„ფაშინიანს ახალი ავანტურისკენ მიჰყავს სომეხი ხალხი, რაც ჩვენთვის ნამდვილად არ არის კარგი“

„ფაშინიანს ახალი ავანტურისკენ მიჰყავს სომეხი ხალხი, რაც ჩვენთვის ნამდვილად არ არის კარგი“

ილია დარჩიაშვილი აშშ-ში გაემგზავრა. საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს დაესწრება და პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. სავარაუდოა, რომ დარჩიაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი იქნება აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, როგორიცაა ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა და „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადება.

პენტაგონის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ურთიერთობები დაბალანსდება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ცუდია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს. მისივე თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა.

„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი, ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ, ეს არის ფარისევლობა. საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი - შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. არავის მიეცემა იმის შესაძლებელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც, თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. გვახსოვს მოწოდებები სანქციებთან, მეორე ფრონტთან, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძალიან მალე ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ აშშ ცუდია და არც მეორე ფრონტთან დაკავშირებით ყოფილა ამერიკის მიმართ ბრალდება.

 „ქართული ოცნების“ არც ერთ დეპიუტატს, მთავრობის არც ერთ წევრს, ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ ევროკავშირი ცუდია, აშშ ცუდია. მსგავსი რამ არ გვითქვამს. მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ჩვენ აშშ-ისთვის. არც „გლობალური ომის პარტია“ გვიწოდებია არასდროს აშშ-ისთვის. ამომიღეთ ერთი ფრაზა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ აშშ-ს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში წვრთნები არ ჩატარდება, მაგრამ ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება სომხეთში. სწავლება „Eagle Partner 2024“ სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება და იგი კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს. წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებენ. ანალიტიკოსების განცხადებით, ორმხრივი წვრთნების ჩატარება რუსეთისთვის პირდაპირი გამოწვევაა და ეს მორიგი არამეგობრული ქმედებაა.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტარცია უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით, რაც ყველასთვის გასაგებია. მისი თქმით, საქართველოში არის ომის პარტია და ესენი არიან ნეოკონსერვატორები, ასევე, მათზე დამოკიდებული ძალები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ აშშ-ის პოლიტიკაზე.

„ამიტომ ამაზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ და პირველ რიგში, უნდა ილაპარაკოს სახელმწიფომ. რაც შეეხება გადახედვის პოლიტიკას, ეს მიბმულია აშშ-ში მოსალოდნელ არჩევნებზე. დონალდ ტრამპი, განიხილება დღეს ყველაზე უფრო რეალურ კანდიდად და განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა იმ გამანადგურებელი მარცხის შედეგად, როცა შედგა დებატები ბაიდენთან და მთელმა ამერიკამ დაინახა, რომ ის ქმედუუნაროა.

ტრამპმა ღიად თქვა, რომ პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში საზავო მოლაპარაკება ექნება რუსეთთან და უარს იტყვის უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღების პერსპექტივაზე. ეს არის იმის შედეგი, რომ გაფუჭებულია ურთიერთობა და არა საქართველოს მიერ, არამედ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის სრულიად უაზრო და უსაგნო მოთხოვნების გამო - იგულისხმება მეორე ფრონტის გახსნა და თავისი მონამორჩილი აგენტური ქსელის ხელისუფლებაში მოყვანის ჯიუტი სურვილი“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებას და სომხეთში მის ჩატარებას, სოსო მანჯავიძის განცხადებით, სომხეთს სრულიად გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც სომხეთია მოქცეული, აშშ-ის მხარდაჭერა მათთვის იქნება რეალისტური.

„მიმაჩნია, რომ ფაშინიანს ახალი ავანტურისკენ მიჰყავს სომეხი ხალხი, რაც ჩვენთვის ნამდვილად არ არის კარგი. რაც შეეხება ზოგიერთი ამერიკელი სტრატეგის განზრახვას, რომ სომხურ-ქართული და ანტირუსულ-ანტი-ირანული ანკლავი შექმნას კავკასიაში, ეს არარეალისტურია, თუმცა შეუძლია ზიანის მოყენება, რადგან გამოიწვევს უამართავ პროცესებს და ამიტომ, ჩვენ ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. დაველოდოთ შტატებში მიმდინარე არჩევნებს. არ უნდა მივცეთ აქ სიტუაციის არევის საშუალება, ვინაიდან, ამ არეულობამ შეიძლება ამერიკის შიდა პოლიტკურ ბრძოლაში გარკვეული კორექტირება შეიტანოს. ამიტომ, უნდა შევეცადოთ, რომ თავი არ გამოვაყენებინოთ.

რაც შეეხება მათ პოლიტიკას, ჩვენთვის ეს გადახედვა სხვა რამეა, რაც გულისხმობს ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას, მაგრამ ამერიკელებისთვის, როგორც ჩანს, გადახედვა გულისხმობს სანქციებს და მათ შორის წვრთნების აკრძალვას, რასაც დადებითად ვუყურებ. სინამდვილეში არავითარი წვრთნები არ მიმდინარეობდა, ჩვენი შეიარაღებული ძალების მდგომარეობა ნამდვილად არ გვიტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკელები წვრთნიან და აიარაღებენ. შესაბამისად, ეს არავითარ ზიანს ჩვენ არ მოგვაყენებს და პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ დადებითი მოვლენაც არის. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საომარი მდგომარეობაა და ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინაში, ჩვენ რაღაცა წვრთნები ვატაროთ, ეს გამაღიზიანებელია. როცა დაპირისპირებამ რუსეთსა და ამერიკას შორის კულმინაციას მიაღწია, ჩვენ ამ ესკალაციის და კულმინაციის ნაწილი არ უნდა გავხდეთ. ეს ძალიან კარგია და დიდი მადლობა ამერიკელებს, რომ ასეთ ბრძნულ გადაწყვეტილებებს ღებულობენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ბლოგერი ლევან ადეიშვილი მადლობა უხდის აშშ-ის ხელმძღვანელობას და პენტაგონს მიღებული გადაწყვეტილებების გამო და მიაჩნია, რომ ქართული საზოგადოების კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შედეგი გამოიღო და აშშ-მა პრეფერენციები გამოუშვა.

„ისეთი კი არა 6 მილიარდი რომ შეაჭამეს საკუთარ ძაღლისშვილებს, მართლაც კარგი საქმე გაუკეთეს საქართველოს, რომ რუსეთს არ აღიზიანებს ჩვენით. მადლობა ამერიკას ასეთი სწორი პოზიციის გამო. უბრალოდ, მოგვაცილა სამიზნე და მიაბა სომხებს, რომლებიც მეცოდებიან, მაგრამ თვითონ მიიზიდეს სამიზნე და იქ ატარებენ წვრთნებს.

ჩვენს შემთხვევაში, თქვეს 2025 წელს ჩავატარებთო. თუ აშშ ომს მოუგებს რუსეთს, თუ ისევე დაასუსტებს და ფეხქვეშ ამოიდებს ჩინეთს, აი, ასეთ შემთხვევაში, ჩაატარებს საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია. ასე რომ, ჯერ გადახტნენ იმ ფრონტზე და მერე იფიქრონ აქ წვრთნების ჩატარებაზე, ჩვენს დასჯაზე. თუ აშშ-მა ვერ მოიგო ეს ომი და ისეთი პირი უჩანს, რომ ვერ მოიგებს, ვერაფერსაც ვერ დაგვსჯიან. თვითონ დარჩებიან დასჯილები, რადგან საქართველოში მათი გავლენები წავა ნულისკენ. ალბათ, ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც არ იყო ანტიამერიკანიზმი, როგორიც არის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვყანაში და მაგასაც მიაღწიეს საქართველში. ვულოცავ ამას ამერიკის ყოფილ და მოქმედ ელჩებს, ასევე ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილი.