„ზელენსკისაც დასჭირდა ჩინეთი, რადგან ხედავს, ომი წაგებული აქვს. გამორიცხული არ არის, თვითონ ამერიკამ ათქმევინა ზელენსკის ეს შეთავაზება ჩინეთ-ამერიკის დაახლოების თაობაზე. როცა ამერიკელებს გაუჭირდებათ, მაშინ თურმე საჭირო ყოფილა ჩინეთი, ხოლო როცა საქართველოს სჭირდება ჩინეთთან ურთიერთობა, თურმე არ შეიძლება“, - აცხადებს „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოს არასოდეს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში ამერიკასთან. ეს ნათქვამი ქვეტექსტით რომ გავიგოთ, ნიშნავს თუ არა, რომ საქართველომ არა, მაგრამ ამერიკამ შეირცხვინა თავი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით? პარლამენტარი ირაკლი ქადაგიშვილიც ამბობს, რომ 33-წლიანი პარტნიორობის მანძილზე კონკრეტული არაფერი გაუკეთებია ამერიკას საქართველოსთვის. რას ველოდებით ჩვენ ამერიკისგან კონკრეტულს?
- ჩვენ ამერიკისგან უკვე კარგს აღარაფერს ველოდებით. ყოველ შემთხვევაში, ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციისგან მე კარგს არაფერს მოველი. ეს არის ლიბერალური ადმინისტრაცია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფის ხარჯზე აპირებს გაძლიერებას. ჩვენი განადგურების და მეორე ფრონტის გახსნით აპირებს თავისი ქვეყნის გაძლიერებას. თუკი ამერიკის არჩევნები ახალ რეალობას და შესაძლებლობას გააჩენს ჩვენი თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ახლანდელი მიდგომით და პოზიციით, რომ თურმე ჩვენი დამოუკიდებლობა არაფერი არ არის, მარტო მაგათი დამოუკიდებლობაა ყველაფერი, ჩვენი ქვეყანა არაფერი არ არის და მაგათ ქვეყანას უნდა შეეწიროს, ასეთი ამერიკა არავის სჭირდება და არც მე არ მჭირდება.
ისტორიულად ამერიკა და კოლონიალიზმი ერთმანეთს უკავშირდებოდა და ეს იყო ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩაგვრის გამოცდილება. მართალია, ჯეფერსონის დეკლარაციით აშშ-ში კოლონიური ჩაგვრა აიკრძალა, მაგრამ იმ პერიოდში ეს მხოლოდ თეთრკანიანებს შეეხოთ, შავკანიანები კი მონობისგან არ გათავისუფლებულან პლანტატიტორთა მოთხოვნის გამო. ეს ისტორიული მეხსიერება ისევ ცოცხალი ხომ არ არის და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი ამერიკელებისთვის რამდენად ანგარიშგასაწევია?
- დავიწყოთ იქიდან, რომ რაც ამერიკის საელჩო გაიხსნა საქართველოში, მას შემდეგ ქართველები ამერიკელებთან ერთად აღვნიშნავდით და ვზეიმობდით ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვთვლიდით, რომ ამერიკელებისთვის ეს ბედნიერი დღეა, როგორიც ჩვენთვის 26 მაისი. ქართველებმა ვიცით, რა განცდაც გვაქვს 26 მაისის თარიღთან დაკავშირებით და მთელი ენთუზიაზმით ვღებულობდით მონაწილეობას ამერიკელთა ღონისძიებაშიც. თუმცა ეს ბოლო წლებია, უფრო ზუსტად, წელიწადნახევარი- ორი წელი, რაც ამერიკამ სხვანაირად დაგვანახა საკუთარი თავი. ჩვენ გავიგეთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონია აშშ-ს სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობის მიმართ. ამის შემდეგ საერთოდ აღარ გვაქვს სურვილი, მათ დამოუკიდებლობას ისეთივე ენთუზიაზმით ვხვდებოდეთ, როგორც ამას წლების წინ ვაკეთებდით. არაერთი მაგალითი ვნახეთ იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს როგორ მარტივად, უცერემონიოდ, უსირცხვილოდ და უნამუსოდ ხელყოფდა ამერიკის ელჩი საქართველოში, გინდ დეგნანი ყოფილიყო, გინდ ახლანდელი ელჩი დანიგანი. რაც მთავარია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია არაფრად აგდებდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამდენად, მე ვერ ვცემ პატივს ისეთი ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელიც ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას არ ცნობს.
თავის დროზე რუსებიც გვარწმუნებდნენ, თითქოს სხვადასხვა ხალხთა თავისუფალი ნების ერთობით შეიქმნა საბჭოთა კავშირი, ეს მათ ჰიმნშიცაა გადმოცემული - „Да здравствует созданный волей народов“, თუმცა მაშინვე ყველამ ვიცოდით, რომ თავისუფალი ნებით არ შევუყვანივართ საბჭოთა კავშირში. ამერიკელებიც გვარწმუნებენ, თითქოს ჩვენ დამოუკიდებელი არჩევანი გვაქვს და ისინი მხოლოდ სტრატეგიული მეგობრები არიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუნდაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, აღმოჩნდება, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩინეთთან ვიკონტაქტოთ. საინტერესოა, რომ სულ ახლახანს ზელენსკიმაც განაცხადა, კარგი იქნება, თუ ამერიკა და ჩინეთი გვერდზე გადადებენ უთანხმოებას და უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ითანამშრომლებენ ერთმანეთან, რადგან რუსეთი დიდადაა დამოკიდებული პეკინზე. ზელენსკის თუ აპატიებენ ამ გამონათქვამს ამერიკელები? ან ჩვენ თუ გვპატიობენ იმას, რასაც სხვებს პატიობენ? მაგალითად, „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“?
- საპატიებელს რას ვაკეთებთ? ჩვენს ქვეყანაში რომ მივიღოთ კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობოებისთვისაა აუცილებელი, ამით რა დაშავდება? მაშინ რატომ აქვთ თავიანთ ქვეყნებში იგივე კანონი? არ გვაქვს იმის უფლება, რომ ლგბტ- ეობა და ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენთვის მიუღებელი იყოს? განა შეიძლება დანაშაულად ჩაგვითვალონ, თუ ჩვენს ტრადიციას, რწმენას პატივს ვცემთ? ჩვენს წინაშე ძალიან ბევრი აშავებს და პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან. ახლა ის ეიფორია, რასაც გვარწმუნებენ, რომ ევროკავშირი თურმე არის სამოთხე და იქ არის ხსნა, ძალიან მალე გაქრება, თუკი ამას არ ექნება შესაბამისი გაგრძელება. ჯერჯერობით გაგრძელება ის არის, რომ დასავლეთიდან თითს გვიქნევენ, თქვენ არ გაქვთ უფლება, რაც თქვენ გინდათ, იმ კანონებით მართოთ ქვეყანა და იმ ტრადიციებით იცხოვროთ, რასაც თქვენი მამა-პაპა აღიარებდაო. ამას თუ მოითხოვენ ჩვენგან, მაშინ ჩვენ არანაირ კავშირზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი. მთავარი ის არის, რომ ისინი უნდა აღიარებდნენ ჩვენს ღირებულებებს, ფასეულობებს და ასეთი საქართველოს მიღება უნდა უნდოდეთ თავიანთ კავშირში. თორემ გადაკეთებული და კლონირებული, ხელოვნურად მიღებული საქართველო არავის სჭირდება.
რამდენად გაიზიარებენ ამერიკელები ზელენსკის მოთხოვნას, რომ ამერიკამ და ჩინეთმა ერთმანეთთან უთანხმოება გადადონ და უკრაინაში ომის დასასრულებლად ითანამშრომლონ? როგორც ჩანს, ზელენსკიც იმ აზრამდე მივიდა, რომ ჩინეთ- ამერიკის ურთიერთობა საჭიროა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. როგორც საქართველოს სჭირდება ჩინეთი, ისე ზელენსკისაც დასჭირდა ჩინეთი?
- რა თქმა უნდა, ზელენსკის ჩინეთიც დასჭირდა და ისიც დასჭირდა, რომ ხედავს, ომი წაგებული აქვს, მარტო ომი კი არ აქვს წაგებული, მისი ქვეყანა განადგურებულია, ახლა იმას ცდილობს, თავი როგორმე გადაირჩინოს და გამოსავალს ეძებს. ბუნებრივია, ზელენსკიც ამას მოითხოვს, რომ ჩინეთმა და ამერიკამ ითანამშრომლონ უკრაინის გადასარჩენად. თვითონ ამერიკამაც ზუსტად იცის, რომ რუსეთთან ომი წაგებული აქვს, ეს ხომ არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი, ყველამ კარგად იცის, ეს რა ომიცაა. რუსეთს ამერიკაც ეომებოდა, ნატოც ეომებოდა. აქედან გამომდინარე, მარტივად შეიძლება იმის თქმა, რომ ამერიკამ დაინახა თავისი პრობლემები ამ ომთან დაკავშირებით და თვითონვე ამერიკამ ათქმევინა ზელენსკის ეს შეთავაზება ჩინეთ-ამერიკის დაახლოების თაობაზე. როცა ამერიკელებს გაუჭირდებათ, მაშინ თურმე საჭიროა ჩინეთი. ახლა უნდათ, რომ გამოიყენონ ჩინეთის პოტენციალი და იმიჯი იმისთვის, რომ ომი შეწყვიტონ. როცა საქართველოს სჭირდება ჩინეთთან ურთიერთობა, თურმე არ შეიძლება. ეს ორმაგი სტანდარტები არანაირი დემოკრატიულობის და თავისუფლების გამომხატველი არ არის.