ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტები და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა - „ქართული ოცნება“ FARA-ს კანონპროექტს აინიცირებს

ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტები და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა - „ქართული ოცნება“ FARA-ს კანონპროექტს აინიცირებს

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების აუცილებლობა უმრავლესობის ინიციატივით პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა. მიზეზი, ქვეყანაში არასამთავრობო სექტორისათვის სხვადასხვა დონორების მიერ გადმორიცხული დიდი ოდენობით ფულია, რომლის გახარჯვაც, შავი ფულის სახით, გრანტის მიზნებს სცდება და უმეტესად პოლიტიკური, ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულება აქვს. აღნიშნული კანონპროექტით უცხოური ძალად ითვლება უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი; სუბიექტად განიხილება - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.

კანონი ფარავს არასამეწარმეო იურიდიულ პირს და მედიას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა. კანონი ორგანიზაციას ავალდებულებს, რომ ორგანიზაციამ ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება მოახდინოს. დეკლარაციის წარუდგენლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, 25 000 ლარი. კანონის მიღების შემდეგ - ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი, 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო მიღებული, ვალდებული იქნებიან კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია.

კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ კანონს არ დააბრუნებდა, რადგან დონორებისგან იყო პირობა დაფინანსების გამჭვირვალობაზე, თუმცა პირობა არ შესრულდა და მდგომარეობა გაუარესდა. მდინარაძის თქმით, კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში.

„მაგალითად, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიზნობრიობის გარეშე მისცეს გრანტი, ეს ხომ ტყულია, რამდენად გააშავა ფული. მან თქვა, რომ, დიახ, გასკდით გულზე, მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა გრანტი. უკვე აღარც ერიდებოდნენ. ადრე თუ კეთილშობილურ მიზნებს ასახელებდნენ, ახლა თავხედურად აცხადებენ, რომ დაუმტკიცდებათ მილიონები მიზნობრიობის გარეშე. აქედან გამომდინარე, როცა მეორე მხრიდან პირობა არათუ არ შესრულდა, გაუარესდა გამჭვირვალობის მდგომარეობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივიღოთ კანონი ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. მოვიდნენ და წარმოადგინონ არგუმენტები. შარშან იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც დავაზღვევთ მაქსიმალურად, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც.

„ენჯეოების“ დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია „დროას“, ფრანკლინის კლუბის, კანვასის ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის გადაწყვეტილება დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რამაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა განმარტონ, თუ რატომ უწოდეს აღნიშნულ კანონს „რუსული“ და ფინანსების დეკლარირება რატომ არის „რუსული საქმე“.

შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. მეტიც, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გაუთიშა ყველა იმ დეპუტატს, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებდა.

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ახლა ეწევით ქართულ პარლამენტში. ამის ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ. ეს პათეტიკა აღარ გაგივათ, მორჩა. ეს ტყუილი, რაც თქვენ აკადრეთ ქართველ ხალს შარშან, წერტილი დაესვა. ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ აღარ გაქვთ ამისი თქმის მორალური უფლება,“ - მიმართა ოპოზიციას შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ჯერ ინიცირებული არ არის, შესაბამისად, კანონის სრული შინაარსიც უცნობია, თუმცა რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებეს, რომ კანონი რუსულია და შესაბამისად, ამომრჩევლებს ისევ ქუჩაში ეძახიან. დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ რუსული კანონი არ უნდა გაატანინონ და ყველას მოუწოდებს, ვისაც, მისი თქმით, უნდა ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხან, მოემზადონ, რადგან დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა ელით.

„ეს კანონპროექტი „საქართველოში არ უნდა გავიდეს“. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „რაღაც ბნელ ფულს იღებენ“. ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებენ. ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ერთხელ ხომ აწვალეს ეს ქვეყანა, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, ახლა ატრიალებენ ისევ ამ კანონს. ვეუბნები, რომ არ გინდათ ამის კეთება, რუსულია. არ უნდა გავატანინოთ, რუსული კანონი საქართველოში არ უნდა გავიდეს, ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, მორჩა და გათავდა. „ქართული ოცნების“ არგუმენტები არ მაინტერესებს, ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 100%-ით არის გამჭვირვალე. არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური ამას არ აქვს, რაც დღეს ხდება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდებს ხატია დეკანოიძე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნება“ „რუსული კანონის“ შემობრუნებით რუსული ტიპის მმართველობას აბრუნებს.

„ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას - ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ. მნიშვნელოვანია ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროპული პერსპექტივის ქუჩაში დაცვას აანონსებს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია, რომელის მეუღლის მფლობელობაში არსებულმა „მთავარმა არხმა“ გასულ კვირას მიიღო გრანტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად. გრანტი ასევე მოიცავს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მოქმედებას. თუმცა გვარამია აცხადებს, რომ ეს გრანტი არის მიზნობრიობის გარეშე, მხოლოდ მედიამხარდაჭერისთვის.

„მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით „ქართულ ოცნებას“, მის სიტყვას აქვს ჩალის ფასი, ოლიგარქია და ტირანია დროებით იხევს უკან, არ თმობს თავისუფლებას, მაინც წაგვართმევს, თუ წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუ თქვენ, ძვირფასო დასავლელო მეგობრებო ბოლომდე არ მიიყვანთ ქართველ ხალხთან ჩვენს საერთო ცივილიზაციურ ბრძოლას. ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ „ქართულ ოცნებას“.

უმრავლესობის წევრებმა გვითხრეს, რომ დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო. ეს არის ხაფანგი მეგობრებო, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი ამ დროს, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ნაკრებს ევროპულ ოჯახში, ასევე შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ქუჩაში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეგვიძლია“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ქუჩაში გასვლას არ აპირებს „გირჩი“, რომელიც თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი იმიტომ შემოიტანა, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს. შესაბამისად, იაგო ხვიჩია მოუწოდებს ოპოზიციას, რომ არ აყვნენ პროვოკაციას. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა, რომ არ ჰყვებიან, სწორია.

„რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ახლა ამ ცვლილებების შემოტანა „ნაცების“ გამარჯვების აღიარებაა, რადგან „ქართული ოცნების“ ტაქტიკამ არ გაამართლა, რომ დისკუსიები ჩხუბში გადასულიყო ლგბტ თემაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამას „ნაცები“ არ აჰყვნენ და დამცინავი იუმორით შემოიფარგლნენ. ოპოზიციას მოვუწოდებ, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ალეკო ელისაშვილსაც, რომ ამ პროვოკაციას არ ავყვეთ, რადგან ეს არის პროვოკაციული ცვლილება, რომ ამან გამოიწვიოს დავიდარაბა, ჩხუბი და არა დისკუსიები. ქართველ ხალხს მოვუწოდებ, დაიმახსოვრონ ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, როგორ მიაქვს უკან ქართველი ხალხის ნაშრომი და ეს გაბრაზება 26 ოქტომბრისთვის მიიტანოს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ კანონპროექტში რაიმე „რუსულის“ აღმოჩენისთანავე, საკითხი უნდა დადგეს კონკრეტული ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ და ქვეყანაში მისი საქმიანობის შეჩერების თაობაზე.

„ამ ტექსტს აქვს გარკვეული „სირთულე“ და ამავდროულად აღქმის მაქსიმალური სიმარტივე: თუ რაზე მიდის საუბარი, უნდა შეგეძლოს ქართულად კითხვა, მაქსიმუმ 6-გვერდიანი ტექსტის მაინც. უნდა შეგეძლოს წაკითხულიდან აზრის გამოტანა. გვესმის, ძნელია, მაგრამ სხვანაირად ეს კომბინაცია არ მუშაობს. აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს დამოუკიდებლად, „ქოუჩების“ მხრიდან მიღებული დირექტივების გარეშე, აღნიშნულ ტექსტში რაიმე „რუსულის“ აღმოჩენისთანავე, შეურაცხადობის ნიშნით ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე აყვანა სავალდებულო უნდა გახდეს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ აუცილებლობას წარმოადგენს „FARA“-ს კანონის მიღება, ვინაიდან ცნობილი გახდეს საზოგადოებისათვის უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ გვეხმარება ანგარებით და ვინ უანგაროდ.

„ამიხსენით, რა არის ამაში ცუდი? ამ კანონით გამჭვირვალე გახდება არა მარტო დასავლეთიდან შემოსული ფული, არამედ ჩრდილოეთიდან შემოსული ფულიც. დიახ, ჩრდილოეთიდან ანუ რუსეთიდანაც შემოსული ფინანსები, ასევე - აღმოსავლეთიდანაც და სამხრეთიდანაც. ამის შემდეგ უფრო ხელსაყრელ ფასებში გააქირავებს რუს ტურისტებზე ჭიჭიკო ვაშაძე ბინებს და ელენა ხოშტარია უფრო უშიშრად და უნერვიულოდ მიიღებს კრემლიდან ჰონორარებს. აუცილებელია „FARA“- ს კანონის მიღება, რათა დაცული იქნას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს უშიშროება გარე გლობალისტური ძალებისა და შინა მეხუთე კოლონის დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისაგან“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საერთოდ გასულია მომსახურეობის სფეროდან, რადგან ეს არის ოპოზიცია, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ მიულოცა საქართველოს ნაკრების გამარჯვება.

„დღეს გამოდის ეს ტვინგაწყალებული ხალხი, რომელთაც ქართული არაფერი აცხიათ და ნახეთ, რას ლაპარაკობენ, თუ გოცირიძემ, ბერძენიშვილება, ჭიჭიკო ვაშაძემ და პატიკო მანჯგალაძემ გრანტი ვერ მიიღეს, ამის გამო უეფა ევროპის პირველობაზე მონაწილეობას აგვიკრძალავსო. ამის შემდეგ რა შეიძლება ამ ხალხზე ვილაპარაკოთ?! ესენი უკვე „მელოჩებიც“ აღარ არიან, ამათზე ლაპარაკი შეუძლებელია, პოლიტიკურად გაკოტრებული, გამამაძაღლებული არიან.

რომანა გოცირიძის დაძახებაზე მისი ოჯახიც არ გამოვა. რომანა გოცირიძემ ქართველი ხალხი გააკოტრა, გააუბედურა. პირდად ჩემს ოჯახს დიდი უბედურება დამართა. 90-იან წლებში ცხონებულ დედაჩემს, რომელიც მასწავლებელი იყო, ასევე პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეატანინა ბანკში ნაგროვები ფული, 6 ათასი მანეთი და თქვენ წარმოიდგინეთ, მისცა 23 ლარი. საბოლოოდ ისიც არ ჩარიცხეს, მათ დარჩათ. აი, ეს კაცია გოცირიძე, რომელსაც სინდის-ნამუსი რომ ჰქონდეს, როგორ უნდა იყოს პოლიტიკაში, რაც მას უბედურებები აქვს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, ამ ხალხმა ირბინონ ქუჩაში, იყვირონ და იყვნენ. ესენი არიან შეშლილი ავადმყოფები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.