„სააკაშვილი ოპოზიციის რა გაერთიანებაზე შეიძლება საუბრობდეს, როცა საკუთარ პარტიაზეც კი კონტროლი აქვს დაკარგული“

„სააკაშვილი ოპოზიციის რა გაერთიანებაზე შეიძლება საუბრობდეს, როცა საკუთარ პარტიაზეც კი კონტროლი აქვს დაკარგული“

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პროცესების ავანგარდში ყოფნას ცდილობს და „ვივამედიდან“ მორიგ წერილს აქვეყნებს. ის განცხადებაში ოპოზიციურ პარტიებს საერთო სიის შექმნას სთავაზობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - ბორდის.

სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საერთო სიით გასული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და იმ პირებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან.

გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილი ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს და მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთობა და თანამშრომლობა და წინ უნდა წამოიწიონ ახალმა სახეებმა.

სააკაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და ენმ-ს სთხოვს უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შექმნან, რომლის თავმჯდომარედაც საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს, მოადგილედ კი - სოფო ჯაფარიძეს.

მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და უახლოეს დღეებში „რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადატყდეს“. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „არა რუსულ კანონს“ და „არა რუსულ რეჟიმს“ განუყოფელი ლოზუნგებია.

სააკაშვილის ამ შეთავაზებას ოპოზიციაში უკვე გამოეხმაურნენ და „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმად შეაფასეს.

„არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს“, - ამბობს პარტია „ახლის“ ლიდერი, ნიკა მელია.

 „აბსოლუტურად უადგილოა საუბარი „ნაციონალური მოძრაობაზე“, იმავე მერაბიშვილზე, სააკაშვილზე, კეზერაშვილზე. მათ აქვთ პარტია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა. ასე ელექტორალური ერთობა, საარჩევნოდ შექმნილი ერთობა, შეიძლება, საზოგადოების ნაწილისთვის რიტორიკულად მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საპირისპიროს მეტყველებს. არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მჯერა, ეს იქნება „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმის მცდელობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, იმ როლიდან გამოვიდეს, რომელიც მას მიუჩინეს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე, სრულიად არაადეკვატური პიროვნება, აცხადებს, რომ პარტიას უნდა ჩაუდგეს სათავეში და მისი მოადგილე იყოს სოფო ჯაფარიძე, რომელმაც საქართველოს მოხუცებს კბილები დააცალა. რეალურად, სააკაშვილს უნდა, იმ როლიდან გამოვიდეს, რომელიც მას მიუჩინეს, როგორც ავადმყოფს, მომაკვდავ ადამიანს, დემოკრატიის შუქურას, რომელსაც მთელი მსოფლიოს წარმომადგენლობა თავის დროზე გვერდში დაუდგა. ახლა იგი ხედავს, რომ ბორტს მიღმა დარჩა და, რასაკვირველია, პოზიციების დაბრუნებაზე ფიქრობს. პოლიტიკურ ლიდერობაზე ფიქრობს, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აღარ აწყობს სისხლიანი სააკაშვილი, ვინაიდან ისინიც გაიგივებულნი არიან ამ სისხლთან და უბედურებასთან, რომელიც მან ქვეყანას დააწია. რეალურად, ყველანი არიან პირდაპირ ჩართულები იმ დანაშაულებში, რომლებიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი. აღარ უნდათ ეს წარსული“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილს პარტიაზე კონტროლი აქვს დაკარგული და რაღაცა აბსურდული იდეების და თანამდებობების მოფიქრებით მასზე გავლენის დაბრუნებას ცდილობს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ფიქრობს, რომ პარტიის მენეჯმენტი, არც ამჯერად, მისი აზრის გათვალისწინებას არ აპირებს.

„სააკაშვილი ოპოზიციის რა გაერთიანებაზე შეიძლება საუბრობდეს, როცა მას საკუთარ პარტიაზეც კი კონტროლი აქვს დაკარგული. ის, როგორც ჩანს, ცდილობდა პარტიის მენეჯმენტთან ამაზე საუბარს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამიტომ ახლა საჯაროდ საუბარი დაიწყო. ის არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც დანარჩენ ოპოზიციაში არ წარმოადგენს ლიდერს და ანაგრიშგასაწევ პოლიტკოსს. ის, უბრალოდ, ენმ-ს ჰყავს ბრენდად, დანარჩენს სხვა საქმეებში მას არავინ არაფერს ეკითხება. სააკაშვილი ახლა ფიქრობს, რომ საპროტესტო ტალღა და მუხტი კიდევ უფორ გაიზრდება, ამიტომ ვერ ისვენებს და სურს პორცესების სათავეში მოექცეს. ამიტომ სააკაშვილის ეს განცხადებები კიდევ ერთი ფუჭი გასროლაა“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილმა პარტიაზე კონტროლი დიდი ხანია დაკარგა, მისი რეიტინგი კი ნელ-ნელა მცირდება და პარტიაშიც არავის უნდა, რომ მის ბრძანებებს დაემორჩილოს.

„სააკაშვილი ამ რეალობას რაც უფრო სწრაფად შეეგუება, მით უკეთესი იქნება მისთვის. თუმცა თუ ამ საკითხს პრაგმატულად შევხედავთ, სააკაშვილის ხელმძღვანელად დანიშვნა „ოცნების“ პროპაგანდისთვის მომგებიანად იმუშავებს და რასაკვირველია, „ნაცმოძრაობისთვის“ წამგებიანი იქნება. „ნაცმოძრაობა“ ამით ელექტორატს დაკარგავს და საერთოდ, ე.წ. შუაშისტურ და ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს ვერაფრით მიიმხრობს. სააკაშვილის შემობრუნება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ამ საფრთხეს პარტიის დღევანდელი გუნდი კარგად აცნობიერებს და ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება რეალობას არის მოკლებული, რადგან საერთო სიით ოპოზიციის არჩევნებზე გასვლა, დანარჩენი პარტიებისთვის საკუთარ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს.

„პოლიტიკა ინტერესების ჰარმონიაში მოყვანაა, თორემ ხელების გადაგრეხვა პოლიტიკა არ არის. ხელების გადაგრეხვის ძალა სააკაშვილს არა აქვს ამჟამად. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ საერთო სია შეიქმნას და ასე გავიდნენ არჩევნებზე, აბსურდია. მას უნდა შეეთავაზებინა მრგვალი მაგიდა, იმ თათბირზე შეეტანა ეს წინადადება. ოპოზიცია თუ ამაზე დათანხმდება, მაშინ გამოდის, რომ რეიტინგის მიხედვით უნდა დალაგდნენ სიაში. ჩვენთან 2%-იანი პარტიების ლიდერებს იმხელა ამბიციები აქვთ, აბა, კითხონ, სიაში ბოლოში ყოფნას თუ დასჯერდებიან?

მეორეც სააკაშვილი ამ განცხადებას რომ აკეთებს, თავად მისი პარტია ამაზე თანხმაა? „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ახლა ოპოზიციიდან გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გადალახვა და დანარჩენების გათრევას საკუთარი მხრებით აპირებენ? არა მგონია, მისი პარტიის ლიდერები მერაბიშვილ-კეზერაშვილი ამაზე დათანხმდნენ. თავად მათ პარტიაში არაა ჯერ სიის პრობლემა მოგვარებული და სააკაშვილი ვის სად ეპატიჟება გაუგებარია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, თითოეულ ამ პატარა პარტიებს თავიანთი ამბიციები აქვთ. მიაჩნიათ, რომ რაღაცა ხმებს თავად მოიპოვებენ. ამიტომ საკუთარი მოპოვებული ორი ხმა ურჩვენიათ, ვიდრე ვიღაცის სიაში, სადღაც ბოლოში მოხვდნენ.

„სააკაშვილის ეს განცხადება ასევე ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ისევ მთელი ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბებას ცდილობს. მეეჭვება ეს გამოუვიდეს, რადგან მას სხვა ოპოზიციონრები ასეთად არ თვლიან. ვიცით, რომ არის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სააკაშვილთან გაიგივებას თავს არიდებენ. ნახეს, რომ სააკაშვილის სახელზე ამომრჩევლები გარბიან, ამიტომ მის ლიდერად დასახელების შემთხვევაში, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველზე უარს იტყვის. ამაზე ოპოზიცია არ წავა, რადგან ეს მათი სრულად განულების ტოლფასი იქნება. ამით სააკაშვილი ასევე, დიდი ალბათობით, ოპოზიციური ამომრჩევლის მიმხრობასაც ცდილობს, თუმცა ამას უკუეფექტი ექნება და პირიქით, როგორც კი მთელი ოპოზიცია მის ჩრდილქვეშ მოექცევა, ოპოზიციური ამომრჩეველი ან სახლში დარჩება, ან ისევ ხმას „ოცნებას“ მისცემს“, - ამბობს საყვარელიძე.