სანდრო თვალჭრელიძე: “მთელ ახალგაზრდობას ვერ გალახავენ და ვერც ციხეში ამოალპობენ. ამგვარად დაშინება აბსოლუტურად უშედეგოა”

სანდრო თვალჭრელიძე: “მთელ ახალგაზრდობას ვერ გალახავენ და ვერც ციხეში ამოალპობენ. ამგვარად დაშინება აბსოლუტურად უშედეგოა”

“საქართველო ათასი ძაფით არის დაკავშირებული აშშ-თან, ევროკავშირთან. დასავლეთის დამსახურებაა ის, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო. ამ ძაფების, ამ კავშირების გადაჭრა შეუძლებელია, მით უფრო აშშ და ევროკავშირიც ძალიან კარგად ხვდებიან, რა ხდება საქართველოში და ელოდებიან არჩევნების შედეგებს. თუ ყველაფერი ისევ გაგრძელდა, ქვეყნისთვის სავალალოდ დასრულდება და აღმოვჩნდებით ძალიან ღრმა ეკონომიკურ-სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისში. თუ ისევ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა არჩევნებში, ჩვენ ძალიან მძიმე 4 წელიწადი გველის. ახლა “ოცნებაც~ თითქოს ცდილობს რიტორიკის შერბილებას, მაგრამ, ჩემი აზრით, დააგვიანდათ - ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ნდობა დაკარგა, როდესაც ბოლო დროს არაერთხელ გატეხა სიტყვა, მათ შორის ყველაზე მძიმე ე.წ. აგენტების კანონის მიღება იყო”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ ჩაშალა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბება?!

“ანაკლიის პორტი თავიდანვე არ ყოფილა მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. მისი იდეა საიდუმლოდ გაჩნდა და პირველი ნაბიჯებიც მალულად გადაიდგა, რადგან მიიჩნეოდა, რომ მას საქართველოსთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა და ქვეყნის უსაფრთხოების მრავალი მიმართულება მოეცვა - ეს ვიცი ძალიან კარგად, რადგან აშშ-ის პირველ ელჩთან საქართველოში ამ კონცეფციაზე ვმუშაობდი. მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ეს ადგილი შეარჩია პორტისთვის. მაშინ გეოლოგიის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე გახლდით სამეცნიერო დარგში. პროექტი ძალიან მალულად უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ შეცდომა ჯერ მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა, როდესაც დაიწყო ლაზიკის მშენებლობაზე ლაპარაკი და ამას უზარმაზარი პიარი მოაყოლა. მერე იყო მამუკა ხაზარაძის თემა და ამხელა სკანდალი. მე მეჩვენება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკელებმა ამ პორტთან დაკავშირებული ინტერესი დაკარგეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ის, რაც ქალბატონმა აშშ-ის ელჩმა ბრძანა, სწორია, - სტრატეგიული პროექტები სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა განახორციელო. რადგან ჩინეთს აძლევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს, ე.ი. ამერიკას აღარ განიხილავ სტრატეგიულ პარტნიორად. ჩინელები როგორ აშენებენ, კი ვიცით რიკოთის სტრატეგიული გზის მაგალითით. გული მისკდება, რამე დიდ უბედურებას არ გადავეყაროთ. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ანაკლიის მიმართ საბოლოოდ დიდი ინტერესი აღარ გამოიჩინეს. კარგი იქნებოდა, ეს პროექტი გადადებულიყო 4-5 წლით და მერე განხორციელებულიყო. მოკლედ, ამ კარიკატურად ქცეულ პროექტს მე უკვე დიდ ყურადღებას აღარ მივაქცევდი. მან მთავარი - უსაფრთხოების შემადგენელი, სამწუხაროდ, უკვე დაკარგა” , - განაგრძობს რესპონდენტი.

“სალომე ზურაბიშვილი ძალიან სწორად იქცევა - როგორც ველოდი, ის უშუალოდ არ ერევა საარჩევნო პროცესში, რჩება განზე და ერთგვარად არბიტრის როლის შესრულებას ეცდება. დღეს პრეზიდენტი დასავლეთში ყველაზე დაფასებული ქართველი პოლიტიკოსია. ნახეთ, როგორ ხვდებიან მას დასავლელი ლიდერები. მან ჯერ ქარტიაზე მოაწერინა ხელი პარტიებს, შემდგომ კი თქვა, მე ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატიო. ის უკვე პოსტსაარჩევნო პროცესსა და კოალიციურ ერთობაზე ფიქრობს. ზურაბიშვილი ემზადება და დიდი იმედიც აქვს, რომ მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის პირობებში. მან მოახერხა და დაალაგა მეტ-ნაკლებად ურთიერთობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, განსაკუთრებით კი შუალედურ პატარ-პატარა პარტიებთან, რომელთა გაერთიანების საფუძველზეც შესაძლოა საარჩევნოდ მესამე ძალა ჩამოყალიბდეს. სალომე ზურაბიშვილი პოსტსაარჩევნო გაერთიანებაზე მუშაობს - ამ გაერთიანებას უნდა ჰყავდეს ლიდერი და ზურაბიშვილი სწორედ ამ ლიდერის როლის შესრულებას ცდილობს”, - განმარტავს ექსპერტი.

“საარჩევნოდ მე მომხრე ვარ მე-3, მე-4 ცენტრის ჩამოყალიბების. ვფიქრობ, ოპოზიცია გააქტიურდება ივლისის შუა რიცხვებიდან. ახლა საქართველოს მოსახლეობის მთელი ყურადღება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისკენ არის მიმართული. პოლიტიკისთვის არავის სცალია. მე ფეხბურთის ძალიან დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და კარგად ვიცი, რამხელა წარმატებაა ჩვენი ევროპაზე გასვლა. ბედნიერი ვარ, რომ ამის მომსწრე ვარ, თუმცა ჩვენი ნაკრები მომავლის ნაკრებია და დარწმუნებული ვარ, მომავალ ჩემპიონატზე ჩვენ ფავორიტთა შორის ვიქნებით”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ვხედავთ, რომ ბოლოდროინდელი პროტესტის მონაწილეებს ან სასამართლოებში იბარებენ, ან ქუჩაში უსწორდებიან ისე, რომ დამნაშავეები ჯერაც არ დასჯილან...” - პასუხობს:

“რუსეთივით აქ პროტესტანტების დაშინება და გაქრობა არ გამოვა, საქართველოში სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. “არა რუსულ კანონს” - ეს მოძრაობა პოლიტიკოსებმა კი არა, ახალგაზრდებმა წამოიწყეს. მათ არა ჰყავთ მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი. ეს არის ძალიან დიდი სამოქალაქო მოძრაობა, რომელსაც აერთიანებს ერთი სულისკვეთება. ერთ ლიდერს სცემენ და დაიჭერენ და მეორე გამოჩნდება, შემდეგ მესამე, მეოთხე და ა.შ. მთელ ახალგაზრდობას ვერ გალახავენ და ვერც ციხეში ამოალპობენ. ამგვარად დაშინება აბსოლუტურად უშედეგოა. ძალადობა სისუსტის ნიშანია, როცა სხვა არანაირი ბერკეტი აღარ გაქვს, მაშინ გადადიხარ ძალადობაზე, როცა ვერც ინტელექტუალურად, ვერც მსოფლმხედველურად, ვერც იდეებით ვერ ახერხებ მოწინააღმდეგის დაჯაბნას, ჩხუბზე გადადიხარ".

“არ ვიცი, რატომ ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი ამ ე.წ. გამჭვირვალობის კანონით ამ მდგომარეობაში, რატომ მიექანება უფსკრულისკენ. დიახ, ეს ხელისუფლება მიექანება და არა ქვეყანა. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქვეყანა რჩება. თავის დროზე “ქართული ოცნება” “მოქალაქეთა კავშირივით” გაქრება. იმ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა სახელმწიფოზე, ერთადერთ ბერკეტად ხელკეტი დარჩათ.... არ მკითხეთ, მაგრამ აუცილებლად ორი სიტყვა უნდა ვთქვა რამდენიმე დღის წინ წიწამურთან ჯი-ვი-პის მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარ ავარიაზე. არ ვიცი, რა ჰქვია ამას, გულგრილობა, კორუფცია, უცოდინარობა? ჯი-ვი-პის განცხადებით, თურმე მილსადენის თავზე “მესამე პირი” სისტემატურად ნაყარს ასაწყობებდა, რის გამოც ქანებმა მდგრადობა დაკარგა და მეწყერი ჩამოწვა. სანაყარე მეურნეობის მოწყობა ექვემდებარება წინასწარ გეოლოგიურ შესწავლას, დაპროექტებასა და შესაბამისი ნებართვების მიღებას. არსებობს ეს ნებართვა? თუ არსებობს, ვინ გასცა, ან თუ არ არსებობს, ვერ ხედავდნენ, რა ხდებოდა? სად იყო ჯი-ვი-პი? ან სად იყვნენ სახელმწიფო სამსახურები?.. კიდევ კარგი აღიძრა საქმე, იმედია, ყველა დაისჯება, ვინც დამნაშავეა, რომ მსგავსი რამ ვეღარავინ გაბედოს!” - დასძენს თვალჭრელიძე.

Aburjga Tasmanieli მთელი ახალგაზრდობის გალახვას არც არავინ აპირებს!!! საიდან მოგაქვს ეს სულელური ნარატივი, არ გრცხვენია ამხნის აკადემიკოს კაცს?! თუ ვინმე თავისი უნამუსო საქციელით ერის, ქვეყნის, წინაპრების, რელიგიის წინააღმდეგ ჩადენილი უხამსი, ვანდალური საქციელით დაიმსახურა გალახვა ის გაილახება! ასაკი იმისთვის თუ ყოფბის, რომ ქაშუეთის წინ დიდი შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩაზე სატანისტური რიტუალები ჩაატაროს, დღე და ღამ ცეცხლი აფრქვიოს კანონის დამცველების მისამართით, დაქწვას და დაახეიბროს, მაშინ უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკშიც დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით!! თქვენ რა, ევროპულ მომავალში მირბოდით 1971 წელს მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტი რომ დაამთავრეთ, მოგეცათ ყველა საშუალება განვითარებულიყავით, მიგეღწიათ მეცნიერული წარმატებებისათვის, რაც კი რამე ჯილდო და სიამე იყო ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლებამ მოგანიჭათ!!! რას მაიმუნობ და პოპულისტობ ამხელა აკადემიკოს კაცი?! იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდებს ჭკუა დაარიგო და დაამშვიდო კიდევ ხელისუფლების წინააღმდეგ აქეზებ?!
4 დღის უკან