ბრძოლა ლიდერობისთვის - ორ ადამიანს შორის პრემიერი ვერ აურჩევიათ და ესენი კოალიციური მთავრობის შემქმნელები არიან?!

ბრძოლა ლიდერობისთვის - ორ ადამიანს შორის პრემიერი ვერ აურჩევიათ და ესენი კოალიციური მთავრობის შემქმნელები არიან?!

ვინ არის მთავარი ლიდერი პარტია „ახალში“ –  ნიკა გვარამია თუ ნიკა მელია? - თემა აქტუალური პოლიტიკურ სპექტრში მათი პირველი ერთობლივი სატელევიზიო ეთერის შემდეგ გახდა. გვარამია-მელიას შორის უთანხმოება უკვე სახეზეა და ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ორი ამბიციური პოლიტიკური ლიდერის ერთად თანამშრომლობა ძალიან გაჭირდება.

ბოლო დღეების განმავლობაში ნიკა გვარამიას განცხადებები ნიკა მელიას მიმართ, დამუნათებას და დაყვედრებას უფრო ჰგავს, ვიდრე თანასწორ პარტნიორზე საუბარს. „მთავარის“ ეთერში, გვარამიამ განაცხადა, რომ მელიას გარეშეც 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებოდა და ეს მელიამაც კარგად იცის. მისი მტკიცებით, ის პოლიტიკაში მელიაზე დიდი ხანია რაც იმყოფება და მასზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვს. გვარამიამ ისიც კი დაიქადნა, რომ მელია საჯარო სამსახურში პირველად მან დანიშნა და მასზე კარგად არავინ იცის, რა შესაძლებლობები აქვს.

ამის პარალელურად, პარტიაში, როგორც ჩანს, დავა იმის გარშემოც მიდის ვინ იქნება ერთიანი ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი - მელია თუ გვარამია. როგორც იკვეთება, ამის ამბიცია ისევ ნიკა გვარამიას აქვს და მელია ამით დიდად კმაყოფილი არ უნდა იყოს. ასევე, არ არის გამორიცხული დაპირისპირება იმის ირგვლივაც დაიწყოს, ვინ იქნება საპარლამენტო სიაში პირველი.

„ნიკა გვარამიამ ვერ დამალა, რომ თავი მიაჩნია ლიდერად ამ გაერთიანებაში“, - ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

„მე ვფიქრობ, გვარამიამ პიროვნულადაც საკმაოდ სერიოზულად დაამცირა თავისი ახლად შეძენილი მოკავშირე. არც მელიას აკლია უტიფრობა, მაგრამ იგი უძლური იყო, შეეწყვიტა მის მიმართ ასეთი მონათმფლობელური დამოკიდებულების გამოვლინება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზოგადად, რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან ამბიციური პოლიტიკური აქტორები არიან. აბაშიძის თქმით, მათ პრეტენზია აქვთ, თითქოს რაღაცას წარმოადგენენ, საზოგადოებაში ვითომ ავტორიტეტით სარგებლობენ და სწორედ ეს ჭირთ გვარამიას და მელიას, რომლებიც ჯერ ახლად შექმნილ პარტიაში უკვე ლიდერობის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან.

„გვარამია-მელიას შემთხვევა 2020 წლის არჩევნებს მახსენებს, როცა გიორგი ვაშაძემ თავი პრემიერად გამოაცხადა. ალტერნატიული ხელისუფლების პრემიერად თავი ასევე მამუკა ხაზარაძემაც გამოაცხადა. ეს არის ძალიან არასერიოზული. რომ შევხედოთ პოლიტიკურ რეიტინგებს, ნახევრის გადალახვის შანსიც არა აქვთ. როგორ შეიძლება უმცირესობის უმცირესი წარმომადგენელი საკუთარ თავს პოლიტიკაში მომავალ პრემიერ მინისტრად ასახელებდეს?! სუპერპოპულარული ევროპელი ლიდერებიც კი არ ამბობენ და ასეთ ღია განცხადებებს არ აკეთებენ, რომ პრემიერობა უნდათ. იმ პირობებში, როდესაც ამ პარტიებს ერთნიშნა რეიტინგი აქვთ, როგორ შეიძლება მათთან „ოცნებამ“ რამე კოალიციაზე იფიქროს. თუმცა, ესენი კოალიციაზე კი არ ფიქრობენ, უფრო შორს მიდიან და საკუთარი თავები გამარჯვებულ პარტიად მიაჩნიათ. ამას აქვს თავისი ახსნაც, იციან საკუთარი წონადობა საზოგადოებაში, ამიტომ შემდეგ არგუმენტი ექნებათ, არჩევნები გაყალბდაო, თორემ ჩვენ აგერ, მოვდიოდით ხელისუფლებაშიო. რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ერთი და იგივე შეცდომები იმეორონ?“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია ამუნათებს არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ სტრასბურგის სასამართლოსაც, ვინაიდან, უკვე მერამდენედ, გვარამიასთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ის კი უდიდეს სიბრიყვეს ამბობს, როცა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სტრასბურგის პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც შეიცვლება.

„ეს გვარამიას მართლა არ ეკადრება. შესაძლოა, მსგავსი სისულელე ხაბეიშვილმა, ან სხვა უფრო ნაკლებად განათლებულმა ლიდერმა თქვას, მაგრამ გვარამიამ ხომ კარგად იცის, რომ სისულელეს ამბობს. რაც შეეხება იმას, ვის უფრო სჭირდება გვარამიას მელია თუ პირიქით, ვფიქრობ, გვარამია რაღაცა ილუზიებშია. მას რატომღაც ჰგონია, რომ „მთავარი არხის“ გაზიარებულ ვიდეოებს თუ ბევრი ნახვა აქვს, პოპულარული პოლიტიკოსია საქართველოს მასშტაბით.

გვარამიას საქმენი საგმირონი ქართველ ხალხს არ დავიწყებია. მან შეურაცხყოფა მიაყენა, მეგრელებს, კახელ მევენახეებს. მისგან განსხვავებით, მელია, შესაძლოა, ქუჩის აქტივისტია, მაგრამ საზოგადოებას არ ეუზრდელება, გარდა იმისა, რომ მელიას, ქვეყნის მასშტაბით, პარტიული აქტივი ჰყავს. ამიტომ ნიკა გვარამიას ეს შეურაცხმყოფელი ტონი, მას არაფერს მოუტანს, გარდა იმისა, რომ რეიტინგს კიდევ უფრო დაკარგავს“,-ამბობს აბაშიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ორ ოდიოზურ ფიგურას შორის ურთიერთობის გარჩევა კრიმინალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან მისთვის მელიაც და გვარამიაც, ორივე კრიმინალია. ამიტომ მათ შორის დაპირისპირება მათთვე ვნებთ და ისედაც დაბალი რეიტინგის მქონე ლიდერების მიმართ საზოგადოების უნდობლობა უფრო გაიზრდება.

„ორივე, მელიაც და გვარამიაც, სალომე ზურაბიშვილის მიერ არის შეწყალებული. ეს ადამიანები ჩემთვის კრიმინალები არიან. ამიტომ მათ დაპირისპირებას, როგორც კრიმინალებს შორის გარჩევას, ისე ვუყურებ. ის, რომ გვარამია კრიმინალია, ამის კიდევ ერთხელ დასტური სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სტრასბურგმა მისი საჩივარი წარმოებაშიც კი არ მიიღო, მის რეაბილიტაციაზე უარი თქვა და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს ადამიანი ციხიდან გამოსაშვები არ იყო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილს ის ე.წ. გლობალური ომის პარტიის მესვეურებმა გამოაშვებინეს, ჩვენს ოპოზიციურ ველზე არსებული მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ ვხედავთ ელემენტარულ კრიმინალურ გარჩევას ვითომ პოლიტიკოსებს შორის. ახლა წარმოიდგინეთ, როცა ორ ადამიანს შორის ვერ გაურჩევიათ პრემიერი ვინ უნდა იყოს, ესენი რაიმე კოალიციური მთავრობის შემქმნელები არიან?! წარმოიდგინეთ, ამ ერთპროცენტიან პოლიტიკური მოღვაწეებს რამხელა ამბიციები ახრჩობთ.

 შესაძლოა, ოპოზიციაში მსგავსი ამბიციების მქონე ლიდერები, რომლებსაც პრემიერობა უნდათ, ათეულობით იყვნენ. აკერმანის ერთ-ერთი კოლეგა, ფრენსის ფუკუიამა, რომელიც ამერიკელი პოლიტოლოგი და მათი სულიერი ლობისტია, იქამდე მივიდა, რომ უშუალოდ თავად ჩაერთო საქართველოს პოლიტიკის შიდა ამბებში. ადგა და თავის 1%-იან შეგირდებს პირდაპირ მოუწოდა, რადგან ვერაფერი ვეღარ გეშველებათ, იქნებ დროულად მაინც გაერთიანდეთო, რომ, როგორღაც, 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახონ. წარმოიდგინეთ ამათი ამბიციები, როცა ერთი გამოკვეთილი ლიდერიც კი არ ჰყავთ“, - ამბობს ქართველიშვილი.