მარეგულირებელი უწყება სატრანსპორტო სფეროშიც იქმნება

მარეგულირებელი უწყება სატრანსპორტო სფეროშიც იქმნება

[თეონა ხარაბაძე]

მთავრობა ტრანსპორტის სფეროში ახალ მარეგულირებლებს ქმნის.  მართალია, მათ პირადპირ ეს სახელწოდება არ ექნებათ, მაგრამ დაახლოებით ისეთივე ფუნქციებით აღჭურვავენ, რაც დღეს სხვა მარეგულირებლებს გააჩნიათ. მთავრობის ეს გადაწყვეტილება კი ექსპერტთა მხრიდან კრიტიკის საგანი რამდენიმე გარემოების გამო გახდა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნაცვლად, რამდენიმე დამოუკიდებელი სააგენტო ჩამოყალიბდება. როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბაზაზე, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები - სამოქალაქო ავიაციის, საავტომობილო ტრანსპორტისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოები ჩამოყალიბდება.

ყველაზე საინტერესო კი მათი ფუნქციებია. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „ეს სააგენტოები აღიჭურვებიან თავიანთი საქმიანობის განხორციელების ეფექტური, სრულფასოვანი, შეუზღუდავი და პირდაპირი უფლებამოსილებებით“.

„თითოეული სატრანსპორტო დარგის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ეფექტურად განხორციელდეს სატრანსპორტო პროცესების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ეფექტური ზედამხედველობა, გადაყვანა-გადაზიდვებზე მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მაქსიმალური ხელშეწყობა და მათი ინტერესების დაცვის ხარისხის ამაღლება“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ასევე, განხორციელდება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, სასერტიფიკაციო, სალიცენზიო, სარეგისტრაციო და საინსპექციო საქმიანობის მაღალ დონეზე უზრუნველყოფა, მოტივირებული გარემოს ჩამოყალიბება ადმინისტრაციების მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტების უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო საავტომობილო და სატვირთო გადაზიდვებსა და მგზავრთა გადაყვანებზე ნებართვები ერთჯერადი და მრავალჯერადი იქნება და ის კონკურსის წესით გაიცემა.

ერთჯერადი ნებართვები ზღვრული ვადით გაიცემა, მრავალჯერადი კი უვადო იქნება და მას კონკურსის წესით გასცემენ. კერძოდ, მრავალჯერად ნებართვის გამცემი იქნება საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება.

კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მრავალჯერადი ნებართვების მისაღებად ნებართვის გაცემის ფასს გადაიხდის, რომლის ოდენობასაც და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესსაც, ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაადგენს. მრავალჯერადი ნებართვების გაცემის ფასი საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტში ჩაირიცხება.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კი ექსპერტებიც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებენ და ოპოზიციაც. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გადაზიდვებსა და გადაყვანებზე ნებართვის საფასური არა სააგენტოს ბიუჯეტში, არამედ ქვეყნის ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს.

მისი თქმით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში გასცემს არამატერიალურ სიკეთეს და შესაბამისად, მისი საფასური სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შევიდეს და მოქალაქეებს უნდა მოხმარდეს.

მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კი აცხადებს, რომ ეს მთელი ინიციატივის მხოლოდ ნაწილია და ხაზს უსვამს, რომ თავად იდეა არაარგუმენტირებულია.

„ამ ინიციატივიდან ჩანს, რომ იქმნება რაღაც ორგანოები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, დღეს არსებული მარეგულირებლების ფუნქციებით აღიჭურვებიან და ეს ამ სფეროსთვის სრულიად მიუღებელია“, - აცხადებს ტყემალაძე.