„ტრამპი დამაწყნარებელი ფაქტორი ვერ იქნება „ოცნებისთვის“, სანამ არ გადაწყვეტს, გადახედოს ჩინურ პოლიტიკას“

„ტრამპი დამაწყნარებელი ფაქტორი ვერ იქნება „ოცნებისთვის“, სანამ არ გადაწყვეტს, გადახედოს ჩინურ პოლიტიკას“

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში მასპინძლობს. პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.

„ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან. დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ევროპელ პარტნიორებთან საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

საქართველოს როლზე ისაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომლის განცხადებით ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის, როგორი რთულია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ყველა მიმართულებით სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. როგორც ორბანმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ცდილობს, ძალიან რთულ გარემოში ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ.

„საქართველო შესანიშნავი და კარგი ქვეყანაა. ძალიან ვაფასებ ქვეყნის მთავრობას, ისინი ცდილობენ, ძალიან რთულ გარემოში დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ. სამწუხაროდ, ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის, თუ რა რთულია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ყველა მიმართულებით, თუმცა რასაც აკეთებენ, ამას ძალიან ვაფასებ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ის, რომ საქართველო ძალიან რთულ პირობებში ცდილობს შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა ამის შესახებ ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, რომლის განცხადებით, ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება.

„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებაზე“ დასავლეთიდან წნეხი იზრდება და ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, როგორ შეიძლება განვითარდეს პარტნიორებთან ურთიერთობა, ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო უნდა გამოვიდეს გლობალური ფაშიზმის პარტიიდან. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხდებით, დღევანდელი ამერიკის შეტევა საქართველოზე რუსულ განწყობილებებს ეხმიანება. კერძოდ, რუსეთის და ამერიკის ინტერესები, ბევრი თვალსაზრისით, ემთხვევა ერთმანეთს. ჩინეთი ამერიკისთვის მიუღებელია და როგორ გადახარშავს ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობას, მერე ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთან ურთიერთობაც.

„ამერიკის ეს დაულაგებელი და გაუაზრებელი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და ის შეიცვლება. ამ პოლიტიკას თავად ამერიკისთვის არაფერი მოაქვს და იმედია, ახალი ადმინისტრაცია მაინც მიხვდება და საქართველოს პრემიერის გადატვირთვის პოლიტიკას შემხვედრ ნაბიჯს დაახვედრებენ. რაც შეეხება იმას, ივანიშვილმა საერთაშორისო მთავარ სტრატეგიულ პარტნორად აირჩია თუ არა ტრამპი - მიჭირს თქმა. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ხაზი არის ჩინეთი და ივანიშვილმაც ამაზე აქცენტი გააკეთა იმ მხრივ, რომ ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ხიდია აღმოსავლეთსა და დასაველთს შორის და ხიდს ორივე მხარესთან უნდა ჰქნოდეს კავშირი. მაგრამ ჩინეთის საქართველსთან კავშირს სწორედ ტრამპის პერიოდის ამერიკა დაუპირისპირდა. ტრამპის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თითის მიშვერით გვითხრა, რომ აქ ჩინური კაპიტალი არ უნდა შემოვიდესო.

ეს ტრაპის დაწყებული პოლიტიკური ხაზია, რომ ჩინეთს უნდა შეეჯიბროს და ა.შ. ამ ფონზე ტრამპი დამაწყნარებელი ფაქტორი ვერ იქნება „ქართული ოცნებისთვის“, იქამდე, სანამ არ გადაწყვეტს ტრამპი, რომ გადახედოს თავის ჩინურ პოლიტიკას. ზოგადად, ამერიკა თუ გადახედავს თავის პოლიტიკას ჩინეთთან, გადახედოს იმ თვალსაზრისით, რომ ორიენტაცია იქნება თანამშრომლობაზე და არა კონფრონტაციაზე, მერე უკვე საქართველოსთვის ბევრი პრობლემა მოხსნილი იქნება. აი, ამაზე არის პრაქტიკულად ლაპარაკი. მაშინ, როცა უნდა ვილაპარაკოთ იმის თაობაზე შეიძლება თუ არა „ოცნებას“ ჰქონდეს ტრამპის იმედი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დასრულდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება, პოლიტოლოგის განცხადებით, ომი შეიძლება უკრაინაში რესპუბლიკელებმა დაასრულონ, რადგან ბევრი რიტორიკული სვლებია დახარჯული ამ თემაზე, მათ შორის ბაიდენის მხრიდანაც.

„მაგრამ ჩინეთთან კონფრონტაცია არ გვექნება, კოორდინირებული და პარტნიორული ურთიერთობა გვექნებაო, ეს არც ტრამს უთქვია და არც ბაიდენს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის სახიფათო არა იმდენად უკრაინის საკითხია, რამდენადაც ჩინეთის - ჩინეთთან ამერიკის მიმართებით. მე როგორც ანალიტიკოსს მაქვს უფლება, რომ წამოვწიო ეს საკითხი, რომელიც დიდ ოპტიმიზმს არ აჩენს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც მთელი ერი იმედის თვალით შეჰყურებს, ის ადამიანი ვალდებულია, სწორედ ოპტიმიზმზე გააკეთოს აქცენტი და წინ წამოწიოს ის, რაც ხალხს შინაგანად გაამაგრებს. რაც შეეხება ასეთ სადავო მომენტებს, ის მომენტები სამუშაო რეჟიმისთვის შეინახოს და შემდეგ აცნობოს საზოგდოებას. გავიხსენოთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობის ყველა ეტაპი ქართულმა მხარემ ისე ჩაატარა, რომ საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ ბოლო მომენტამდე, სანამ პარტნიორობის ხელშეკრულება არ დაიდო. შეუმჩნევლად სცადეს საქართველოსა და ჩინეთს შორის კავშირის შექმნა, რაც სწორია. ახლა ვხედავთ და ადრეც ჩანდა, რომ ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობა არის მიუღებელი, რადგან ეჭვიანობს ჩინეთზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლევკოთეა ტრამპმა თვითონ არ იცის, ხვალ რას იტყვის და რას მოიმოქმედებს და ჩვენ რანაირად შეგვიძლია მის გამარჯვებაზე ავაგოთ სტრატეგია?
1 თვის უკან