„მე ისიც არ ვიცი, აზერბაიჯანულ მედიაში გახმაურებული განწყობილებები რეალურად აზერბაიჯანულია თუ დაკვეთილი“

„მე ისიც არ ვიცი, აზერბაიჯანულ მედიაში გახმაურებული განწყობილებები რეალურად აზერბაიჯანულია თუ დაკვეთილი“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ხიდის ჩატეხვით დაინტერესებულია რუსეთი, შესაბამისად, ასეთი საფრთხის არსებობის ფონზე, ზედმეტი პრეტენზიების დამატება ამ პროცესზე, სწორედ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება, მით უმეტეს, რომ არ ვიცით აზერბაიჯანულ მედიაში გახმაურებული ეს განწყობილებები რეალურად აზერბაიჯანული განწყობილებებია, თუ დაკვეთილია. მისივე თქმით, პირობების შექმნაში და თემის ამოწევაში შეიძლება სულ არ მონაწილეობდეს რუსეთი, მაგრამ იმავე პუტინმა და მისმა ქსელმა გამოიყენოს ეს პირობები, თუკი აქ დაუფიქრებელ ნაბიჯებს გადადგამს და ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი დაუფიქრებელ ნაბიჯს ადგამს საქართველოს მიმართ.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თითქოს არის პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ მაინც ჩანს ბზარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. თუკი გავიხსენებთ სააკაშვილი-ალიევის ურთიერთობას, იყო როგორც პოზიტივი, ასევე ნეგატივი. არც შევარდნაძესა და მამა ალეიევის ურთიერობა იყო უღრუბლო, მაგრამ ინარჩუნებდნენ სტრატეგიულ პარტნიორობას. დღეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში გაჩნდა ბზარი. როგორ ხსნით იმ ვითარებას რაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არის?

რამაზ საყვარელიძე: გადავშალოთ რუკა და დავადოთ იმ ქვეყენას ხელი, რომელთან ურთიერთობაში ბზარი არ არის. ალბათ, გაგვიჭირდება ასეთი ქვეყნის პოვნა და არა მარტო ჩვენ, არამედ ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება სხვა ისეთი ქვეყნის პოვნა, რომელთანაც ყველაფერი ჰარმონიულია. გაუგებარი არ არის პრობლემების არსებობა, თან, პრაქტიკულად, ლაპარაკი არის ორ ქვეყენაზე და ორივეს რეგიონალური ლიდერობის ამბიცია აქვთ. შეიძლება ეს ფაქტორიც იდგეს ამ ურთიერთობაში.

თუმცა, მეეჭვება, რადგან მამა ალიევმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როცა ნავთობსადენიდან შემოსავლზე უარი თქვა საქართველოს სასარგებლოდ. მას ეკუთვნოდა ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი ნათვთობსადენის თანხა, მაგრამ უარი თქვა. ასე რომ, შევარდნაძე-ალიევის მმართველობის დროს ჩვენ უფრო სერიოზული დამოკიდებულება გვქონდა, რომელსაც წინ დაძაბულობაც უძღოდა, მაგრამ როგორც დაკაცებული ხალხი, მომავლისკენ იხედებოდნენ და მაქსიმუმს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ თავიანთ ქვეყანას გამოდგომოდა ეს ურთიერთობები. თითოეული აკეთებდა მაქსიმუმს.

მე მგონია, რომ ანალოგიური მგდომარეობა გრძელდება, თუმცა ეს არ ნიშნავს პრობლემები არაა. რა თქმა უნდა, იარსებებს, ოღონდ ერთი რამ ცხადია - ორივე მხარე მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ არსებული პრობლემები ჩავსვათ კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩარჩოში, სტილში, რომ ამ პრობლემებმა, ზოგადად, არ გააფუჭოს ურთიერთობები. თორემ, ვიმეორებ, ლიდერობის სურვილი რახან აქვს აზერბაიჯანს, ძალიან ძნელი იქნება ვინმემ მოაცვლევინოს ფეხი იმ პოზიციიდან, რომელიც უკავია აზერბაიჯანს.

მით უმეტეს დღეს, როცა ლამისაა თავიდან დგება სომხეთის საკითხი. ვხედავთ, რომ ფაშინიანი თავიდან აპირებს ყარაბახის საკითხის დასმას...

- და, სომხეთს მოუწოდებს ომისთვის მოემზადეთო. რამდენად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ალიევისთვის მყარი მშვიდობა ჯერ არ დამდგარა და არა მგონია, რომ ამ ვითარებაში მას ქართული თემატიკისთვის ეცალოს. თუმცა, მაინც ეცდება, რომ ქართული თემა მისი ქვეყნის ცხოვრებაში არ გახდეს არეულობების და დაპირისპირებების წყარო.

ის, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემები დაგროვდა, ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩაკეტილი საზღვარი, რომელიც აზერბაიჯანმა ჯერ კოვიდის გავრცელების მოტივით დაკეტა და დღემდე ამ მხრივ ვითარება არ შეცვლილა. უკვე მეორე წელია საზღვარი დაკეტილია და რამდენიმე დღის წინ გააგრძელეს სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა 1 ივლისამდე. ამ რეჟიმში გრძელდება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა. აზერბაიჯანული მედია ამას იმით ხსნის, რომ საქართველოში მოქმედებს გარკვეული ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებიც მოქმედებენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ღიად ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ამ ქვეყნის სპეცსასამხურებმა თავიდან უნდა აიცილონ დასავლური პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და არ გახდნენ ამ ბინძური თამაშის მონაწილეები. საკმაოდ მძიმე განცხადებაა და ბრალდებაც...

- გეთანხმებით, რომ განცხადება არის მძიმე, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ბრალდებაა. გაფრთხილება უფროა, ვიდრე ბრალდება, რადგან ბრალდებას, ალბათ, უფრო სხვა ჟღერადობა ექნებოდა. ის, რომ დასავლეთი აზერბაიჯანს უტრიალებს, ამაზე ბევრი ფაქტი მიუთითებს. ასე რომ, აზერბაიჯანის ეს განწყობილება ჰაერიდან მოტანილი არ არის და შესაბამისად, ჩვენთან საჩხუბრად გამოგონილი თემა არ არის. თემა არსებობს და ამ თემაში, ბუნებრივია, რომ მან თავისი მოითხოვოს.

თქვენ ყველაზე უკეთესად იცით ეს ისტორია, ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიერ რკინიგზის ხაზის ბლოკირების შედეგად აღარ გადადიოდა საქონელი აზერბაიჯანში და სომხეთში. ისინი ითხოვდნენ, რომ საქართველოს მიეხედა ამ საქმისთვის. უმძიმესი ვითარება იყო და ფაქტობრივად, მაგ მოთხოვნის ფონზე დაიწყო საომარი მოქმედებები აფხაზეთში, სადაც თავისი როლი შეასრულა კიტოვანმა იმ მხრივ, რომ არ იყო საჭირო სოხუმში შესვლა, მაგრამ შევიდა და ვიცით რა განვითრებაც მოჰყვა.

ასე რომ, ქვეყნებს რაღაცა ვალდებულებები აქვთ ერთმანეთის წინაშე და ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, თორემ მინიმუმ, შეხსენება უპრიანია. ამიტომ გავიხსენე აფხაზეთის ამბავი - ნუ გაგვიკვირდება, რახან ჩვენ კარიბჭე ვართ, კარიბჭეობა მაგ პოზიციას გულისხმობს, რომ ვართ ყველაფრის შემომტანი რეგიონში, მათ შორის როგორც კარგის, ისე ცუდის - გავლენები, ინტერესები და სხვა. ვიმეორებ, ჩემთვის ბუნებრივი იყო ის, რაც აზერბაიჯანელების მხრიდან გაიჟღერა, რომ საქართველო ხომ არ არის ის პლატფორმა, საიდანაც შეიძლება ვიღაცამ დაკრას ფეხი და საფრთხე შეუქმნას აზერბაიჯანს.

ამ შიშს აქვს გარკვეული საფუძველი, არა ჩვენს დამოკიდებულებაში აზერბაიჯანის მიმართ, არამედ დასავლეთის დამოკიდებულებაში და ჩვენ აზერბაიჯანმა შეიძლება გვისაყვედუროს დაუდევრობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. დაუდევრობას ვერ აღმოფხვრი, მით უმეტეს ბევრ რამეში გვჩვევია ასეთი დაუდევრობა. თუმცა, არის კიდევ სხვა პრობლემები აზერბაიჯანის მხრიდან. იგივე თქვენთვის კარგად ცნობილი დავით გარეჯის საქმე, არის კიდევ სხვა პრობლემები, მათ შორის აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების და ა.შ. პრობლემები ბევრია. ქართველების პრობლემები გაუმჯობესდა, მაგრამ გამოსაძებნი არის საერთო ენა.

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგენტურა თბილისში თავისუფლად მოქმედებს, რომელიც აზებაიჯანის წინააღმდეგ მუშაობს და ღიად მიუთითებენ, რომ მეზობელი და მით უმეტეს მეგობარი ქვეყანა არ უნდა იყოს ჩართული ანტიაზერბაიჯანულ ქმედებაში. გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ეს საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა და გახდა აგრესიული, რომ თანხები ირიცხება ქართულ ბანკებში, იქ ხდება განაღდება და აზერბაიჯანში გადადის. საკმაოდ ხმამაღალი ბრალდებებია, როდესაც ასე ღიად ხდება მეზობელი სახელმწიფოს დადანაშაულება დივერსიაში, საჭიროა ამის მტკიცებულება?

- არა, არ ვფიქრობ და ერთი მარტივი მიზეზის გამო. როცა დაიწყო კარიბის კრიზისი, კენედი და ხრუშოვი დაეჯახნენ ერთმანეთს, ლამის, მესამე მსოფლიო ომი უნდა დაწყებულიყო. მაშინ, ძირთადად, პოლიტიკოსების დონეზე მიდიოდა ეს პროცესი, როცა ორივე მხარემ მეტ-ნაკლებად კომპრომისი იპოვეს, გადადგეს ნაბიჯი დათმობისკენ და ჩათავდა კონფლიქტი. მაშინ კენედიმ თქვა ასეთი რამ: „კიდევ კარგი სიენენი არ იყო, თორემ ომს ვერ გადავრჩებოდით“. ანუ, ჟურნალისტური ამოცანა ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის ფართე ფენებისთვის თითქოს თავისუფალ მედიას უწყობს ხელს, მაგრამ ამასთანავე კონფლიქტებს აღვივებს. აი, ფეისბუქი არის თავისუფალი სივრცე, ჩავხედოთ, უკონფლიქტოა ეს თავისუფალი სივრცე?

ყველაზე აგრესიული და კონფლიქტურია განსაკუთრებით ქართული სოციალური ქსელი...

- თავისუფალი - ამ შემთხვევაში ჟურნალისტური სინონიმია. იმიტომ, რომ თუ უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ ჟურნალისტებს საქმეს მიიყვანენ კონფლიქტამდე. მათთვის სკანდალურობა პროფესიულად თითქოს მისაღებია, მაგრამ სკანდალურობამ შეიძლება ქვეყნები ერთმანეთს დააჯახოს და მძიმე შედეგები გამოიღოს თითოეული მათგანისთვის, ეს მათ თვალსაწიერში ვერ ხვდება. ვერ ხვდებიან და არც ხვდებიან. ნუ, მათი სამრეკლოდან მთავარია სიმართლე ითქვას და მერე, ამ სიმართლეს ვინ როგორ მოუვლის, ან სად არის სიმართლე, ეს არ აინტერესებთ. იმ ინფორმაციას ავრცელებს რაც გაიგო და გაიფიქრა, მაგრამ იმას ხომ არ აკვირდება, ეს რეალური ინფორმაცია არის თუ გადაჭარბებულია?

ასე რომ, მე, მაგალითად, უფრო უპრიანად მიმაჩნია, რომ ეს მიმდინარე პროცესები შეფასდეს როგორც ჟურნალისტური გადაჭარბება, ჟურნალისტური კეკლუცობა, ან შეიძლება დაკვეთაც არსებობს სხვა წყაროებიდან და ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ხიდის ჩატეხვა ძალიან უნდა რუსეთს და ბევრ რამეს გაიღებს სამაგისოდ. ასეთი საფრთხის არსებობის ფონზე, ზედმეტი პრეტენზიების დამატება ამ პროცესზე, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება და ვიმეორებ, მე ისიც არ ვიცი, აზერბაიჯანულ მედიაში გახმაურებული ეს განწყობილებები რეალურად აზერბაიჯანული განწყობილებებია, თუ დაკვეთილია.

გარდა რუსეთისა, არის ძალა, რომელიც ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვას? ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც საფრანგეთმა ფოთის პორტის გავლით სომხეთისთვის განკუთვნილი შეიარაღება შემოიტანა...

- მაკრონის „პიტის“ მოვლენა კიდევ სხვა თემაა. რა თქმა უნდა, ვინც აგზავნის სომხეთთან იარაღს, ის ეცდება აზერბაიჯანთან მდგომარეობის დამძიმებას. ასე რომ, მათი ეს შიშები არ არის უსაფუძვლო, მაგრამ თუნდაც რომ საფუძვლიანი იყოს, არ არის უპრიანი ყოველთვის ყვირილი იმაზე, რისიც გეშინია. პირობების შექმნაში და თემის ამოწევაში შეიძლება სულ არ მონაწილეობდეს პუტინი, მაგრამ მერე იმავე პუტინმა და მისმა ქსელმა გამოიყენოს ეს პირობები, თუკი აქ დაუფიქრებელ ნაბიჯებს გადადგამ და ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი დაუფიქრებელ ნაბიჯს ადგამს საქართველოს მიმართ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც დაუფიქრებელი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

იმისათვის, რომ მედიაში დაწყებულმა დაპირისპირებამ არ გადაინაცვლოს უკვე სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებაში, ამისთვის რა უნდა გააკეთონ მხარეებმა?

- მე, მაგალითად, დამაჯერებლად მიმაჩნია გამართული რიტორიკა იგივე მედიის დონეზე, გამაფრთხილებელი რიტორიკა იმის თაობაზე, რომ შეიძლება მესამე მხარე დაინტერესებულია ჩვენს დატაკებაში. რამდენჯერაც დაგვჭირდება, იმდენჯერ მესამე მხარეზე მითითება ვფიქრობ, რომ არ აწყენს ამ პროცესს და პირიქით, სავარაუდოა, შეიქმნება ისეთი კლიმატი, რომ ვინც გააღვივებს აზერბაიჯანში ასეთ განწყობილებებს, ის აღიქმება როგორც რეგიონის მტერი. სერიოზული პროცესია და საზოგადოებრივი აზრის სწორედ აგების შემთხვევაში, მგონია, რომ გამართლებული იქნება ის, რომ ჩაქრეს ეს პროცესი. ვფიქრობ, რომ ამისთვის პოლიტიკოსების ჩართვა საჭირო არ არის.

amo მადლობა ბ-ნო რამაზ.
1 თვის უკან