„მოგვეცით ეს წყეული Patriot-ები - თუ უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი ნატო-ს ქვეყნებში გაემართება“

„მოგვეცით ეს წყეული Patriot-ები - თუ უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი ნატო-ს ქვეყნებში გაემართება“

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ ევროპაზე თავდასხმას გეგმავს, სისულელეა, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი მოსახლეობის დაშინებას. მისი მტკიცებით, აშშ-ის სატელიტებს დიდი, ძლიერი რუსეთის ეშინიათ, თუმცა რუსეთს ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიული განზრახვა არ აქვს.

„სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა, უბრალოდ, სისულელეა. ეს საკუთარი მოსახლეობის მოტყუების და ხალხისგან დამატებითი ხარჯების ამოღების კიდევ ერთი გზაა. აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთის სამხედრო ხარჯები - 72 მილიარდი აშშ დოლარი იყო. რუსეთი ნატო-სთან ომს არ აპირებს და ეს, უბრალოდ, სისულელეა“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება რომ ჭეშმარიტება არაა, ეს ცხადია, თუმცა, დღევანდელი რუსეთი რომ ნატოსთან ომისთვის მზად არ არის, ამის შესახებ თავად ალიანსის ლიდერები საუბრობენ. დღეს, რუსეთის პოლიტიკური და სტრატეგიული ამოცანაა კიევის აღება და არსებული ხელისუფლების სამხედრო გზით შეცვლა.

საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ ცხადი ხდება, რომ პუტინის პოლიტიკური ამოცანა კიევის აღებაა. რამდენიმე დღეა გრძელდება რუსეთის სარაკეტო და დრონებით მასიური თავდასხმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ამჯერად სამიზნეს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტები წარმოადგენდა. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ რუსების მიერ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვისთვისაც. საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ები ქონდეს, შეძლებდნენ დაეცვად უკრაინის ეკონომიკა განადგურებისგან.

„მოგვეცით ეს წყეული Patriot-ები. ეს სისტემები ასევე ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსული ავიაცია მასიურად იყენებს ავიაბომბებს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება. როდესაც უკრაინული ჯარები კარგავენ პოზიციებს, მოდი, ვნახოთ მიზეზი - ეს იმიტომ, რომ რუსეთმა მასიურად დაიწყო განახლებული საჰაერო მართვადი ბომბების გამოყენება“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადებით, რუსეთის იმპერიალისტური პროექტის მომავალი უკრაინაზეა დამოკიდებული. დღეს რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში არ დამარცხდებიან, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება.

„არ ვიცი როდის, მაგრამ რუსეთი ნამდვილად შეიძლება თავს დაესხას ნატო-ს ერთი პირობით - თუ დასკვნამდე მივა, რომ ნატო-ს პასუხი ადეკვატური არ იქნება. რუსეთი ალიანსის შიგნით უთანხმოებების გამოყენებას შეძლებს, რათა ნატო-ს მხრიდან მყისიერი და გამანადგურებელი პასუხი არ მიიღოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უბრალოდ, უკრაინის დაპყრობა არ არის - ეს არის საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს არ აქვს იმის იმედი, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი სწრაფად დასრულდება. გერმანელი დიპლომატი მოელის, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება დაიძაბება, რადგან პუტინის სისასტიკეს საზღვარი აღარ აქვს.

„ვლადიმერ პუტინი მკაფიოდ აცხადებს, რომ არ იღებს რაციონალურ არგუმენტებს და კაცობრიობის ღირებულებებს. მას, რა თქმა უნდა, არ სურს მოლაპარაკებების წარმოება. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რა მოხდება უკრაინის დამარცხების შემთხვევაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ევროპის უსაფრთხოებაც და საერთაშორისო წესრიგიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების გარანტიაა“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ პუტინის განცხადებიდან და იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ხდება უკრაინასთან მიმართებაში, თვითონ ნატო და კოლექტიური დასავლეთი გარკვეულ დათმობებზე წავიდა. კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება არის იმის ნიშანი, რომ რაღაცა პროცესების გაგრძელებას ადგილი არ ექნება იმ კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის შემდგომ, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციას.

„მე, მაგალითად, ასეთ ვერსიაზეც გავამახვილებდი ყურადღებას. ეს მესიჯი ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტული მიზნისა და ამოცანების გადაწყვეტის შემთხვევაში, რაც პუტინს და რუსეთის ფედერაციას აქვს უკრაინაში, ის არ გაგრძელდება. ე.ი. საზღვრების გადატანა არ მოხდება იმ სახელმწიფოებში, რომლებიც არიან ნატოსთან კავშირში. მე, ერთ-ერთ ვერსიად ამას განვიხილავდი. ვფიქრობ, რომ ის დათმობები და არასაკმარისი დახმარებები, რაც ახლა სახეზე გვაქს, ეს არის გარკვეული ნიშანთა ერთობლიობა, რაც შესაძლებელია, სწორედ, იმ სტრატეგიულ ინტერესში შედიოდეს, რომ ეს ტერიტორია აღარ გახდეს სადავო, მაგრამ ძირითადი აქცენტი იყოს გადატანილი იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან და, ზოგადად, მდებარეობენ კონფლიქტის ზონასთან ახლოს. განცხადება, რომ ნატოსთან იწყებს ომს, ეს არის პროპაგანდის ნაწილი და მე მაინც ვფიქრობ, რომ სამყაროს დასასრულისათვის არც ერთი, ღიად და ფარულად წარმოდგენილი მთავრობები მზად არ არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.