სახ.დეპმა ანგარიშში დაწერა, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ ბიზნესის რეკეტი და ქონების ჩამორთმევა ნორმა იყო

სახ.დეპმა ანგარიშში დაწერა, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ ბიზნესის რეკეტი და ქონების ჩამორთმევა ნორმა იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანაგრიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოს მიღწევებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა. 

გარდა ამისა, აღნიშულია, რომ დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ 1991 წლიდან მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონის მასშტაბით. დოკუმენტის თანახმად, ტრანზიტი და ლოჯისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები, რადგან საქართველო ცდილობს სარგებელი მიიღოს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემდეგ შუა დერეფნის გასწვრივ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობის შედეგად.

„საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ. განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ზოგიერთი კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობას, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, შერჩევით აღსრულებასა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

პარლამენტის ვიცე-სპიკეერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე კვირა არ გადის, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ატლანტიკურმა საბჭომ ან მსოფლიო ბანკმა უმაღლესი შეფასება არ გამოაქვეყნონ. ვიცე-სპიკერის შეფასებებით ის, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს ბევრ ქვეყანას უსწრებს, ესეც სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის.

„საქართველომ აშკარად გადაასწო ბევრ ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ახლახანს კიდევ ერთი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც მეტყველებს, რომ სოციალური პრობლემების მოგვარების ტენდენცია გვაქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატის, „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან ურთიერთობებს აუცილებლად გადატვირთავენ.

„საპარლამენტო არჩევნებამდე რა განცხადებებიც გაკეთდება დემოკრატიის უკუსვლაზე და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ სამწუხარო სავაჭრო საგანი საქართველოსთვის. სხვა ნებისმიერი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო ყველა მაჩვენებელში დაწინაურებულია და ეს არის მსოფლიო ინსტიტუტების შეფასებები, არჩევნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან ურთიერთობებს პოზიტიური მიმართულებით გადატვირთავენ“, - განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.

დაიწყებს თუ არა აშშ და ევროკავშირის სტრუქტურები არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთავას და როგორი იქნება საგარეო პოლიტიკა, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს დამოკიდებულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ თუ დავდგებით მტკიცედ და მყარად ისე, როგორც დგას საქართველოს ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში მტერიც და მოყვარეც ანგარიშს გაგვიწევს, როგორც ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ჩანს.

„თურმე ისე არ ყოფილა საქმე საქართველოში, როგორც აქამდე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი მილერი და მათ თანამეინახენი სახავდნენ. თურმე, ნუ იტყვით და საქართველოსაც ჰქონია მიღწევები, რასაც აგერ დღისით-მზისით თავისივე პირით ცალსახად აღიარებენ და ღაღადებენ. სუსტს და საკუთარი ინტერესების ვერ დამცველს არავინ სცემს პატივს, შესაბამისად, მოსახლეობამ ცოტა უნდა მოითმინოს და მტკიცედ დადგეს, რათა ქვეყანას ყველამ ანგარიში გაუწიოს.

თურმე აზიისა და ევროპის გასაყარზე მყოფ ქვეყანაში საუკეთესო პირობებია შექმნილი ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის. ამიტომაც, მეგობრებო, სულ ცოტა, სულ ცოტა მოვითმინოთ. ნახავთ თავადვე, როგორ მოისვრიან სანაგვეზე თუ უკვე მოსროლილი არა ჰყავთ ლომჯარია-გიგაურს, გვარამია-მელიას, ხაზარაძე-გახარიას დუეტებს, ჭიჭიკო-თინიკო-პატიკოს ტრიოს.

ასეა, სუსტს, დაჩაჩანაკებულს და საკუთარი ინტერესების ვერ დამცველს არავინ სცემს პატივს, არ უნდა არც მეგობრად და არც არაფრად. იყენებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი შავი საქმეების აღსასრულებლად. ამიტომაც ქართველებო, ისტორიის ულმობელი დრო ჩვენზე მუშაობს, რომელიც ყოველ წუთსა და ყოველ წამს ითხოვს ჩვენგან მის გონივრულ გამოყენებას“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

ა-ო „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარის დავით ჩიხელიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მნიშვნელოვანია იმითაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო.  დიახ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი, არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე და გააღარიბა ადამიანები, დღეს კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა არის, ბოლო რამდენიმე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც ევროპისთვის უპრეცედენტო შედეგია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით წერია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა, ანგარიშში ასევე დადებითად არის მოხსენიებული ანაკლიის პორტის და თბილისის ახალი აეროპორტის აშენების საკითხი, რომელიც ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, გაუგებარი ხდება, ცალკეული სპიკერების მიერ საქართველოს კრიტიკა, რაც, როგორც ჩანს, პერსონალური შეხედულებაა და არა ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.