შეშფოთებული დასავლეთი ბობოქრობს -  საქართველოს ხელისუფლების ბულინგი ყველა მხრიდან ძლიერდება  

შეშფოთებული დასავლეთი ბობოქრობს -  საქართველოს ხელისუფლების ბულინგი ყველა მხრიდან ძლიერდება  

„ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის გამო დასავლეთიდან უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ მოექცა. უკვე რამდენიმე დღეა ხელისუფლებაზე შტურმი არ ცხრება და ერთმანეთის მიყოლებით მმართველ გუნდს ის ევროპარლამენტარები, ქვეყნის ხელმძღვანელები და ელჩები აკრიტიკებენ, რომლებიც თავად მუშაობენ მსგავსი კანონმდებლობის მიღებაზე. სწორედ ეს ფაქტი აჩენს უმრავლესობისთვის კითხვებს უცხო ქვეყნიდან მიღებული ფინანსების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით.

კანონის არმიღებაზე მოწოდება გააკეთა გაერომ. კანონპროექტის წინააღმდეგ მოწოდებები ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსიდანაც ისმოდა. მან, თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, დაწერა, რომ საქართველოს მოქალაქეები იცავენ უფლებას, იყვნენ ევროპელები. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კი, პარლამენტში ინიცირებული პროექტი საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხედ შეაფასა. მედიასთან გამჭვირვალობის კანონის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმაც, რომლის პათოსიც იგივე იყო.

მმართველი გუნდისთვის გაუგებარი და დისკრიმინაციულია მიდგომა, როდესაც საქართველოს არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნების მსგავსად, მიიღოს კანონი, რომელიც გამჭვირვალობას, საზოგადოების ინფორმირებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უმრავლესობა მზადაა, პარტნიორებს, კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ახლა ისმის კითხვა, რა სახის ნაბიჯები შესაძლოა დასავლეთმა ზეწოლის სახით ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგას და შესაძლოა თუ არა „ოცნებამ“ ისევ უკან დაიხიოს? რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს მას წინასაარჩევნოდ?

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზირება იმის, თუ როგორ გაგრძელდება საბოლოოდ დასავლეთიდან ზეწოლა. მამარაძე ამბობს, რომ ბევრი რამ „ოცნებაზე“ იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებს დასავლელი პარტნიორებისთვის ახსნა-განმარტების მიცემას.

„ძალიან ბევრი რამ ახლა „ოცნებაზეა“ დამოკიდებული. საკმაოდ ბევრი დრო ეთმობა გასაგები ენით საუბარს იმაზე, თუ რატომ განსხვავდება ე.წ. რუსული კანონი ამ ქართული კანონისგან. ახლა მთავარია როგორ იბრძოლებს „ოცნება“ ამხელა ზეწოლის და წნეხის წინააღმდეგ. საკმაოდ სერიოზული დაწოლა მოდის და ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ხალხის რეაქციას ექნება. მგონია, რომ „ოცნება“ ამ კანონს უკან აღარ გაიტანს, რადგან მისთვის ეს კიდევ უფრო მძიმე იქნება.

ეს პოლიტიკურად წინასაარჩევნოდ მის იმიჯს ძალიან ცუდად დაარტყამს. ქვეყნის შიგნით, მისსავე ელექტორატში უნდობლობას და იმედგაცრუებას გამოიწვევს. მის ამომრჩეველს, რომელიც სტაბილურია, ამ კანონის ევროპულობის სჯერა. ამიტომ ხელისუფლების პრინციპულობა ახლა მისთვის მნიშვნელოვანია. მე ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთი არაფერს მოიმოქმედებს, თუკი „ოცნება“ ამ კანონს მაინც მიიღებს. იქნება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მათი მხრიდან, მაგრამ როგორი იქნება ეს ნაბიჯები ამაზე საუბარი რთულია“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ევროპაში არიან საკმაოდ პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებმაც სწორედ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გადაწყვიტა. ამიტომაც იყო, რომ ბევრ რამეზე თვალი დახუჭეს. მამარაძე არ ელის, რომ ამის შემდეგ ევროპაც და ამერიკაც კატეგორიულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ლოგიკურად თავად ევროპა თუ იმსჯელებს, იმ ფონზე, როცა ბევრ რაღაცაზე თვალი დახუჭეს და სტატუსი მოგვცეს, ახლა გადადგან რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯები, ეს საქართველოსთან მათ კიდევ უფრო დააშორებს. თუკი საუბარი მიდის იმაზე, რომ პარტნიორები ვართ, მეგობრები, თავიანთ ოჯახში უნდა მიგვიღონ, ასეთი ხისტი ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკურად მათთვისვე არამომგებიანი იქნება. ეს პროტესტს და უკმაყოფილებას ჩვენს საზოგადოებაშიც გამოიწვევს, განსაკუთრებით „ოცნების“ ამომრჩეველში, რომლის რიცხვიც მცირე არ არის. ბევრი რამ ასევე კობახიძის გერმანიაში ვიზიტზეც იქნება დამოკიდებული. ალბათ, კარს მიღმა კიდევ უფრო ღრმა საუბარი იქნება. ამიტომ ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება“, - ამბობს მამარაძე.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს კანონი ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ. კიკნაძე ფიქრობს, რომ არავისთვის აღარ არის დასამალი, რომ ახლა ბრძოლა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტმურობისთვის მიდის. მისი თქმით, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რის გამოც ხელისუფლებას ამხელა საინფორმაციო ომი გამოუცხადეს და პირდაპირ შანტაჟი მიდის.

„ყველაფერი ეს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს ის კურსი და გეზი, რათა უზრუნველყოს ამ გაუგებარ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, საქართველო თავის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან საჭირო ქვეყანაა. ამიტომ ჩვენ უნდა პოლიტიკურად კარგად ვივაჭროთ. დასავლეთში ზოგიერთ პოლიტიკურ წრეებში, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება უნდათ. ამას არც მალავენ და მთელი რიგი რეზოლუციები მიიღეს. ევროსაბჭოს და ევროკავშირის მიერ, ასევე კონგრესმენების, სენატორების განცახდებები, ყველა ეს სუვერენული პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. ახლა ხელისუფლებას შეუძლია კარგად ივაჭროს და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდოს. მმართველი გუნდი ახლა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, „ოცნება“ თუ ამ კანონს არ მიიღებს და მისი უკან გამოტანა გახდება საჭირო, ეს შავი ფული არჩევნებისთვის იმოძრავებს და კაცმა არ იცის, ვინ რაში გამოიყენებს.

ცუგო- ამ შავი ფულის დიდი ნაწილი დონორ ორგანიზაციებს უბრუნდებათ და აბა არ გააპროტესტებენ?! ქათმები კი არ არიან მათი დასაკლავი დანის ლესვას შუშის თვალებით უყურონ. კორუმპირებული კრიმინალები არიან და დასაჭერად გაუხდებათ საქმე...
3 კვირის უკან
ცუგო- კითხვა მაქვს, კანონპროექტში რომ ჩაიწეროს, ასო-ების გაუმჭვირვალედ (ბნელად :)) დაფინანსების უფლება მხოლოდ ამერიკას და მის კოლონიებს რომ მიეცეთ, მაშინ დაწყნარდებიან?
3 კვირის უკან