რა გავლენას იქონიებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე

რა გავლენას იქონიებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე

იმ დროს, როდესაც თოვლსა და ყინვაში უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით აქციებს მართავენ და ირბევიან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის უკრაინელი მოქალაქეებისადმი სოლიდარობის გამოვლენა ჯერ კიდევ „პარტიულ საკითხს“ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე გავლენას მაინც იქონიებს.

ბაკურ კვაშილავა, ჯიპას საერთაშორისო პოლიტიკისა და სამართლის დეკანი ამერიკის ხმასთან საუბრისას ერთის მხრივ ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველომ შესაძლოა  უფრო მეტი ყურადღება მიიღოს, რაც თუნდაც დღეს რეზოლუციით გამოიხატა: ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას რაც შეიძლება მოკლევანიან პერსპექტივაში იყოს უზრუნველყოფილი საქართველოსა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის სარგებლის მიღება. თუმცა, ბაკურ კვაშილავა საკმაოდ არასასიამოვნო სცენარსაც განიხილავს საქართველოსთვის, რაც გულისხმობს უკრაინის „გაცვლას“ საქართველოში: "უდავოა, რომ მსოფლიოს ქვეყნები დაინტერესებულნი არიან უკრაინით. ჩვენზე იქ მიმდინარე მოვლენები გავლენას, რა თქმა უნდა მოახდენს, მაგრამ უპირველეს ყოველისა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გავლენას იქონიებს რუსეთსა და ევროკავშირზე. საქართველო მაინც არაა პირდაპირ დამოკიდებული უკრაინის ბედ-იღბალზე რამდენიმე მიზეზის გამო. წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ უკრაინა ხდება ასოცირებული ევროკავშირთან და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან ამ მოვლენას მოჰყვეს ისეთი ინტერპრეტაცია, რომ ეს იყო ძირითადი ჯილდო, რომელიც მივიღეთ და შესაძლებელია ისეთი გეოგრაფიულად დაშორებული ქვეყანა, როგორიცაა საქართველო დავუთმოთ რუსეთს. არც ეს არაა გამორიცხული. მეორეს მხრივ, თვითონ ის ფაქტი, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაძლოა იმგვარი გავლენა იქონიოს რუსეთზე, რომ რუსეთმა  გადააფასოს საკუთარი პოლიტიკური როლი საერთოშორისო ასპარეზზე და ჩათვალოს, რომ უკრაინის დაკარგვის შემდეგ აღარ ღირს იმპერიულ ამბიციებზე ფიქრი და დაიწყოს თავადაც ჩამოყალიბება, როგორც ევროპულმა სახელმწიფომ. მე უფრო ამ მეორე მოდელის მჯერა, თუმცა ეს გრძელვადიან ასპექტში. მოკლევადიან ასპექტში კი შესაძლოა განვითარდეს ისეთი სცენარი, რომლის თაობაზეც დასაწყისში მოგახსენეთ. ამიტომ, უდაოდ, უკრაინის ევროპულ ოჯახში დაბრუნება საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ძალიან დადებითი მოვალენა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რადგან ეს აჩვენებს, რომ იმპერიების დრო წარსულს ჩაბარდა, ყოველ შემთხვევაში ევროპის კონტინენტზე."

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთს უკრაინის საკუთარი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად შანსები უმცირდება, რაც საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ დადებით ჭრილში შეიძლება იყოს განხილული. "იანუკოვიჩს, დარწმუნებული ვარ, არანაირი სურვილი არ აქვს საბაჟო კავშირში შეიყვანოს თავისი ქვეყანა. მან ტაქტიკური პაუზაც დაიჭირა, შეეცადა ევროკავშირთან ხელშეკრულება გადაეწია, მაგრამ ეს მას ხალხმა არ აპატია. მან ჩვენზე უკეთ იცის, რუსების რის გამკეთებლები არიან. ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლება ვეღარ გაბედავს "რუსეთთან დაახლოებას" და ეს ყველაზე კარგია ჩვენთვის. გარდა ამისა, მთელი ყურადღება უკრაინაზე იქნება გადატანილი და ჩვენ გვექნება შანსი რუსეთის "უყურადღებობით" ვისარგებლოთ,"- ამბობს თორნიკე შარაშენიძე. 

სააგენტო ინტერნიუსი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის პირფელწყარო „დოიჩე ველეა“ და მის თანახმად, ევროკავშირი უარს ამბობს გამოუყოს უკრაინას 20 მილიარდი ევრო. 20 მილიარდის მოთხოვნის შესახებ გუშინ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი წინადადება ემყარება იმ აზრს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში უკრაინამ შესაძლოა სერიოზული ეკონომიკური ზიანი განიცადოს. „ჩვენ გვეჩვენება, რომ ამით უკრაინის მთავრობას სურს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობიდან ყურადღება გადაიტანოს“, -განაცხადა გერმანიის მთავრობის ვიცე სპიკერმა გეორგ შტრაიტერმა.

რა გავლენას იქონიებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე და რამდენად ააღებინებს ხელს რუსეთს საქართველოზე უკრაინული წინაღობა, ამას უკრაინელი ხალხის სიმტკიცე გადაწყვეტს.