აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია კვლავ იძაბება - ფაშინიანი ახალ სამხედრო კონფლიქტზე ალაპარაკდა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია კვლავ იძაბება - ფაშინიანი ახალ სამხედრო კონფლიქტზე ალაპარაკდა

აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სიტუაცია ისევ იძაბება და არ არის გამორიცხული, სიტუაცია კვლავ სამხედრო ესკალაციამდე მივიდეს. აზერბაიჯანი სომხეთს 4 სასაზღვრო სოფელს სთხოვს - ამაში ექცევა ერევანი-თბილისის გზაც და გამოდის, რომ სომხეთი საერთოდ იზოლაციაში მოექცევა. ასევე აზერბაიჯანის განკარგულების ქვეშ ექცევა რუსეთიდან მომავალი „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს კვეთს და სომხეთს გაზით ამარაგებს. ფაშინიანი კი ამბობს, რომ თუკი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი არ დაიწყება, ომი შესაძლოა უკვე „კვირის ბოლოს დაიწყოს“.

სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანს ამ 8 სოფელს იმ შემთხვევაში დაუთმობენ, თუკი 2021-22 წლების აგრესიის შედეგად, უკანონოდ ოკუპირებულ სომხეთის 215 კვადრატული კილომეტრს დააბრუნებენ - საუბარი 31 სომხური სოფლის სასაზღვრო მიდამოებზეა.

სომხები ამბობენ, რომ თუკი ისინი ამ 8 სოფელს აზერბაიჯანს გადასცემენ, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ჩადგებიან გზის, სულ მცირე, ხუთ მონაკვეთზე, რაც ერევანი-თბილისის გზას სომხეთისთვის გამოუყენებელს გახდის და სომხეთი ბლოკადაში აღმოჩნდება.

ამის პარალელურად, რუსეთი დასავლეთს აბრალებს, რომ სომხეთს მეორე ფრონტის წამოწყებისკენ აგულიანებს. ფაშინიანის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკა კრემლისთვის გამაღიზიანებელია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალური მდივანი სომხეთში იმყოფებოდა. ასევე ფაშინიანი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც იარაღით დახმარებაც კი აღუთქვა.

როგორ შეიძლება მოვლენები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განვითარდეს და რა როლი ეკისრება ამ დაპირისპირებაში თბილისს?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია ნამდვილად რთულია და შესაძლოა ითქვას, რომ დაძაბულობა პიკს აღწევს. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ეს სიტუაცია ყველაზე მეტად ხელს რუსეთს აძლევს, რადგან მისი გავლენები სამხრეთ კავკასიაში ამ ფონზე არ დასუსტდება. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ კრემლს სამხრეთ კავკასიაში პროცესების ესკალაციას ცდილობდეს.

„ახლა, შესაძლოა, პირდაპირ ითქვას, რომ რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთ მხარეს არიან. რუსეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ სომხეთს რაც შეიძლება მეტი პრობლემები შეემქნას და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმდეს. კრემლი მშვენივრად ხვდება, რომ თუ სიტუაცია მოგავრდა, მაშინ მისი გავლენები სამხრეთ კავკასიაში შესუსტდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ფაშინიანი დასავლეთთან უფორ მჭიდრო ურთიერთობას იწყებს და საგარეო პოლიტიკა თითქმის იცვლება.

ვნახეთ, რომ ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტ მაკორნს შეხვდა, სადაც მან შეიარაღებით დახმარებაზეც კი პირობა მიიღო. მით უმეტეს ვიცით, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის, ბოლო დროს, სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ამიტომ რუსეთის ინტერესში საერთდ არ შედის დასავლეთის სამხრეთ კავკასიაში გაძლიერება და ფეხის მოკიდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამ სოფლებთან დაკავშირებით სიტუაცია მშვიდობიანად მოგვარდება. ორივე პრეზიდენტი დადის, მოსახლეობას ხვდებიან და გარკვეულწილად არსებობს იმედი, რომ დაპირისპირება ამ სოფლების გამო ისევ სამხედრო ესკალაციაში არ გადაიზრდება“, - ამბობს მაისაია.

როგორ და რა ფორმით შეიძლება საქართველოს ეს დაპირისპირება შეეხოს და რა სახით შეიძლება ქვეყანა დაზარალდეს? მაისაია ამბობს, რომ თუკი აზერბაიჯანმა მოახერხა და ეს სოფლები სამხედრო გზით დაიბრუნა, მაშინ ეს რეგიონში ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. მით უმეტეს დავით გარეჯის პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მოუგვარებელი რჩება.

„რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის არ იქნება კარგი პრეცედენტი. თუკი სომხეთი ბოლომდე დაიჩაგრა და ეს სოფლები აზერბაიჯანმა ძალით მიიერთა, მაშინ ჩვენს წინაშე, რა თქმა უნდა, სერიოზული საფრთხე დგას. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავით გარეჯის გამო კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, ეს პრობლემა არსად წასულა. ამიტომ ეს თუ აზერბაიჯანს გაუვიდა, არაა გამორიცხული, რომ ჩვენთანაც იგივე არ სცადოს. ამიტომ იმედია, რომ ეს სიტუაცია აქამდე არ გამწვავდება.

რაც შეეხება გზის საკითხს, საქართველოს ეს იმდენად არ დააზარალებს, როგორც სომხეთს. იმიტომ, რომ სომხეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას აზერბაიჯანსა და თურქეთთან საზღვრები ჩაკეტილი აქვს. საქართველო და ირანია ის ქვეყნები, საიდანაც სომხეთის მომარაგება ხდება. ასევე გაზსადენიც ამ სოფლებში გადის და სომხეთს რუსეთიდან საქართველოს გავლით გაზი მიეწოდება. მართალია, ამაში საქართველო ფულს იღებს, მაგრამ არ მგონია აქ იმხელა ზარალზე იყოს საუბარი, რომ ჩვენ დიდად დავზიანდეთ. თანაც ეჭვი მეპარება ამ მილსადენს ვინმე შეეხოს. თუმცა, რისკი როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავსი პრეცედენტის შექმნაა, რაც ჩვენც არაფერში გავწყობს“, - ამბობს მაისაია.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ამ დაპირისპირებაში სომხეთისთვის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სოფელს, რომელზეც თბილისი-ერევნის გზა გადის, სომხეთისთვის მთავარი მაგისტრალური გზაა. კონფლიქტოლოგი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ გზის ბლოკირება მოხდება, რაც სომხეთისთვის საკმაოდ მძიმე იქნება.

„ახლა ამ სიტუაციაში მიმაჩნია, რომ გამოსავალი ეფექტურ შუამავალშია. რუსეთს ასეთი ავტორიტეტი სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის არ გააჩნია. აზერბაიჯანი თავისი პრობლემების მოგვარებას თურქეთთან ერთად ახერხებს. ახალი ტერიტორიული პრობლემები დღეს უკვე აღარ უნდა წამოიჭრას. გასაგებია, აზერბაიჯანი უკვე ძალას გრძნობს, მაგრამ აქ საუბარია რეგიონზე, სადაც ჩვენი თანამშრომლობაც უნდა მოხდეს, და ერთიან რეგიონად უნდა დავრჩეთ. თუ გვინდა რუსეთისგან დისნტანცირება მოვახერხოთ და დამოუკიდებელი მოთამაშეები ვიყოთ, მაშინ ერთმანეთთან მათ გარეშე მოგვარება უნდა შევძლოთ.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი შუამავალი იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. საქართველოს ძალიან კარგი როლის შესრულება შეიძლია. მით უმეტეს ამ გზიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი სომხეთთან ვაჭრობის ინტერესები იკვეთება. მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად თურქეთის და დასავლეთის ტანდემით მშვიდობა შენარჩუნდეს და ახალი კონფლიქტი არ წარმოიქმნება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, დღეს აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად ცდილობს რეგიონში დომინანტი გახდეს. აზერბაიჯანს ამის ძალა შესწევს, რადგანაც თურქეთი ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა მის გვერდით დგას.

„ეს ტანდემი, ერთი მხრივ, შესაძლოა, რეგიონისთვის კარგი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ საფრთხეებსაც შეიცავს. ბალანსია საჭირო, ოღონდ ეფექტური ბალანსი, რომელიც რეგიონში არსებულ სიტუაციას არ დაარღვეევს და რომელიმე მხარისკენ არ გადაწონის. სომხეთის ბოლომდე დაჩაგვრა არც ჩვენ გვაწყობს. ვხედავთ, რომ ბოლო დროს, სომხეთის ინტერესები დასავლეთის მიმართ გაიზარდა, ჩვენიც ასეა, ამიტომ ვფიქრობ, ევროპა და დასავლეთი ამ პროცესებში თუ მეტი დოზით შემოვა, უკეთესია. საქართველომ კი ამ კონფლიქტში შუამავლის როლი უნდა გააძლიეროს. პარალელურად, ჩვენ თურქებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ“, - ამბობს ბენდიანიშვილი.