ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - რა პროცესები მიმდინარეობს ოკუპირებულ რეგიონში?!

ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - რა პროცესები მიმდინარეობს ოკუპირებულ რეგიონში?!

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ვერტმფრენმა „იძულებითი დაშვება განახორციელა“. ხოლო, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

თუკი გავიხსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ გარკვეული ტიპის აქტივობებს, ექსპერტულ წრეებში ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონის სამხედრო ანექსიას აწარმოებს. ამაზე მიგვანიშნებს, აეროპორტისა და ოჩამჩირის ბაზის მშენებლობის საკითხი, ბიჭვინთის აგარაკებისა და აპარტ-ოტელების თემა. შესაბამისად, კრემლს რაღაც კონკრეტული გეგმა აქვს აფხაზეთთან დაკავშირებით.

საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, აფხაზეთის ტერიტორია შეიერთოს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„რუსეთის პოლიტიკა აშკარად ანექსიურია და რუსეთს უნდა აფხაზეთის ანექსია მოახდინოს. ვიდრე რუსეთს ჰყავს ისეთი მორჩილი ხელისუფლება საქართველოში, როგორიც „ქართული ოცნებაა“, მაქსიმალურად ეცდება, რომ მიითვისოს, რაც შეიძლება მეტი მიწა და შენობა. მხოლოდ აფხაზების წინააღმდეგობა საკმარისი არაა.

„ოცნების“ მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება და არა აფხაზეთის დაბრუნება, რაზეც საერთოდ არ ლაპარაკობს, არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ბიჭვინთაზე, ოჩამჩირის პორტზე, ხმას არ იღებს, თითქოს საქართველოს არ ეხებოდეს.

რუსეთის დამარცხება უკრაინაში, ავტომატურად არ იგულისხმება საქართველოს წარმატებად. საქართველომ უნდა იშრომოს, მუდმივად ჩართული იყოს პროცესებში და შეიქმნას თავის უსაფრთხოების გარანტიები, მაგალითად, ნატო-ს და თურქეთის სახით. რუსეთმა უნდა ნახოს, რომ საქართველო ისეთივე ძლიერია, როგორც მაგალითად, აზერბაიჯანი. ჩვენ მარტო არ ვართ რუსეთის წინაშე, ჩვენს გვერდით ნატო არის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის უშიშროების ყოფილი მინისტრი და ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ლევან კიკნაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი მიერ აფხაზეთის სამხედრო კოლონიზაცია დიდი ხანია მიდის.

„ის მიზანი, რაც კრემლს აფხაზეთის მიმართ ჰქონდა, არ ცდება და მიყვება მას. აფხაზები დღეს არიან მძევლები საკუთარი სისულელის, მიენდვნენ რუსეთს და კრემლის მძევლები გახდნენ. კიდევაც რომ მოინდომონ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, პრაქტიკულად, ეს შეუძლებელია, სანამ რუსეთი ამ პოზიციაზე იქნება. კრემლი კი ამ პოზიციაზე მუდმივად იქნება, თუკი რაიმე გლობალური არ მოხდა. თუ რუსეთს ისე არ გაუჭირდება, ვეღარ მოახერხოს აფხაზეთის ასეთ მორჩილ მდგომარეობაში დაქვემდებარება.

აფხაზეთში სამხედრო კოლონიზაცია დიდი ხანია ხდება, აფხაზეთი რუსეთის კოლონიაა დღეს. რაც მეტს მოისურვებს რუსეთი, ისეთივე პროპორციული წინააღმდეგობა შეხვედება აფხაზეთის მოსახლეობის იმ ნაწილისგან, რომელიც თავიდანვე ფიქრობდა და დღესაც ფიქრობს, რომ მათი ადგილი, იურიდიული სივრცე, რუსეთი კი არა, საქართველოა.

სამწუხაროდ, მათი ხმა არ ისმის ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი არის ის, რომ როგორც კი ხმას ამოიღებენ, იმ წუთში დამნაშავედ და მოღალატედ გამოაცხადებენ. ასე რომ, წინააღმდეგობა ყოველთვის იქნება, მაგრამ იმ სიძლიერის არა, რომ ამის დაძლევა მოუწიოს რუსეთს“, - განაცხადა ლევან კიკნაძემ For.ge-სთან საუბარში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 16 ივნისს, რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „სოხუმის არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მარტის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივთა გასახლებას გეგმავს, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

რაც შეეხება ოჩამჩირის ბაზას, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბაზის მშენებლობის შესახებ პირველად 2023 წლის ოქტომბერში განაცხადა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა ოკუპირებულ ყირიმშია, არაერთხელ გახდა უკრაინული თვითმფრინავების და რაკეტების სამიზნე და 30%-ზე მეტი განადგურებულია, ამიტომაც სამხედრო ანალიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ ერთ-ერთი პლაცდარმი, შესაძლოა, ოჩამჩირე გახდეს.