„როცა აქციებზე ხალხი არ გამოდის, ნიშნავს იმას, რომ შარშანდელი ლოზუნგი ე.წ. რუსული კანონი გაცვდა“

„როცა აქციებზე ხალხი არ გამოდის, ნიშნავს იმას, რომ შარშანდელი ლოზუნგი ე.წ. რუსული კანონი გაცვდა“

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ, საინფორმაციო ომი გრძელდება. ვინ ახერხებს საზოგადოების საკუთარ სიმართლეში უკეთ დარწმუნებას და ვისი არგუმენტები უფრო მისაღებია მოსახლეობისთვის? - ანალიტიკოსთან ნაწილის აზრი ორად არის გაყოფილი და for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს მკაფიოდ მაშინ გამოჩნდება, როცა მმართველი გუნდი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რადგან მოსახლეობის პირველი რეაქცია არ იყო ისეთი მძაფრი, როგორც ეს შარშან მოხდა, გამოდის, რომ ხელისუფლებამ წელს მოსახლეობის დარწმუნება უფრო შეძლო.

მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების დეზინფორაციასა და შანტაჟში ადანაშაულებს. უმრავლესობა გასული წლის 8-9 მარტის საპროტესტო აქციებს იხსენებს და ამბობს, რომ ენჯეოების მიზანი, ახლაც საპროტესტო მუხტის გაღვივება და გაუმჭვირვალე თანხების დამალვაა, რისთვისაც ყველა ხერხს იყენებენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში იმ სქემაზეც საუბრობენ, თუ როგორ მოხდა „ფეისბუქზე“ „ქართული ოცნების“ საინფორმაციო ბანერების დაბლოკვა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლობისტების დახმარებით, საერთაშორისო „ფაქტჩეკერთან“ არიან დაკავშირებული, რომელიც „ფეისბუქის“ სათავო ოფისს აწვდის ინფორმაციას. სერგი კაპანაძისა და თამარ კინწურაშვილის ორგანიზაციების გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, „ქართული ოცნების“ ბანერების წაშლაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბოლქვაძეც, რომელიც „მეტას“ სათავო ოფისში მუშაობს და წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სოციალური მედიის მენეჯერი იყო.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომელი მხარე ახერხებს საზოგადების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას, ან უპირატესობა საზოგადოებრივი აზრის მიხდევით, ვის მხარეს იქნება. მისი აზრით, როდესაც კანონპროექტი სესიაზე გავა და არა კომისიაში, მაშინ გამოჩნდება როგორი იქნება საზოგადოების განწყობა და ვინ უფრო მოახდინა მათზე გავლენა.

„ვფიქრობ, პროტესტი იქნება, თუმცა რა დონის და სიმძლავრის, ეს გამოჩნდება. არ მგონია ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. თუმცა, ეს მძიმე რეაქციას უფრო ჩვენს პარტნიორებში გამოიწვევს, ვიდრე შესაძლოა, მას რეაქცია ხალხში ჰქონდეს. ორივე მხარემ სერიოზული საინფორმაციო ომი გამართა. ვის დარჩება აუდიტორია და ვინ იქნება გამარჯვებული, ამას უკვე კანონპროექტის მიღების შემდეგ ვნახავთ.

გულწრფელად რომ ვთქვათ, არასამთავრობოების რეიტინიგი დიდი არც არასდროს ყოფილა. მათ რომ აქცია დაანონსონ, მოსახლეობის მობილიზებას ვერ შეძლებენ, სხვა თემაა თუ კანონპროქტზე ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორებისგან გაგრძელდა. ამას უფრო დიდი გავლენა ექნება და ხელსიუფლებას პროპაგანდა ვერ უშველის. ოპოზიცია, მგონია, ამ თემაში არ უნდა ჩაერიოს, თორემ პირიქით, უკუშედეგი ექნება. ოპოზიცია არ უნდა იყოს აქციების ორგანიზატორი, თორემ ხელისუფლება ამ დაპირისპირებაში ისევ მოუგებს. როგორც კი ამას პოლიტიკური შეფერილობა მიეცემა, ოპოზიცია ვერაფერს ვერ მოიგებს. სიტუაციის მართვა ისევ საზოგადოებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ახლა ოპოზიციას პროპაგანდის მხრივ იმით სჯობნის, რომ მათ საკუთარ დღის წესრიგს უდგენს და ცდილობს იმ თემებზე „აბალახოს“, რაშიც ფიქრობს, რომ ოპოზიცია სუსტია.

„ამ წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, ორიენტირი რადიკალურად არის შეცვლილი. წელს უკვე წინასაარჩევნო კამპანიაა დაწყებული. იმის მაგივრად, რომ ოპოზიცია ახერხებდეს გარკვეული დღის წესრიგის შექმნას, ამას ხელისუფლება აკეთებს, ყოველდღიურად უდგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს და იმ თემების ირგვლივ „აბალახებს“, რაშიც საზოგადოებრივი აზრი სხვდასახვაგვარია. მაგალითად, ამით ოპოზიცია ვერ ახერხებს ეკონომიკურ და სხვა ძირითად პრობლემებზე საუბარს. ამიტომ ოპოზიციის პოზიცია მაკვირვებს, კარგი, წელს ჩავარდეს ისევ კანონპროექტი, რაც გამორიცხულია, „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვოს, კვლავ, ხომ ისევ უკან დააბრუნებს ამ კანონს. ამიტომ მათი ორიენტირია არასწორი და აი, ამაში მოუგებს ისევ ხელისუფლება“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება მხარეების მიერ კანონპროექტის სათავისოდ გამოყენების შანსს, ძაბირაძე ამბობს, რომ „ოცნებას“ ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელსაც ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯის სჯერა და ოპოზიციამ არ უნდა შექმნას იმის ილუზია, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ ელექტორატს დაკარგავს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე, მმართველი გუნდის გამარჯვება უფრო ჩანს, ვიდრე ოპოზიციის. საყვარელიძე ამის მიზეზად for.ge-სთან ხალხის პირველ რეაქციას ასახელებს. ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, მწვავე რეაქცია არ ყოფილა. ამიტომ მას აღარ აქვს იმედი, რომ ამის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი შარშანდელივით ქუჩაში იმ რაოდეონობით გამოვა.

„ახლა დრო ყველაზე მეტად ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს. როცა ხალხი ბრაზდება, ყველაზე ნიშვნელოვანი პირველი წუთებია. თუ ამ დროს რეაქცია არ არის მწვავე, დროთა განმავლობაში ეს გაბზრაზე ნელდება. ამიტომ რასაც ახლა მოსახლეობის რეაქციას ვუყურებ, როცა აქციებზე ხალხი ამ ეტაპზე არ გამოდის, ნიშნავს იმას, რომ შარშანდელი ლოზუნგი ე.წ. რუსული კანონი გაცვდა. ხალხი ახლა მეტ დამაჯერებლობას ითხოვს და ბევრი უფრო დაფიქრდა.

შარშანდელი და დღევანდელი სიტუაცია იმით განსხვავდება, რომ მაშინ ხალხს მართლა შეეშინდა კანდიდატის სტატუსის არმიღების. ახლა დაინახეს, რომ „ოცნების“ პირობებში ამის მიღება მოხდა. ეს თემა ახალგაზრდებში მაშინ ძალიან აჟიტირებული იყო. ამიტომ დასავლეთიდან გაკეთებულმა მწვავე განცხადებებმაც ეს შიში გაამძაფრა. მაშინ ხელისუფლებამაც ვერ შეძლო ოპოზიციის და დასავლეთის ერთობლივ პროპაგანდას შეწინააღმდეგებოდა. ახლა უფრო მომზადებულია და ეს რისკებიც მგონია, ბევრად გათვლილი აქვს. ამიტომ ოპოზიციის გამწარებაც ჩანს, რომ მოსახლეობის დარწმუნებას ვერ ახერხებენ“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტის ირგვლივ დაწყებული პროპაგანდა ხელისუფლების რეიტინგზე არ იმოქმედებს, რადგან „ოცნების“ ამომრჩეველი ისედაც იმ აზრზეა, რომ ენჯეობის სექტორი უნდა გაკონტროლდეს. ამიტომ ისინი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად არ აფასებენ და, შესაბამისად, „ოცნება“ ელექტორატს არ დაკარგავს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, თუკი აქამდე ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა, გამოდის, რომ ოპოზიცია ამ თემას ვერც წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. ეცდება, მაგრამ დამაჯერებლობა ნაკლები ექნება. მგონია, ხელისუფლება ამ კანონს მაინც მიიღებს და არ ველი შარშანდელივით უკან დაიხიოს. მგონია დასავლეთიც ხალხის რეაქციის მიხედვით იმოქმედებს. თუ მოსახლეობაში პროტესტი არ იქნება მწვავე, დასავლეთიდან განცხადებებიც შემცირდება“, - ამბობს საყვარელიძე.