„ადეიშვილი ვიდრე ინტერპოლის ძებნაში არ მოხვდება, ის თავისუფალია - საქართველომ მეტი უნდა იმუშაოს“

„ადეიშვილი ვიდრე ინტერპოლის ძებნაში არ მოხვდება, ის თავისუფალია - საქართველომ მეტი უნდა იმუშაოს“

უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების კიდევ ერთხელ დაძაბვის მიზეზი საქართველოს ყოფილი გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ევროპაში ვიზიტი გახდა. როგორც ირკვევა, ადეიშვილი უკრაინის ოფიციალურ დელეგაციაში იყო და მაღალ თანამდებობას იკავებს. ამის ფონზე ვიცით, რომ საქართველოში ყოფილი გენპროკურორი რამდენიმე საქმეზე დამნაშავედ ცნეს. საქართველოს მთავრობა უკრაინას ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინამ საქართველოს გადასცეს „დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ“. ამ განცხადებას, უკრაინელი მაღალჩინოსანი, დავით არახამია გამოეხმაურა და საპასუხო მოთხოვნები წამოაყენა.

11 მარტს კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ „ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო“.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმაზე მეტად ვერ დაიძაბება, ვიდრე ახლა არის. მისი თქმით, უკრაინას არ სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია უკრაინასთან დაპირისპირება.

„ამაზე მეტად რა უნდა გაუარესდეს?! - ფაქტია, ადეიშვილი ისე აღმოჩნდა ბერლინსა და ბრიუსელში, მათ არ იცოდნენ, რომ ადეიშვილი დამნაშავე და ძებნილია. საქართველოს პოზიცია იყო ცოტა უცნაური და ევროკავშირმა საკმაოდ მკაცრი პასუხი გასცა - დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთო.

არსად არ ყოფილა წერილი გაგზავნილი. ოდესღაც ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილი იყო და ამოღებულია სიიდან. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყოს სრულიად უსაფუძვლო და უსუსური, სასაცილოც კი. ამის ფონზე, მიიღეს ძალიან მკაცრი პასუხები როგორც ბრიუსელიდან, ისე გერმანიიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის სახელმწიფო კი არ გვიბრუნებს პასუხს, არამედ არახამია, რაც გარკვეულწილად არაკორექტულია უკრაინის მხრიდან, მაგრამ დიდი ხანია საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაფუჭებულია. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრალი, ქართული მხარის ბრალიცაა. ჯერ კიდევ სააკაშვილის დაპატიმრებამდე იყო დაძაბულობა, უკრაინიდან ჩვენი ელჩის გამოწვევა სრულიად უსაფუძვლო იყო. თვეების განმავლობაში არ იყო საქართველოს ელჩი უკრაინაში და დღემდე გაურკვეველია რატომ არ იყო - ბევრი ფაქტორია. აშკარაა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან, საქართველოს ჰქონდა რაღაც ინსტრუქციები მიღებული რუსეთიდან, რომ არ შექმნილიყო უკრაინა-საქართველოს ერთიანი ალიანსი.

არახამია ნამდვილად არ იქცევა სწორად, უფრო კორექტულიც შეიძლებლოდა ყოფილი. არახამია არ არის სახელმწიფო, ის დეპუტატია. უნდა ითქვას, რომ დეპუტატი უფრო თავისუფალია, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენგან სახელმწიფო საუბრობს, იქიდან ერთი დეპუტატი - არახამია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული სახელმწიფო დონეზე, საქართველოს დაუპირისპირდეს და ჩვენები ვერ ვხდებიან ამას. „ქართულ ოცნებას“ აწყობს უკრაინასთან დაძაბული ვითარება, რომ თავის პატრონთან - რუსეთთან ჰქონდეს გამართლება, რომ ის საშინაო დავალებას კარგად ასრულებს და უკრაინას უქმნის პრობლემებს, არ ახდენენ უკრაინასთან საერთო ფრონტით რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლას.

ვიდრე ინტერპოლის ძებნაში არ მოხვდება ადეიშვილი, ის თავისუფალია. თუ ინტერპოლმა არ აიღო ეს, ე.ი. ქართული მხარე არასწორად იქცევა. საქართველომ მეტი უნდა იმუშაოს, დაანებოს თავი სხვებისთვის გადაბრალებას და დეზინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

როგორც საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ მეტი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ადეიშვილი საქართველოს გადმოეცეს:

„არ მგონია, მეტად გამწვავდეს ურთიერთობა. ომს ხომ ვერ დაიწყებენ?! ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა. ვფიქრობ, შესაძლებელია (ადეიშვილი საქართველოს გადმოეცეს), ჩვენმა სამსახურებმა უფრო დაბეჯითებით უნდა იმუშაონ“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლების განცხადების საპასუხოდ, საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ ზურაბ ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, რომ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, გერტ იან კოპმანს რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან უკრაინის ჩათვლით, უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა კი, მათივე განმარტებით, დეზინფორმაციაა.

 

mamuka65 როგორც ჩანს, ეს პაატა ზაქარეიშვილი აზროვნებითაც ბლუა და ზუსტად ისე აზროვნებს, როგორც ლაპარაკობს!
1 თვის უკან