„ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად შანსი აღარ დაუტოვა, რომ ისიც ამ რადიკალებთან ერთად არ მოეხსენებინა და მათთან არ გაეიგივებინა“

„ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად შანსი აღარ დაუტოვა, რომ ისიც ამ რადიკალებთან ერთად არ მოეხსენებინა და მათთან არ გაეიგივებინა“

„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველად მოიხსენია „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების გამტარებლად და იმ პოლიტიკურ ლიდერებს შორის დაასახელა, რომლებზეც ეს ძალა ქვეყნის შიგნით ფსონს დებს. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი „ოცნებას“ დიდი ხანია დაუპირისპირდა და მუდმივად მწვავდება ეს კონფლიქტი, რომელიც იქამდეც კი მივიდა, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი უჩივლა, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტზე კომენტარის გაკეთებას ერიდებოდა. მან ზურაბიშვილი მხოლოდ გაკვრით 2023 წლის დეკემბერში ახსენა. ისიც თქვა, რომ მან ოპოზიციის მხარე დაიკავა და ეს მისი არჩევანია. ახლა კი 16 ივლისს, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის დროს, მან ის ხელსიუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.

რატომ შეცვალა ივანიშვილმა პრეზიდენტთან დაკავშირებით ტაქტიკა? -ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ასევე ამბობს, რომ ზურაბიშვილს ივანიშვილი კონკურენტად არ აღიქვამს, უბრალოდ, იძულებულია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ძველ და ახალნაციონალურ მოძრაობასიმიტომ ლობირებს, რომ ისინი ნებისმიერი დავალების შესრულებაზე, მათ შორის, ქვეყნის ომში ჩართვაზე მოაწერენ ხელს.

გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიურინაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალნაციონალურ მოძრაობას“ - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. „ან იომებთ ან წახვალთ“ - ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განმარტა, ქვეყანას, მაქსიმუმ, ერთი წელიწადი რჩება გადასატანი, რის შედეგადაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე კონკრეტულად საქართველოს მიმართ ინტერესი.

რა თქვა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულმა ივანიშვილმა 2023 წლის 30 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილზე? ივანიშვილმა მედიასთან სალომე ზურაბიშვილზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ აფასებს ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად. ეს მისი არჩევანი იყო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ბიძინა ივანიშვილი იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება“, - ამის შესახებ კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაევროაქტივთანინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში 2024 წლის თებერვალში გაიმართა.

ინტერვიუში ზურაბიშვილმა უპასუხა დეოლიგარქიზაციაზე დასმულ კითხვას, შეიძლება შეაფერხოს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ? - რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება“.

„მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ, უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება, ჩვენ ვნახავთ რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილის ხსენება და მისი ოპოზიციასთან დაკავშირება ლოგიკურია, რადგან პრეზიდენტის მოქმედებები საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. მამრაძე აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც საერთოდ საკონსტიტუციო ჯაჭვიდან არის გამოსული, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ შეიტანა.

„ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივად, შანსი აღარ დაუტოვა, რომ ისიც ამ რადიკალებთან ერთად არ მოეხსენებინა და მათთან არ გაეიგივებინა. თუ გახსოვთ, ივანიშვილი ძალიან ერიდებოდა ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკას. საერთოდ მას არც ახსენებდა. თუმცა, როცა ჟურნალისტებმა პოლიტიკაში ახლად შემობრუნებულს ზურაბიშვილზე ჰკითხეს, რას ფიქრობდა, მან ძალიან კორექტულად უპასუხა და მხოლოდ ორი სიტყვით თქვა, რომ ის ოპოზიციის რიგებში გადავიდა. გვახსოვს, 2018 წელს როგორ იბრძოლა ივანიშვილმა და პარტიამ, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მეორე ტურში გასულიყო.

ივანიშვილის დამსახურებით ის პრეზიდენტი გახდა. ამიტომ ეს ივანიშვილისთვის კიდევ ერთი იმედგაცრუება და მორიგი უმადურობა აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მის მიმართ რაიმე მკაცრი განცხადებებისგან ყოველთვის თავს იკავებდა. თუმცა მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ივანიშვილი იძულებული გახდა ეხსენებინა. მეორეც, ჩვენ ხშირად გვსმენია თავად ოპოზიციის მხრიდან განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ზურაბიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს და ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ. ამიტომ ივანიშვილის მხრიდან მისი არხსენებაც აღარ გამოდიოდა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მან ზურაბიშვილი უკვე ღიად ოპოზიციასთან და დასავლურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოქმედებაში ამხილა“, - ამბობს მამრაძე.

აღიქვამს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს კონკურენტად და არის თუ არა ასევე მისი ხსენება ამის მიზეზი, მამრაძე ამბობს: „გამორიცხულია ივანიშვილმა ზურაბიშვილი პოლიტიკურ მეტოქედ აღიქვას, რადგან პრეზიდენტის რეიტინგი საზოგადოებაში ნულია“.

„ზურაბიშვილს ჩვენს მოსახლეობაზე არანაირი გავლენა და ავტორიტეტი არ აქვს. ის ამის მოპოვებას კი ცდილობს, მაგრამ ტყუილად. ივანიშვილმა მისი სახელი მხოლოდ იმიტომ ახსენა, რომ პრეზიდენტია და, ადრე თუ გვიან, ზურაბიშვილის ამ უმსგავსო საქციელებისთვის პასუხი უნდა გაეცა. ზურაბიშვილი სწორედ ამ სტატუსის გამოა მნიშვნელოვანი, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე დასავლური პოლიტიკური ძალებისთვის. შესაბამისად, ივანიშვილმა ამით უკვე ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ეს კი სულაც არ ნიშნავს, რომ ზურაბიშვილს პოლიტიკურად თავის ტოლად და სწორად მიიჩნევს. უბრალოდ, თავად პრეზიდენტმა აღარ დაუტოვა სხვა მიზეზი. მთლად ასე მისი დაიგნორებაც აღარ გამოდიოდა და უფრო დამატებით კითხვებს აჩენდა. ივანიშვილმა კი საბოლოოდ დაუსვა იმ მანიპულაციებს წერტილი, რაც უკვე ზემოდ ვახსენე“, - ამბობს მამრაძე.

კითხვაზე აქვს თუ არა ივანიშვილს იმის განცდა, რომ ზურაბიშვილმა შესაძლოა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს და ოპოზიციას მხარი აუბას, მამრაძე ამბობს, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, პრეზიდენტი ამის გამკეთებელია. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ამ სცენარისკენ მიდის, თუმცა მოუმზადებელი არც „ოცნება“ და ივანიშვილი დახვდება.

„ყველა კარგად ხვდება, რომ ზურაბიშვილმა შესაძლოა, ეს განცახდება გააკეთოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მე მას კარგად ვიცნობ, ის მაინც იფრთხილებს და თუკი ამის მყარი მტკიცებულებები არ ექნება, ამაზე მტკიცებულებით ფორმაში არ ისაუბრებს. მაგრამ, თუ დასავლეთიდან ეს სიგნალი წამოვიდა, გამორიცხული არაფერია. ყველა ინდიკატორით ეს სცენარი მზადდება, თუმცა ახლა ელექტრონული არჩევნები ტარდება და არ არსებობს იმის 1% ალბათობაც კი, რომ ვინმემ ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულოს. ამის მტკიცებულებებს ვერავინ მოიტანს. ამიტომ ვნახოთ, ზურაბიშვილი სადამდე შეტოპავს, გამოჩნდება“, - ამბობს მამრაძე.