სასოწარკვეთილი პუტინი ანუ ფიდელ კასტროს

სასოწარკვეთილი პუტინი ანუ ფიდელ კასტროს "მოჩვენება" - კრემლის ბინადარს ტრამპზე მეტად, ჯო ბაიდენის იმედი აქვს?!

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 14 ივნისის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „ძალის დემონსტრირების ნაცვლად - სისუსტე: პუტინის ბოლო გამბიტი აჩვენებს, რომ იგი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი“ (ავტორი - რიჩარდ კემპი, სამხედრო ანალიტიკოსი), რომელშიც კუბაზე რუსეთის სამხედრო გემების ვიზიტის ჭეშმარიტი მიზნებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ზოგიერთი დასავლური მასმედიის შეშფოთების მიუხედავად, ჩვენ არ ვართ 1962 წელს მომხდარი „კარიბის კრიზისის“ მსგავს სიტუაციაში, იმის გამო, რომ რუსეთმა კუბაზე, ჰავანაში ორი დიდი სამხედრო გემი გაგზავნა (ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“ და ატომური წყალქვეშა გემი „ყაზანი“) და ორიც მცირე (ტანკერი „აკადემიკოსი პაშინი“ და სამაშველო ბუქსირი „ნიკოლაი ჩიკერი“) - დიდი გემების სამხედრო-საზღვაო მხარდაჭერისათვის. რა თქმა უნდა, ბირთვული რეაქტორის მქონე „ყაზანი“, ულაპარაკოდ, კრემლის სამხედრო ფლოტის ერთ-ერთ უძლიერეს გემს წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ის წყალქვეშა ნავი არ არის, რომლისაც უნდა გვეშინოდეს.

სინამდვილეში, კუბაზე, ჰავანის რეიდზე მოწყობილი სამხედრო-საზღვაო აღლუმი პოლიტიკურ განცხადებას წარმოადგენს და არა - რეალურ საომარ საფრთხეს. გემების გაგზავნა კარიბის ზღვაში გამიზნულია ურთიერთობის განსამტკიცებლად კუბის რეჟიმთან იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინს ჰაერივით სჭირდება ყველანაირი მოკავშირე, რომელთა მიღებაც შეუძლია, თუნდაც - პატარა კარიბის ზღვის რეგიონში. ეს არის, აგრეთვე, ძალის დემონსტრაციაც, რომელიც რუსული სამხედრო ფლოტის ძლიერების განდიდებას ემსახურება, მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოთხი გემიდან ერთი საწვავის ჩამსხმელია, ხოლო მეორე - სამაშველო ბუქსირი, მოსკოვის ფლოტილიის ძლიერების შარავანდედი მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის.

როგორც უნდა ეცადოს ვლადიმერ პუტინი იმას, რომ თავი ისევ „ცივი ომის“ დროს წარმოიდგინოს, ეს გემები ის ძალა მაინც არ არის, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გამოიყურებოდა. დღეს რუსეთის ფლოტს არ აქვს აშშ-ის გამოწვევის შესაძლებლობა, მით უმეტეს - თავისი ბაზებიდან ძალიან შორს. არ დაგვავიწყდეს, რა დღეშია შავი ზღვის ფლოტი ჩავარდნილი, თავისივე მშობლიურ ნაპირებთან, რომელმაც უდიდესი დარტყმა მიიღო ისეთი ქვეყნისგან [უკრაინისგან], რომელსაც სამხედრო-საზღვაო ფლოტი, პრაქტიკულად, არ ჰყავს.

კიევმა იმდენი მოახერხა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული რაკეტებით და საკუთარი წარმოების საზღვაო დრონებით რუსეთს შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ერთი მესამედი ნაწილი ან გაუნადგურა, ან სერიოზულად დაუზიანა.

მაგრამ ჩვენ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს რუსეთის განზრახვებში, რომელიც კუბაზე გემების გაგზავნის უკან არსებობს:

პირველი - ჰავანაში ვიზიტს რუსეთის მიერ ორგანიზებული მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული საჰაერო და საზღვაო წვრთნები უნდა მოჰყვეს, პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. დღემდე კრემლი მხოლოდ სიტყვიერად იმუქრებოდა, იმ „წითელი ხაზების“ მრავალჯერადი დარღვევის გამო, რასაც კიევის დასავლელი მოკავშირეები სჩადიოდნენ.

მეორე - დღემდე კრემლი, შეიძლება ითქვას, „ბრაზიანი მოთმინებით“ უყურებდა იმ შეიარაღების მიწოდებას, რომელიც პოტენციურად (ღიად თუ ფარულად) რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული, მაგრამ როცა აშშ-მა ოფიციალურად მისცა ნება უკრაინას, ამერიკული წარმოების საომარი ტექნიკის გამოყენების, ასევე, როცა F-16-ები მალე აიჭრებიან უკრაინის ცაში, მოსკოვმა ვეღარ მოითმინა: რუსული სამხედრო გემების ვიზიტი ე.წ. თავისუფლების კუნძულზე ძალის ის დემონსტრაციაა, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დასავლელი მტრები უნდა დააშინოს.

რასაკვირველია, მიუხვდნენ რა რუსებს „ეშმაკობას“, ამერიკელები სპეციალურად არ აქცევდნენ ყურადღებას რუსული გემების ვიზიტს და მოსახლეობასაც არაფერს განუმარტავდნენ - რათა არავის ევარაუდა, რომ ფლორიდიდან 90 კილომეტრზე რუსების გამოჩენა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სისუსტის დამადასტურებელიაო. პენტაგონის წარმომადგენელმა მხოლოდ ისე, თითქოსდა თავისთვის, ჩაილაპარაკა - „ეს არის ჩვეულებრივი სამხედრო-საზღვაო ვიზიტი, რომელიც წინა წლებშიც, სხვადასხვა ადმინისტრაციების დროსაც, ბევრჯერ მომხდარაო“.

და მაინც, ამ დამამშვიდებელი სიტყვების მიუხედავად, გემების ვიზიტმა უკვე გამოიწვია გარკვეული შიში ამერიკელ საზოგადოებაში და მოსახლებას 1962 წლის ოქტომბერში მომხდარი კარიბის ზღვის კრიზისი გაახსენა, როცა იმდროინდელი მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე იდგა. მართალია, რუსულ ხომალდებს ამჯერად ატომური რაკეტები არ აქვთ, მაგრამ როგორც ამბობენ, ბორტზე ჰიპერბგერითი რაკეტები - „ცირკონები“ აქვთო.

მაგრამ ვფიქრობ, ასეთი შეშფოთება უადგილოა და - ძირფესვიანად მცდარი.

რუსეთის მცდელობა, ძალის დემონსტრირების მიზნით, სინამდვილეში, ვლადიმერ პუტინის სისუსტის მაჩვენებელია. მან ვერ შეძლო დასავლეთის ხელის შეშლა „წითელი ხაზების“ გადაკვეთის დროს - მოსკოვის ჯარების შეტევა ხარკოვის ოლქში შეჩერებულია. დაშინების მისეული ტაქტიკა წარუმატებელი გამოდგა და იმას ნიშნავს, რომ მას ხელში ბევრი კოზირი აღარ აქვს თამაშის გასაგრძელებლად.

ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინს იმ ომის დასრულება სურს, რომელიც თვითონ დაიწყო - იმ შემთხვევისათვის, თუ თეთრ სახლში გაისად, იანვარში, არასტაბილური და უპროგნოზო დონალდ ტრამპი შევა. ვლადიმერ პუტინს ყველაზე მეტად ჯო ბაიდენის იმედი აქვს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი კიევზე ზეწოლას მოახდენს, რათა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. ეს შესაძლებლობას მისცემს ჯო ბაიდენს, რომ იგი მშვიდობისმყოფლის როლში გამოვიდეს - თუნდაც ეს ვლადიმერ პუტინის პირობების გათვალისწინებით გაკეთდეს.