"რუსებმა მითხრეს, რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებაო..." - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება და ვერსია ვარჰეი-კობახიძის სკანდალზე

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა, გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული... სლოვაკეთის ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პრემიერთან საუბარში მოყვანილ იქნა მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება პოლარიზაციის მაღალმა დონემ, თუნდაც - ევროპაში“ , - ასე უპასუხა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმა შეახსენა. ეს საქართველოს მმართველმა გუნდმა მუქარად აღიქვა.

რატომ შევიდა ჩიხში „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დასავლელი პოლიტიკოსების ურთიერთობები და რის მიღწევას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, ამ ყველაფრის გარკვევას უსაფრთხოების ექსპერტთან, მამუკა არეშიძესთან საუბრისას შევეცადეთ.

მამუკა არეშიძე:

- მეც ვფიქრობ, რომ ვარჰეიმ უბრალოდ გააფრთხილა კობახიძე და ეს არ იყო პირადი მუქარა. თუმცა, მისი სტატუსის მქონე ადამიანს, პირადი საუბრისას, ალბათ, მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. ეს გაფრთხილება იყო იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და, ზოგადად, ევრაზიის სივრცეში მაშინ, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსი განსაკუთრებულ ურჩობას გამოიჩენს. ვარჰეის პოზიციები ჩემთვის ცნობილია და ვიცი, რომ ის ხშირად მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა დავალება მისცეს.

- თქვენი ვერსიით, რა დავალება უნდა ჰქონდეს ვარჰეის ან ვისგან?

- ვფიქრობ, ვარჰეის, როგორც ევროსტრუქტურის წარმომადგენელს, დავალება აქვს - ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ მიიღოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ გულის სიღრმეში ის სხვაგვარადაც ფიქრობდეს, ის ხომ უნგრელია. დიახ, ეს იყო მუქარანარევი განცხადება. მე ასე მიმაჩნია.

- გარდა იმისა, რომ ამ კანონმა, საქართველოს ხელისუფლება ევროპელ ლიდერებთან დააპირისპირა, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორ წარმოგიდგენიათ, მართლა ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ ამ კანონის მიღება თუ მოსკოვის შიშით მიდის ვაბანკზე?

- კანონის შინაარსზე მსჯელობას დიდი ხანია, თავი დავანებეთ, ჩვენ ახლა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში ვართ და როგორც ჩანს, გარკვეულ როლს და ფუნქციას ვასრულებთ. კანონი გახდა ბრძოლის საგანი - ზოგისთვის მიზეზია, ზოგისთვის - ინსტრუმენტი.

- „ქართულ ოცნებას“ ხომ შეუძლია, კანონი, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი, გააუვნებელჰყოს? რატომ არ აკეთებს ამას?

- ყველაფერი კონკრეტულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, კონკრეტული ვითარების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება. თუ საჭირო იქნება, გადადებენ ამ კანონს, თუ საჭირო იქნება, სასწრაფოდ აამუშავებენ. ამ კანონის გამოტანას თავისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ეს მიზეზი რეალურად არავინ ვიცით, რამდენიმე კონკრეტული ადამიანისა და კონკრეტული პოლიტიკური ძალისა, სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებულები ვართ, ვივარაუდოთ. ჩემი ვარაუდის მიხედვით კი, კანონის მიღება-მიუღებლობა მის შინაარსზე არ არის დამოკიდებული. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი პოლიტიკური სუბიექტი მიაღწევს თავისას. თუ შენიშნეთ, ეს კანონი ძალიან ბევრ ქვეყანაში გახდა როგორც შიდა, ასევე - საგარეო პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. კანონს ყველა ქვეყანაში სხვადასხვა შინაარსი და ფორმა აქვს, მაგრამ არსი და პათოსი ყველგან ერთია - უცხოური გავლენების შეზღუდვა. მტრებს ეხება ეს თუ მეგობრებს, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, ფრანგულ კანონში მინიშნებულია, რომ ეს არ შეეხება ევროკავშირს, მაგრამ არ ჩანს, სხვა მოკავშირეებს, მაგალითად, ამერიკას, ავსტრალიას და კანადას თუ ეხება. მე მგონია, რომ ეხება. ვინაიდან საფრანგეთი გამწარებულია იმის გამო, რომ წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებიდან ამოაგდეს. ჩემი აზრით, ბრიტანეთი იმიტომ გავიდა ევროკავშირიდან, რომ ამ ტიპის აქტივობები იგეგმებოდა, თავის მხრივ, რუსეთი და ჩინეთი ცალკე აქტიურობენ...

მიაქციეთ ყურადღება, ამ კანონის მიღება-მიუღებლობის ფონზე, როგორი პოლიტ-ეკონომიკური აქტივობაა რეგიონში, რომელშიც ჩართულია საქართველოც. მსხვილ ტრანსნაციონალისტურ პროექტებს ვგულისხმობ. ე.ი. ეხლა, როცა საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია, პარალელურად, მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გეიპოლიტური ცვლილებები ხდება. ეს ცვლილებები განპირობებულია მსოფლიო პოლიტიკური ქაოსით.

- სწორედ გეოპოლიტიკური ქაოსიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ახლა ყველაზე სასურველი დასავლურ ქვეყნებთან პარტნიორობაა და ამ კანონის გამო, რატომ ვაყენებთ ამ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ?

- მოდი, პირდაპირ ვიტყვი, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამ კანონის მიუღებლობა კი არა, სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა არ უნდათ. ამ კანონში არაფერია ისეთი, რის გამოც ასეთი ამბავის ატეხვა ღირდეს. მეც არ მომწონს ამ კანონში რაღაცები, მაგალითად, მე-8 მუხლის ზოგიერთი ქვეპუნქტი, ასევე, არ მომწონს, რომ კანონს უკუქმედების ძალა აქვს და ა.შ. თუმცა, ამაზე მსჯელობა შეიძლებოდა...

- ბატონო მამუკა, თქვენი ვერსიით, ამ კანონის ასე დაჟინებით გატანის უკან შეიძლება თუ არა იდგეს რუსეთი?

- დავუშვათ არის, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რაში აწყობს რუსეთს ამ კანონის გატანა?

- საქართველოს დასავლეთთან დაპირისპირება, ქართველ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიდი განხეთქილების ჩამოგდება...

- კი, მაგრამ შედეგი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს? არ არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც თავს გასწირავდა ისეთი რამისთვის, რასაც შედეგი არ ექნებოდა. თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შეიძლება გაიცვალოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მე პირადად მითხრეს რუსმა ექსპერტებმა და კონკრეტული თარიღი - 2025 წელი დაასახელეს, მე არ მჯერა, წარმოუდგენლად მეჩვენება. მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთის ტოტალური შევიწროვება მიდის სამხრეთ კავკასიაში, თანაც დასავლეთის კი არა, მისი ე.წ. მეგობარი თურქეთის მხრიდან. როგორც კი მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში თავის პოლიტიკას შეცვლის, მაშინვე ისარგებლებს თურქეთი. სამხრეთ კავკასიის დაკარგვა კი თავისთავად ნიშნავს ჩრდილოეთ კავკასიის და შემდეგ ყირიმის დაკარგვას. ასე მარტივად არ არის საქმე, როდესაც რუსეთის დავალებაზე ვლაპარაკობთ... კი, ბატონო, შეიძლება იყოს რუსეთის დავალებაც, მაშინ ისიც ვიფიქროთ, რას მიიღებს საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ დავალების შესრულების ფასად?

- მაგალითად, ძალაუფლებას...

- აბა, როგორ? არჩევნების წინა დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ რომ გამოაცხადოს, ჩვენ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთო, წარმოგიდგენიათ რა მოხდება არჩევნებზე?

- არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების გამყარების შემდეგ რომ თქვას?

- როგორ გაიმყარებს ძალაუფლებას ამ გაუთავებელი აქციების ფონზე და იმ მერყევი საზოგადოების ფონზე, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რა ხდება... მე სხვაგვარად ვფიქრობ, სიტუაციის ანალიზი უნდა ვისწავლოთ, რომ გაიძახიან რუსული კანონი არ გვინდაო, სულაც არ არის საქმე რუსულ კანონში. საქმე არის იმ ვითარებაში, რომელიც ქვეყანაში, რეგიონშია და, ზოგადად, მსოფლიოშია. რაც შემეძლო, გითხარით, ფრჩხილების ბოლომდე გახსნა არ მინდა...