რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ამერიკულ სატელიტურ ფოტოებს იყენებს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ამერიკულ სატელიტურ ფოტოებს იყენებს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესია გრძელდება. ვითარება დაძაბულია ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დონბასში. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ დონბასში უკრაინის არმიას საბრძოლო მასალა ეწურება და ამის გამო ისინი იძულებულნი არიან უკან დაიხიონ. უკრაინელები იხევენ თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებზე. ამის ფონზე კი, ოკუპანტები აგრძელებენ ზეწოლას დასავლეთის მიმართულებით.

ამის პარალელურად, ამერიკული გავლენიანი ჟურნალი The Atlantic უკრაინულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ყიდულობს სატელიტურ ფოტოებს აშშ-სგან უკრაინაზე დარტყმისთვის. გამოცემა წერს, რომ რუსეთის შორი დისტანციური დარტყმები საკრუიზო რაკეტების გამოყენებით, სავარაუდოდ, განხორციელდა ამერიკული კომპანიების მიერ მოწოდებული სატელიტური სურათების გამოყენებით.

სამხედროს თქმით, თანმიმდევრობა ნათელია - თანამგზავრი იღებს ადგილის სურათებს, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ კი რაკეტა ხვდება იმ ადგილს. შემდეგ სხვა თანამგზავრი იღებს დამატებით სურათებს, შესაძლო ზიანის სიდიდის შესამოწმებლად.

„დაახლოებით ექვსი თვის წინ ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ კერძო კომპანიები სატელიტურ სურათებს გაიყიდნენ. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს დამთხვევები შემთხვევითია“, - განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ჩინოვნიკმა.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ეჭვობს, რომ რუსეთი ყიდულობს სატელიტურ სურათებს აშშ-დან მესამე მხარის კომპანიების მეშვეობით და რომ ეს სურათები შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ორი უმსხვილესი კომპანია აშშ-ში, რომლებიც კომერციული თანამგზავრული გამოსახულების მოპოვებით არის დაკავებული, არის Maxar და Planet.

„ორივემ მოგვაწოდა უკრაინული ობიექტების სურათები, რომლებსაც მოგვიანებით მოხვდა რუსული რაკეტები. ორივემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი საფუძვლიანად ამოწმებენ თავიანთ მომხმარებლებს და იცავენ აშშ-ის ბრძანებას, რომელიც ომის დაწყებიდან რუსეთთან ტრანზაქციებს კრძალავს. Planet-მა აღნიშნა, რომ ის აწვდის სურათებს - მთავრობებს, დამხმარე ორგანიზაციებს და მედიას“, - წერს გამოცემა.

როგორც სამხედრო ჩინოვნიკმა აღნიშნა, მას არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ თავად კომპანიები მხარს უჭერენ რუსეთს ომში. Maxar და Planet უამრავ ბიზნესს ახორციელებენ აშშ-ის მთავრობასთან და რუსეთის შეგნებულად დახმარება საფრთხეს შეუქმნის კონტრაქტებს და გამოიწვევს რეგულაციას.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - კორპორაციული შპიონაჟი. ეს არის თითქოსდა განყენებული თემა, მაგრამ რეალურად, კორპორაციული შპიონაჟი ეს არის კომპანიებს შორის განხორციელებული შპიონაჟი და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელსაც თავიანთ საფარქვეშ ახორციელებენ სადაზვერვო სამსახურები.

„არ შემიძლია ამ ფაქტის უარყოფა, რადგან ეს არის მიღებული პრაქტიკა. ამიტომ, შესაძლებელია იყოს ორი მიმართულება - ერთი, რომ აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდეს რუსეთის ფედერაციის ასეთი ინფორმაციული აღჭურვა და ეს ხდებოდეს სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ და მეორე ვერსია - შესაძლებელია, რომ რუსეთის დაზვერვის მიერ აღნიშნული მასალების მოპოვება ხორციელდება კორპორაციული შპიონაჟის ქვეშ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო ქოლგის საფარქვეშ“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

როგორც ექსპერტი აცხადებს, აშშ-ში არსებობენ მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური წრეები, შესაბამისად, ამ წრეებში უკრაინასთან მიმართებაში ერთი აზრი არ არსებობს, რაც ძირითადად განაპირობებს იმას, რომ ვერ ხერხდება უკრაინის სათანადო აღჭურვა.

„თუმცა, ერთი რამე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი ამ საომარი მოქმებების პირობებეში არასოდეს არ ყოფილა საკმარისობით გამორჩეული შეიაღების, თუ სხვა სახით უკრაინის აღჭურვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას უნდა ჰქონოდა მეტი წარმატება. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტრატეგიული ინტერესები აქვს აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებში. თუ მისი სტრატეგია არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის იმ დახმარების სისტემის შესუსტება, რომელიც წინააღდეგობის გაწევის მნიშვნელოვანი საფუძველი იყო, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მოვლენათა მალე დასრულების რაღაცა ეტაპზე გადავდივართ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამ ფორმულიდან გამომდინარე, ეს ეჭვი, რომ გარკვეული კავშირი, ხიდი არსებობდეს ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის, უფრო ადრეც გაჩნდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთი არ უნდა დაიშალოს.

„ჰქონდა ასეთი ტექსტი - ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოხდა 90-იანი წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რადგან ახლა რუსეთის დაშლა ჩვენთვის წამგებიანი არისო. ამ განცხადების ლოგიკა იყო ის, რომ რუსეთი კედლის ფუნქციას ასრულებს ჩინეთთან ურთიერთობაში და ამიტომ არ აწყობდა დაშლა, მაგრამ ეს ხომ თავიდანვე იყო ცხადი. ამ განცხადების მერე გამიჩნდა ეჭვი, რომ მთელი მსოფლიოსთვის გაკეთებული საკმაოდ ხმამაღალი განცხადება იყო და ეს ხომ არაა ბაიდენის მხრიდან იმის ნიშანი, რომ აქამდე ჩვენ გვაწყობდა ბრძოლაში ერთი მხარის დახმარება, ახლა ნაკლებად გვაწყობს. მას მერე მართლაც შემცირდა დახმარების ხარისხი და ახლა თითქმის დავიდა ნულამდე“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ეს დიდი ხნის დაწყებული პროცესია, რომელსაც თავისი უფრო ღრმა პოლიტიკური ფესვები აქვს. კერძოდ, მისი თქმით, საერთაშორისო პოლიტიკური ინტრიგის იერია, ვიდრე სამხედრო, ან კერძო ფირმების ინტერესი.

„როგორც წესი, ამერიკაში კერძო ფირმები სახელმწიფოს არასოდეს არ ეწინააღმდეგებიან და თუ კერძო ფირმების ხარჯზე რამე ხდება, სავარაუდოა, რომ ღია დასტურს იღებენ ისინი სახელმწიფოსგან. ასე რომ, აქ უფრო რთული პროცესია. ჩვენ ავყევით ამ ომს იმ განწყობით, რომ ჩვენ თვითონ ვართ რუსეთთან ომში დაზარალებული მხარე და ერთი მხრივ, ვართ ანგარისწორებით მოტივირებული და მეორე მხრივ შეუპოვარი ჩანდა დასავლეთის განწყობილებები, მათ შორის ამერიკის.

მაგრამ გავიხსენოთ, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება და საერთაშორისო პოლიტიკა არ არის საქართველოზე ორიენტირებული. მათ თავისი გეგმები აქვთ და ამ გეგმებით მოქმედებენ. ამიტომ, დიდი იმედი იმისა, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ აქ გაიყოს ამერიკისა და ევროპის გზები და ევროპამ გააგრძლოს ბროლა შეუპოვრად, ვიდრე აქადე აკეთებდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.