„ამერიკის პრეს-სპიკერს ვურჩევ, წაიკითხოს საქართველოს ისტორია - ამ იმპერიების დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა, უბრალოდ, გაქრა, ხოლო საქართველო დღემდე არსებობს“

„ამერიკის პრეს-სპიკერს ვურჩევ, წაიკითხოს საქართველოს ისტორია - ამ იმპერიების დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა, უბრალოდ, გაქრა, ხოლო საქართველო დღემდე არსებობს“

ემუქრება თუ არა საქართველოს ამერიკის მხრიდან გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ სანქციები? პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, გააფრთხილა, თუ ამ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.

სახლემწიფო დეპრატმენტი კანონის განხილვის პარალელურად, მეოთხე განცხადებას აკეთებს და არ გამორიცხავს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.

მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ამერიკიდან, ფაქტობრივად, მუქარა მოდის. მათი თქმით, ეს შტატების არაპარტნიორული დამოკიდებულებაა, ხოლო მსგავსი განცხადებები მხოლოდ რადიკალების წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა „ოცნებაში“ მაინც მიიჩნევენ, რომ ამერიკიდან სანქციები ნაკლებად არის მოსალოდნელი.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს თუ მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“ .

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ. ასე რომ, ნებისმიერი პოტენციური შედეგისადმი პატივისცემის გამო, დღეს არ ვაპირებ ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის განხილვას, რომელიც შეიძლება, გადავდგათ“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, სახდეპის უმკაცრესი განცხადების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციების მოლოდინი არ აქვს.

„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ სახდეპის მწვავე განცხადება ისეთი წარმოუდგენელი უსამართლობაა, როგორიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არმოცემა იყო.

„ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით, წარმოუდგენელია და თუ ეს ვიღაცამ თეორიულად მაინც განიხილა, ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია, იგივესთვის სხვას სანქცია დაუწესოს, მე მგონი წარმოუდგენელია, რომ ამას ვინმე დაუშვებს. კანონპროექტი რამდენიმე დღეა უკვე დაინიცირებულია და სიტყვა რუსული უკვე გაქრა კომუნიკაციაში, მაგრამ ვისმენთ არა კრიტიკას, არამედ მწვავე კრიტიკას, რაც ჩვენი შეფასებით წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისეთი უსამართლობა, როგორიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არმოცემა იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება საკმაოდ ხისტი და მკაცრია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებას გულისხმობდეს.

„არ არის გამორიცხული, რომ ამერიკამ როგორი სანქციებიც დაუწესა რუს ჩინოვნიკებს, იგივე ტიპის სანქციების დაწესება ქართველ ჩინოვნიკებზეც გადაწყვიტოს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საკმაოდ მკაცრი იყო და ვვარაუდობ, რომ მათ, შესაძლოა, ქართველი ჩინოვნიკების და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღონ. ეს იქნება მაგალითად ვიზების შეწყვეტა, სწავლაში ამერიკაში ხელის შეშლა. რა თქმა უნდა, თუ ასე მოხდა, მაშინ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო ჩიხში შევა. ეს იქნება იგივე ურთიერთობა, რაც ამერიკას ბელორუსთან აქვს.

„სამწუხარო ჩემთვის ის არის, რომ პირიქით, სომხეთმა აირჩია საქართველოს გზა და ის ცდილობს დასავლეთთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამით კი „ოცნება“ ძალიან რისკავს და რად უღირთ ეს კანონი, მართლა არ მესმის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, არ ვიცი ასე შორს თუ წავიდა სიტუაცია, მაშინ იმაზე მძიმე იქნება ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან, როგორიც არასდროს ყოფილა. ალბათ, უფრო ჯერ პროცესების განვითარებას დაელოდებიან. კანონად არ არის ქცეული და წინასწარ მაინც რთულია ამაზე საუბარი. უბრალოდ, მათი განცახდება წინაზე შედარებით მკაცრია და გარკვეული ნაბიჯების გადადგმას რომ აპირებენ, ეს განცხადებებიდან ჩანს“,-ამბობს ზაქარეიშვილი.

ანლიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კი მიიჩნევს, რომ როდესაც შენი პარტნიორი გეუბნება, რომ კანონის შინაარსი არ აინტერესებს და უპირობოდ უნდა შესრულო მათი დირექტივები, მაშინ არც საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სურვილი, დასავლელი ჩინოვნიკის განცახდების შინაარსი გაიზიაროს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სიმართლე საქართველოსთვის ყოველთვის იმარჯვებდა და არაერთ იმპერიას ჰქონია სურვილი, ჩვენი ხალხის თავისუფლება შეეზღუდა, თუმცა ეს არავის გამოუვიდა.

„ეს არის ჩვეულებრივი მუქარა და თითის ქნევა, რომელიც იმპერიალისტებს ახასიათებთ. ქართველი ერისთვის მსაგვსი პირობების და ულტიმატუმების წაყენება ყველაზე ცუდად თავად ამ იმპერიებისთვის დასრულებულა. ამერიკის პრეს-სპიკერს ვურჩევ, წაიკითხოს საქართველოს ისტორია და ნახოს ჩვენმა ხალხმა თავისუფლება რამხელა მსხვერპლის ფასად მოიპოვა. ამ იმპერიების დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა, უბრალოდ, დედამიწიდან არის გამქრალი და საქართველო დღემდე არსებობს. მით უმეტეს დღეს, როცა 35 წელი შესრულდა 9 აპრილიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა მორიგი იმპერიიდან და ვასალობიდან გამოვიდა. ამიტომ იმ სპიკერს, ევროპარლამენტარს თუ ევროჩინოვნიკს, დასავლელ ბიუროკრატს ვურჩევ, საქართველოზე რაიმე მუქარანარევ საუბარს როცა დაიწყებს, მანამდე ჩვენი ქვეყნის სვლა თავისუფლებისკენ გაიაზრონ. ერთადერთი, ვინც საქართველოსთან არასწორი მოქმედებებით წააგებს, იქნება ის მხარე, რომელიც დღეს რაღაცით გვემუქრება. ჯერ კდევ აქვთ შანსი, რომ სამხრეთ კავკასიაში, ძლიერი დამოუკიდებელი პარტნირი შეინარჩუნონ. ეს შანსი მსგავსი განცხადებებით ხელიდან ეცლებათ, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ანტიიმპერიალისტურ განწყობებს აღვივებენ. თუ ჩვენი პარტნიორი ხარ, მოდი, მუქარას თავი დაანებე და გვეურთიერთე, როგორც პარტნიორს და არა როგორც შენს ვასალ ქვეყანას“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, რთულია წინასწარ იმის პროგნოზი, ამერიკა თავის ურთიერთობას რა დონეზე გააფუჭებს საქართველოსთან. ჩვენი ხელისუფლების მიზნებში ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება ნამდვილად არ შედის, თუმცა იგივეს მათი მხრიდან ვერ ვხედავთ.

„ჩვენი ხელისუფლების მიზნებში საქართველოს დამოუკიდებლობა, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება შედის. ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა მთავარი მიზანი. თუ ეს არ შედის ამერიკის გეგმებში, მაშინ რა გაეწყობა, საქართველო თავის გზას ვერ გადაუხვევს და გინდა დაგვასანქცირონ და რაც უნდათ, ის ქნან. მსოფლიო ახალი წესწყობილებისკენ მიდის, სადაც საქართველოსაც მოეძებნება თავისი კუთვნილი საპატიო ადგილი. საქართველომ საუკუნეების განმავლობაში უფრო სერიოზულ წნეხს, ოკუპაციას, ანექსიას, იმპერიალისტურ დამოკიდებულებას გაუძლო, მიუხედავად ამისა, ვარსებობთ და ამ არსებობას გავაგრძელებთ“, - ამბობს ქართველიშვილი.

trampi ამ სათაურის ჩემ პოსტებში გამეორება ძალიან მიყვარს....
თანაც ხშირად
3 კვირის უკან