შესაძლოა, ნაციონალები მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს გამოეთხოვონ და სააკაშვილი საერთო სიებს ებღაუჭება

შესაძლოა, ნაციონალები მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს გამოეთხოვონ და სააკაშვილი საერთო სიებს ებღაუჭება

ოპოზიცია საერთო საარჩევნო სიებზე საუბრობს, რამაც ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების ახალი კერა გააჩინა. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინადადებას, საერთო სიების შედგენაზე ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება. „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცახდებამ „ნაციოანლური მოძრაობის“ წევრები გააბრაზა. ხაზარაძე ამბობს, რომ ის მესამე ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის შექმნის მომხრეა, ოღონდ ნაციონალებისგან დამოუკიდებლად.

მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ , რომ ოპოზიცია თანმიმდევრული არ არის და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ჯერ საერთო სიაზე საუბრობენ, რომ ყველამ უნდა დაივიწყოს სუბიექტური ინტერესები და გაერთიანდნენ. მერე კი ცალ-ცალკე გამოდიან და ამბობენ, საერთო სია კი კარგია, მაგრამ მე ცალკე ვიქნები. მათი აზრით, ოპოზიციას პარტნიორები უცხოეთში თუ ეტყვიან, რომ საერთო სია კარგია, ამაზე, რა თქმა უნდა, წავა მსჯელობა. მაგრამ საინტერესო იქნება რანაირად უნდა ჩაჯდეს პირველ ოცეულში 50 კაცი.

მიხეილ სააკაშვილი კი ოპოზიციას „ვივამედიდან“ უთვლის, რომ ახლა ერთობა არის მთავარი, რადგან პარტიული განსხვავებების დრო აღარ არის და ქვეყანას ვკარგავთ.

„ერთობა არის ახლა მთავარი. მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, რა პარტია, ვის გაახსენდება თქვენი პარტია და პროგრამები? ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ყველა წყენის დავიწყება...

ჩემი მოწოდება არის ერთიანობისკენ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლაზე - ნეიტრალური ნომერი, საერთო სია.

ჩვენს პარტიულ პლატფორმას, როცა იქნება, სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა პარტიული პროგრამები, რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა“,-წერს სააკაშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, მამუკა ხაზარაძე ეთანხმება ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბების იდეას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. მისი თქმით, ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე „ლელო“ მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგმულია, თუმცა მეტ დეტალზე ამ ეტაპზე, ვერ ისაუბრებს.

„მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. მე არ მინდა ასოცირებული ვიყო ძალასთან, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ქვეყანა, ყველამ კარგად ვნახეთ. არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მეტ დეტალს ახლა სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან სიაში არ იქნება, რადგან მისი თქმით, სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება საჩუქარი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, ძალიან პოზიტიურად უყურებს სალომე ზურაბიშვილის როლს პოლიტიკურ პროცესში.

„მას მხარს ვუჭერ. პირად საუბარშიც დავადასტურე. ის ასრულებს საკმაოდ სერიოზულ როლს და შეასრულებს უახლოეს მომავალში კონსოლიდაციისკენ“, - დასძინა ხაზარაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საერთო სიებზე საუბარი ნამდვილად არარეალურია, რადგან ჯერ ერთი, ელექტორატი ძალიან სხვადასხვანაირია და მეორეც, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოპოზიციის გაერთიანება „ოცნებისთვის“ საჩუქარი იქნება.

„ქვეყანაში არის სამი მთავარი ელექტორატი, რომელიც შედგება „ოცნების“, „ნაციონალების“ და დანარჩენი ოპოზიციის ამომრჩევლისგან. ამ ორ პოლიტიკურ ძალას ჰყავს ეს გარანტირებული ამომრჩეველი. ახლა არსებობს მესამე ელექტორატი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. როგორც კი ეს ამომრჩეველი დაინახავს, რომ დანარჩენი ოპოზიციის ნაწილი ისევ ნაციონალებთან ერთად იქნება, ისინი დარჩებიან ან სახლში, ან ხმას ისევ „ოცნებას“ მისცემენ. ორივე შემთხვევაში მოგებულია ისევ ხელისუფლება. ამიტომ ამ გაერთიანების მიზანი რა არის? როგორც კი „ოცნება“ და ნაციონალები ერთმანეთის პირისპირ დარჩებიან, მაშინვე მოგებული „ოცნება“ რჩება. სწორედ ამიტომ ცდილობს 12 წელია ხელისუფლება, რომ ერთ ქვაბში მოხარშოს ოპოზიცია. ამას თუ თავისით გააკეთებენ, მისთვის უკეთესი არ იქნება? ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს დაჯგუფება. ოპოზიციურ ფლანგზე კარგი იქნება სამი ძლიერი დაჯგუფება თუ იქნება. ეს არის „ნაციოანლური მოძრაობა“, „ახლები“ და მესამე - გახარია, ლელო, ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილის გაერთიანება. პლუს ის არაპარტიული ჯგუფი, რომელიც 5 კაცამდეა. ყველაფერი, რაც ნაციონალებთან იქნება დაკავშირებული, ეს იქნება წაგების გარანტორი“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილი პოლიტიკურად უკვე დიდი ხანია არაადეკვატურია. ის უბრალოდ, ცდილობს, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივოს.

„მგონია, ხაბეიშვილი და მისი გუნდი სააკაშვილის განცახდებებზე ასე ღიად უარს ვერ ამბობენ. ამიტომ იძულებულები არიან მისი განცახდებები გაიმეორონ. ამიტომაც ლაპარაკობენ ამ ერთიან სიაზე. ჰგონიათ, რომ ეხლა დადგა დრო, რომ აი, ერთიანი სიით ივანიშვილს მოუგებენ. სიის შედგენა იქნება კატასტროფა. თავად ნაციონალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ და ამიტომ სიაში მეტს მოითხოვენ. სავარუდო სიაში 50%-ზე მეტი ექნებათ ნაციონალებს, ამიტომ მოითხოვენ პრემიერს, ძალოვანი სტრუქტურების მისნისტრთა კაბინეტს. ამას დათანხმდებიან სხვა ოპოზიციური ლიდერები? ამიტომ ამ სიებზე საუბარი აბსურდი მგონია. მეორე ვარიანტი და რატომღაც ვფიქრობ, სააკაშვილი ამ თემით აპელირებს, ანუ არაა გამორიცხული, თუ მესამე ოპოზიციური გაერთიანება გაჩნდა. ნაციონალებმა პირველი ოპოზიციის სტატუსი დაკარგონ და მათ ვეღარ აიღონ ის ხმები, რასაც აქამდე იღებდნენ. ამიტომ სააკაშვილი ოპოზიციის შეტყუებას ცდილობს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის განცახდებები ოპოზიციისთვის არ უნდა იყოს მისაღები, რადგან ის მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია სიის 20-ეულში მოხვდეს ყველა ეს ამბიციური პოლიტიკური ლიდერი, რომელთაგან ყველას პირველობა უნდა.

„სავარაუდოდ, სააკაშვილი ამ თემით ასე იმიტომ აპელირებს, რომ რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ის გამოდის საკუთარი პარტიის და პოლიტიკური ინტერესებიდან. მას აქვს შიში, რომ მისგან წასული მელია და გვარამია მათ ხმებს წაართმევს, რაც თავისთავად ცხადია, რომ ასე მოხდება. მეორე მხრივ, თუ ოპოზიციურ ფლანგზე სხვა ალტერნატივა გამოჩნდა, მაშინ პირველი ოპოზიციის სტატუსს, დიდი ალბათობით, დაკარგავენ. ამ მოცემულბით, რასაც ჩვენ ახლა ნაციონალებს ვუყურებთ, ხაბეიშვილის ფრთას ვგულისხმობ, ოპოზიციურ სხვა ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს ისინი ვერ მიიმხრობენ. ეს არის გამორიცხული და ამიტომ ცდილობს ამ ამომრჩევლის ხმა ასე მიიღოს - მოხდეს ოპოზიციის საერთო სიის ფორმირება, სადაც მხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიების ელექტორატიდანაც აიღებს. იმედი აქვს, რომ ვითომ „ოცნებას“ დაამარცხებს.

რაც შეეხება ზურაბიშვილის პერსონას, ნაკლებად ველი, რომ ის რაიმე გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ ვიქნებიო და რა ვიცი, სიმბოლური ლიდერი თუ უნდა იყოს, რას გააკეთებს. მას საზოგადოებაში არა აქვს არანაირი რეიტინგი და თუ ხაზარაძე მასზე ამყარებს იმედებს და მიდის მოლაპარაკებაზე, მათ პარტიას შეუერთდეს, არ ვიცი ამან რა უნდა მისცეს. ყოველ შემთხვევაში, შემატებით ვერაფერს შემატებს, შესაძლოა ამან ხმებიც კი დააკარგვინოთ“, - ამბობს საყვარელიძე.

Gami არ ეშვება ეს მაჩვი-ძაბირაძე ამ "მესამე ძალას", ანუ სამში...
6 თვის უკან
მერაბ.g ამ ოპოპარტიებს არანაირი პერსპექტივა არა აქვთ; გახარია ჭკვიანიცაა, გამოცდილიც და სწორ პოზიციაზეც დგას, მაგრამ ფინანსები არა აქვს და სხვა ოპო ვითომ უცინის, მაგრამ ერთი სული აქვს როდის უკბენს! სხვა? ხაზარაძე ტიპიური ხანდაზმული თაღლითია და ლიცენზიიანი მევახშე, რომელიც პოლიტიკაში ბაიყუშის დონეზე ერკვევა; ჭჭ, გუბაზი, ლ ბერძენიშვილი იმ სახეობის წარმომადგენლებია, რომელთაც დააპურებენ და რასაც უნდა აყვირებენ; ხაბე, იაგო, ელისაშვილი სათვალავში არაა; ჩახდილი, ხოშტარია, წვრილფეხობაა!
6 თვის უკან