მეწარმეებისთვის უცნობი 15-ლარიანი ვალდებულება

მეწარმეებისთვის უცნობი 15-ლარიანი ვალდებულება

[თეონა ხარაბაძე]

მთავრობა ყველა სახის კერძო სამართლებრივი უფლებების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაჯარიმდებიან. ამისთვის ვადა 1-ელ აპრილამდე აქვთ და რაც მთავარია, ეხება ყველა იმ კონტრაქტსაც, რაც უკვე გაფორმებულია.  მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მონაცემთა ბაზის სრულყოფით ხსნის.  თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ზედმეტი წნეხია, რაც იურიდიული პირების ფუნქციონირებას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

ამ ინიციატივას მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც ცოტა ხნის წინათ იქნა მიღებული. დადგენილების თანახმად, ყველა სახის კერძო სამართლებრივი უფლებები საჯარო რეესტრში უნდა იქნას რეგისტრირებული. თითოეული გარიგების რეგისტრაცია (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) 15 ლარი ეღირება.

პრინციპში, მთავრობის დადგენილებით მხოლოდ საფასური იქნა განსაზღვრული. მანამდე კი პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობისთვის ამის უფლება მიეცა. რაც მთავარია, ამისთვის განსაზღვრულია ვადა მიმდინარე წლის 1-ელ აპრილამდე და, თუკი არ დარეგისტრირდა, გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში დეკემბრის ბოლოს შეტანილი ცვლილებების თანახმად, კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით დადებული გარიგებებით გათვალისწინებული და საქართველოს კანონმდებლობით საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული, ყველა სახის კერძოსამართლებრივი უფლებების წარმოშობისათვის, სავალდებულო ხდება ამ უფლებების საჯარო რეესტში რეგისტრაცია. გარდა ამისა, ამ ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საბანკო გარანტიაც.

კანონით განსაზღვრულია, რომ უნდა დარეგისტრირდეს შემდეგი სახის გარიგებები - საკუთრება, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

რეგისტრაციის საფასური კი უკვე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა და ძირითადად იქნება 15 ლარი. ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან დისტრიბუტორის რეგისტრაციის საფასური განისაზღვრა 10 ლარით.

საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ ცვლილების ძირითადი მიზანია საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის სრულყოფა, დაინტერესებულ პირთა ინფორმირების უზრუნველყოფა კონკრეტული ქონების სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, იურიდიული პირების საქმიანების გამჭვირვალობისათვის დამატებითი პირობების შექმნა და საბანკო გარანტიების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა.

„აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უფლება, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას, უკვე წარმოშობილია, მაგრამ არ არის რეგისტრირებული რეესტრში, (მაგალითად, ქირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება და ა.შ.) იმიტომ, რომ ამ ცვლილებებამდე, მათი რეგისტრაცია არ იყო სავალდებულო.

ფიზიკური პირებისათვის არც ამ ცვლილებებით არის რამე სავალდებულო, ეს ცვლილება მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება. შესაბამისად, 2011 წლამდე თუ ასეთი უფლებები არ დარეგისტრირდება, ისინი ჩაითვლება შეწყვეტილად. სხვა სანქცია ამაზე ცხადია, არ არსებობს“, - განმარტავს იაგო ხვიჩია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებების შედეგად საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე 4 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს, ნაცვლად 10 დღისა.

ცვლილებების მიხედვით, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საბანკო გარანტიაც, რომლიც ასევე 10 ლარი ღირს და სხვა. აღნიშნულ საფასურის გადახდა გარიგებაში მონაწილე პირების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება, ანუ კანონში არ არის გაწერილი ეს 10 ლარი კონკრეტულად გარიგებაში მონაწილე რომელმა პირმა უნდა გადაიხადოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე ამ სახის ათიათასობით გარიგება არსებობს, ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლები უნდა მიიღოს. საინტერესო ის არის, რომ მთავრობა ამაზე არაფერს ამბობს და აცხადებენ, რომ ეს თანხა მხოლოდ საინფორმაციო ბაზის სრულყოფას მოხმარდება.

ეს არგუმენტი ექსპერტებს საკმაოდ დაუჯერებლად ეჩენებათ.  მათი თქმით, როდესაც ამხელა თანხებზეა საუბარი, გაწერილი უნდა იყოს, ეს ფული ზუსტად სად წავა და მარტო იმის თქმა, რომ ეს ბაზის სრულყოფას მოხმარდება ან არაკომპეტენტურობაა, ან შეგნებული ტყუილი.

თუმცა, მათი თქმით, ამაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უამრავი ადამიანისთვის უცნობია, რამაც შეიძლება დამატებითი პრობლემები შექმნას, ვინაიდან რეგისტრაციის გარეშე, თავი რომ დავანებოთ ჯარიმას, დადებული ყველა ხელშეკრულება ფიქტიურად ჩაითვლება და, რაც მთავარია, არ მოხდება მისი ხარჯებში ასახვა. ეს კი მეწარმეებისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას შექმნის.