„მარტის მოვლენები არ განმეორდება, რადგან არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მომწყობი მხარე წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება“

„მარტის მოვლენები არ განმეორდება, რადგან არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მომწყობი მხარე წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება“

„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაბრუნების საკითხი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გახდეს მხარეთა შორის დაპირისპირების მიზეზი. 2023 წლის მარტში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ, რომ პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს და დიდია ალბათობა, რომ ეს კანონპროექტი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის საფუძველიც კი გახდება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ აღნიშნული კანონის ხელახლა შემოტანა ემსახურების სწორედ სიტუაციის გამწვავებას, არეულობას და დესტაბილიზაციას. პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი გამოწვევაა საზოგადოების და პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.

„არა და არა - ცხადია, დეპოლარიზაციას, რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ დღეს, რუსული კანონის მეორედ შემოტანა. ვითომც და ისტორიაში ყველაფერი მეორდება. ეს ყველაფერი პირდაპირი გამოწვევაა საკუთარი ხალხის, ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ამ გზაზე მივდივართ, არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა.

რას ემსახურება გამოწვევა? - არეულობა გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს გავლილი აქვს ბევრი წლის წინ, არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშ. ამიტომ, საზოგადოება მომზადებულია ამ ყველაფრისთვის, ვერავინ გადაახვევინებს თავის გზიდან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულს პროტესტი აუცილებლად მოჰყვება და ის შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის იყოს, ვიდრე გასულ წელს ვიხილეთ. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, ყურადღების გადატანას ცდილობს.

„გამორიცხულია, პროტესტის გარეშე ჩაიაროს ამ კანონის განხილვამ და მით უმეტეს, თუ მიიღეს, კიდევ უფრო გამწვავდება ეს პროტესტი. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ეს კანონპროექტი ახლა რატომ შემოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. ახსნა შესაძლოა იყოს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას დღეს ურჩევნია ამ თემაზე იყოს დებატები, ვიდრე სოციალურ თემების აქტუალიზაცია მოხდეს. პროტესტი აუცილებლად იქნება, მაგრამ მისი გამწვავება და კულმინაციამდე მიყვანა საჭირო არ არის. პროტესტის მუხტი უნდა შენარჩუნდეს და შემოდგომის არჩევნებისთვის, მოემზადონ.

ვფიქრობ, შემოსული თანხები ყველასთვის გამჭვირვარე უნდა იყოს და არა მარტო „ენჯეოებისთვის“. ის ფინანსები, რომლებიც შემოდის და ემსახურება პოლიტიკურ თემებს, მისი გამჭვირვალობა აუცილებელია. თუმცა, ახლა ყურადღების სხვა თემაზე გადატანა ხდება. სიტუაცია არ უნდა გამწვავდეს ისე, როგორც თუნდაც ერთი წლის წინ იყო. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ და „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად დაეცა. არ გამოვრიცხავ, რომ სტუდენტები გაცილებით აქტიურები იყვნენ და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩაერთოს ამ პროცესში.

კანონი შესაძლოა სიტყვა-სიტყვით თარგმნო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე კანონი საფრანგეთში რომ მუშაობდა, ისე იმუშავებს საქართველოშიც. ჩვენთან ეს კანონი იმუშავებს ზუსტად ისე, როგორც რუსეთში იმუშავა. ჩვენ და რუსული საზოგადოება, ფაქტობრივად, ერთნაირად ვართ. ძალიან შორს არ ვართ წასული დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის კუთხით. საერთოდ პარლამენტარიზმის არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მიერ გაჟღერებული განცხადებები ტოვებს განცდას, რომ რაიმე დიდი და მასშტაბური პროტესტი ამ კანონპროექტის ხელახლა შემოღების საკითხს არ მოჰყვება. მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებიც, რომ არ უნდა მოხდეს არეულობა, მიგვანიშნებს, - მათ არ სურთ ქვეყანაში დაპირისპირება და არეულობა მოხდეს.

„ოპოზიციის მხრიდან იყო მოწოდება, რომ ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს პროცესებმაო. დასავლეთიდან დაიძრა ჩვეული ჯგუფი, რომლის ბრალდებები რუსეთთან ურთიერთობების შესახებ, „ქართული ოცნების“ მისამართით დიდი ხანია ისმის და ისინიც იძახიან რუსული კანონიაო. თუკი ამას აჰყვება ჯგუფები, ხელახლა გამოვლენ ქუჩაში.

ზურაბიშვილს და სააკაშვილს არ შეიძლება არ დაეთანხმო იმაში, - არეულობა რომ მოეწყოს, ეს კარგი არგუმენტი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ - მათ თავისი ამომრჩევლის უფრო მეტად მობილიზაცია მოახდინონ და დაანახონ საზოგადოებას, თუ „ოცნებას“ არ აირჩეს, რა ხალხი აღმოჩნდება ხელისუფლებაში. ჩანაფიქრი ასეთი იქნება თუ არა, სულ ერთია, მაგრამ არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მომწყობი მხარე წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მდინარაძემ თქვა, არ არის მოსალოდნელი გამწვავება და გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც იცის „ოცნების“ ხალხმა. სააკაშვილმა თქვა არ გამოხვიდეთ და არ აურიოთო. ზურაბიშვილიც თქვა, რომ ეს შესაძლოა პროვოკაციული იყოს იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოეწყოსო. ამდენი აქცენტი, რომ „დაუშვებელია დესტაბილიზაცია“, მაშინ არ იყო. ვფიქრობ, არ იქნება იმ მასშტაბის, რაც შარშან იყო, რადგან მაშინ არავინ „ატორმუზებდა“ ამ საპროტესტო აქციებს. დღეს უკვე ოპოზიციურ ფლანგზე აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც თვლის, რომ საპროტესტო აქციები და დესტაბილიზაცია არ შეიძლება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.