„მაკრონმა შეძლო და პარტიულ ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა - წინ გაუშვა მემარცხენეები, რომ მარი ლე პენის ულტრამემარჯვენეები წინ არ წასულიყვნენ“

„მაკრონმა შეძლო და პარტიულ ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა - წინ გაუშვა მემარცხენეები, რომ მარი ლე პენის ულტრამემარჯვენეები წინ არ წასულიყვნენ“

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, რაც მთავრობის ფორმირებასაც ხელს შეუშლის. პირველი ტურის შედეგების გათვალსიიწნებით, არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნები ულტრამემარჯვენეების ტრიუმფით დასრულდებოდა, რაც არ გამართლდა. გამარჯვება, ყველასთვის მოულოდნელად, მემარცხენეებმა იზეიმეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენე ალიანსი გადის, რომელიც 577 ადგილიან პარლამენტში, მანდატების, დაახლოებით, მესამედს იღებს. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის პარტია და მხოლოდ მესამეზე არიან ულტრამემარჯვენეები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ.

არჩევნების შედეგებს პრესაში უკვე უწოდეს შოკი, ანალიტიკოსები კი საფრანგეთს პოლიტიკური არასტაბილურობის რამდენიმე წელს უწინასწარმეტყველებენ. თავად გამარჯვებული პარტიის ლიდერი, რომელმაც 577-ადგილიან პარლამენტში ხმათა თითქმის მესამედი მოიპოვა, მაკრონს დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს.

დასავლური მედია მომდევნო წლებში ქაოსსა და არასტაბილურობაზე წერს, რადგან, ამ მონაცემებით, პარლამენტი სამ დიდ ჯგუფად დაიყო, რომლებსაც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ამ ჯგუფებს არც ერთად მუშაობის ისტორია ჰქონიათ. შესაბამისად, თუკი მემარცხენე ძალები თანამშრომლობისთვის ვერ შეძლებენ სხვა პარტიებთან გაერთიანებას, პოლარიზებულ საფრანგეთს ეს მხოლოდ დააზარალებს. ბოლო 40 წლის განმავლობაში, საფრანგეთის არჩევნებში ამ მასშტაბის აქტიურობა არ დაფიქსირებულა.

მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტი“ პირველ ადგილას გავიდა, მაკრონის პარტია კი მეორე ადგილას არის. სავარაუდოდ, ქვეყნის ახალი პრემიერიც სხვა პოლიტიკური პარტიიდან იქნება, რაც მაკრონის ძალაუფლებას უფრო შეასუსტებს და ხელს შეუშლის საკვანძო მნიშვნელობის პოლიტიკის ფორმირებაში. დრამატული შედეგების გამო, წუხილი მაკრონის პარტიაში უკვე გამოთქვეს, პრემიერმა კი პოსტი დატოვა, თუმცა გაბრიელ ატალს საფრანგეთის პრეზიდენტმა სთხოვა, რომ წასვლისგან, დროებით, თავი შეიკავოს.

უკმაყოფილონი არიან არჩევნების შედეგებით ულტრამემარჯვენეებიც, თუმცა პარტიაში ოპტიმიზმს ინარჩუნებენ. „ჩვენმა მოგებამ დროებით გადაიწია“, - აღნიშნეს მარინ ლე პენის „ეროვნულ ერთობაში“. ანალიტიკოსების შეფასებით, მათ ხმები რადიკალური პოლიტიკური პოზიციების გამო დაკარგეს.

არჩევნების შედეგების აღსანიშნავად, ფრანგები ქუჩაში გამოვიდნენ, თუმცა ზეიმი, მალევე, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვადამდელი არჩევნები საფრანგეთში მაკრონმა, სამი წლით ადრე, მას შემდეგ დანიშნა, რაც მისმა პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ევროპარლამენტის არჩევნებზე. ანალიტიკოსების შეფასებით, მაკრონის სარისკო ნაბიჯმა პრეზიდენტისთვის არასასურველი შედეგები მოიტანა.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ საფრანგეთი მთლიანად დაიბლოკება სამი ჯგუფით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ერთნაირი გავლენა აქვთ ეროვნულ ასამბლეაზე. თუმცა, ლე პენი იმასაც ამბობს, რომ მისი პარტია ფრანგების ინტერესს ყოველთვის დაიცავს.

„ჭაობი, რომლის შესახებაც მე გაფრთხილებდით, რა თქმა უნდა, ახდა. საფრანგეთი მთლიანად დაიბლოკება სამი ჯგუფით, რომლებსაც, მეტ-ნაკლებად, ერთნაირი გავლენა აქვთ ეროვნულ ასამბლეაზე. ჩვენ ამისკენ მივდივართ, ეს სამწუხაროა. ჩვენ კიდევ ერთ წელს ვკარგავთ. მაგრამ თუ ჩვენ ამის გავლა დაგვჭირდება, მაშინ ამას გავივლით.

ჯორდან ბარდელას იგივე როლი ექნება, რაც ყოველთვის ჰქონდა - დაიცავს საფრანგეთს და დაიცავს იდეებს, რისთვისაც ჩვენ აგვირჩიეს, რადგან კიდევ ერთხელ, ჩვენ ამ ეროვნული ასამბლეის ერთადერთი ერთიანი და თანმიმდევრული ჯგუფი ვართ. როგორც ჯორდან ბარდელამ თქვა, ჩვენ ყოველთვის ფრანგების ინტერესებს დავიცავთ“, - განაცხადა ლე პენმა.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიუხედავად მარი ლე პენის პარტიის მესამე ადგილისა, ის ეცდება საფრანგეთის შიდა საქმეებში გავლენის მოხდენას. თუმცა წინა ადგილებზე გასული ორი პარტია მას ამის საშულებას არ მისცემს.

„სწორედ ამიტომ შეიკრა ეს ორი პარტია არჩევნებზე და მოუწოდეს მხარდამჭერებს, რომ მარი ლე პენის პარტიის მოთოკვა მომხდარიყო. ამიტომ, პირიქით იზამენ, რომ ის ქვემოთ ჩაწიონ და ამის შემდეგ ეცადონ ურთიერთობის გარკვევას. რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთისთვის იდიალური პარტნიორები არ არიან. მათ შორის ძალიან ბევრი პრობლემებია. მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტი“, რომელიც პირველ ადგილას გავიდა, იდიალური არ არის და ნატოს მოწინააღმდეგე პარტიაა. თუმცა მაკრონს ლე პენისგან განსხვავებით, ეს პარტია ურჩევნია. ფაქტია, რომ მათ ულტრამემარჯვენეები ჩაკეტეს, მათი ყველას ეშინია, რადგან ისინი აგრესიულები არიან და რეპრესიებზე გადადიან. მათი საბოლოო გზა ფაშიზმია. მემარცხენეები მოგვწონს თუ არა, მათ გააჩნიათ ღირებულებები შრომის კუთხით და სხვა ადამიანური ღირებულებები აქვთ. ამიტომ მაკრონმა გათვალა, რომ ჯობდა მემარცხენეებისთვის დაეთმო, ვიდრე ულტრამემარჯვენე ლე პენის პარტიისთვის“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, მაკრონმა თავის თაზე მაღლა საფრანგეთი დააყენა და ეს მოულოდნელი იყო, რადგან მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ბოლოს ეს აღარ ჩანდა.

„მაკრონი საფრანგეთში დაისაჯა იმის გამო, როცა მან პროფკავშირების წინააღმდეგ გაილაშქრა. შრომის კოდექსის შედარებით გამარჯვება დაიწყო. მაკრონი ბუნებით მემარჯვენეა, მაგრამ ულტრამემარჯვენე არ არის. ლიბერალებსა და ლიბერტანიელებს შორის დიდი განსხვავებაა. ამ იდეოლოგიებს ერთი ფესვი აქვთ, მაგრამ მათი გამოვლინებები ერთმანეთს შორდება. ასევე უკრაინის ომთან გაკეთებული ძალიან არაპოპულარული განცხადებები ჰქონდა. ფრანგი ჯარისკაცების ომში გაგზავნა და ა.შ. მისი პოლიტიკა ომთან დაკავშირებით მოსახლეობის რაღაცა ნაწილს ძალიან არ მოსწონდა. ამიტომაც მიიღო, ის რაც ახლა სახეზე გვაქვს.

მაკრონი გააგრძელებს მოღვაწეობას როგორც პრეზიდენტი, მაგრამ ის მემარცხენეებზე ხდება დამოკიდებული. მემარცხენეები სულაც არ არიან უკრაინის გულმხურვალე მომხრეები. არც რუსეთის მხარდამჭერები არ არიან, მაგრამ არა აქვთ მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამიტომ მაკრონს მოუწევს ანგარიში მემარცხენეებს გაუწიოს. მაკრონმა, უბრალოდ, შეძლო და პარტიულ ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა. წინ გაუშვა მემარცხენეები, რადგან მარი ლე პენის ულტრამემარჯვენეები წინ არ წასულიყვნენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, მაკრონი იძულებული იქნება კოაბიტაციაში გადავიდეს და უფრო ქვეყნის შიდა საქმეებზე გადაერთოს. პრეზიდენტს მემარცხენეებთან ხელისუფლების გადანაწილების და მათი ინტერესების გათვალისწინება მოუწევს. ისინი კი მაკრონს უკრაინის მიმართულებით შეზღუდავენ.

„ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ მემარცხენეების გავლენა ევროპარლამენტში შემცირდა, ხოლო ულტრამემარჯვენეების გაიზარდა, თუმცა არა იმდენად, რომ ხელში ეგდოთ ევროკავშირის მართვის სადავეები. სიღრმეში აშკარად ჩანს, რომ ულტრამემარჯვენეებმა გაიმყარეს პოზიციები მემარცხენეების ხარჯზე. ევროკავშირი უფრო აჩრდილია ულტრამემარჯვენეობისა და წინ აქვთ დრო, რომ გაიმარჯვონ. თუმცა მარი ლე პენი ხელოვნურ აფსაიდში გადაიყვანეს და ამ ეტაპზე დამარცხდა“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.

მერაბ.g ზაქარეიშვილი სულელია! რას ქვია "წინ გაუშვა" და ვინ გავიდა პირველზე? კომუნისტები, სოციალისტები, სოციალ-დემოკრატები; მელიშონზე /გვარი ხომ არ მეშლება/ დიდი რადიკალი ვინაა? ესაა ფრანგი ხალხის გამარჯვება? ნახეთ, ფეხბურთში საფრანგეთის ნაკრებზე მეტი თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკისა და ნამიბიის ნაკრებებში თამაშობენ!
4 თვის უკან
თომა მხოლოდ for.ge ახარებს, ზაქარეიშვილის ჭიას.
4 თვის უკან
Maverick ზაქარა მაგარი პოლიტრიკოსია, ყავის ფინჯანზე მკითხაობით თავს იქცევს, ხანდახან ტაროთითაც ერთობა...
4 თვის უკან