"მოწმენი ვართ, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში პროკურატურა იმავე კადრების იმედად დარჩა, რომლებიც თავის დროზე საქართველოში სჩადიოდნენ უსამართლობას. პროკურორები უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ბედავდნენ, ვიდრე მათ მიერ ბრალდებული ადამიანები. კბილაშვილისგან რომ იყო ადამიანი დანიშნული, სულაც არ ნიშნავს მის უცოდველობას. სწორედ კბილაშვილის მიერ იყო დანიშნული ერთი ცნობილი პროკურორი, რომელმაც თავის დროზე არაერთი საქმე შეკერა. საკადრო შეცდომა ყველას შეუძლია მოუვიდეს. ისიც ფაქტია, რომ დღეს პროკურატურას საკადრო კუთხით სჭირდება ქირურგია, რადგან თერაპია აღარ მოქმედებს. ასევე, ველი რამდენიმე მკაფიო ნაბიჯს პროკურატურისგან სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დღეს პროკურატურას საკადრო კუთხით სჭირდება ქირურგია" / `ლაშა ნაცვლიშვილი საზღვარგარეთ წავიდა ერთ-ერთი პირის დასაკითხად და შემდეგ გაჩერდა გარკვეულ სკანდალურ საქმეებზე გამოძიება".
"ყველაზე მეტ ინფორმაციას ლაშა ნაცვლიშვილის ავკაცობის შესახებ ფლობენ იმ ბიზნესმენების ადვოკატები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, აღმოჩნდნენ ახალი უსამართლობის მორევში. რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში მისაყვედურა - რას ერჩის ცისკარიშვილი ნაცვლიშვილსო. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს - ნაცვლიშვილის ტყუილებიც ადვილად გაიშიფრა და ჩვენი ხელისუფლებისთვის თვალის ახელის ჟამი დადგა. არცთუ ისე დიდი დრო დასჭირდება ადვოკატურას თუ სასამართლოს ტყუილ-მართლის გასარკვევად. ერთ დეტალს გეტყვით - ლაშა ნაცვლიშვილი საზღვარგარეთ წავიდა ერთ-ერთი პირის დასაკითხად და შემდეგ მოვლენები უცნაურად განვითარდა: გაჩერდა გარკვეულ სკანდალურ საქმეებზე გამოძიება. ასევე, ნაცვლიშვილმა დანერგა პრაქტიკა - იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ამხელდნენ მისი კოლეგების არაკაცობას, შეჩერდა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი საქმეების გამოძიება ახალმა მთავარმა პროკურორმაც დაიწყოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია იმის თქმა, ვის შეხვდა ნაცვლიშვილი საზღვარგარეთ და რა სქემით შეჩერდა ზემოხსენებული საქმეების გამოძიება. ეს რომ დაგისახელოთ, არასასურველი აჟიოტაჟი ატყდება და სამართლიანობის დადგენას ხელი შეეშლება. დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მხოლოდ ერთს ვიტყვი - ნამდვილად დამწყდება გული, თუ ლაშა ნაცვლიშვილი, რომელსაც ნიჭიერ ადამიანად მივიჩნევ, ბრალდებულის როლში აღმოჩნდება", -განაგრძობს ექსპერტი.
"აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე არ არის ამჟამინდელი ხელისუფლების ერთადერთი ჩინოსანი, რომელიც თავს ასეთი ფუფუნების უფლებას აძლევს. როგორც ჩანს, მათ ბოლომდე ვერ გაითავისეს, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რაში უნდა დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ღარიბაშვილი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ავთანდილ ბერიძესთან დაკავშირებული თემის განხილვის საკითხი დასვა. სანამ საზოგადოების აღშფოთება უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწევს, სჯობს, თავად პარტიამ მოახდინოს ამაზე რეაგირება. ველი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ავთანდილ ბერიძის საქმეზე და ვიმედოვნებ, რომ ეს ჭკუის სასწავლებელი და მაგალითი გახდება "ქართული ოცნების" ელიტისა და რიგითი წევრებისთვის", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "გასულ კვირას პრემიერმა ახალი გუბერნატორები წარადგინა. ამასთან, კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი მელაშვილი აკაკი ჩხენკელმა შეცვალა" - პასუხობს:
"ამ ეტაპზე ახალ გუბერნატორებს ვერ შევაფასებ, რადგან მათი გვარ-სახელები წარდგენის დღეს პირველად გავიგე. თუმცა როგორც ვიცი, ახალი გუბერნატორების დიდი ნაწილი ადრე სამართალდამცავ სისტემაში მუშაობდა. პოლიციაში მუშაობა ნაკლი არ არის, მაგრამ როცა მათი რაოდენობა ჭარბობს სხვა პროფესიის ადამიანთა ჯამს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ასეთია საკადრო პოლიტიკის ქვაკუთხედი საქართველოში. საზოგადოება განსაკუთრებით აღტაცებული ასეთი ვითარებით ვერ იქნება, არა იმიტომ, რომ პოლიციელობა ვინმეზე ნაკლებია, არამედ იმიტომ, რომ ისტორიაში წარმატებული პოლიციური სახელმწიფო არ გვეგულება. რაც შეეხება მელაშვილს - არ მინდა სხვადასხვა ვერსიაზე ვიმკითხაო, დიდი ალბათობით ამ ცვლილების საფუძველი ის გახლავთ, რომ მელაშვილს არ აქვს პოლიციური წარსული".