„პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა კი არადა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით გავლენის მოპოვებაა“

„პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა კი არადა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით გავლენის მოპოვებაა“

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის სტრატეგიულ მიზნად ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენას ასახელებს. ჯო ბაიდენის ამ პოზიციას იზიარებს დასავლეთი და მათ შორის უკრაინა, რომელიც უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უკრაინის დაპყრობა არ არის - ეს არის საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მის პოზიციას ვლადიმერ პუტინის ცნობილი განცხადებით ამყარებს, როდესაც მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო.

არის თუ არა რუსეთის სტრატეგიული მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

დასავლეთი ამტკიცებს, რომ რუსეთის გეგმა B არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, კონტროლის დამყარება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე და ომი ნატოსთან. დღეს არსებული პოლიტიკური სურათი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის მიზანია საბჭოთა კავშირის აღდგენა და ომი ნატოსთან?

რამაზ საყვარელიძე: საკამათაოდ მიმაჩნია ის პოზიცია, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა. ჩემი პოზიციაა, რომ რუსეთმა თვითონ დაანგრია საბჭოთა კავშირი და უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მთელი საბჭოთა სისტემა - 15 რესპუბლიკა და საბჭოთა სოციალისტური ბანაკი რუსეთის კმაყოფაზე იყო. პირველი - აღარ უნდოდა მათი რჩენა და მეორე - დემოგრაფიული კუთხით ექმნებოდა პრობლემა.

11 ბავშვი ჰყავს მუსულმანებს, ერთი, ორი ბავშვი ჰყავთ რუსებს. 50 წლის მერე მაგ პროპორციით მიდიოდა განვითარება და ანდროპოვის დროს გაკეთებული იყო პროგნოზი, რომ 90-იანი წლებისთვის რუსეთში უმაღლესი გენერალიტეტი იქნებოდა მუსულმანური. თუკი მუსულმანები ხელში ჩაიდგებდნენ წითელ არმიას, ეს ნიშნავდა, რომ რუსეთი აღმოჩნდებოდა პატარა ძმის როლში, ხოლო მუსულმანები გახდებოდნენ დიდი ძმები. აი, ეს როლი რომ აეცილებინა თავიდან, ჯერ კიდევ ანდროპოვის დროს შედგა ეს გეგმა. ანდოპოვის ბრიგადის წევრი იყო გარბაჩოვიც და კაგებეს ჩართულობით მოხდა ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ, რომ კაგებე ხელში ჰქონდა ანდროპოვს.

შედეგიც კაგებეშნიკური დადგა - მოიყვანეს ბორის ელცინი...

- რა თქმა უნდა. დააკვირდით, მერე რა მოხდა, ელცინმა თქვა, რომ არ შემიძლია სახელმწიფოს მართვაო, მიუხედავად იმისა, რომ ბრეჟნევი უფრო უარეს დღეში იყო, მაგრამ აგრძელებდა პირველ პირად მუშაობდა. ელცინმა ხელები დაიბანა და გავიდა პოლიტიკიდან. ელცინის გასვლით კი ხელისუფლებაში მოვიდა პუტინი, რომელმაც რუსეთი გახადა კაგებეს დამორჩილებული. ასე რომ, კაგებეს ინტერესი ამ შემთხვევაშიც დაცულია. ეს დაახლოებით ის სქემაა, როგორც წარმომიდგენია, რა მოხდა რუსეთში.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ თუკი იმ ნარატივს გავყვებით, რუსეთის მიზანია საბჭოთა კავშირის აღდგენა, მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ არ მოინდომა ბელარუსთან და სომხეთთან კავშირის გაკეთება?

- თუ რუსეთს ექნებოდა საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი, ბელარუსიც სთავაზობდა გაერთიანებას და სომხეთიც. არც ერთს აყვა და არც მეორეს - რატომ? - იმიტომ, რომ არ უნდა გაერთიანება. რუსეთს უნდა უფრო თანამედროვე მიდგომა. პუტინის მიზანია არა საბჭოთა კავშირის აღდგენა, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბით გავლენის მოპოვება, იმ ქვეყნების გავლენის ქვეშ ყოლა, ვინც საბჭოთა სისტემაში შედიოდა. ეს საკმაოდ დიდი სივრცეა. თანამედროვეს იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკა კოლონიებს აკეთებს და ტერიტორიებს იპყრობს? - არა. ის ცდილობს, რომ გავლენის სფეროები ჰქონდეს, რაც შეიძლება დიდი. ამიტომ მგონია, რომ დღეს რუსეთი გავლენის მოპოვებაზე არის ორიენტირებული.

ამ მოტივით დაიწყო ომი უკრაინაში?

- რა თქმა უნდა, ხედავდა, რომ გავლენას კარგავდა. თუ შეატყობს, რომ გავლენას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს, ასეთ შემთხვევაში, უფრო შორს, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია, არ წავა. მას არ სჭირდება თავის ატკიება. წაროიდგინეთ, საჭოთა კავშირი რომ აღადგინოს ისევ რუსეთმა, ასეთ შემთხვევაში, უნდა არჩინოს ეს სახელმწიფოები. შეუძლია კი რჩენა? თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი სტალინის დროინდელი მოვლენა იყო და ხიშტით მართავდა ამხელა ქვეყანას. დღეს პუტინს ხიშტით გაუჭირდება მართვა, იმიტომ, რომ დასავლეთი მას სანქციებს დაუწესებს. ვხედავთ, რომ სანქციებზე შედარებით ადვილად მიდის დასავლეთი. სტალინის პერიოდი ისე გაიარა მსოფლიომ, რომ თავში არავის მოსვლია სანქციების დაწესება, ისედაც იზოლაციაში იყო საბჭოთა კავშირი და ამ იზოლაციას გაუძლო სტალინმა.

მაგრამ იზოლაციას გაუძლებს პუტინი?

- გამწარებული ჩიპებს შავ ბაზარზე ყიდულობს. ასე რომ, სიტუაცია საგრძნობლად განსხვავებულია საიმისოდ, რომ იგულისხმო, მას საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა. ვიმეორებ, გავლენის აღდგენა უნდა, ოღონდ ისე, რომ თვითონ არაფერი გადაიხადოს. გავლენა მაგას ნიშნავს - მეორე სახელმწიფო შენს ჭკუაზე მოქმედებს, ოღონდ შენ იმას არაფერს უხდი. საბჭოთა კავშირის დროს რუსეთი უხდიდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკას საიმისოდ, რომ ისინი არსად გაქცეულიყვნენ. ახლა, დაინახეს ეს პერსპექტივა, რომ შეიძლება არავის არაფერი გადაუხადო და ისე გქონდეს გავლენა. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, რომ არ გადაუხადონ და ისე იყოს. ამიტომ, საბჭოეთის აღდგენა, ვფიქრობ, ევროპელების ლეგენდაა.

როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდებათ ევროპელებს ეს ლეგენდა?

- ჯერ ერთი იმისთვის, რომ უკვე ტრადიციული საფრთხობელა არსებობს დასავლეთში - საბჭოთა კავშირი. თვითონ რომ თქვან, საბჭოთა კავშირი აღდგებაო, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა ცუდი მოხდება.

რაში სჭირდებათ დღეს ეს საფრთხობელა?

- მახსენდება რეიგანი, რომელიც იძახდა - საბჭოთა კავშირი არის ბოროტების ღერძიო და მერე ამ წყევლა-კრუვლის ფონზე, მიიღო დაფინასება იმისთვის, რომ იარაღი გაეკეთებინა. შესაბამისად, ეს ფული გადაუხადა სამხედრო სამრეწველო კომპლექსს და ამით მოსპო უმუშევრობა რეიგანმა. ერთ-ერთი გენიალური ნაბიჯი იყო უმუშევრობის მოსპობა. ამ დროს წელში გაწყვიტა რუსეთიც და სულ არ იყო რუსეთისთვის რეიგანი ხავერდოვანი, მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა ჰქონდა მარტო.

მულტიპლიკაციური ფილმები ანახა იმის შესახებ, როგორ ააქვს ამერიკას იარაღი კოსმოსში, რაც რუსებს სიმართლე ეგონათ. რეალურად, ეს იყო ნახატები. სამაგიეროდ, ეს ნახატები დაიჯერა რუსეთმა და დაიწყეს ტვინის ჭყლეტა იმაზე, როგორ გაჯიბრებოდნენ ამერიკას. გატყავდნენ მაგ შეჯიბრში, რადგან რეალურად თვითონ აპირებდნენ აეტანათ კოსმოსში მთელი შეიარაღების სისტემა, რაც ძალიან დიდი ფული ჯდებოდა. მოკლედ, ძალიან გამჭრიახი ტიპი იყო რეიგანი, რომელმაც ჭკუაში აჯობა საბჭოთა კავშირს, დაახარჯინა დიდი თანხები და ამ დროს თვითონ არაფერი არ გააკეთა, არც კი დაუნგრევია.

რატომ? ჩვენ ხომ ვიძახით, რომ რეიგანმა დაანგრია საბჭოთა კავშირი?

- თვითონ ამერიკელები არ იძახიან, რომ რეიგანმა დაანგრიაო. აგერ, ბაიდენმა თქვა, რომ ისეთი შეცდომა არ მოგვივიდეს როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, როცა მხოლოდ დაშლის შემდეგ გავიგეთ, რომ იშლებოდაო. ანუ, არ იცოდნენ, რომ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, ისე დაიშალა. ამდენად, იმათი დაშლილი არ იყო საბჭოთა კავშირი და ეს იმაზეც ჩანს, რომ მოუმზადებელი შეხვდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას. არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რა სტრატეგია უნდა ჰქონოდათ. მათ რომ დაეშალათ საბჭოთა კავშირი, ასეთ შემთხვევაში, იმასაც ხომ მოიფიქრებდნენ, ამა თუ იმ შემთხვევაში, რა უნდა ექნათ. ასეთი მოფიქრებული გეგმები მათ არ ჰქონდათ. ასე რომ როგორ დაიშალა საბჭოთა კავშირი, ეს დღეს გამოკვეთილად არ არის ცნობილი.

დღეს, მთელი დასავლური პოლიტიკა სწორედ იმაზეა აგებული, რომ პუტინის მიზანია საბჭოთა კავშირის აღდგენა, მაგრამ რატომ უნდა, ამაზე არავინ არ საუბრობს, გარდა იმისა, რომ აცხადებენ არ უნდა დაუშვან საბჭოთა კავშირის აღდგენა...

- არ უნდა დაუშვან, თან ბაიდენი იძახის, რომ რუსეთი არ უნდა დაიშალოსო, რადგან ეშინია ჩინეთი არ წამოვიდეს მეწყერივით. ამიტომ, მგონია, რომ თვითონ გარკვეული არ აქვთ რას იზამენ, ან აქვთ და ძნელი ჩასაწვდომია სიღრმეები, სადაც რაღაცა იდეებს აცხობენ. მაგრამ, ვიმეორებ, იმის თქმა, რომ პუტინს დღის წესრიგში აქვს საბჭოთა კავშირის აღდგენა, ეს მოსახლეობაზე არის გათვლილი, რადგან უკრაინის ომში მოსახლეობის მხარდაჭერა უნდა, რომელიც იკითხავს - აბა, რატომ აქვს უკრაინაში ომი, თუ საბჭოთა კავშირის აღდგენა არ უნდა და აღარ მიაქცევს ყურადღებას იმას, საბჭოთა კავშირის აღდგენა თუ უნდოდა, ბელარუსს, სომხეთს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ისედაც მიიწევდნენ რუსეთისკენ - მიიერთებდა. მაგრამ არ გადადგა ეს ნაბიჯი და არა იმიტომ, რომ კეთილშობილია, არამედ იმიტომ, რომ მაგის ფინანსები აღარ ჰქონდა უკვე.

აი, იძახიან, რომ ინგლისი გამოვიდა ინდოეთიდან და არ იბრძოლა თავგადადებითო, რატომ? იმიტომ, რომ დაითვალა ინგლისმა და აღმოაჩინა, რომ უფრო ძვირი უჯდება ინდოეთის შენახვა, ვიდრე ის, რომ ინდოეთზე გავლენა ჰქონდეს. ინდოეთზე გავლენა დღესაც აქვს, ოღონდ ხარჯი არ აქვს. აი, იგივე სტრატეგია არის რუსული სტრატეგია. რუსეთმა უარი თქვა ასეთ კოლონიურ სისტემაზე, იმიტომ, რომ ძვირი ჯდება და ცდილობს, რომ ეს სისტემა გავლენის სისტემად აქციოს და ფული აღარ დასჭირდეს ამ სისტემის შენარჩუნებაში.

მაგრამ, შეძლებს კი რუსეთი გავლენების შენარჩუნებას?

- გავლენების შენარჩუნება თავისთავად ძნელია პუტინისთვის, ვინაიდან გავლენებზე ნადირობს დასავლეთიც და, ალბათ, გაუჭირდება რუსეთს გავლენების შენარჩუნება, თუ რაღაცა სხვა გადათამაშება არ მოხდა. არ გამოვრიცხავ, ამ გადათამაშებში ჩინური თემის გამოჩენას. შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობაში ბევრი რამ კიდევ მოხდეს, რომელიც დღეისთვის არ ჩანს.

trampi ნუთუ ამ კაცის მეტს სხვას ტვინი არ ყოფნის??-------მართალს ამბობს ეს კაცი, მართალს
ესენი კიდევ............... ევროპა უნდა დაიპყროს..................... პრიბალტიკა უნდა დაიპყროს ............. და ათასი სისულელე
გიჟიააა ამდენი ხალხი კიდევ არჩინოოს ??
ამერიკას უნდა დაჰკრასო რომ თქვან კიდევ ხოო და სსრკ??--
გავლენის აღდგენა ხოოო ........... მაგრამ სსრკ--?????
პუტინი არააა გიჟი
ისე ცოტა დაქნეული კიაა, მაგრამ გიჟი ნაღდად არააა
ეს კაცი 100% მართალია!!!!!!!!!!!!!!!!
4 კვირის უკან