„ხაზარაძე-გახარიას შემთხვევა ბესელია-ელისაშვილის შემთხვევის მსგავსია - ორივე აღმოჩნდა ერთი და იგივე ფერის საჭადრაკო ფიგურების განლაგებაში“

„ხაზარაძე-გახარიას შემთხვევა ბესელია-ელისაშვილის შემთხვევის მსგავსია - ორივე აღმოჩნდა ერთი და იგივე ფერის საჭადრაკო ფიგურების განლაგებაში“

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ოპოზიციურ ფლანგზე აღმოჩნდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი გახდნენ. მათ შორის არიან ეკა ბესელია, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი. პროფესორ თემურ მაისურაძის განცხადებით, ამ კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ შეუსაბამოდ მაღალი წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, მიაჩნიათ, რომ არიან შეუცვლელიები და იკადრებენ ნებისმიერ უღირს ქმედებას, სტატუს-კვოს აღსადგენად.

for.ge თემურ მაისურაძეს ესაუბრა.

ბატონო თემურ, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკური ჯგუფის მიზანი რა არის დღეს პოლიტიკაში?

თემურ მაისურაძე: ამ კითხვაზე არ არსებობს ცალსახა პასუხი. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაწილი, რომლებიც აღმოჩნდნენ პოლიტიკის გარეთ, დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“ და უარეს შემთხვევაში, გადავიდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ბანაკში. მეორე ნაწილი დაუბრუნდა მუდმივ პროფესიას, განაგრძობს ცხოვრებას, თუმცა მხარს აღარ უჭერს მმართველ ძალას და მიაჩნია, რომ უსამართლოდ აღმოჩნდა ბორტს მიღმა.

ისინი შესაძლებელია გახდნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, თუმცა არასოდეს იკადრებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებას და მესამე, არის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც აღარ არის არც მთავრობაში და არც ხელისუფლებაში, თუმცა რჩება ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად, მაგრამ ბევრ საკითხში საერთოდ აღარ იზიარებს მმართველი პარტიის ხილულ პოლიტიკას. ეს ჯგუფი იმედს იტოვებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მალე შეცვლის ამ მოცემულობას.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, ეკა ბესელიას როლი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა იმიტომ რომ, გავლენები დაკარგა. დღეს ვხედავთ, რომ იგი რადიკალურად დაუპირისპირდა ხელისუფლებას და აღმოჩნდა ოპოზიციის რიგებში. რა დგას ბესელიას უკან და რა უნდა მას საერთოდ პოლიტიკაში, ისევე როგორც ელისაშვილს?

- ამ კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ შეუსაბამოდ მაღალი წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, მიაჩნიათ, რომ არიან შეუცვლელები და იკადრებენ ნებისმიერ უღირს ქმედებას სტატუს-კვოს აღსადგენად, ამავე დროს, გულში იტოვებენ შურისძიების წყურვილს და ყველაფერზე წავლენ მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება ელისაშვილს, ის და ბესელია არიან მსგავსი ღირებულებათა სისტემის მატარებლები, თუმც ბესელიას ინტელექტუალური შესაძლებლობები ბევრად აღემატება ელისაშვილის შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე, ელისაშვილს მიაჩნია, რომ მას და ბესელიას მოედნის ერთ მხარეს უწევთ დგომა.

საინტერესო ფიგურაა ხაზარაძე. სრულად ვიზიარებ სასამართლოს განაჩენის ვერსიას და მიმაჩნია, რომ ის არის მაღალი რანგის, კვალიფიციური თაღლითი, რომელიც ჩემი აზრით, თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს მის პოლიტიკურ სტატუსზეც, რადგან პოლიტიკაშიც თაღლითობს და პოლიტიკური თაღლითობის გზით აპირებს მხარდაჭერის მიღებას.

ხაზარაძეს რაც შეეხება, მაგალითად, გიორგი გახარიას და „ლელოს“ დაპირისპირების ქეისი ცნობილია, მაგრამ გახარია გამოვიდა ინიციატივით, რომ ითანამშრომლებს „ლელოსთან“, ეს უკვე რას ნიშნავს?

- ეს ბესელია-ელისაშვილის შემთხვევის მსგავსია, რადგან ორივე აღმოჩნდა ჭადრაკის მაგიდაზე ერთი და იგივე ფერის ფიგურების განლაგებაში, ანუ პოლიტიკური მოედნის ერთ მხარეს.