„რუსეთი სომხეთის ვექტორის ცვლილებას არ შეეგუება, უკვე დაიწყო გავლენების აგენტების დამუშავება და შესაძლოა, სამხედრო გადატრიალებაც კი მოხდეს“

„რუსეთი სომხეთის ვექტორის ცვლილებას არ შეეგუება, უკვე დაიწყო გავლენების აგენტების დამუშავება და შესაძლოა, სამხედრო გადატრიალებაც კი მოხდეს“

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, როგორც ჩანს, ქვეყნის საგარეო კურსს უკვე ღიად ცვლის. რა მოჰყვება სამხრეთ კავკასიაში სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და როგორი შეიძლება იყოს რუსეთის პასუხი? როგორც ცნობილი ხდება, სომხეთის განვითარების გზების განსახილველად 5 აპრილს ფაშინიანი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.

სომხური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ.

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და ამის შესახებ უფრო დეტალურად საუბარი უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

სომხეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დაგეგმილმა სამმხრივმა შეხვედრამ აზერბაიჯანის უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. ის დასავლეთს მიკერძოებაში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, 5 აპრილს დაგეგმილი შეხვედრას სამშვიდობო პროცესზე უარყოფითი გავლენა ექნება და თვლის, რომ მხარეები „ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდას“ აწარმოებენ.

აზერბაიჯანს სომხეთმა უკვე უპასუხა. ოფიციალური პირების განმარტებით, 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნება სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ს თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს და არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ბრალდებებს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და მოლაპარაკებების პროცესში სომხური მხარის არაკონსტრუქციულების შესახებ, ერევანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, მოახდინოს საზღვრის დემარკაცია და გახსნას რეგიონალური კომუნიკაციები აზერბაიჯანთან უკვე შეთანხმებულ პრინციპებზე დაყრდნობით.

5 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა, აზერბაიჯანის შემდეგ კრემლშიც გააკრიტიკეს.

„მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობებში შექმნილი ვითარება არ იწვევს ოპტიმიზმს. სომხეთის ხელმძღვანელობა შეგნებულად ანგრევს ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 28 მარტს, „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

„სომხეთში უკვე მომიწია კომენტარის გაკეთება არსებულ ვითარებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იწვევს ოპტიმიზმს. სომხეთის ხელმძღვანელობა, პირდაპირ რომ ვთქვათ, მოგონილი საბაბით, ამახინჯებს ბოლო სამი-სამწელიწადნახევრის ისტორიას, შეგნებულად მიჰყავს საქმე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნგრევისკენ“, - განაცხადა მან.

ლავროვის თქმით, ერევანი ცილს სწამებს გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე მომუშავე რუს სამხედროებს, მესაზღვრეებს და მთლიანად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.

„ერევანში არ ახსენებენ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ არაერთხელ დაიცვა სომხეთის ინტერესები რთულ სიტუაციებში და 2021 წელს მზად იყო ქვეყანაში გაეგზავნა სამშვიდობო მისია აზერბაიჯანთან ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ 5 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ძალიან საინტერესოა და მას შესაძლოა ისტორიული შეხვედრაც კი ვუწოდოთ. მაისაია ამბობს, რომ აქ აქტიურობენ უკვე ამერიკა, საფრანგეთი და ევროკავშირის ლიდერშიპები, რომლებიც ცდილობენ სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური თამაში წამოიწყონ.

„ფაშინიანი უკვე აშკარაა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას ცდილობს. როგორც ჩანს, 5 აპრილის არაფორმალური სამიტისგან ფაშინიანი შეეცდება, ამერიკისგან, საფრანგეთისგან და ევროკავშირისგან გარკვეული გარანტიები ან მკაფიო პოზიცია თანამშრომლობაზე მიიღოს. ამის შემდეგ არ არის გამორიცხული, სომხეთი უკვე ღიად პროდასავლურ ორიენტაციაზე გადავიდეს. პრინციპში, დასავლეთს კარგად ესმის კავკასიაში მათი პოზიციები შესუსტებულია. თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა დასავლეთის დაბლოკვა კავკასიაში შესანიშნავად მოახერხეს. ე.წ. სამს პლუს ორი შექმნეს და დე ფაქტოდ, ჩვენც ჩაგვრთეს.

სომხეთი ახლა რუსებსაც და აზერბაიჯანსაც ყურებით ჰყავს დაჭერილი, ამიტომ მას სჭირდება ახალი პარტნიორები, რომლებიც მათ რაღაცა ხელჩასაჭიდ იმედს მისცემენ. რეგიონში ანტიდასავლური კოალიცია იქმნება. აქ არის თურქეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ღიად საფრანგეთს და ევროკავშირს უპირისპირდებიან. ამერიკასთანაც მაინც და მაინც არ აქვთ კარგი ურთიერთობა. ამასთანავე აზერბაიჯანმა 2022 წლის 23 თებერვალს რუსეთთან სტრატეგიული მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამ შეკრულ წრეში სომხეთი და საქართველოა ქვეყნები, რომლებიც დასავლეთისთვის დასაყრდენი უნდა იყოს. თუმცა ჩვენი პოლიტიკა მაინც ნეიტრალურია და ვცდილობთ არავის საქმეში არ ჩავერიოთ“, - ამბობს მაისაია.

რა შეიძლება ამ სიტუაციაში რუსეთმა მოიმოქმედოს, რომელიც ჯერჯერობით სომხეთში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, მაისაია ამბობს, რომ. რა თქმა უნდა, კრემლი ასე გულხელდაკრეფილი არ იჯდება და ფაშინიანს ამაზე პასუხს აგებინებენ.

„ყველაფერი 5 აპრილის არაფორმალურ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული - ამ სამიტზე რა შედეგებს მიაღწევენ მხარეები. თუ სომხეთმა დასავლელი აქტორებისგან მყარი გარანტიები მიიღო, ბუნებრივია, ეს ფაშინაინს წააქეზებს ქვეყანაში ანტიევრაზიული განწყობები უფრო გააღვივოს. არ არის გამორიცხული, მან სომხეთში რუსული ბაზების დახურვა მოითხოვოს. რუსი მესაზღვრეები გააძევოს და აქედან გამომდინარე, რუსეთი ზომებს მიიღებს.

რუსეთი დასავლეთს ცენტრალური ევროპის მიმართულებით ემუქრება - ამას არ ეპუება და სომხეთის ვექტორის ცვლილებას საერთოდ არ შეეგუება, რადგან მაშინ, ის სამხრეთ კავკასიიდან გაძევებული იქნება. რუსეთმა უკვე დაიწყო სომხეთში გავლენების აგენტების დამუშავება. მთიანი ყარაბაღის ყოფილი მთავრობის ხელმძღვანელები წინ წამოწია, რათა ამ ახალი პრორუსული დაჯგუფებების ფონზე, არ გამოვრიცხავ სამხედრო გადატრიალებაც კი მოახდინონ“, - ამბობს მაისაია.

რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში საქართველომ და რა როლი უნდა ითამაშოს კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე? - მაისაია ამბობს, რომ ჩვენ ახლა სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და მათთვის ჩვენ ქვეყანასთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ და შეძლებისდაგვარად, თუკი ის ღიად პროდასავლურ კურსს დააფიქსირებს, დავეხმაროთ. ჩვენც ოფიციალურად პროდასავლური ორიენტაცია გვაქვს დადასტურებული. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დასავლური ბლოკი და თუკი სომხეთი ღიად განაცხადებს ამის შესახებ, მათ დასახმარებლად მზად ვიყოთ“, - ამბობს მაისაია.