„საქართველოსთვის პრიორიტეტულია და უფრო მიმზიდველი დღევანდელ რეალობაში - სამხრეთ კავკასიური სამეული“

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია და უფრო მიმზიდველი დღევანდელ რეალობაში - სამხრეთ კავკასიური სამეული“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას შეფასებით, საქართველოს სამი არჩევანი აქვს: ევროპისკენ გეზი, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც შეუძლებელია კონფლიქტების მოგვარების გარეშე და მესამე, ეს არის სამხრეთ კავკასიური სამეული, რომელიც პრიორიტეტულია და ამავე დროს, უფრო მიმზიდველია დღევანდელ რეალობაში.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბარა.

პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და გზავნილები თანამშრომლობის გაძლიერებაზე - ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და ასევე ნატო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის. თუკი პარალელებს გავავლებთ, „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერების პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა. ბრიუსელში ჩასულმა კობახიძემ იგივე განცხადებები გაიმეორა, რაზეც მისი წინამორბედი საუბრობდა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ჯობდა, რომ კობახიძეს ახალი შტრიხები შეეტანა არსებულ ძველ პოლიტიკურ კურსში?

ირაკლი გოგავა: ტრადიციად იქცა, რომ ყველა ქართველი პრემიერი ვიზიტს იწყებს ბრიუსელში, ევროკავშირში. ეს იმის ხაზგსმაა, რომ ქვეყანას აქვს ევროპული გეზი. კანდიდატის სტატუსი მიიღეს დიდი დავი-დარაბით. შეიძლება რეალურად ეს კანდიდატობა ბევრს არაფრს ცვლიდეს, მაგრამ აშკარა იყო, რომ ბრიუსელი ჩაგრავდა საქართველოს სხვა კანდიდატებთან შედარებით და იცით, რომ კიდევ სხვა 9 კანდიდატი ქვეყანაა. საქართველო იჩაგრებოდა მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აღემატებოდა მრავალი პარამეტრით. ეს ევროკავშირის პოლიტიკური პოზიცია იყო.

რატომ იყო ასეთი ევროკავშირის პოლიტიკური პოზიცია?

- ევროკავშირის მმართველები კომფორტულად ვერ გრძნობდნენ თავს „ქართულ ოცნებასთან“ და სწორედ ამიტომ ჰქონდათ ასეთი პოზიცია. მათ სურდათ ხელისუფლების შეცვლა, რათა თავისი ყურმოჭრილი მონები მოეყვანათ ხელისუფლებაში. თუმცა, დაინახეს, რომ ამის რესურსი რეალურად არ აქვთ და საფრანგეთის შუამავლობით გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს ივანიშვილის გუნდთან. საფრანგეთს, როგორც ევროკავშირის წამყვან ძალას, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრს ერთგვარი შეფობა აქვს აღებული საქართველოზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.

საფრანგეთის ასეთი როლი იქიდან გამომდინარეობს, რომ ის გამოირჩევა სუვერენიტეტის შედარებით მაღალი ხარისხით ევროპულ სახელმწიფოებში, ეს კი მეორე მსოფლიო ომის შედეგებიდან გამომდინარეობს, როდესაც საფრანგეთი დაუმსახურებლად შეიყვანეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრად, როგორც ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყანა.

„ოცნების“ პრემიერები პირველ ვიზიტს, ტრადიციულად, ევროკავშირში ახორციელებენ, თუმცა ისიც გვახსოვს, რომ სააკაშვილმა პირველი ვიზიტი მოსკოვში განახორციელა და მას შემდეგ სააკაშვილმა ძალიან ბევრი რამ გაუკეთა რუსეთს: გადასცა ქართული ენერგეტიკის დიდი ნაწილი, სამართლებრივად შეუფუთა კოდორის ხეობა და ახალგორი, როცა შექმნა პარალელური სამხრეთ ოსური ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი იურიდიულად გაუფორმა და შემდეგ, ერთი გასროლის გარეშე, კოდორის ხეობა გადაულოცა და აღიარებინა რუსეთს.

„ქართულ ოცნებაზე“ შეიძლება მზე და მთვარე არ ამოგვდიოდეს, მაგრამ რასაც აკეთებენ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ეს არ უნდა დავუკარგოთ. ეს ფუნდამენტალური საკითხია, იყო დიდი ზეწოლა მეორე ფრონტის მოთხოვნით, როგორც დასავლეთიდან, ასევე შიგნით მე-5 კოლონისგან, მაგრამ „ოცნება“ არ წამოეგო ამ პროვოკაციას. ეს ხელისუფლება რომ ყოფილიყო 2008 წელს, დარწმუნებული ვარ, იმ ომს თავიდან აიცილებდა. სააკაშვილის უგუნური პოლიტიკით გავებით იმ მახეში და დავკარგეთ ტერიტორიები, გაგვიჩნდა ახალი დევნილები და რეალურად, ეთნიკური წმენდა მოხდა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. პრემიერის ვიზიტიც ბრიუსელში ადასტურებს, რომ ევროკავშირის გეზი გრძელდება მიხედავად პრემიერის ცვლილებისა.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს სხვა არჩევანი რა აქვს?

- რეალურად რომ გავაანალიზოთ, საქართველოს სულ სამი არჩევანი აქვს. პირველი - ევროკავშირისკენ სვლა, რაც არ ნიშნავს აუცილებლად წევრობას. ეს სვლაც ცალკე პოლიტიკაა. მიგვიღებენ - არ მიგვიღებენ ეს მეორე საკითხია, ჩემი აზრით არ მიგვიღებენ. მეორე - ეს არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რაც სრულმასშტაბიანად, სამწუხაროდ, გამორიცხულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ფონზე. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ კი, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ მოდით, რუსეთთან დავათბოთ ურთიერთობები. ხელისუფლების მხრიდან ეს განცხადება გამოიწვევს იმას, რომ მეორე დღეს ის ხელისუფლება არ იქნება. ჩვენ გვახოვს, რომ მაგლითად, ძირითადად, რესპუბლიკელები ითხოდნენ, ვაღიაროთ აფხაზეთიო და დღეს მათი პოლიტიკური რეიტინგი 0%-თან ახლოსაა. ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ქართული მიწა-წყლის დაკარგვას და ამას არავის აპატიებს.

როგორ ფიქრობთ, დასავლეთის დაკვეთა იყო რესპუბლიკელების ასეთი განცხადება?

- რა თქმა უნდა. დასავლეთს აწყობს მუდმივად არსებობდეს საქართელო-რუსეთს შორის ისეთი საკითხები, რაც ამ ორი ქვეყნის დაახლოებას შეუძლებელს ხდის.

რაც შეეხება მესამე ვარიანტს - ეს არის ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება ევროკავშირთან, პარტიორობის რაღაცა დონე რუსეთთან და სამხრეთ კავკასიური სამეული - ზომიერი ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელით.

ჩემი ფავორიტი სცენარი საქართველოსთვის არის სწორედ ეს სამხრეთ კავკასიური სამეულის ზომიერი ეკონომიკური ინტეგრაცია, სადაც სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო საერთო ეკონომიკურ ბაზარს ქმნიან და ეს უკვე 17 მილიონიანი ბაზარი იქნებოდა, სადაც განვითარების გაცილებით მეტი შესაძლებლობებია. თუ კარგად დავთვლით საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიერ ერთიანი ეკონომიკური სივრცის პერსპექტივას, მივიღებთ, რომ ეს რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და სწრაფად განვითარებადი სივრცე გახდება. მე ასეთი მოდელირება გავაკეთე თანამოაზრეებთან ერთად.

საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა შავ ზღვაზე და მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი, ბაქოს ენერგეტიკული რესურსები, სომხეთის უძლიერესი დიასპორა, რომელსაც ბევრ სახელმწიფოზე გავლენები აქვს, ერთ საქმეს რომ მოემსახუროს, ასეთ ერთობას დიდი პერსპექტივა და ძალა ექნება. ყარაბაღის პრობლემის მოგვარება აზერბაიჯანის მხრიდან და სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს ბაქოსა და ერევანს შორის, ამ სამხრეთ კავკასიური სამეულის შესაძლებლობას რეალისტურს ხდის. ამიტომაც სომხეთში დაძრეს საკითხი კონსტიტუციის შესწორებასთან დაკავშირებით.

საინტერესოა ფაშინიანის ეს ინიციატივა რასთან არის დაკავშირებული?

- აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ფაშინიანი აღიარებს ყარაბაღის ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ ყარაბაღის მიმართ პრეტენზიას უარყოფენ განცხადებით, მაგრამ სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულაში წერია, რომ სომხეთის ეროვნული მიზანი განისაზღვრება 1989 წლის 1 დეკემბრის დამოუკიდებლობის დეკლარაციით, სადაც წერია, რომ ყარაბაღი სომხეთის ნაწილია. ანუ ფორმალურად გამოდის, რომ სომხეთს კვლავ აქვს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანთან. შესაბამისად, ეს კაზუსი უნდა აღმოიფხვრას, კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, რომ გრეძლვადიან მდგრად მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში საფრთხე არ დაემუქროს.

პრინციპში სწორიც არის ფაშინიანი...

- პოლიტიკური ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, სწორია, რომ პასუხისმგებლობა ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხალხს გაუზიაროს. ალბათ, გაიტანენ ამ გადაწყვეტილებას, თუ არ იქნება გარედან ჩარევა.

ვინ შეიძლება ჩაერიოს?

- ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის სომხეთის მილიტარიზაციის პროცესი და ამ შემთხვევაში, არა მარტო საფრანგეთის მხრიდან, არამედ ინდოეთის მხრიდან და რუსეთიც აგზავნის გარკვეულ შეიარაღებას, 400-მილიონი დოლარის კონტრაქტი აქვთ და აწოდებენ შეიარაღებას, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არის ომში უკრაინასთან. რა თქმა უნდა, სომხეთის მილიტარიზაცია შემაშფოთებელია რეგიონისთვის, მაგრამ ძალიან მყიფეა ზღვარი, რადგან ასევე სომხეთს აქვს თავდაცვის უფლება. ანუ, მას შემდეგ, რაც ყარაბაღის პრობლემა მოგვარდა და 7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც თავად პრეზიდეტნმა ალიევმა ყარაბაღის ტერიტორიაზე მისცა ხმა, ნიშნავს იმას, რომ ალიევის, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება უკვე ლეგიტიმურია ყარაბაღის ტერიტორიაზე.

ეს ისტორიული მიღწევაა აზერბაიჯანისთვის და უკვე იურიდიულადაც კი, ბაქოს ხელისუფლება ვრცელდება იქ. შესაბამისად, სომხეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია გაზარდოს თავდაცვისუნარიანობა, მაგრამ სად გადის ზღვარი თავდაცვისუნარიანობასა და მილიტარიზაციას შორის? ეს უკვე მყიფე საკითხია. თუ მოხდა ზედმეტი მილიტარიზაცია, ეს, რა თქმა უნდა, კონფლიქტისკენ სვლა არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპიდან ძალიან უტევენ აზერბაიჯანს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გააძევეს აზერბაიჯანული დელეგაცია, ერთი წლით ჩამოართვეს ხმის უფლება.

საქართველოს დელეგაციამ საპროტესტო წერილით მიმართა, რომ გადაიხედოს აღნიშნული გადაწყვეტილება. აზერბაიჯანის მოკვეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან პრობლემაა მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. ასეთი მეთოდებით ქვეყანის გაგდება არ შეესაბამება იმ ტრადიცებს, რომელსაც ევროპა ჩემობს. შეიძლება აზერბაიჯანს არ ეთანხმებოდე, მაგრამ მას საშუალება უნდა მიეცეს, რომ უპასუხოს ბრალდებებს.

მე ვნახე რეზოლუცია, რომელიც ოქტომბერში მიიღეს ევროპის საბჭოზე საპარლამენტო ასამბლეაზე. საბაბად გამოიყენეს ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიწვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები. მაგრამ რეალური მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანმა, დასავლეთის თანხმობისა და ჩარევის გარეშე, გადაწყვიტა ყარაბაღის პრობლემა. ანუ, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა დასავლეთის გარეშე.

ალბათ, სწორად მოიქცა აზერბაიჯანი და კარგი იქნება, თუკი საქართველოც მიბაძავს...

- რა თქმა უნდა, სწორად მოიქცა. ჩვენ ვხედავთ, რომ მინსკის პროცესზე, რომელიც ყარაბაღთან იყო დაკავშირებული, დასავლეთს თითი-თითზე არ დაუკარებია, რომ დახმარებოდნენ აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

არც ჩვენ გვეხმარებიან...

- კი ბატონო და უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ისინი მომხრე არიან ეს სტატუს-კვო შენარჩუნეული იქნას აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ეს მათ საშუალებას აძლევს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლებებზე გავლენის ბერკეტები შეინარჩუნონ. კონფლიქტების სტატუს-კვოს შენარჩუნება გამორიცხავს ქართულ-რუსული და აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობების სრულმასშტაბიან ნორმალიზაციას. თუ ეს კონფლიქტი მოგვარდა საქართველოსა და რუსეთს შორის, მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი მოხსნილი იქნება და უკვე ასპარეზი გაქვს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დალაგებისთვის.

ამიტომ გვაქვს სახეზე კონფლიქტების ბლოკირება?

- ჩვენ რა გვაქვს დღეს - არაღიარების პოლიტიკა. კი ბატონო, არ აღიარეს დასავლეთის ქვეყნებმა აფხაზეთი, ეს ბევრს არაფერს იძლევა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთმა აღიარა. მეორე მხრივ, მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი გამორიცხავს სამხედრო გზას. აფხაზეთის და ცხინავალის რეგიონის სამხედრო გზით დაბრუნება არ შეიძლება და აი რატომ - რომც შეგვეძლოს და მოვახერხოთ, ეს არის ამ პრობლემის გადაცემა მომავალი თაობისთვის, იმიტომ, რომ აფზახები და ცხინვალელი ოსები მიგვაჩნია ჩვენი ერის განუყოფელ ნაწილად და მათი განადგურება ან გაყრა არ შეიძლება წარმოადგენდეს ჩვენს ამოცანას.

ეს პროცესები ჩვენ უნდა გვესმოდეს და ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავინ არ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანი, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა ეს პრობლემა. მიაღწია იმას, რომ რუსეთი ცოტა ხნით განზე გადგა და აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ეს სამი არჩევანი - ევროპისკენ გეზი, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც შეუძლებელია კონფლიქტების მოგვარების გარეშე და მესამე, ეს არის სამხრეთ კავკასიური სამეული, რომელიც პირადად ჩემთვის პრიორიტეტულია და უფრო მიმზიდველი დღევანდელ რეალობაში.

ჩვენ ასეთი ერთობა გვქონდა კიდეც 1918 წელს. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ამიერკავკასიის სეიმი ჩამოაყალიბეს. ეს იყო კონფედერაციული ხასიათის ერთი სახელმწიფო. იყო ერთი პარლამენტი და შედეგ იყო თურქეთის სამხედრო ულტიმატუმი, რომ ან დაშალეთ ეს სეიმი და გამოაცხადეთ დამოუკიდებელობა ცალ-ცალკე, ან მოვდივართ ჯარითო. შეეშინდათ, დაშალეს სეიმი და თურქეთი მაინც შემოვიდა ჯარით. ძალა ერთობაშია და ასეთი ერთობა გვჭირდება ჩვენ სამხრეთ კავკასიაში.