რატომ არ მთავრდება ომი უკრაინაში?

რატომ არ მთავრდება ომი უკრაინაში?

უკრაინაში მიმდინარე ომს, ისევე როგორც ყველა მოვლენას აქვს თავისი წარსული და მისი გახსენების გარეშე რთულია უპასუხო კითხვას - რატომ ვერ ხერხდება ომის დასრულება?

2006 წელი - რუსეთსა და დასავლეთს შორის ნელთბილი სიამტკბილობა სუფევს. 5 დეკემბერს კი გერმანიის პატარა ქალაქ მეტლახში ე.წ. „ვაიმარის სამეულის“  (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთის) ლიდერები შეიკრიბნენ. იმ შეხვედრაზე პოლონეთმა უკრაინისათვის ევროპული პერსპექტივის გახსნის საკითხი დააყენა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაეწყოთ უკრაინის სულ უფრო მჭიდრო მიბმა ევროკავშირთან, რაც ბუნებრივად გულისხმობდა უკრაინის გამოგლეჯას რუსეთის გავლენის სფეროდან. სიტყვას საქმეც მოჰყვა. 2009 წელს შეიქმნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი, რომელმაც მოიცვა როგორც უკრაინა, ასევე ევროპასთან გეოგრაფიულად მიახლოებული ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა. შემდეგ იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რასაც უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი არ მოაწერა, შემდეგ „მაიდანი“, საპასუხოდ - რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის და სხვა რეგიონების ნაწილის ანექსია, ხოლო 2022 წელს კი რუსეთის პირდაპირი სამხედრო შეჭრა უკრაინაში და მისი სხვა რეგიონების ოკუპაცია.

კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ წარსულში. 2014-2015 წლები - ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ფორმირებებთან, უკრაინა მარცხს მარცხზე განიცდის. ახალი ტერიტორიების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წელს გერმანია და საფრანგეთი არწმუნებენ უკრაინას, რომ მინსკში ხელი მოაწეროს მისთვის არამომგებიან ზავის შეთანხმებას რუსეთთან. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გერმანიის მაშინდელი კანცლერი ანგელა მერკელი აღიარებს , რომ მინსკის შეთანხმება მხოლოდ უკრაინისთვის სულის მოთქმის და გაძლიერების საშუალება იყო და მის შესრულებას არავინ აპირებდა. ეს პერიოდი მართლაც მოხმარდა უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაზრდას დასავლეთის დახმარებით.

რუსეთი ხედავს, რომ უკრაინას „კარგავს“ და შესაძლოა დაკარგოს კონტროლი სეპარატისტულ პრორუსულ რეგიონებზეც, გამომდინარე მძიმე შედეგებით. იმ დროისათვის, უკრაინის არმიას უკვე სავსებით შეეძლო ამ რეგიონებზე კონტროლის აღდგენა და აპირებდა კიდეც. უფრო მეტიც, რუსეთში ყალიბდება რწმენა, რომ მას ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა სეპარატისტულ რეგიონებს დაიბრუნებს და მისი ინტეგრაცია NATO-ში დაჩქარდება. მას აღარ სჯერა დასავლეთის დაპირების, რომ ეს არ მოხდება.

2021 წლის დეკემბერში რუსეთი უკვე წერილობითი ფორმით ოფიციალურად ითხოვს აშშ-სგან და NATO-სგან უსაფრთხოების გარანტიებს, და მთავარი მოთხოვნა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაა. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ეს მოთხოვნა კრემლს და პუტინს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თავზე გადაახიეს. 2022 წლის თებერვალს კი რუსეთი იწყებს ე.წ. „სპეცოპერაციას“ უკრაინაში, „ბლიცკრიგი“ არ გამოსდის და ომი გაჭიანურებულ ხასიათს იღებს. არაა გამორიცხული, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, პუტინმა დასავლეთისგან ასეთი დამცირება ვერ გადახარშა.

აშშ და ევროპა კი თვლიან, რომ უკრაინის სახით ხელში ჩაუვარდათ „ლიმონი“, რომლისგანაც შეუძლიათ გააკეთონ „ლიმონათი“ - რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და მასზე დასავლეთის ამჯერად საბოლოო გამარჯვება.

იმისათვის, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება გაამართლონ თავიანთი საზოგადოებების წინაშე, დასავლელი ლიდერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც (პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს) გადასწვდება. საზოგადოებაზე კი ასეთი არგუმენტები მოქმედებს. თუმცა, საეჭვოა დასავლელ პოლიელიტებს თავად სჯეროდეთ ამის. რუსეთმა უკრაინის დამორჩილება ვერ მოახერხა ორი წელი და რთული წარმოსადგენია მასზე ათჯერ ძლიერ NATO-სთან სამხედრო შეჯახება გაბედოს, მით უმეტეს უკრაინის ომით გამოფიტულმა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს უკრაინაში ომის გაგრძელებას, არის ის, რომ დასავლეთი დღეს სრულიად განსხვავებულია, ვიდრე 30 წლის წინ. ევროპის ის თაობა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის საშინელებები და გაკვეთილები ახსოვდა, წავიდა. ევროპის ამჟამინდელი ელიტებისთვის კი ეს მხოლოდ ისტორიაა. ევროპული პოლიელიტები ახალ პლატფორმაზე გადაერთნენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი ძალისმიერი გზით დაიცვან თავიანთი ლიბერალური იდეოლოგია და პროდასავლური მსოფლიო წესრიგი. უკრაინის ომმა დასავლურ და განსაკუთრებით ევროპულ ელიტების ცნობიერებაში მოახდინა ის გარდატეხა, რასაც რუსეთში, როგორც ჩანს, ნაკლებად ელოდნენ. არადა, უნდა სცოდნოდათ, რადგანაც დასავლური ელიტების რამდენიმე თაობა ტოტალიტარულ რუსეთთან კონფრონტაციის სულისკვეთებით გაიზარდა და ეს სულისკვეთება არსად გამქრალა, პერიოდული „გადატვირთვების“ მიუხედავად.

მათ მიიჩნიეს, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა დასავლეთი დუელში გამოიწვია. თან ფიქრობენ თუ რა დამანგრეველი ტექტონიკური ძვრები მოხდება დასავლეთის პოლიტიკურ სისტემასა და საზოგადოებაში, თუ მათ რუსეთს გამარჯვების საშუალება მისცეს. მათ აქვთ ერთგვარი ფანატიკური რწმენა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და სწორედ ეს განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებას უკრაინის ომის მიმართ. თუმცა, არ ივიწყებენ არც მათთვის დამახასიათებელ პრაგმატულ მიდგომებსაც.

დასავლეთის ლიდერებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ უკრაინის დახმარება კარგი ინვესტიციაა დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ეს ასეა და უკრაინის მეშვეობით დასავლეთი ფიტავს რუსეთს, გარდა იმისა, რომ დასავლეთის და უპირველეს ყოვლისა აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ფანტასტიურ მოგებას პოულობს უკრაინის ომზე. დასავლურმა საერთაშორისო კორპორაციებმა უკვე დაადგეს თვალი უკრაინის სიმდიდრეებს. არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას დასავლეთის უზარმაზი ვალების გასტუმრება მოუწევს და საეჭვოა ეს მოახერხოს. ისეთ „გემრიელ ლუკმას“ როგორც უკრაინაა, დასავლეთი რუსეთს აღარ დაუბრუნებს, თუნდაც მისი ნაწილი ერგოს. ის კი არა, დღეს გერმანია და საფრანგეთი ლამის ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ იქნება ევროპის ლიდერი ნეოიმპერიული რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ფრონტზე.

მცირეა იმის იმედი, რომ ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში, შეცვლის ევროპის მიდგომას უკრაინაში ომის მიმართ, თუ ფრონტზე რადიკალური ძვრები არ მოხდა.

ფაქტია, რომ აშშ და ევროპა უკრაინის ომისგან ჯერ არ გადაღლილან და ლატვიის პრეზიდენტის გუშინწინდელი განცხადება, რომ „კართაგენი [რუსეთი] უნდა დაინგრეს“, არის დასავლეთის პოზიციის გამოხატულება - ომი უნდა გაგრძელდეს.

ომის შეწყვეტას ასევე ეწინააღმდეგება დასავლეთის ექსპერტთა წრეების უმრავლესობა. მაგალითად, CSIS ანალიზით, უკრაინა შეძლებს რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს 2024 წლის განმავლობაში და დაიკავოს „ძლიერი პოზიცია“ 2025 წელს, თუ აშშ და ევროპა გააგრძელებენ კიევისთვის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. დასავლეთში თვლიან, რომ თუ ისინი მკაფიოდ მიახვედრებენ რუსეთს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება არ შეწყდება, რუსეთი უკან დაიხევს და კომპრომისის ძებნას დაიწყებს. ბრიტანული RUSI-ს ანალიზით, რუსეთს მხოლოდ 2-3 წელი თუ შეუძლია ომის წარმოება.

რა ხდება რუსეთში? კრემლი, რომელიც  კარგად აცნობიერებს თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში მის სტრატეგიულ დამარცხებას, დასავლეთის უგზავნის ორ სტრატეგიულ გზავნილს:

1/ ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან სპეციალურად ორგანიზებული ინტერვიუს მეშვეობით პუტინი დასავლეთს ეუბნება, რომ არ აპირებს თავს დაესხას ევროკავშირს უკრაინაში გამარჯვების შემდეგ

2/ ემუქრება ბირთვული ომით, თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და რუსეთის „სტრატეგიულ დამარცხებაზე“ მუშაობას. რუსეთს ფაქტიურად უკანდასახევი გზა მოუჭრეს, ან შესაძლოა თავად მოიჭრა, როდესაც უკრაინასთან ომში შევიდა. როგორც ჩანს რუსეთის ელიტებში ამ ეტაპზე არც კი ფიქრობენ ომის დასრულებას, რადგანაც ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ომს საკუთარ პირობებზე დაასრულებენ. სოციოლოგიური გამოკითხვებით, რუსების დიდი ნაწილი 2024 წელს ომის დასრულებას ელოდება. მაგრამ იმ დათქმით, რომ რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს. რაც მთავარია, უკრაინის დაპყრობილი რეგიონები რუსეთმა კონსტიტუციით უკვე საკუთარ შემადგენლობასი შეიყვანა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს მისთვის კონსტიტუციის ხელახლა შეცვლა, თუ ომის შედეგად უკრაინის დატოვება მოუწია?!

უკრაინა კი, რომელიც დღეს მთლიანად დასავლეთის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზეა ჩამოკიდებული, ხვდება, რომ ომის დასრულება, ან თუნდაც დროებითი ზავი, მისი გადასაწყვეტი აღარ არის. კიევის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხომ თავად აღიარეს, რომ 2022 წელს დასავლეთმა (კერძოდ ბრიტანეთმა) მათ ამის უფლება არ მისცა.

ის, რომ ამ ეტაპზე ომში ჩართულ მხარეებს არა თუ არ სურთ, არამედ, უბრალოდ, არ შეუძლიათ ომის დამთავრება, ცხადზე ცხადია. ძალზედ დიდია პოლიტიკური ფასიც და სტრატეგიული ფსონიც. ფსიქოლოგიურად ომიდან გამოსვლა ხშირად იმაზე არანაკლებ რთულია, ვიდრე ომში შესვლა, მით უმეტეს თუკი სასურველი შედეგი ვერ მიიღე.