არ დავუშვათ საქართველოს სტრატეგიული მარტოობა

არ დავუშვათ საქართველოს სტრატეგიული მარტოობა

ღია მიმართვა ქართულ საზოგადოებრიობას, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ ძირეულად შეცვალა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები. უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება განიხილება როგორც შესაძლო მესამე მსოფლიო ომის პირველი ფაზა. ამგვარი ომების შედეგების წინასწარი განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, განწირული ჩანს ყველა მცდელობა წინასწარ გამოვიცნოთ გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგება კონფლიქტის შემდგომ.

იმპერიათა ბრძოლა კავკასიისთვის ისტორიულად მრავალჯერ დასრულებულა საქართველოს დამორჩილება-ოკუპაციით. ჩვენი ქვეყანა ხშირად გამხდარა გამარჯვებულის ნადავლი. იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს ტერიტორია გაიყოფოდა იმპერიებს შორის მათი მოლაპარაკების შესაბამისად.

2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და მოლოდინები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ გეგმებისგან, რაც გააჩნიათ დასავლეთის ლიდერ ქვეყნებს საქართველოსთან და ზოგადად კავკასიასთან მიმართებაში. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვითა და გაძლიერების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიცვალოს დაქვემდებარების ხარისხი, რაც საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.

ყოველივე ზემოაღნიშნული პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს პოლიტიკური ძალების მოქმედებებზე. გამოიკვეთა ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიცია. ერთი მხარე მოითხოვს, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად თავისუფალი ამერიკის შეერთებული შტატების გავლენისაგან, მეორე კი იბრძვის რუსეთისგან სრული დამოუკიდებლობისათვის. ორივე მათგანს ასობით და ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე უჭერს მხარს.

ვითარება პარადოქსულია: ერთი შეხედვით ერთმანეთთან სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული ხელისუფლება და ოპოზიცია, რეალურად და ქვეცნობიერად ემსახურება ერთ დიდ საერთო საქმეს - საქართველოს დამოუკიდებლობას. ემსახურება ისე, როგორც მას ეს ესმის.

საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული ფუნქციონირება მოითხოვს ორივე მიზნის მიღწევას, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთივე განსაცდელში, როგორშიც იყო საქართველო 1990-იან წლებში, ან როგორშიც არის უკრაინა დღეს.

დღევანდელ მმართველ ძალას ან ოქტომბერში არჩეულ მომავალ ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფოს შესანარჩუნებლად ესაჭიროება უსაფრთხოების (უშიშროების) ისეთი სისტემების აგება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის და მისი მოსახლეობის დაცვას ყოველი მხრიდან მოსალოდნელი კრიზისებისგან. სისტემების შექმნა არ უნდა განისაზღვროს იმ ანგარიშით, თუ რომელ გეოპოლიტიკურ ძალასთან იქნება საქართველო მომავალში დაკავშირებული.

საქართველოს მომავლის, ახალგაზრდობის პროტესტის მიზეზი მხოლოდ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება არ არის. მათთვის გაუგებარია როგორ აპირებს ხელისუფლება ისეთი საკითხების მოგვარებას როგორიცაა: მცირე შემოსავლები, ქვეყნის მოსახლეობისაგან დაცლა, ქართველების დემოგრაფიული ჩანაცვლება, ქართული სოფლის დასუსტება, ადამიანის სიჯანსაღისთვის აუცილებელი საკვების წარმოების უუნარობა, ჩამოშლილი საშუალო და უმაღლესი განათლება, დამცრობილი მეცნიერება, არაკონკურენტული ეკონომიკა და სხვა კიდევ მრავალი. არადა, ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისა, რომ საომარი მოქმედებების გარეშეც კი, ადრე თუ გვიან, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა.

კიდევ უფრო გასაოცარია პოზიცია-ოპოზიციის მიერ სრული იგნორირება იმ კატასტროფისა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოს მიწების უცხოელებზე გაყიდვის პროცესთან, რაც მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი ორი კანონის დარღვევით. თანაც, ქართული სოფლებისათვის წართმეული ტერიტორიები (სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები და სხვ.) გადაეცემათ არა პროდუქციის მწარმოებელ არარეზიდენტ პირებს, არამედ იმ სუბიექტებს, რომლებიც საქართველოს შუაგულში აშენებენ ათასობით კერძო სახლს სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსასახლებლად.

ქართული სოფლების ნაცვლად უცხოელების კუთვნილი დასახლებების მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ეგზისტენციალურ გამოწვევად. ისტორიული გამოცდილებით, იმპერიებთან ბრძოლაში გამარჯვებისა და ოკუპაციისაგან გათავისუფლების შანსი არსებობს, სხვებზე ქართული ტერიტორიების გაყიდვით დაწყებული ქვეყნის დეზინტეგრაციის პროცესის შეჩერების შანსი კი არა.

საქართველოს ხელისუფლების და პოლიტიკური ოპოზიციის ვალდებულება მხოლოდ ის არაა, რომ ებრძოდე იმპერიებს და იყო „მართალი“, არამედ ისიც, რომ გააზრებული სტრატეგიით ატარებდე საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას.

მიუხედავად საქართველოს მდგომარეობისა მსოფლიოს იმ გადანაწილებაში, რომლისთვისაც ზესახელმწიფოების შორის მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ბრძოლა, ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის და წინსვლისთვის აუცილებელია განხორციელდეს შემდეგი:

ჩამოყალიბდეს თანამედროვე ქართული სახელმწიფო იდეოლოგია არსებული გამოცდილებისა და უკანასკნელი სამეცნიერო აღმოჩენების შესაბამისად;

აღორძინდეს ქართულ სოფელი - საქართველოს უპირობო საძირკველი;

შეწყდეს უცხოელებზე მიწის გაყიდვა;

დაუბრუნდეს სოფელს სტატუსი, რის შემდეგაც მუდმივ სარგებლობაში გადაეცეს მათი კუთვნილი სასოფლო მიწები, საძოვრეები, ტყეები და სხვა მატერიალური სიკეთეები, რაც იქნება მათი ავტონომიური შემოსავლების ეკონომიკური საფუძველი;

შეიცვალოს ულტრალიბერალური ეკონომიკური აზროვნება, რის გამოც ხელში შეგვრჩა დაუცველი ბაზარი, სხვა ქვეყნებთან ვითომ „თავისუფალი“ სავაჭრო ურთიერთობები, უსისტემო და არადარგობრივი ქაოსური ეკონომიკა;

მომზადდეს სამობილიზაციო ეკონომიკის მოდელი, სტრატეგიულად აუცილებელი დარგების განვითარების პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს სამხედრო და სასურსათო უსაფრთხოებას;

განხორციელდეს განათლების სისტემის ნამდვილი რეფორმა;

აღდგეს მეცნიერებათა აკადემიის ეფექტური მოდელი;

მომზადდეს ახალგაზრდა თაობა ციფრული ეკონომიკისათვის;

გადაეცეს სათანადო ცოდნა მოსწავლეებს და სტუდენტებს;

დაცული იქნას საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ჯანდაცვის მაღალეფექტური სერვისებისა და ხარისხიანი საკვების მიწოდებით.

დღეს შექმნილი ვითარების პარადოქსულობა იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირება და „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო შექმნილი მდგომარეობა საქართველოს ფაქტობრივად ტოვებს სტრატეგიულ მარტოობაში, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ომია. ამგვარი ვითარება უაღრესად სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი წინსვლისთვის საქართველოს სჭირდება ურთიერთგაგება და ერთიანობა, როგორც პოლიტიკურ ძალებს, ისე იმ ადამიანებს შორის, ვინც მათ მხარს უჭერს. 2024 წლის მარტის ბოლოდან განვითარებულ მოვლენებს სწორედ საპირისპირო მხარეს მივყავართ, რაც სრულიად დაუშვებელია.

დღეს არსებული პოლიტიკური ძალების არასაკმარისი ცოდნა და უნარი განახორციელოს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისათვის საჭირო სისტემური ცვლილებები, საფუძველს გვაძლევს უახლოეს მომავალში წარმოგიდგინოთ მოქმედების უფრო დეტალური გეგმა, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ხელისუფლების მიერ, რომელსაც მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობა 2024 წელს გათვალისწინებულ საპარლამენტო არჩევნებზე.

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები:

პაატა კოღუაშვილი, ნიკა სანებლიძე

პავლე ინგოროყვას შრომების მკვლევარი

დავით გალეგაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

მერაბ.g მონური აზროვნებაა "როგორ უნდა გავძლოთ სტრატეგიული პარტნიორის გარეშე, რა გვეშველება" სპარტაკი და ბაბეკი არ იყვნენ მონები, მონები იყვნენ და არიან ორჯონიკიძე, მახარაძე, სააკაშვილი
პარტნიორი ისეთი გვინდა, ვინს ჩვენდა სასიკეთო საქმეში დაგვეხმარება, ხელს მაინც არ შეგვიშლის; ომისკენ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ აშშ გენერალი ჰოჯსონი, იქაური პოლიტიკოსები დეგნანი, კრამერი, კინზინგერი ... მერე რა თუ დამარცხდება, ფულს მოგცემთო! და ესენია ჩვენი კეთილისმოსურნეები?
დღეს საოცრად შემეცოდა ზურაბიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც არგუმენტი რომ არ ჰქონდა, ზმუილზე გადავიდა
დღეს მომეწონა ერთი რამ: სახალხო დამცველმა თქვა - ყველა ქვეყანას და ერს აქვს ლეგიტიმური უფლება უცხოეთიდან შემოსული თანხების მიზნობრიობისა და ხარჯვის გამჭვირვალობისო! ხომ 2x2-ა, მაგრამ ამ საიდიოტეთში ვირაცამ თქვა სიმართლე
6 თვის უკან