რაზეა წამსვლელი მაკრონი?!

რაზეა წამსვლელი მაკრონი?!

უკრაინაში პუტინის შეჭრის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, ემანუელ მაკრონს კარგა ხანი სწამდა, რომ რუსეთი არ უნდა დაემცირებინათ. დღეს მაკრონი თავადაა დამცირებული პუტინისგან და რუსეთმა გავლენის ზონები წაართვა საფრანგეთს აფრიკაში, თანაც, ამ დამცირებაში რუსებს მაკრონიც შემოელანძღათ და მედვედევის პირით შეუთვალეს სათქმელი - „მაკრონი ზოოლოგიური მშიშარაა“.

დღეს მაკრონი მზად არის, აიღოს ყურმილი, თუკი მას საერთაშორისო დამნაშავე ვლადიმერ პუტინი დაურეკავს, რადგან საფრანგეთის როლი დეესკალაციაა - „როგორც ჩერჩილი იტყოდა, საფრანგეთის როლია, იყოს ომის ნერვი“. თუმცა მაკრონის მზადყოფნა ყურმილის აღებასთან დაკავშირებით, არ გამორიცხავს მის ადრინდელ განცხადებას უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის სამხედრო ძალების გაგზავნის თაობაზე, რადგან დასავლეთის მხრიდან სისუსტის გამოვლენა ევროპის რეპუტაციის განულება იქნება რუსეთის წინაშე.

სულ ახლახანს გამართული ბერლინის შეხვედრის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მაკრონი ახალ ევროპულ კოალიციას აყალიბებს საფრანგეთის გარშემო, გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, მოლდოვა-რუმინეთის შემადგენლობით.

ყოველთვის ასეთი კატეგორიული არ იყო მაკრონი. ერთ დროს ბალტიისპირეთის ქვეყნები მას საყვედურობდნენ, რომ უკრაინაში შეჭრილ პუტინს ხშირად ურეკავდა და ესაუბრებოდა, რითაც უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აბრკოლებდა.

მაკრონი და პუტინი შეთამაშებულები იყვნენ და აგვისტოს ომის, ყირიმის ანექსიის მიუხედავად, 2018 წელს გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ერთად გამოჩნდნენ საფრანგეთის და რუსეთის ლიდერები. იმ პერიოდში მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულმა ფრანგმა ფეხბურთელებმა დაინახეს რა მათთან გასახდელში შესული მაკრონი და პუტინი, პუტინს უმღერეს, ფრანგმა ფეხბურთელებმა არც მაგიდაზე ახტომა დაიზარეს და არც ცეკვა-სიმღერა, რომლის ერთ-ერთი შეძახილი სწორედ პუტინს ეძღვნებოდა.

ოფიციალურ პარიზს მოსკოვის მიმართ ფარული სიყვარული აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთის ინტერესების შელახვის შემდეგ გაუნელდა. ნიგერში, ბურკინა-ფასოსა და მალიში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებებმა პარიზის სტრატეგიულ ინტერესს, ანუ ისტორიულ კოლონიურ ტერიტორიებს საფრთხე შეუქმნა, ვინაიდან აფრიკელებმა რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მოინდომეს. ამ ყველაფერს კი აფრიკაში მყოფი ევგენი პრიგოჟინის სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ოპერაცია უძღოდა წინ.

შედეგად, გასული წლის მიწურულს ფრანგმა ჯარისკაცებმა დატოვეს ნიგერი, საიდანაც საფრანგეთი ატომური ელექტროსადგურისთვის საჭირო ურანს იღებდა.

რაზეა წამსვლელი მაკრონი, როცა უკრაინაში ევროპის ქვეყნების სამხედრო ძალების გადასროლას აანონსებს, იქნებ, ეს კუნთების თამაშია რუსეთის შესაშინებლად?

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მაკრონს სურს საფრანგეთის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლება და ამერიკის დაბალანსება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ამერიკაში ჯერჯერობით ვერ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების გაწევის გაგრძელების თაობაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთი ყოველთვის ცდილობდა, დაებალანსებინა ამერიკა ევროპაში და თვითონ ეთამაშა ლიდერის როლი. ამდენად, მაკრონმა შეიძლება გაგზავნოს ევროპის ჯარი უკრაინაში, მაგრამ ის ჯარი არ ჩაერთვება სამხედრო ოპერაციებში, უბრალოდ, ისინი სამშვიდობო ფუნქციას შეასრულებენ.

„საფრანგეთის ჯარების შესვლით უკრაინაში, ბუნებრივია, საფრანგეთის საერთაშორისო პრესტიჟი ამაღლდება. არა მგონია, რუსეთის მიმართ მაკრონის ტონის გამკაცრება იმით იყოს განპირობებული, რომ აფრიკაში გავლენის სფეროები დაკარგა საფრანგეთმა. აქ უკრაინის ომია მთავარი, რადგან უშუალოდ საფრანგეთისა და მთლიანად ევროპის ინტერესებზე ზემოქმედებს რუსეთის შესაძლო გამარჯვება უკრაინაში. რაც შეეხება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას - ჩადს, იქ გარკვეული პრობლემები მართლაც შექმნათ ევროკავშირის ქვეყნებს“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპაში შექმნილი ვითარება ძალიან რთულია. ცოტა ხნის წინ, ფაქტობრივად, გერმანიის კანცლერი დაუპირისპირდა მაკრონს და ერთმანეთი შეამკეს უწმაწური ტონით. ამის შემდეგ ბერლინში ერთმანეთს შეხვდნენ მაკრონი, შოლცი და პოლონეთის პრემიერი ტუსკი სამმხრივ ფორმატში და შერიგება სცადეს. თუმცა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის დაპირისპირება ფუნდამენტური პრობლემაა. შოლცს არ სურს ფრთოსანი რაკეტების უკრაინაში გაგზავნა, რომლითაც საშიშროება იქმნება, უკრაინელებმა უფრო მძლავრად დაარტყან რუსეთის ტერიტორიას, რაც კონფლიქტის კიდევ უფრო მეტ ინტენსიფიკაციას მოახდენს. რაც მთავარია, შოლცის სურვილია, ევროპაში უსაფრთხოების გარანტორი ისევ და ისევ იყოს ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ეს მრავალი წელია გრძელდება, მაკრონს კი ეს არ აწყობს. ეს ტრადიციული ფრანგული პოლიტიკის შედეგია, მაკრონს უნდა, ევროპამ საკუთარი თავი დაიცვას, მაგრამ რით დაიცავს, როცა ე.წ. ევროპის არმია არ არსებობს, არსებობენ ნატოს ჯარები, არსებობს ათიათასობით ამერიკელი ჯარისკაცი და მრავალი სამხედრო ტექნიკა ევროპის ტერიტორიაზე და ევროპის გარშემო წყლებში.

„ამას ემატება ისიც, რომ რომის პაპმა, რომელსაც ყოველთვის აქვს გავლენა მსოფლიო მოვლენებზე, პირდაპირ თუ ირიბად მოუწოდა ზელენსკის, შეაჩეროს პროცესები და მოლაპარაკებაზე წავიდეს. თავის მხრივ, თურქეთის ლიდერიც მოუწოდებს რუსეთს და უკრაინას, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან თურქეთის ტერიტორიაზე. ანუ ეს მრავალშრიანი და ურთულესი პრობლემაა, რასაც ემატება კონგრესში ტრამპის „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ უკრაინისთვის მილიარდების გამოყოფის დაბლოკვა. ისიც ფაქტია, რომ ამერიკაში იმყოფება ევროპის მთავარი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი, რომელმაც განაცხადა, რომ, წესით, უკრაინის საკითხი ან გაზაფხულზე, ან ზაფხულში უნდა დასრულდეს. არ ვიცი, რა იგულისხმა ევროპის ტოპდიპლომატმა, ეს მრავალშრიანი პრობლემაა, რომლის ზუსტი პროგნოზირება დასავლელ სამხედრო ანალიტიკოსებსაც უჭირთ“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

trampi უტრაკო ყარაჩოილი
(დაჟე არც კი ყარაჩოღელი)
1 თვის უკან