენენდესი აღმოჩნდა აგენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს ყიდდა სხვა ქვეყნის ინტერესებზე, ამიტომ ვინ დამაჯერებს, რომ თურმე სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან დაკავშირებული მელია, გვარამია, დეკანოიძე, ხაბეიშვილი უანგაროდ თანამშრომლობდნენ ამ ადამიანთან. ახლა კიდევ ბოკუჩავა დარბის საზღვარგარეთ და ვის სჯერა, რომ მას არ გააქვს საქართველოდან ცნობები და არ ყიდის საქართველოს ინტერესებს?!“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
მანვე გაიხსენა ხატია დეკანოიძის განცხადება, საქართველოდან სანქცირებული საქონელი შედის რუსეთშიო. ანალიტიკოსს არ დავიწყებია „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, ვითომდა ზვიადისტის და მერე გამომიშისტებული ეკა ხერხეულიძის ნათქვამი - საქართველოს გავლით მიფრინავს თვითმფრინავები და უკრაინას ბომბავენო. ახსოვს ისიც, რომ გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებული მთელი ოპოზიცია აცხადებდა, რატომ არ უშვებს ჩვენი ხელისუფლება მოხალისეებით სავსე თვითმფრინავებს ჩარტერული რეისებით უკრაინაში საბრძოლველად?
„ესენი, ყველანი, ამას აკეთებდნენ ფულის სანაცვლოდ. საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ და სინამდვილეში მეხუთე კოლონის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მზად არიან, ორ ცენტად გაყიდონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. ამერიკაშიც და ევროპარლამენტშიც მექრთამეები საკმაოდ არიან. ამერიკის და ევროკავშირის ასეთ პოლიტიკას აღსასრული უწერია, ვინაიდან არ შეიძლება ღვთის კანონების წინააღმდეგ წასვლა, ქალს უნდა ერქვას ქალი და კაცს-კაცი. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სხდომაზე პოლონელი როდესაც წამოდგა და აღნიშნა, აქ სხედან სატანები, მღვდლის მოყვანაა საჭირო, რომ თქვენ შეგილოცოთ და ქრისტიანულ და ადამიანურ წეს-ჩვეულებებზე გადმოგიყვანონო. მაგალითად, ფონ ლაიენი უსირცხვილო ქალია, მას პირდაპირ უთხრეს, რომ კორუმპირებული ოჯახი ჰყავს, პანდემიის დროს 35 მილიარდის მაქინაცია ჩაატარა მისმა მეუღლემ, რის შესახებაც ლაიენი ამბობს, მე არ ვიცი, ჩემი მეუღლე რა საქმიანობას ეწევაო“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსის აზრით, ასეთივე მდგომარეობაა აშშ-ში, კერძოდ, ჰანტერ ბაიდენს, ბაიდენის შვილს, ბნელი საქმეები აქვს ჩადენილი უკრაინაში და ეს ნიშნავს, რომ თევზის ლპობა თავიდან იწყება. ანალოგიურ სიტუაციაში იყო საბჭოთა კავშირი, როდესაც უმაღლესი ხელისუფლებიდან დაწყებული, უმდაბლეს მოხელემდე დამთავრებული, ყველა იპარავდა, მამაძაღლობდა, კორუფციონერობდა, რამაც საბოლოო აღსასრულამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირი.
„სხვათა შორის, ბაიდენის დაფინანსებაზე მისმა მთავარმა დამფინანსებელმა უარი განაცხადა, ეტყობა, ჭკვიანია ის კაცი, უფსკერო კასრში წყალს არ ასხამს. ბოლო არჩევნებით მაინც უვარგისი ძალები მოვიდნენ უმრავლესობაში ევროკავშირში, რომლებმაც ფონ ლაიენები აირჩიეს, მაგრამ 2030 წლისთვის, როდესაც საქართველო აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში კაცი კაცს უნდა ჰგავდეს, ქალი ქალს, ხოლო ღირებულებები ქრისტიანული და ზოგადსაკაცობრიო უნდა იყოს“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე და დარწმუნებულია, 5 ნოემბრიდან ამერიკაში ვითარება შეიცვლება. არავინ მოელის, რომ ამერიკაში ტრამპი მოვა ხელისუფლებაში და ჩვენ ცხოვრებას აგვიწყობს, უბრალოდ, შერბილდება ის ზეწოლა, რომელსაც მენენდესის, კიზინგერის მსგავსი მექრთამე ლობისტები ახორციელებდნენ საქართველოზე.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკმაოდ ბევრი ბობ მენენდესები შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკასა და ევროპაში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სად უფრო სჭირდებათ ლობირება.
„გავიხსენოთ არაბული ყატარგეიტი, ანუ კატართან დაკავშირებული სკანდალი. ძალიან მდიდარ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს სჭირდებათ ლობისტების დახმარება, ან ისეთ ქვეყნებს, რომლებიც იზოლაციაში არიან, ირანი იქნება თუ სხვა ქვეყანა, რომ თავისი გაიტანონ, ამიტომ, როგორც ჩანს, უღირთ ლობისტებისთვის ფასის გადახდა ამერიკაში, თუ ევროპაში. ეს სწევს ფასს მაღლა. ასე რომ, მიამიტური ლაპარაკია, რომ თურმე შედარებით უფრო პატიოსანია ამერიკის კონგრესი ან სენატი და ნაკლებად პატიოსანია ევროპის პარლამენტი. დამიჯერეთ, ყველგან არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც მილიარდი რომ შესთავაზონ, ქრთამს მაინც არ აიღებენ. მე მოწმე ვარ იმისა, შევარდნაძის მთავრობის დროს, ყბადაღებული კორუფციისას, სრულიად პატიოსანი ადამიანები იყვნენ ცალკეულ თანამდებობებზე“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოსის თქმით, პირადად იგი ენჯეოების სფეროს ძალიან კარგად იცნობს და იცის, რამდენად არაგამჭვირვალე ხარჯებია ნაჩვენები, როდესაც წერია ხოლმე, რომ არასამთავრობოებმა თურმე 400 ათასი დოლარის ფლაერები დაბეჭდეს, რაც დაახლოებით მილიონზე მეტი ლარია და, სინამდვილეში, ამის უკან შავი ფულის გათეთრების სქემაა ამუშავებული. თანაც, ამ საწარმოებს ფლობენ ენჯეოების მესვეურთა ძმები, დები, სიძეები, მაგრამ ჩვენი ქართული კანონი გაცილებით რბილია და პიროვნების პასუხისმგებლობას საერთოდ არ ითვალისწინებს.
„ხომ ხედავთ, ამერიკული „ფარას“ მეშვეობით მხილებული იქნა ეს ამერიკელი სენატორი. ევროპარლამენტში კიდევ რამდენი ასეთი სკანდალი იყო. ასეთი ადამიანების გაშიფვრის მიუხედავად, ქართველებს მაინც არ გაუწევენ ანგარიშს, რადგან ამერიკაში გარკვეულ წრეებში მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც არც უნდა დამთავრდეს საქართველოში არჩევნები, მაშინვე უნდა გამოაცხადონ, არჩევნები თითქოს გაყალბდა. 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ სააკაშვილი რომ ვითომ გადადგა და ისევ დაბრუნდა მეორე ვადით, არც აცალა ბუშმა შედეგების დათვლას, პირდაპირ დაურეკა და მიულოცა სააკაშვილს პრეზიდენტობა. ახლა საპირისპიროს აპირებენ ამერიკელები, არაფერს არ დაუცდიან, პირდაპირ გამოაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია, ასეთი გეგმა აქვთ“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.