„დღეს, კვლავ საქართველოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით, რადგან პირდაპირ მიგითითებენ, იყავი ჩემი ვასალიო - აბა, სხვას რას აკეთებდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი?!“

„დღეს, კვლავ საქართველოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით, რადგან პირდაპირ მიგითითებენ, იყავი ჩემი ვასალიო - აბა, სხვას რას აკეთებდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი?!“

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ NGO-ების და ოპოზიციის მთავარ სტრატეგიაა გამჭვირვალობის კანონის შინაარსში არ შევიდნენ, მთავარია, მას ე.წ. რუსული კანონი ეძახონ. ანალიტიკოს გია ჯაფარიძის გზავნილი, რომელიც „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა, უმრავლესობისთვის აღიარების ტოლფასი გახდა.

საქმე ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასისა“ და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ყოფილი უფროსი მკვლევარი, ამჟამად ლექტორი გია ჯაფარიძე, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი რუსულია და საზოგადოებამ მისი შინაარსი არც უნდა განიხილოს.

უფროსი ჯაფარიძის მოწოდებაზე საუბარს თავს არიდებს უმცროსი ჯაფარიძე. ანალიტიკოსს გამოხატულ პოზიციას უწუნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ისინიც, ვინც კანონპროექტს ღიად უპირისპირდებიან.

ჯაფარიძის პოზიცია მმართველი გუნდისთვის, ენჯეო სექტორის მიზნების მორიგი ლუსტრაციაა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ანალიტიკოსმა საკუთარი განცხადებით დაადასტურა, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი დასამალი ბევრი აქვთ.

ანალიტიკოსის განცხადებას აღიარებით ჩვენებას უწოდებს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძეც და კანონპროექტის მიზნებს კიდევ ერთხელ განმარტავს. ის აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ოპოზიცია და ენჯეოები ვეღარ შეძლებენ.

გია ჯაფარიძის მოწოდებების ანალოგიური განცხადებები გაიმეორეს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. NGO სექტორის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობის კანონპროექტს რუსული უწოდეს, თუმცა კითხვაზე - რომელი მუხლია პროექტში რუსული, პასუხი არ აქვთ.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თავად არასამთავრობო ორგაზიაციებმა კარგად იციან ე.წ. რუსული კანონი რასაც მოიცავს და ეს კანონები ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის, ამიტომ არ სურთ შინაარში შესვლა. ქადაგიძე აცხადებს, რომ ერთხელ მოატყუეს ხალხი და წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს.

„უბრალოდ, წელს სრულიად სხვა რეალობაა, რადგან ნატოს წევრმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ანალოგიური კანონები მიიღეს და ზოგან მის მიღებას აპირებენ. საფრანგეთმა დააინიცირა იგივე კანონი. ბევრმა სტუდენტმა თუ სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებმა დასვეს კითხვა, აბა, ჩვენ რას ვაპროტესტებდით, თუკი ამ კანონის მიღებას სხვაგანაც აპირებდნენო. აქედან გამომდინარე, ვეღარ ახერხებენ ხალხის მოტყუებას. ეს ხალხი არის გავლენის ბენეფიციარები, მათ აქვთ დავალება მიცემული, რომ შინაარსში არ შევიდნენ, რადგან გაჩუმება მოუწევთ და ვეღარ იტყვიან, რომ ეს ე.წ. რუსული კანონია. აქ არის საუბარი გამჭვირვალობაზე, დეკლარაციის შევსებაზე და სხვა მეტ არაფერზე. აქედან გამომდინარეა, რომ ეს ადამიანები ძველ მეთოდებს იყენებენ“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ენჯეოებს დასამალი აქვთ ის, რომ უკონტროლოდ ქვეყანაში შავი ფული შემოედინება, ხოლო მისი მიზნობრიობა - სად მიდის ეს ფული, სრულიად გაურკვეველია.

„ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, როცა აკრძალულია კანონმდებლობით, რომ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს, „ატკატების“ სახით ენჯეობისგან ფულს იღებენ. ეს უკონტროლო თანხები პოლიტიკურ ორგანიზაციებში მიედინება. დასამალი აქვთ ეს და ამის გამო იკლავენ თავს. საზოგადოება იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეს ხალხი გაასაჯაროვებს თუ არა ამ თანხებს. როდესაც ეს ადამაინები ამას ეწინააღმდეგებიან, უკვე დიდი პრობლემა ჩანს, რომ მათ რეალურად დასამალი ბევრი რამე აქვთ - იმაზე გაცილებით დიდი შავი ფული შემოდის ქვეყანაში, ვიდრე ამაზე წარმოდგენა გვაქვს. ამიტომ გონივრული ეჭვიც აღარ არსებობს, რომ არასამთავრობოების გავლით, უცხო აქტორები, რომლებიც ქვეყნის არაკეთილმოსურნეები არიან, სახელმწიფოს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ჩვენ მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა ამბობდნენ, რომ რაღაცა სოციალურ საკითხებზე იხარჯებოდა ვითომ ეს თანხა, აღმოჩნდა, რომ აქ რევოლუციის მოწყობის ტექნიკურ მეთოდიკას ასწავლიდნენ“,-ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ასევე, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაცა ტექნიკური, დროებითი მთავრობის შექმნას ითხოვს და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობს, როგორ შეიძლება ამ ხალხის ნდობა.

„აკერმანის ტრენინგებზე, არაძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლაზე ტრენინგებს მართავდნენ და ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდნენ. თუ ვინმე გაბედავს ისევ პარალელური დათვლის მეთოდიკის გაყალბებას, უნდა ვიცოდეთ, გაყალბების პორცესში ვინ, რა ფული გადაიხადა და რატომ. რეალურად, პროცესი გახდება გამჭვირვალე და საბოლოოდ, გავიგებთ, ვინ არის ეს ხალხი, ენჯეო სექტორის წარმოამდგენლები თუ რევოლუციის მომწყობები, რომლებიც ამისთვის ვიღაცის შავ ფულს იყენებენ“, - ამბობს ქადაგიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იდეოლოგიაა. ჩიბურდანიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ტყვიას, შესაძლოა, ადამიანი გადაურჩეს, მაგრამ იდეოლოგია ისეთი ბასრი იარაღია, რომელიც ყველას კლავს. სწორედ ამ იდეოლოგიით მოწამვლას ცდილობს ე.წ. მესამე სექტორი, რომელიც შინაარსის გააზრების გარეშე კანონს რუსულს უწოდებს.

„ჩვენ, დღეს, კვლავ საქართველოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით. არა ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც პირდაპირ მიგითითებენ იყავი ჩემი ვასალიო; სასამართლო მომეცი ჯიბეში ჩამიდე, მე როგორც გეტყვი, ისე უნდა დანიშნო მოსამართლეები; სასამართლო, საარჩევნო კომისია ჩემი უნდა იყოსო. გვეუბნებიან, არჩევნებს ისე ჩაგიტარებთ, როგორც ჩვენ გვინდა, მინდა ვაღიარებ და მინდა არ ვაღიარებო. მაშინ ჩვენი უფლებები სად არის? ჩვენი თავისუფლება სადღაა. რას აკეთებდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი სხვას? აბა, რატომ ვებრძვით რუსებს? ესენი საქართველოს არსებობის უფლებას არ ართმევენ? ვიღაც იტყვის ანტიდასავლურ ნარატივს ავრცელებო, მაგრამ ჩემთვის სულ ერთია საქართველოს ვინ ებრძვის. მათი იდეოლოგია დღეს ქვეყნისთვის გამანადგურებელია. ხომ გვთხოვენ, რომ მოსამართლეები კეთილსინდისიერები იყვნენ, მოდი, ჯერ მათ დაიწყონ კეთილსინდისიერად საკუთარი თანხების გამჭვირვალობა. მილიონობით თანხას ხარჯავენ საქართველოში და რაში კაცმა არ იცის. ერთი ფარატინა ფურცელია შესავსები და ამის შევსებაც არ უნდათ. ქვეყნის და ხალხის როგორი დამცირებაა, როდესაც ეუბნებიან, რომ ამის კითხვა არ გაბედოთ, რამდენსაც გვინდა იმდენ თანხას შემოვიტანთ ქვეყანაში, რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ, არაფერი გვკითხოთო“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

Aburjga Tasmanieli ვასალი არა, კოლონია ვართ რეალურად!
3 კვირის უკან