გაურკვევლობა ოპოზიციურე ფლანგზე - პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სტრატეგიაზე ვერ ჯერდებიან

გაურკვევლობა ოპოზიციურე ფლანგზე - პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სტრატეგიაზე ვერ ჯერდებიან

ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია ბოლომდე ჯერ ისევ გაურკვეველია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ პოლიტიკური პარტიების დისტანცირების ტაქტიკა გრძელდება. ოპოზიციური ერთობის საკითხის ჩავარდნის და მთავარი ოპოზიციური აქტორების დამოუკიდებელი გეგმების ფონზე ჩნდება კითხვა – რა პერსპექტივა აქვს კოალიციურ მმართველობას, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების შემდეგ გარდაუვლად მიიჩნევენ? ან უშველის თუ არა რეალურად ოპოზიციას გაერთიანება და რა სახით უნდა წარსდგნენ 2024 წლის არჩევნებში რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლონ?

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ აქტორებს ოპოზიციური ერთობის მიღწევას სთხოვს. კლინიკაში მყოფი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტისთვის ხელისუფლების დამარცხების გზა სწორედ ოპოზიციის გაერთიანებაზე გადის. ამ კონტექსტში სკეპტიკურად ფასდება იმ ახალი პარტიის საარჩევნო შანსები, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერებსა და აქტიურ მხარდამჭერებს აერთიანებს. მელია-გვარამიას გაერთიანების შექმნის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციური ხმების დაკარგვის გაზრდილ რისკებზე საუბრობს. 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების და სააკაშვილის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოპოზიცია წინასაარჩევნო სტრატეგიის გადახედვას, როგორც ჩანს, არ აპირებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ახალ პარტიას არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ. ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ალიანსს და მათ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას პოლიტიკური აქტორების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ახლა განხილვის მთავარი თემაა, რამდენად შეძლებენ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან გამიჯვნის შემდეგ „ახალი“-ს დამფუძნებლები გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობას და წაიღებენ თუ არა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებსაც. დიდი ალბათობით, ახალი ალიანსი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ყოფილი მმართველი პარტიისგან სხვადასხვა დროს წასულ სხვა პოლიტიკოსებსაც შემოიკრებს. კონსულტაციები გრძელდება. საინტერესოა, შეუერთდება თუ არა ახალ ერთობას „ლელო“, რომელმაც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა თვეების წინ დააანონსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პროდასავლურ ძალასთან გაერთიანების ალბათობა დაუშვა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია დღემდე ვერ ხვდება და არ აკეთებს იმის ანალიზს, მოსახლეობა მხარს რატომ არ უჭერს. საყვარელიძე ამბობს, რომ ხალხი მათ ხმას იმიტომ კი არ აძლევს, რომ მათი გაერთიანება სურს, არამედ იმიტომ, რომ მათ არ ენდობა. ოპოზიცია კი რეალური პრობლემების ძიების ნაცვლად, დროს ისევ რაღაცა გაერთიანებაზე ერთმანეთის დაბულინგებაში ხარჯავს.

„მერამდენე წელია უკვე ოპოზიცია ვერ აღწევს მიზანს. სადმე ვინმეს უნახია ოპოზიციის მიერ გაკეთებული ანალიზი, თუ რა არის მათი უუნარობის მიზეზი? ესენი არ არკვევენ რაშია პრობლემა, რის გამოც ვერ იმარჯვებენ. ოპოზიცია კვლავ ლაპარაკობს გავერთიანდეთ და გავიმარჯვებთ, ან დასავლეთი დაგვეხმარება და გავიმარჯვებთო. არადა, დასავლეთი რომც დაეხმაროს, მოსახლეობა მათ არ ირჩევს. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ამ ოპოზიციის კონფიგურაცია დღემდე ნაციონალების ფორმის არის. ვიღაც იძახის, აღარ ვარ ნაცი და ვიღაც ამბობს ვარო. თუმცა ხალხი ხედავს, რომ ისევვ იგივე სახეები არიან, რომელთა პოლიტიკური ბეგრაუნდი უკვე კარგად იცის და არ ენდობა. ნიკა გვარამია გამოვიდა და იძახის „ახალი“ ვარო, მაგრამ ახალია? გვარამია ხალხს მაღალ თანამდებობებზე უკვე ნანახი ჰყავს, არ მოსწონდა და ახლა რატომ უნდა მისცეს შანსი ისევ?! ვისთანაც არ უნდა გაერთიანდეს, მას მაინც არ ენდობიან. ნაციონალები კი არსად არ ინანიებენ იმ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს. ასევე იგივე მოწოდებებს აკეთებენ, რის გამოც ხალხმა ის გადაირჩია. აბა, ახლა ვისთან ერთადაც არ უნდა გაერთიანდეს, ხომ პირიქით, იმ ოპოზიციონერებსაც დააზიანებს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას ის გამოკვლევაც არ აქვს ჩატარებული, მოსახლეობას რომელი ოპოზიციური პარტიების გაერთიანება სურს ან არ სურს.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ვერ ხედავს ოპოზიციაში რაიმე გაერთიანების შანსებს ან იმის ალბათობას, რომ გაერთიანების შემთხვევაშიც ისინი 5%-იან ბარიერს გადალახავენ. მამრაძე for.ge-სთან აბობს, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, ჩვენთან ხმას პიროვნებებს აძლევენ და არა პარტიას და მათ პოლიტიკურ პროგრამებს.

„ოპოზიციაში არის ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ხმას მაშინაც კი აძლევენ, როცა სიაში არა რის, კენჭისყრაშიც არ მონაწილეობს. ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, ჰყავს თავისი მუდმივი მომხრეები, რომლებისთვის საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. სააკაშვილმა რომ თქვა ვინც „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას შეეცდება, ის განულდებაო, ასე მოუვა მელია - გვარამიასაც და სხვა ნაცებიდან გამოსულ ჯგუფებსაც. გვარამია, როგორც პოლიტიკოსი განულებულია, ეს ბედი ეწევათ დანარჩენებსაც, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.

არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან გაერთიანდება. ჩვენთან ხმებს აძლევენ პიროვნებებს და არა მათ პოლიტიკურ კონფიგურაციას და პროგრამებს. პირიქით, გაერთიანებით უფრო ერთმანეთს ჩაძირავენ. „ლელოს“ ამომრჩეველი არის სულ სხვა და გახარიას ამომრჩეველი სულ სხვა. გახარიას, როგორც პოლიტიკოსს პულსი აღარ ესინჯება, რაც შეეხება მევახშე ბანკირებს, მათ არ აქვთ ის ქარიზმა, რომ ხალხმა ხმა მისცეს. შესაძლოა, პოლიტიკოსი იყოს უარყოფითი ფიგურა, მაგრამ ხმა მისცენ იმის გამო, რომ მას რაღაცა ქარიზმა აქვს. არც ერთს, ამ პოლიტიკური ლიდერებიდან, ქარიზმა არ აქვს. ამიტომ გაერთიანებით უარეს შედეგს მიიღებენ“, - ამბობს მამრაძე.

ლევკოთეა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა სულ გააქრო ასპარეზიდან პოლიტიკური მემარცხენეობა-მემარჯვენეობა. ისე დაჯლიგინებენ და ბალახობენ მარჯვნივაც და მარცხნივაც, რომ ერთმანეთს აბიჯებენ ჩლიქებს. :)
ეგერ, თითქოს ლელო უნდა იყოს მემარჯვენე ორიენტაციის და მაგათი მთავარი დაპირება კი, 1000 ლარიანი პენსიაა.
ისე, ნაცები და მათი განაყოფები მაგონებენ მათსავით ავანტურისტი ოსტაპ სულეიმან ბენდერის - Заграница нам поможет. Запад с нами. :)
1 თვის უკან