„ნაცმოძრაობა“ იმდენად მძიმე მგდომარეობაშია, სააკაშვილის ციხიდან დახსნის ილუზიაც რომ არ შექმნან, იმ ორთოდოქს ამომრჩეველსაც დაკარგავენ, რომლებიც ხმას მხოლოდ მიშას გამო აძლევენ“

„ნაცმოძრაობა“ იმდენად მძიმე მგდომარეობაშია, სააკაშვილის ციხიდან დახსნის ილუზიაც რომ არ შექმნან, იმ ორთოდოქს ამომრჩეველსაც დაკარგავენ, რომლებიც ხმას მხოლოდ მიშას გამო აძლევენ“

„ნაციოანლური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს, საკუთარი ამომრჩევლის მიერაც კი მივიწყებული მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების თემის აქტუალიზებას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას ახორციელებენ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება პარტიაში დასრულებულად გამოაცხადეს. სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ათი ათასობით ხელმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანა.

მათი მტკიცებით, მეხუთე პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების თხოვნით ორასი ათასი ადამიანი მიმართავს. ზურაბიშვილს მოუწოდებენ, დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური ტყვეობა“ და გაათავისუფლოს „ივანიშვილის პირადი მძევალი“.

საპარლამენტო უმრავლესობიდან კი ნაციონალებს შეახსენეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს თავად მიხეილ სააკაშვილმაც იცის, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დასაცავად, სტრასბურგს მიმართავდა.

ამასთანავე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს პიარ კონსულტანტი ჯერემი როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს. მოკლედ, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი კი ამბობს, რომ სააკაშვილმა თავადვე იცის, რომ კრიმინალია, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს არ მიმართავს.

„სააკაშვილი არის ძალიან მძიმე კრიმინალი. თვითონ რომ არ იცოდეს, რომ ის არის ძალიან მძიმე კრიმინალი და ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამდენი ხნის განმავლობაში, მიმართავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

გარწმუნებთ, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო დაიწყებდა არა მრავალწლიან განხილვებს, არამედ ძალიან სწრაფად ჩანიშნავდა და რამდენიმე თვეში მიიღებდა გადაწყვეტილებას. ფაქტი, რომ სააკაშვილმა ვერ გაბედა წასულიყო სტრასბურგში, მეტყველებს იმაზე, რომ მან, მისმა ადვოკატებმა, მისმა მომხრეებმა ძალიან კარგად იციან, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც, პრაქტიკულად, სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს, შესაბამისად, დარწმუნებულიც ვარ იმაში, რომ ის გააკეთებს იმას, რა ბრძანებასაც მიიღებს. ჯერჯერობით, ეტყობა, ბრძანება არ მიუღია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ამ აქტიურობით, რომელიც თავისთავად ფუჭია და რეალურად არაფრის მომტანი, ნაციონალები ცდილობენ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან. პარალელურად, ორთოდოქს ნაცებს აჩვენებენ, რომ სააკაშვილი კი არ დაავიწყდათ, არამედ მის გასათავისუფლებლად რას აღარ აკეთებენ.

„ერთადერთი თემა, რომელიც მიშას მადიდებლებში ჭრის, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხია. „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად მძიმე მგდომარეობაშია, რომ სააკაშვილის ციხიდან დახსნის ილუზიაც რომ არ შექმნან, იმ ორთიდოქს ამომრჩეველსაც დაკარგავენ, რომლებიც ხმას მხოლოდ მიშას გამო აძლევენ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს, არა ერთხელ მითქვამს, რომ ეს ქალბატონი გავლენის აგენტია, მის პატრონს ყურებით ყავს დაჭერილი, ამიტომ როცა დასჭირდებათ სააკაშვილს ან შეაწყალებინებენ ან არა. გამომდინარე იქიდან სააკაშვილის გათავისუფლება ხელს რამდენად შეუწყობს რადიკალურ პროცესებს ან მისი ციხეში დატოვება რას მისცემთ, ამის მიხედვით აამუშავებენ ზურაბიშვილის ფაქტორს. ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამ ხელმოწერებს მიუტანენ თუ არა. ეს უფრო, ალბათ, ერთმანეთთან ძალის დატოლების გამო დასჭირდათ. ხან ხაბეიშვილი იჭიმება მიშას დავიხსნიო და ხან ეს მეორე ქალბატონი სოფო ჯაფარიძე, რომელიც საერთოდ მესამე ჯგუფის ლიდერი გახდა. ანუ, თავად ნაციონალებშიც კი ჯგუფებად არიან დაყოფილები. სააკაშვილი იმდენად არ ენდობა მათ, რომ პარტიაში პირადი წარმომადგენელი დანიშნა. ამ ქალბატონმაც ხომ უნდა აჩვენოს, რომ რაღაცას აკეთებს და მანაც ეს მოიფიქრა“,-ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, ეს არის საზოგადოების აზრის ფორმირება. მოსახლეობის შეჩვევა იმაზე, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალება ისედაც გადაწყვიტოს.

„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუკი ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა დაინახეს და დარწმუნდნენ, რომ არჩევნებს აგებენ, სააკაშვილი წინასაარჩევნოდ, სიტუაციის რადიკალიზებისთვის გაათავისუფლონ. მოაწყონ რაღაცა აქციები და ილუზიის შესაქმნელად ამას სააკაშვილი სათავეში ჩაუყენონ. თუმცა მის წინააღმდეგ საქმეები მიდის და პროკურატურას ისევ ციხეში, უკან დაბრუნება შეუძლია. თუმცა რაღაცა პროცესებისთვის მის გათავისუფლებას მაინც მოახერხებენ. აი, ამ სცენარის დამუშავებასაც არ გამოვრიცხავ“, - ამბობს ქადაგიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერებით გათავისუფლება ძალიან დიდი გულუბრყვილობაა ან მართლა სააკაშვილი გონიათ იმ დონის გულუბრყვილო, დაიჯეროს, პრეზიდენტი ამის შემდეგ მისი შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ანალოგიური ხელმოწერების შეგროვება ხელისუფლებასაც შეუძლია არშეწყალების მოთხოვნით, თანაც უფრო მეტისაც.

„არ ვიცი, რა ვთქვა, ალბათ, სააკაშვილის შეწყალება ხელმოწერებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, აქამდე პრეზიდენტი ხომ შეიწყალებდა. ან ხელისუფლებასაც ხომ შეუძლია იგივე - პირიქით, არშეწყალების მოტივით შეაგროვოს უფრო მეტი ხელმოწერა. სააკაშვილის შეწყალება ზურაბიშვილს არ აწყობს პოლიტიკურად და ცდილობს რაღაცა მიზეზი გამონახოს, ალბათ, რის გამოც ამ გადადგმულ ნაბიჯს გაამართლებს. მან კარგად იცის, რომ ყველაზე მეტად სააკაშვილის შეწყალება მას დააზარალებს, ამიტომ ამის გაკეთება უჭირს. თუმცა, რაღაცას მაინც იტოვებს, ვაითუ, საჭირო გახდეს. მეორე მხრივ, სააკაშვილის გათავისუფლება არჩევნების წინ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება.

პოლიტიკური ველი კიდევ უფრო პოლარიზებული გახდება და არჩევნები კვლავ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის წავა. ამ დროს კი ყოველთვის „ოცნება“ იგებს. ამიტომ ეს აქტიურობა მხოლოდ შიდა პარტიული მოხმარებისთვის მგონია. რეალურად, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი გათავისუფლება თავად ნაციონალებშიც არ უნდათ. რაღაცა მოჩვენებითი აქტიურობაა, რომ აი, სააკაშვილს დაანახონ მის გასათავისუფლებლად რაღაცას აკეთებენ - ესაა და ეს, მთელი ამ ამბის დედააზრი. სხვას, აქ მე ვერაფერს ვხედავ. ზურაბიშვილს თუ მნიშვნელოვანი არგუმენტი არ ექნება, მას არ შეიწყალებს. თუმცა, ვნახოთ, გამორიცხული არაფერია“, - ამბობს ძაბირაძე.