ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას სასამართლოზე მისცემს

ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას სასამართლოზე მისცემს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა დაიწყო. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ უნდა თქვას, ჩაიდინა თუ არა ბაჩიაშვილმა დანაშაული.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის, ბრალდება 2017 წელს განხორციელებული ქმედება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. ხმაურიანი საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განმარტებით, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც აჩენს მოლოდინს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხება. ბრალდებულის ადვოკატის ლევან მახარაშვილის განმარტებით, რა ქმედების ჩადენასაც ბრალდებულს ედავებიან, დანაშაულს არ წარმოადგენს და ამის მტკიცებულებად დაცვის მხარემ სასამართლოში, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი წარადგინა. როგორც ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აუდიოჩანაწერში საუბარი კრედიტის დამტკიცების პირობებზეა.

„მესმის, რომ შინაარსი გაინტერესებთ, მაგრამ პროცესებს უნდა დაველოდოთ. არსებითი განხილვის დროს, როცა მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავალთ, სრულად იქნება გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, შესაბამისად, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დანიშნა დაცვის მხარემ საზღვარგარეთ ექსპერტიზა, საქართველოში არსებულმა ყველაზე დიდმა საექსპერტო ბიურომ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით მათ გააჩნდათ პრობლემები, რის გამოც იძულებული გავხდით, ექსპერტიზა ევროპაში დაგვენიშნა. ჩანაწერი, რომელიც საქმეში არსებობს, მტკიცებულებას წარმოადგენს. ჩანაწერი გაკეთებულია კრედიტის გაცემამდე და მასში საუბარია კრედიტის დამტკიცების პირობებზე“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ცნობილია, რომ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში ჩვენებას, როგორც დაზარალებული მისცემს. საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძეს განცხადებით, აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებულია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში. მისი თქმით, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება სასამართლოში დაკითხვა და ბუნებრივია, ის ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. რაც შეეხება მხარის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერს, რომელიც ადვოკატისა და ბრალდებულის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩალიაშვილის საუბარს ასახავს, ავთენტურობის დასადგენად მათ ექსპერტიზა დანიშნეს.

„დადასტურებულია, კანონით გათვალისწინებული სტანდარტით, რომ ეს დანაშაული ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ჩაიდინა, იმ მტკიცებულებით, რომელიც უამრავია და ზედმეტად მაღალი ხარისხით ადასტურებს. ჩანაწერის ავთენტურობა შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. ბუნებრივია, ამას სხვა უწყება ატარებს და კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით. დაცვის მხარე თუ არ თვლის, რომ მის ავთენტურობაზე კითხვები არსებობს, მაშინ რატომ დანიშნა თავად ექსპერტიზა? ასევე, დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მისი შინაარსი პირიქით, ბრალდების ყველა კომპონენტის გამამყარებელია აბსოლუტურად ყველა გარემოებასთან მიმართებაში. ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა შემოვიდეს შეფასების კომპონენტი“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც, რომელის განცხადებით, უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი დღე ქართული სასამართლო სისტემისთვის სამარცხვინოა, რადგან მისი საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

„მთელი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ფინანსები მაქვს დამთავრებული და შემიძლია ძალიან მარტივად ვთქვა, რას საქმიანობს ინვესტორი. ამ საქმიანობას შენი და შენი კომპანიის სახელზე ახორციელებ. ცოტა გაოგნებული, გაკვირვებული ვისმენ ახლა პროკურორისგან, ყველაფერი, რაც საქართველოში და საქართველოს გარეთ ხდებოდა, ჩემს სახელზე იყო განხორციელებული. არ ვიცი ამ ყველაფრის წარმოჩენა როგორ შეიძლება, თითქოს, რაღაცას ვმალავდი. რაც შეეხება ინვესტორს, ჩემმა კომპანიამ „ქართუ ბანკიდან“ აიღო სესხი, ბანკის პროცენტები გავისტუმრე და ეს ურთიერთობა დავასრულე.

მხოლოდ ერთს ვიტყვი, ქართული სამართლის სისტემისთვის ეს არის სამარცხვინო. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული. ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერც ერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა. იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს. საქმე უნდა შეწყდეს, იმიტომ, რომ ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვერ წარმოადგინა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბრალდებულ ბაჩიაშვილის ინტერესებს ამ საქმეში ქართველ ადვოკატთან ერთად უცხოელი ადვოკატიც იცავს. რობერტ ამსტერდამმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ ივანიშვილის მსგავსი ადამიანები ასეთი ადამიანების გასამართლებას შეძლებენ.

„შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც დღეს ვნახე, ზიმბაბვეშიც შერცხვებოდათ, უგანდაშიც შერცხვებოდათ და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშიც. არ მჯერა, რომ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამ სპექტაკლის გაგრძელებას დაუშვებდა. ამას სასულთნო უნდა ვუწოდოთ და არა დემოკრატია. ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, წარსულის ძველი თამაშები იყო, რომლითაც ამ ქვეყნის ახალგაზრდებს სასამართლოს წინაშე აყენებენ.

საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ ივანიშვილის მსგავი ადამიანები ასეთი ადამიანების გასამართლებას შეძლებენ. გეტყვით, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს, თუ მსგავსი პაროდიების გაგრძელება მოხდება და დროა, ქართველები გამოფხიზლდნენ და გაიგონ, რომ დრო შეზღუდულია და ადვოკატის მიერ ასეთი პაროდიის ყურება სირცხვილია, აბსოლუტური სირცხვილია“, - განაცხადა რობერტ ამსტერდამმა.

 

ლევკოთეა ამ ამსტერდამას ჭკუის დარიგებაღა გვაკლდა.
4 კვირის უკან
ცუგო- როცა ადვოკატი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, ე. ი. მისი საქმე ჩასვრილია და მარცხის მოლოდინი გააზრებული აქვს...
4 კვირის უკან