საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო მარათონში ღიად ჩართვას აპირებს და ის რამდენიმე დღეში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას დააანონსებს. როგორც სანდო წყაროდან ხდება ცნობილი, ის ალიანსის შექმნას ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად აპირებს, რომელთანაც ინტენსიური მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკვე დადასტურებულია, რომ ახალ პარტიაში ვიხილავთ ეკა ბესელიას, შოთა შალელაშვილსა და თამარ ჩუგოშვილს. ასევე აქტიური მოლაპარაკებებია გიორგი მარგველაშვილთან, კახა კუჭავასთან და ანა დოლიძესთან მიდის. არ არის გამორიცხული, ამ ალიანსში „ლელოც“ ვიხილოთ. როგორც წყარო for.ge-ს უყვება, სწორედ ამის გამო პარტიის ლიდერებმა „ახალს“ თანამშრომლობაზე უარი უთხრეს. წყარო გვეუბნება, რომ ზურაბიშვილი ამ დავალებას პირდაპირ დასავლეთიდან იღებს და ფსონი მასზეა გაკეთებული. ამიტომ ეს ალიანსი ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველზე უნდა იყოს ორიენტირებული. დიდი ალბათობით, 2024 წლის არჩევნებისთვის 4-მდე პოლიტიკური პლატფორმა იქნება და ოპოზიციურ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მათ შორის მოუწევს.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ და არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ თუკი ზურაბიშვილი პოლიტიკაში ახალი პარტიით ღიად შემოვა, ეს დასავლეთის პირდაპირი დავალება იქნება.
„ზურაბიშვილს უკვე დიდი ხანია სწორება დასავლეთზე აქვს და ის მოქმედებს ყველა იმ გეგმით, რომელიც დასავლეთში იწერება. იგივეს აკეთებს სხვა რადიკალური ოპოზიციაც. მესიჯებიც ერთი-ერთში ჯდება. ამიტომ ჩვენი ოპოზიცია თავს აწონებს, არა ქართველ ამომრჩეველს, არამედ დასავლეთში მყოფ პოლიტიკურ აქტორებს. ზურაბიშვილიც იგივეს აკეთებს და ყველა მისი ნაბიჯი თანხვედრაში არის და იქნება დასავლეთთან. არანაირი თანხვედრაში ქართულ საზოგადოებასთან მისი მოქმედებები არ არის. ის არაა იმ დონის პოლიტიკური ლიდერი, რომ მის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს.
ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმის, რომ ოპოზიცია რაღაცნაირად გადაჯგუფდეს და 26 ოქტომბერს, ბერკეტი ხელში ჩაიგდონ და რამდენიმე რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში შეიყვანონ. ზურაბიშვილმა რომ ქარტია შექმნა და მასზე ოპოზიციამ ხელი მოაწერა, მის გარშემო რამე მნიშვნელოვანი მოხდა? ბესელია თეთრი ფაჩუჩებით მივა თუ შავი ჟაბოთი, ეს ამომრჩევლისთვის რას შეცვლის? ან ბესელია არა ჰყავთ პარლამენტში ნანახი, რას აკეთებდა თუ ზურაბიშვილს ვერ უყურებენ რასაც აკეთებს. იგივე გიორგი გახარია - კაცმა, რომელმაც გუნდს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში უღალატა და მელიას დაკავების შეეშინდა. ყოფილ პრეზიდენტზე გიორგი მარგველაშვილზე აღარაფერს ვამბობ. ამ პოლიტიკოსებმა ამომრჩეველი რით უნდა მოხიბლონ?“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის პოლიტიკაში პარტიით შემოსვლა, თან ამ სახეებით, არაფერს შეცვლის. დიდი ალბათობით „ლელომ“ „ახალს“ უარი ამის გამო უთხრა და ახალი პერსპექტივა ზურაბიშვილის ფლანგის სახით გამოუჩნდა.
„ზურაბიშვილზე დასავლეთში დებენ სფონს და ეს დიდი ხანია ცხადია. უნდათ, რომ რამენაირად ზურაბიშვილის გარშემო მსუყე გაერთიანება მოხდეს. „ნაცმოძრაობის“ გარდა, უნდათ, რომ ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველი გადაიბირონ. ფიქრობენ, რომ ამას სწორედ ზურაბიშვილი, გახარია, მარგველაშვილი და სხვა, „ოცნების“ ძველი სახეები შეძლებენ. ეს თავშივე მცდარი იდეაა, რადგან არც ერთ მათგანს ჩვეს საზოგადოებაში მხარდაჭერა და რეიტინგი არა აქვს. ისინი არ არიან იმ დონის ფიგურები, რომ მათ გარშემო ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს. პირიქით, ტექნიკურად ოპოზიცია რაც უფრო მეტ ფლანგად იქნება წარმოდგენილი და გაფანტული, მით უფორ მეტი შანსია რომ გამარჯვება ხელისუფლებამ შეძლოს“, - ამბობს ქადაგიძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძისთვის „ნულს მივუმატოთ ნული, უდრის ნულს და ასევე იქნება ზურაბიშვილის და მისი ალიანსის შემთხვევაშიც“. ანალიტიკოსი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ეს არ და ვერ იქნება ის ძალა, რომელიც “ოცნების“ დამარცხებას და ჩანაცვლებას შეძლებს. პირიქით, 5%-იანი ბარიერის გადალახვა ექნებათ სანატრელი.
„ეს ადამიანები არიან უმადურობის ყველაზე ნათელი მაგალითი. გიორგი გახარია, ეკა ბესელია, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი (აღარ ჩამოვთვლი დანარჩენებს, რომლებიც საზოგადოებისთვის ისედაც არაფერს წარმოადგენენ), პოლიტიკური არარაობები იყვნენ, რომელთაც კარიერა ბიძინა ივანიშვილმა მისცა, ჩააცვა, ადამიანებს დაამსგავსა და საზოგადოებაში სიტყვის თქმის საშუალება მისცა. განსაკუთრებით გახარია, რომელიც უბრალო რესტორნების მენეჯერი იყო და ბოლოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. კაცმა, რომელმაც ერთი უბადრუკი მელია ვერ დააპატიმრა. კაცს, რომელსაც ქვეყნის მეთაურობა ჩააბარეს, სახელმწიფოებრივი აზროვნება გადამწყვეტ მომენტში არ აღმოაჩნდა. გახარიამ თავისი გადადგომით ქვეყანა რყევების და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა, ქვეყანას სამოქალაქო ომის რისკი შეუქმნა. ამის შემდეგ გახარიას ეგონა, რომ რაღაცას წარმოადგენდა და ახლაც ასე ჰგონია. არადა 1%-იანი რეიტინგით, სხვა 1%-იან პოლიტიკოსებთან გაერთიანებით რა უნად შეძლონ? დასავლეთში ვიღაცებს ჰგონიათ, რომ რადგან ესენი ქვეყნის პირველი პირები იყვნენ, რაღაცა გავლენა საზოგადოებაზე აქვთ. არადა თუ კარგად გაერკვევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ამბებში, გაიგებენ, რომ ეს ხალხი არსაიდან მოიყვანა ივანიშვილმა და მისი მეოხებით იყვნენ იქ, სადაც იყვნენ. ამიტომ საზოგადოების თვალში, ეს ხალხი გამყიდველები, სიტყვის გამტეხნი, მოღალატეები და აფერისტები არიან. ამიტომ ამათმა რა მთავარი პოლიტიკური ცენტრი უნდა შექმნან, აგერ ვიქნებით ჩვენც და ეგენიც“, - ამბობს გვენეტაძე.