„გახარიას, თავის დროზე, პრემიერმა სამართლიანად მიაწება იარლიყი - „ბოლი“

„გახარიას, თავის დროზე, პრემიერმა სამართლიანად მიაწება იარლიყი - „ბოლი“

პოლიტიკური ბრძოლის ველიდან გაქცეული ექს-პრემიერი გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერი გახდება. გახარია წინასაარჩევნო პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ „ოცნებას“ მოგების შანსი არ აქვს, ეს იცის ივანიშვილმა, თუმცა ამასთან შეგუება უჭირს“. გახარია ამბობს, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით საკუთარ პარტიას შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან მათ უთხრა, რომ თუ არ გამოჩნდებოდა, ისე არჩევნებს ვერ მოიგებდნენ. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე და ისევ დაჟინებით ამტკიცებს, რომ არსებობს 25 ოჯახი, რომლებიც სწორედ კორუფციის გზით გამდიდრდა. ექს-პრემერის ამბიციური განცხადებები ამით არ დასრულებულა და ამტკიცებს, რომ არც „ოცნებასთან“ და არც „ნაციოანლებთან“ თანამშრომლობას არ აპირებს. ხოლო თავის საპირწონე პოლიტიკურ ლიდერად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს, ამიტომ დებატებში მხოლოდ მასთან დაჯდომა სურს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გახარიას პოლიტიკური ამბიციები რეალობას არ შეესაბამება, ის არაადეკვატურია და სჯობს იმ ლიდერებს გაეჯიბროს, რომლებიც რეიტინგით მისი თანასწორები არიან.

„მას აქვს გადაჭარბებული ამბიციები და რატომღაც ჰგონია, რომ მისი წონა არის ივანიშვილი, მისი წონა არის მელია, გვარამია. მას უნდა, ხალხს მოაჩვენოს, რომ ეპაექრება ივანიშვილს და ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს. რეალურად, საზოგადოება ხვდება, რომ როგორც კი ერთი კვირა არ გააკეთებს განცხადებებს, თავისივე წევრებს აღარ ემახსოვრებათ უკვე. როგორც „ნაცმოძრაობა“ დაამთავრა გახარიამ, ისე ფიქრობს, რომ დამთავრდა „ოცნება“, - ასე პასუხობს გიორგი გახარიას განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

„რეალობასთან აცდენილი“ - ასე კი გახარიას თბილისი მერი კახა კალაძე პასუხობს, რომლისთვისაც მიუღებელია გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებები.

„პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია, ან სერიოზული პრობლემები აქვს, ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში და რეალობასთან აცდენილია“, - ამბობს კახა კალაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას განცხადება დეზინფორმაციული, მანიპულაციური და არარეალისტურია და მისი გზავნილები რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერების განცხადებებისგან არაფრით განსხვავდება.

„შეუძლებელია 2%-იანი პარტიის ლიდერმა ამბიციურ გეგმებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე, დამოუკიდებლად აქტიურობაზე და ა.შ. ისაუბროს. გახარიას თავის დროზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამართლიანად მიაწება იარლიყი „ბოლი“. ეს არის დამბოლობელი პოლიტიკოსი, რომლის არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ რას მოიმოქმედებს, ვითომ დაიმუქრება რაღაცა კომპრომატების გამოქვეყნებით, ეს საინტერესო არ არის. უბრალოდ, არჩევნების დღე რაც უფრო მოახლოვდება, ურეიტინგო პოლიტიკოსები კიდევ უფრო მატყუარები გახდებიან. გახარიამ წარმოადგინოს რომელიმე საარჩევნო პროგრამა, რომლითაც ხალხი დაინტერესდება. ამიტომ მისი განცხადებები არა მხოლოდ არარეალისტურია, უკვე დასაცინიც კი გახდა. მან პოლიტიკა კი არა, საჯარო სივრცე უნდა დატოვოს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას რეიტინგიდან გამომდინარე, უმჯობესია და რეალისტური იქნება, დებატებში მისივე მსგავსი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსებს დაუჯდეს.

„ივანიშილი რატომ უნდა დაუჯდეს 2%-იანი პარტიის ლდერს? გახარია ჯობია დებატებში მისსავე საპირწონე პოლიტიკურ ლიდერებთან დაჯდეს. ასეთები არიან მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და სხვები. ძალიან ბევრს ხმაურობენ ასეთი პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ ხალხზე და პოლიტიკაზე რეალური გავლენა არ აქვთ. ამიტომ საკუთარ თავს რაღაცა წონა მისცეს ჯობია. იმის მიუხედავად, რომ პრემიერი იყო, ის არის მოღალატე, რომელმაც გუნდი გასაჭირში მიატოვა. ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა იგივეა, რომელიმე თინეიჯერმა რომ თქვას ჩვენს საამაყო ქართველ ფეხბურთელებზე - მოვუგებო. გახარია უკვე ირონიის პერსონაჟი გახდა“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გიროგი გახარიას აღქმები და პოლიტიკური ამბიციები რეალობას არ შეესაბამება. საყვარელიძე for.ge-სთნა ფიქრობს, რომ გახარიას ასეთი განცხადებები პოლიტიკურად არაფერს მისცემს.

„გახარიას განცხადება, რომ ივანიშვილი ჩემთნა დებატებში დაჯდესო, უკვე წამგებიანი მოთხოვნაა. მან კარგად იცის, რომ ივანიშვილი ამაზე არ წავა და რაში სჭირდება ამის თქმა? აქვს გახარიას იმის გარანტია, რომ ამ ხალხისთვის ის რეალური ფალავანია? ის ხომ ერთ დროს ბრძოლის ველიდან გაიქცა? ის ხომ დიდ ხანს საერთოდ გამქარლი იყო და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდა. ის, როგორც ფალავანი არ იქცევა და რატომ ჰგონია, რომ მას ასეთად ვინმე აღიქვამს? მით უფრო, რომ გახარიას აქვს ბევრი პოზიტიური რამ სათქმელი. სხვა თუ არაფერი, პრემიერი იყო, კოვიდის დროს ქვეყანა გაიყვანა სამშვიდობოს. იმ გამოცდილებიდან რომ ილაპარაკოს და არა - მოდი ვიჭიდაოთ, უფრო არ სჯობს? ეს საბავშვო ბაღი რომ არ მოაწყოს და რეალურად ისაუბროს, რისი შანსები აქვს თავად, მე მგონი ბევრად ჯობია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ამბობს, რომ ის არავისთან დადგება, მაშინ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.

„პოლიტიკაში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომელიც გამარჯვების გამო არ გადადგამს ნაბიჯს და საჭიროების მიხედვით არ იმოქმედებს. მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინი დასავლეთში გულზე არავის ეხატებოდა, მაგრამ საჭირო რომ გახდა, მის გვერდით დადგნენ. ვიღაცასთან დავდგები და ვიღაცასთან არა, - პოლიტიკაში მსგავსი მოთამაშეების ადგილი არ არის. ამიტომ არ მგონია გახარიას თავად გააზრებული ჰქონდეს თავისი მოთხოვნების სიგრძე-სიგანე“, - ამბობს საყვარელიძე.