„როგორი სექსუალური ორიენტაციაც და როგორი სექსიც უნდათ, ისეთი ჰქონდეთ თავიანთ ჭერქვეშ და ხალხს თავი დაანებონ“

„როგორი სექსუალური ორიენტაციაც და როგორი სექსიც უნდათ, ისეთი ჰქონდეთ თავიანთ ჭერქვეშ და ხალხს თავი დაანებონ“

ლგბტ პირებს შვილის აყვანის უფლება არ ექნებათ, იკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, სამომავლოდ შეიძლება ლგბტ პრაიდიც აიკრძალოს, ამ შინაარსის კანონპროექტი წარადგინა მმართველმა გუნდმა და უკვე დაიმსახურა ლგბტ პირთა საკითხით მოვაჭრე უფლებადამცველების შეფასებები, თითქოს ხელისუფლებამ ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა.

სინამდვილეში, საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებზე, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი 8 პუნქტიდან შედგება, მათ შორის, კანონმდებლობით მოწესრიგდება ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

ასევე, არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობილობით აღზრდა დასაშვები იქნება მხოლოდ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირების მიერ. იკრძალება ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებით სამედიცინო ჩარევის პოპულარიზაციისკენაა მიმართული.

ასევე, აიკრძალება საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეუწყობს ხელს.

თუკი ოპოზიცია ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, მმართველი გუნდი ამ ნორმებს სხვადასხვა კანონში მაინც ასახავს.

მმართველი გუნდის ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან ცალკეული პოლიტიკოსები და არასამთავრობოები. უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს იაგო ხვიჩია, რომელიც თვლის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია, რადგან სათანადოდ დაზარალებული პირები არ არსებობენ და საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს თემა.

„თუ „ქართული ოცნება“ სულში ჩამწვდომი მზერით მეტყვის, „თქვენ არ იცით, რა საფრთხეს ვებრძვით ახლა, მე შემემთხვა ეს საფრთხე და თავის დროზე რომ არ იყო აკრძალული ლგბტ პროპაგანდა, ამან ჩემი ცხოვრება ცუდისკენ შეცვალა“, როცა ამას იტყვიან, მერე შევეცდები, მათ მდგომარეობაში შევიდე. მე ასეთი ტიპის საფრთხე არ მემუქრება და არასდროს მიმაჩნდა საკუთარი თავი ისეთ ადამიანად, ვისაც ლგბტ პროპაგანდის შედეგად რამე შეეცვლებოდა“, - მიიჩნევს იაგო ხვიჩია.

ამავე აზრს იზიარებენ ლგბტ უფლებების დამცველები და ამტკიცებენ, რომ არ არსებობს არც ერთი ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის პროპაგანდას ადამიანის სექსუალური ორიენტაციის, ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიესალმება ოჯახური ღირებულებების დამცველი კანონპროექტის მიღებას, რომელიც არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენას აარიდებს. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ, პარალელურად, ლგბტ პრაიდიც უნდა აიკრძალოს, რადგან ეს არის აგიტაცია-პროპაგანდის საშუალება.

„არც ერთ ადამიანს, მათ შორის, ლგბტ უმცირესობას, არავინ უკრძალავს სექსუალური ორიენტაციის არჩევის თავისუფალ ნებას. როგორი სექსუალური ორიენტაციაც და როგორი სექსიც უნდათ, ისეთი ჰქონდეთ თავიანთ ჭერქვეშ, ან საზოგადოებისთვის დახურულ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ თვითონ იქნებიან. ვერავინ ვერ აუკრძალავს ლგბტ პირებს იმის არჩევანს, კაცთან ურჩევნიათ ყოფნა, თუ ქალთან. თუკი მათი უფლებები ირღვევა, მაშინ ლგბტ უფლებების დამცველებმა კონკრეტულად გვითხრან, რომ კონსტიტუციის ესა თუ ის ჩანაწერი ბღალავს ადამიანის უფლებებს. რამე თუ არ მოსწონთ, რატომ იძახიან ზოგადად? იმიტომ, რომ მათი უფლებები არ ილახება. ასევე, არ შეიძლება სექსუალური ნიშნით ადამიანების შევიწროება, ცემა, ეს უფლებებიც დაცულია და, თუ არ არის დაცული, რატომ არ ასაჩივრებენ ევროსაბჭოში? ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და ვალდებული ვართ, ევროსაბჭოს სტანდარტით ვიმოქმედოთ“, -აცხადებს ნანა კაკაბაძე.

ამასთან, უფლებადამცველი ეხმაურება ცალკეული პოლიტიკოსების ნათქვამს, თითქოს ლგბტ პროპაგანდა სექსუალურ ორიენტაციაზე გავლენას არ ახდენს და ადამიანის შეცვლა წარმოუდგენელია. სინამდვილეში, ნანა კაკაბაძის აზრით, ამ პროპაგანდამ უკვე შეცვალა დემოგრაფიული სურათი მსოფლიოში. ლგბტ პირთა პროცენტულმა რაოდენობამ იმატა დემოკრატების მოსვლის შემდეგ ამერიკაში და მხოლოდ მოზარდებში კი არ მომხდარა ეს საზიანო ცვლილებები, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებშიც.

„ამას იწვევს ლგბტ პროპაგანდა, რომელიც, საბედნიეროდ, 90-იან წლებში, ანუ რეიგანის პერიოდამდე დაშვებული არ ყოფილა. ბავშვს, რომელსაც ხმის უფლებაც არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვს, მაღაზიაში სიგარეტის და სასმელის ყიდვის უფლება არ აქვს, სქესის შეცვლის უფლებას რომ უკანონებ, ხვალ რომ სრულწლოვანი გახდება და აღარ ენდომება შეცვლილი სქესი, მერე რა ქნას ამ ბავშვმა?!“ - აინტერესებს ნანა კაკაბაძეს.

მისივე განმარტებით, ახალი კანონპროექტი ადამიანის უფლებებს არ ლახავს, ასე რომ იყოს, პირველი თავად აიმაღლებდა ხმას, უბრალოდ, ახალი კანონპროექტი ეხება აგიტაცია-პროპაგანდას, სექსის საჯაროობას, ასეთი აგიტაცია-პროპაგანდის უფლება კი არც ჰეტეროსექსუალს უნდა ჰქონდეს და არც ჰომოსექსუალს.

ახალ კანონპროექტს იწონებს „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილიც და რადიკალებს ეკითხება, არიან თუ არა მომხრე ერთნაირსქესიანთა ქორწინების? ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის? ბავშვისთვის სქესის გადაკეთების?

საბოლოოდ ყაველაშვილი ასკვნის, რომ რადიკალებს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ამიტომაც გაურბიან ასეთ მარტივ კითხვებს და სხვა თემებზე საუბარს ამჯობინებენ.