დაიძაბება თუ არა ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობა - „ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თავად ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები მუშაობენ უცხოური გავლენების წინააღმდეგ“

დაიძაბება თუ არა ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობა - „ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თავად ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები მუშაობენ უცხოური გავლენების წინააღმდეგ“

დაძაბავს თუ არა ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობას გამჭვივრალობის კანონპროქტის უკან, შეცვლილი და რედაქტირებული ფორმით პარლამენტში დაბრუნება? მის მიღებას მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გეგმავს. ევროკავშირიდან ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ევროპარლამენტარების ნაწილმა შეფასებები უკვე გააკეთეს. ისინი კანონპროექტს კვლავ ე.წ. რუსულ კანონად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მაშინ, როცა ქვეყანასთან ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

ამ განცხადებებს ხელისუფლებიდან უკვე გამოეხმაურნენ და ამბობენ, რომ ესენი არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებად ითვლებიან. შესაბამისად, მათი განცხადება არ არის გასაკვირი და ევროკავშირისგან მსგავს მწვავე კრიტიკას არ ელიან. ამის მიზეზად კი ამ ერთი წლის განმავლობაში თავად ევროპაში შეცვლილ რეალობას ასახელებენ. მმართველი გუნდი ამბობს, რომ თუკი იგივე კანონის მიღება შეუძლია ევროკავშირის წევრ ქვეყანა სლოვაკეთს, მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით ამაზე პრობლემა რატომ უნდა არსებობდეს?

საპარლამენტო უმრავლესობამ და მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ, გამჭვირვალობის კანონის პარლამენტში დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღო. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, დეტალურად განმარტა რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივაში აღარ იქნება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და ის კერძო პირებს არ შეეხებათ.

კანონი ფინანსების დეკლარირებას მხოლოდ იმ ორგანიზაციებისგან ითხოვს, ვისი შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხო ქვეყნებიდან მოდის. ორგანიზაცია, რომელიც უარს იტყვის გამჭვირვალობაზე მხოლოდ ფინანსური სასჯელით დაჯარიმდება.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას კვლავ მოჰყვა არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ნაწილის პროტესტი. გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერთ-ერთმა პირველმა „თბილისი პრაიდმა“ გააპროტესტა და სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა. მწვავე იყო ოპოზიციის ნაწილის შეფასებებიც.

სწორედ ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზიისთვის გამოყოფილი გრანტის მიზნობრიობის გამჭვირვალობას ითხოვდა ბოლოს მმართველი გუნდი.

ანალიტკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, ახლა სიტუაცია ევროპაშიც შეცვლილია და საქართველოშიც. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს ეს ევროკავშირთან რაღაცა დონეზე დალაგებული და გარკვეული რომ არ ჰქონდეს, უკან ამ კანონპროექტს არ დააბრუნდებდა. ამიტომ ის ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებების გარდა არ ელის, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან ამაზე მკაცრი რეაქცია ექნებათ.

„რაც მე ვნახე, გამოხმაურება ევროპარლამენტარების მხრიდან, ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან, ამიტომ მათგან მსგავსი რეაქცია ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა. ახლა, ალბათ, მნიშვნელვანი იქნება ოფიცილური განცხადება, რომელსაც ევროკავშირი გააკეთებს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით შარშან მარტის მოვლენების დროს, სრულიად სხვა სიტუაცია იყო და სხვა მოვლენები განვითარდა. მაშინდელმა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მას ე.წ. რუსული კანონი უწოდა. არადა, რეალურად, ეს კანონი უკვე ევროკავშირშიც მიიღეს და სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც. ეს ტრენდი, ასე ვთქვათ, უკვე დაძრულია და საქართველოსთან დაკავშირებით მათ რატომ უნდა ჰქონდეთ ასეთი რეაქცია? მით უმეტეს მდინარაძემ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ ვერ მიაღწიეს უცხოელ დონორებთან ყოველი წლის ბოლოს დეკლარაციაში საჯაროდ აისახოს ის გადმორიცხული თანხები რაში და ვისზე იხარჯება. ამიტომ მე არ ველი, რომ ამის გამო თბილისი-ბრიუსელის ურთიერთობა რაიმე მწვავე სახეს მიიღებს. დავინახეთ უკვე, რომ ეს ევროკავშირს არაფერში სჭირდება“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ახლა ივნისში ევროპარლამენტშიც არჩევნებია, ასევე ევროპას უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ფონზე ძალიან რთული სიტუაცია აქვს. შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება იმ კანონის გამო, რომელიც ევროკავშირმაც მიიღო და სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც, არ უნდა უღირდეთ.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა. ამას, ალბათ, გეოპოლიტიკური მიზეზი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ 12 რეკომენდაციიდან ბევრი არ ჩაგვითვალეს, კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვცეს. ამიტომ, არც ახლა ველი, რომ ამის გამო სიტუაცია ჩიხში შევა და მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ რაიმე პრობლემა შეექმნება. ახლა სულ სხვა რელობაა და არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება რაიმე სერიოზული დაძაბულობის შექნის წინაპირობა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე კი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანას ერთი წლის წინ ჰქონდა შანსი, რომ სამოქალაქო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალე გამხადრიყო. მაშინ კი ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან გაუშვა. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სწორედ „ფარას“ კანონია ამერიკაში მოქმედი, რომელმაც დაგვანახა, როგორ იხდიდა პატიმარი სააკაშვილი მოპარულ მილიონებს ქვეყნის წინააღმდეგ ანტიპიარისთვის.

„ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თავად ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები მუშაობენ უცხოური გავლენების წინააღმდეგ. გვახსოვს არაერთი სკანდალი, რომელიც ევროკავშირში კორუფციას უკავშირდება. კონკრეტულ ევროპარლამენტერებს რუსული გავლენების გასაძლიერებლად მილიონები გადაუხადეს. თავად ევროკავშირი მის ინსტიტუციებში აპირებს ამ კანონის დარეგულირებას. არაფერს აღარ ვამბობ სლოვაკეთზე და თავად ევროპულ ლიდერ სახელმწიფო საფრანგეთზე. ჩვენ მას ვბაძავთ ამ ნაწილში. ეს არის ფრანგული და არა რუსული კანონი. ჩვენ ვაპირებთ, ამერიკის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ისრაელის და ავსტრიის შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას. თუ საფრანგეთი, ევროკავშირი ლიდერი სახელმწიფო აცნობიერებს საფრთხეს, რომ გამჭვირვალობაა საჭირო, ხვდება, რომ არსებობს სერიზული გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და ამას გაკონტორლება უნდა, მაშინ ისმევა კითხვა, ჩვენ რატომ ვართ ამ შემთხვევაში გამონაკლისი? ჩვენი ქვეყანაც ხომ რუსეთიდან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვინ არიან დონორები და ვინ ვისი გავლენის ქვეშ არის მოქცეული? ასევე არსებობს ტერორიზმის გამოწვევის სერიოზული საფრთხეები, ეს გამოწვევები ჩვენს ქვეყანასაც აქვს. ამიტომ რატომ უნდა ჰქონდეს ევროკავშირს ამაზე პრობლემა, როცა თავად აქვს ამ კანონის მიღება გადაწყვეტილი?“, - ამბობს ბოჟაძე.

რა დამოკიდებულება ექნება დასავლეთს, საელჩოებს და სხვა ევროპულ ინსტიტუტებს ამ კანონთან დაკავშირებით, ბოჟაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება უკვე შეცვლილია და პირველი რეაქციებიც ამაზე მიუთითებს.

„რეალობა შეცვლილია არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ სლოვაკეთთან დაკავშირებითაც. არავის გაუკეთებია განცხადება სლოვაკეთის მიმართ, რომელიც ევროკავშირის წევრია, რომ რუსული კანონი მიიღო. არ არის მსგავსი განცხადებები გაკეთებული არც საფრანგეთის მიმართ. არავის უთქვამს ბრიტანეთზე რატომ იღებს ის ამ კანონს. რაც ყველაზე საინტერესოა, ომში მყოფი უკრაინაც კი ამ კანონპროქეტზე მუშაობს.

ამათ რომ ვკითხოთ, მაშინ რუსულ კანონს იღებს უკრაინა. რატომ გადაწყვიტა ზელენსკიმ მისი მიღება? იმიტომ, რომ მის ქვეყანაში რუსული გავლენები დიდია და სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა. ახლა საუბარი იმაზე, რომ ამ კანონმა შესაძლოა საქართველოს სვლა ევროპისკენ შეაფერხოს, მტკნარი სიცრუეა, რადგან პირიქით, სწორედ ევროკავშირი გვავალდებულებს გამჭვირვალობას, მათ შორის უცხოური გავლენებისაც. ყველაზე მთავარი კი ის არის, რატომ გონია ამ ხალხს, თუ მართლები არიან, რომ მხოლოდ მათ გავლენებზე ვსაუბრობთ და არა რუსეთის გავლენებზე, ან სხვა ქვეყნის“, - ამბობს ბოჟაძე.

 

 

 

ლაზი ანჯაფარიძის და ბოჟაძის ოპტიმიზმი, რომ დიდ გამწვავებებს ოფიციალურად არ უნდა ველოდოთ ლოგიკურია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ალტერნატივა უკვე ჰყავთ, სომხეთის სახით, რომელსაც გაცილებით იოლად მომართავენ და ამიტომ გამორიცხული არ არის საქართველოს ხელისუფლების მოთვინიერება მაინც სცადონ და თანაც უფრო მკაცრად, ვიდრე შარშან.
3 კვირის უკან