„ამერიკამ, როცა ზოგ რუს ოლიგარქს მოუხსნა სანქციები, ქართველმა მოსამართლეებმა რა დააშავეს?!“

„ამერიკამ, როცა ზოგ რუს ოლიგარქს მოუხსნა სანქციები, ქართველმა მოსამართლეებმა რა დააშავეს?!“

„ქართული ოცნება“ სტრატეგიული პარტნიორის პასუხის მოლოდინშია - მმართველი ძალა აშშ-ს სთხოვს, ქართველი მოსამართლეები სანქცირებულთა სიიდან ამოიღოს.

მმართველ გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ აშშ-ის საელჩოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება გადაიხედება. სასამართლო სისტემა, უმრავლესობის წევრების განმარტებით, დამოუკიდებელი და თავისუფალია. სანქციების მოხსნასთან ერთად, „ქართული ოცნების“ წევრები მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ბოდიში მოხდასაც ითხოვენ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური უწყებებისგან პასუხს ელოდება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე, დაუსაბუთებელი იყო. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განმარტებით, გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ პოზიცია უფრო გაუმყარა.

„საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის“ მიზეზით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2023 წლის 5 აპრილს, სავიზო შეზღუდვა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს. ამ დრომდე, სავიზო შეზღუდვები მოსამართლეების ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის პირობა, რაც კელი დეგნანის პირობებში არ იყო შესაძლებელი.

„მე იმედს ვიტოვებ, მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ის უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს. მაგალითად, ერთი ყოფილი და სამი მოქმედი მოსამართლის გარდა, ასეთივე პრაქტიკული სანქციები შეეხო ლაშა ჩხიკვაძეს. გამოვიდა ადამიანი და თქვა, რომ ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა იმ უსაფუძვლო ბრალდებების გამოო. წარმოიდგინეთ, მართალი ხარ, შენს მოვალეობას ასრულებ კეთილსინდისიერად და ისეთი ბულინგია შიგნით თუ გარეთ დაფინანსებული, ე.წ. დაბუსტული, რომ შენ კი არა, შენს შვილსაც შეეხო ფსიქოლოგიურად. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის, მით უმეტეს დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები.

ამიტომ, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძის, ისე სხვათა მიმართ უნდა მოიხსნას სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე დიდ, ცრუ აგრესიას წარმოშობს, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკამ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა, უნდა გადახედოს სანქცირებულ მოსამართლეების სიას და მათთვის ამ სანქციების მოხსნა უნდა მოხდეს.

„საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ მიუღია კონკრეტული მტკიცებულებები იმის, თუ რის საფუძველზე მოხდა ამ მოსამართლეების დასანქცირება. ეს იყო მიკერძოვებული და პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, კვლავ ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს, ანგაჟრებული ენჯეოების და ნაცოპოზიიცის ანგარიში ან განცხადებები. ყველამ კარგად ვიცით, ეს ე.წ. ენჯეოშნიკები ვინ არიან და წარსულში რას საქმიანობდნენ, როგორ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების პოზიციების გაშავებას დასავლეთში. იგივე მოხდა ამ მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. რაღაცა ჟურნალისტის ვითომ საგამოძიებო სიუჟეტის გამო მოხდა ამ მოსამართლეების დასანქცირება. მაშინ ჩნდება კითხვა, გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც დასაჯეს ამ გადაწყვეტილების გამო, გამოდის თუ არა მართალი და მას ეკუთვნის თუ არა ამერიკის ვიზა? სტრასბურგის სასამართლომ ამ ადამიანის გადაწყვეტილებაში საეჭვო ვერაფერი ვერ ნახა. იმ ფონზე, როცა ზოგიერთ რუს ოლიგარქს ამერიკამ მოუხსნა სანქციები, ქართველმა მოსამართლეებმა რა დააშავეს, როცა საერთაშორისო სამართლის დონეზე მათ მიმართ კითხვები არ არსებობს?“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ასევე ეყრდნობა ანგაჟირებულ მაშინდელ ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში უსირცხვილოდ და ღიად ერეოდა. ის ბოლოს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ტექსტებით საუბრობდა. რაც შეეხება ახალ ელჩს, აბაშიძე ამბობს, რომ ის ბევრად კონსტრუქციულია, თუმცა ფუჭი მოლოდინი მაინც არ უნდა შევქმნათ. ეს მაინც ადმინისტრაციის პოლიტიკის დამსახურებაა და ბევრი რამ შესაძლოა ახლანდელ ელჩზე დამოკიდებული არც იყოს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საფუძველი იმისა, რომ ამერიკამ შეცვალოს ეს დამოკიდებულება, არსებობს, თუმცა მოლოდინი, რომ ამერიკა ამას გააკეთებს, იმედი არ არსებობს.

„ამერიკა ამ პოლიტიკით საქართველოსთან იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. სამხრეთ კავკასიის რეგიონში იმ სამი რესპუბლიკიდან ერთადერთი ვართ, რომლისაც კონსტიტუციის დონეზე აქვს პროდასავლური ორიენტაცია გაცხადებული. იმის მაგივრად, რომ თავისი დასავლელი პარტნიორებისგან ჩვენი მოსახლეობა მხარდაჭერას გრძნობდეს, ჩვენს ქვეყანას ამ უსმართლობასთან გამკლავება უწევს. ეს კი ჩვენს მოსახლეობაში ანტიდასავლურ გავლენებს და განწყობას ზრდის. ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ხელშეწყობის შედეგად ხდება. არაფერი არ უშლის ამერიკას, ევროკავშირის საელჩოს, რომ ელემენტარურლად, თავისი შეცდომა აღიარონ, იგივე გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის წინაშე. როდესაც ევრპული სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ გვარამიასთან მიმართებით შეცდომა ქართულ მართლმსაჯულებას არ დაუშვია, ნებისმიერ გულწრფელ პარტნიორს ამ შეცდომის აღიარება შეუძლია. ამ მოსამართლის მიმართ დაკავშირებული უსამართლობა მაინც გააუქმონ“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი ტესტი დასავლეთის წინაშე დასმული და პასუხი უნდა გასცენ საქართველო არის თუ არა მათი თანასწორი პარტნიორი. თუ საქრათველოს ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი ე.წ. პარტნიორები არიან. ქართველიშვილი ფიქრობს, რომ ყოველდღიურად ქართველებში ანტიდასავლურ განწყობებს თავად აღვივებენ.