შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და ტერორიზის მომზადება - სუს-ში სკანდალური საქმის გამოძიება მიმდინარეობს

შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და ტერორიზის მომზადება - სუს-ში სკანდალური საქმის გამოძიება მიმდინარეობს

სსკ-ის 315-ე მუხლი - შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ; 18-323-ე მუხლი - ტერორიზმის მომზადება. გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ნადიმ ხმალაძე დაიბარა. სუს-ში დაბარებულია უკრაინაში მებრძოლი ვაჟა ცეცაძეც, რომელიც შეთქმულებისა და ტერორიზმის საქმეზე გამოიკითხება. ამავე საქმეზე გამოძიებას ჩვენება მაგისტრი მოსამრთლის წინაშე მისცა ლაშა ჭიღლაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით არის აღძრული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი და მისი ადვოკატი ტერორიზმის მუხლს საერთოდ არ ახსენებენ და მხოლოდ 315-ე მუხლზე საუბრობენ, რომელიც შეთქმულებას ან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას გულისხმობს. დაკითხვიდან გამოსული ლაშა ჭიღლაძე კომენტარს არ აკათებს, მისი ინტერესების დამცველი ლაშა ტყეშელაშვილი კი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვის წინააღმდეგ იგეგმებოდა ტერაქტი.

ლაშა ჭიღლაძის მსგავსად, გამოკითხვაზე დაბარებული ვაჟა ცეცაძეც სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ 315-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულზე არის დაბარებული. უკრაინაში მებრძოლი ქართველები მალავენ ინფორმაციას, რომ მათ სახელმწიფო ტერორიზმის მუხლს ედავება. თუმცა, ამ ეტაპზე, ნადიმ ხმალაძე არის ერთადერთი, რომელიც აცხადებს, რომ ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული სუს-ში.

„მე დამიბარეს ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. აი, არ ვიცი. ალბათ, უკრაინაში მებრძოლი რადგან ვიყავი. ხვალ უნდა გადმომცენ რაღაც ოქმი, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო, რომ შემდეგ ჩანიშნონ და დამკითხონ მაგისტრ მოსამართლესთან“, - აცხადებს ნადიმ ხმალაძე.

მაშ ასე, სუს-ი უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეს იძიებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის წინააღმდეგ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი, ისევე, როგორც უცნობია ხმალაძე-ცაცაძე-ჭიღლაძის გარდა კიდევ ვინ ფიგურირებს ამ სკანდალურ საქმეში. როგორც ჩანს, დღეს უკვე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე სუსმა გამოკითხვათა სერია დაიწყო. საკმაოდ სერიოზული და მძიმეა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და, დიდი ალბათობით, დაკავებების სერია დაიწყება.

ა-ო „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარის დავით ჩიხელიძის განცხადებით, იმდენად სერიოზულია ბრალდება, რომ არასაკმარისი მტკიცებულებებით გამოძიება არ დაიწყებოდა. მისი თქმით, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. როგორც ჩანს, გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი არსებობს და შესაბამისად, დაკავებების სერიასაც ვერ გამორიცხავს და ამბობს, რომ დაკავებების შემთხვევაში დაკავებები იქნება არა პიარული, არამედ ფაქტობრივ გარემოებაზე დამყარებული.

„ქვეყანაში არსებული ოპოზიციის ნაწილი რადიკალურია, რა თქმა უნდა, არსებობს როგორც სახელმწიფოს გადატრიალების, ასევე ტერორიზმის საფრთხეები, ჩვენ რამდენიმე თვის უკან ვნახეთ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ადამიანები, არც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გამოვრიცხავ, რადგან ქვეყანაში გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“, გვყავს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკუთარ ბიძასთან საუბარში აღნიშნავს, რომ საჭიროა პროცესების რადიკალიზაცია, საჭიროა მსხვერპლი, რომ რევოლუციის მუხტი გაიზარდოს. შესაბამისად, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე საკმაოდ მზარდი და რეალისტურია.

ერთია რევოლუციის სურვილი, მეორე კი შესაძლებლობა. დღეს სახელმწიფო სტრუქტურები საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე იმყოფებიან და სახელმწიფო გადატრიალების რეალური განხორციელება შეუძლებლად მიმაჩნია“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კითხვაზე, რატომ უკრაინის ხაზი, აცხადებს, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი უკრაინაში იქნება თუ სხვა სახელმწიფოში. ამ ეტაპზე პოტენციურ დამნაშავეთა კონცენტრირება უკრაინაში მოხდა და ამას თვის მიზეზი აქვს.

„გავიხსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალი წევრი დღემდე უკრაინაში იმყოფება, ასევე, უკრაინაში არიან მათი მხარდამჭერები, უკრაინაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ის რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უკრაინაში დაიგეგმა ან უკრაინაში მყოფთა მონაწილეობით ხორციელდებოდა, სრულიად ლოგიკური და ბუნებრივია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავე რომელ ქვეყანაშია, უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში ყოფნა ინდულგენცია არ არის და გამოძიება შეეხება ყველა, ვისაც შემხებლობა აქვს სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან.

რაც შეეხება იმას, ვინ დგას ამ ჯგუფის უკან, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური კუთხით - მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ დღეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან დაკავშირებულ გლობალურ ძალებს სურთ, შესაბამისად, გეგმა და ფული მათი მხრიდან მოდის. თუ გავიხსენებთ წარსულში გავრცელებულ ჩანაწერებს, სადაც, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს, ვნახავთ, რომ მისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების გზა სახელმწიფო გადატრიალებაზე გადის, ამიტომ მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ სახელმწიფო გადატრიალებასთან შემხებლობაში მყოფ პირთა დიდი ნაწილი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში იმყოფება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ხშირად ხდება, როდესაც ვიწყებთ, მაგრამ არ ვასრულებთ და გადავდებთ. მისი თქმით, ფსიქოლოგიაში ცნობილია ამდაგვარი ავადმყოფობა, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებ. თუკი პოლიტიკურად შეხედავ, შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ ამა თუ იმ საქმეს იწყებენ იმისთვის, რომ მომხრეები წამოწიონ და დაიყენონ გვერდით არჩევნების დროს და მერე უკვე აღარ სჭირდებათ ეს საქმე. უფრო ზუსტად, მერე უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა სჭირდებათ.

„ეს ხომ ნანატრი ოპოზიცია არის. საერთოდ, ყველა ხელისუფლებას ოპოზიცია ემუქრება იმით, რომ შეიძლება ამომრჩეველმა ის აირჩიოს და ამის შიშით ხელისუფლება ცდილობს, რომ თავის ოპოზიციაზე უკეთესი იყოს. ეგ საფრთხე ამ ხელისუფლებას არ ემუქრება, რომელმაც იცის, რომ საქართველოს მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აირჩევს. ასე რომ, ეს ფორმალური და არა რეალური ოპოზიციაა. ამიტომ ინარჩუნებს ხელისუფლება ამ ოპოზიციას, რაც შეიძლება დიდხანს. ვიმეორებ, მათთვის სანატრელი ოპოზიციაა და ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას დაათმობინებს „ქართულ ოცნებას“ არა ჰყავს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ საქმეები, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწევა ხოლმე, მერე აღარ მიდის ბოლომდე, რადგან აღარ სჭირდებათ. მისი თქმით, რეალურად, „ქართული ოცნება“ აღარ ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“ რადგან სჭირდება ამ სახით, რა სახითაც არის წარმოდგენილი.

„ოღონდ, გამორიცხული არ არის, რომ იმ საქმეს, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი, შეიძლება სხვა ბედი ეწიოს. ჯერ ერთი, გადატრიალების საკითხი დგას მკაფიოდ და სულ ისმის საზოგადოებაში, რომ რის გადატრიალება, რა გადატირიალება. ოპოზიცია ცდილობს, ამ გადატრიალების ვერსიის დევალვაცია მოახდინოს, რომ რეალური არ არის. საყურადღებო იქნება როგორ განვითარდება პროცესები ერთი მხრივ უკრაინაში და მეორე მხრივ ამერიკაში და საქართველოში. ასევე, ამ თემების სისტემაში რა ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.

ამ საკუთხედში არსებობს მეოთხე კუთხე და ეს არის უნგრეთი და ორბანი, რომელმაც გამოაცხადა, რომ საქართველო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და დასაფასებელიაო. ამ ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი არის გადატრიალების გაუვნებელყოფა. ასე რომ, ტრამპი, ორბანი, ფიცო - მნიშვნელოვანი ფიგურა არიან სწორედ იმ ტიპის პროცესების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც ხელისუფლებებს ატრიალებენ და ხალხის გარეშე ცვლიდნენ.

ორბანიც იბრძვის ამის წინააღმდეგ და ფიცო, როგორც ფიგურა, რომელიც ტრორიზმის ობიექტი იყო. თუ საქართველოში მოხდა ძალადობრივი გადატრიალების ნიშნები, შეიძლება მათთვის საქართველოსთან ურთიერთობა უფრო მისაღები და მეგობრული გახდეს. თუკი ამ მხარეს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ პოლიტიკური ტერორის ეს პროცესი შეიძლება წინ წამოსწიოს საქართველომ და თქვას, რომ მის მიმართაც მზადდებოდა პოლიტიკური ტერორი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.