ავსტრიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთისგან იღებს საჭირო გაზის ნახევარს, ღიად განაცხადა, რომ სანამ რუსეთი ყიდის გაზს, ვენა მზად არის მისი იმპორტი განაგრძოს. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს მიდგომა ევროკავშირის და ქვეყნის ოპოზიციური ძალების ზეწოლით, შეიძლება მალე შეიცვალოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამხრეთიდან ევროპაში რუსული გაზის იმპორტის ზედა ზღვარი არსებობს: ეს არის „თურქული ნაკადის“ ევროპაში გადამისამართებული მილსადენის ტექნიკური სიმძლავრე, რომელიც 15,75 მლრდ კუბ.მეტრია. ამჟამად „თურქული ნაკადით“ ევროპაში „გაზპრომის“ გაზის ექსპორტის მოცულობა 10 მლრდ კუბ.მეტრს აღწევს, რაც „ზღვაში წვეთია“ (Georgi Gotev., 2024). ამდენად, 2024 წლის შემდეგ ევროპაში ტრანზიტის გაგრძელება, სავარაუდოდ, მომგებიანი იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. ორივე მხარეს ესმის: გაზის მიწოდების შეწყვეტა არ იქნება კრიტიკული ფაქტორი მოწინააღმდეგე მხარისთვის და რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს მის დამარცხებას, მაგრამ საკმაოდ უსიამოვნო იქნება ასეთი ნაბიჯის ინიციატორისთვის.
ამრიგად, მიმდინარე ომის ორნახევარი წლის კატაკლიზმების პირობებში, რუსული გაზი ახლა ევროპაში ორი გზით აღწევს. პირველი არის „თურქული ნაკადისა“ და „ბალკანეთის ნაკადის“ კომბინაცია. როგორც ზემოთ ავღვიშნეთ. შავი ზღვის გავლით თურქეთს, სერბეთსა და უნგრეთს ყოველწლიურად მიეწოდება დაახლოებით 13.5 მლრდ კუბ. მეტრი გაზი. ბულგარეთმა შეწყვიტა რუსული გაზის პირდაპირ ყიდვა, მაგრამ მის ტერიტორიაზე ტრანზიტი გრძელდება. მეორე მარშრუტი არის დერეფანი უკრაინის გავლით „ძმობის“ მილით სლოვაკეთამდე, რომლითაც გაზის დაახლოებით იგივე მოცულობები იგზავნება. ერთი შეხედვით გაურკვეველია, თუ რატომ გრძელდება სანქციების პირობებში ეს კომერციული ურთიერთობები დღემდე. კიევი ამას ასე ხსნის: ისინი სიამოვნებით შეაჩერებენ ტრანზიტს და ყველანაირად ცდილობენ დაარწმუნონ ევროპელი პარტნიორები, უარი თქვან რუსული გაზზე. მაგრამ, სანამ ცენტრალურ ევროპაში სჭირდებათ უკრაინული ტრანზიტი, უკრაინული მხარე შეასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რათა დარჩეს ევროპის საიმედო პარტნიორად. რუსული გაზის ძირითადი მყიდველები არიან სლოვაკეთი, უნგრეთი, ავსტრია და იტალია. ყველა ამ ქვეყანაში ახლა ხელისუფლებაში არიან მთავრობები, რომლებიც ხელმძღვანელობენ პრაგმატიზმით და არ არიან აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსის მიმდევრები. რუსული გაზის ფასი ახლა ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ფასებთან, ვიდრე გასულ ათწლეულში იყო, მაგრამ ის მაინც უფრო იაფია, ვიდრე თხევადი ბუნებრივი აირი (LNG), განსაკუთრებით ფასების რყევების პერიოდებში. ამიტომ, რიგი ქვეყნები არ ჩქარობენ მის მიტოვებას, თუმცა ყველა მათგანმა მოაწერა ხელი ევროკავშირის ე.წ. RePowerEU პროგრამას, რაც 2027 წლისთვის რუსულ გაზზე სრულ უარს გულისხმობს (Сергей Вакуленко., 2024).
ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ რუსული მილსადენის გაზის ყიდვას, ევროკავშირში უმცირესობაა, მაგრამ პან-ევროპული გადაწყვეტილებების მიღების სისტემა ისეთია, რომ თუნდაც ერთი მათგანის აქტიური ვეტო საკმარისია პროცესის შესაჩერებლად და პასიურმა უთანხმოებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეანელოს მოვლენები. უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ღონისძიებების უმეტესობა ისეთია, რაც ერთსულოვნებას მოითხოვს. ამიტომ კიევი იძულებულია ფრთხილად იყოს ამ ქვეყნების პოზიციებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსული გაზის საკითხთან მიმართებაში.
იმავდროულად, ვითარება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს 2024 წლის ბოლოს, როცა სატრანზიტო ხელშეკრულების ვადა ამოიწურება. უკრაინამ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარი არ არის. თუმცა, ავსტრიულმა სახელმწიფო კომპანია OMV-მ გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს რუსული გაზის შესყიდვა, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოს მიწოდების მოცულობის მარაგი მილსადენებში და LNG მიმღებ ტერმინალებში, რაც დივერსიფიკაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა 2024 წლის 12 თებერვალს გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა შეეცდება შეწყვიტოს გაზის ეროვნული კომპანია OMV-ის გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულება „გაზპრომთან“, რათა ქვეყანა გაათავისუფლოს რუსეთის ენერგეტიკაზე თითქმის სრული დამოკიდებულებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე, უპირველეს ყოვლისა, კრემლის მიერ მიწოდების შეწყვეტის გამო 2022 წელს, ეს ასე არ არის ცენტრალური ევროპის რიგ ქვეყნებში. ავსტრიის შემთხვევაში, მისი იმპორტის წილი, რომელიც რუსეთიდან მოდის, რეალურად გაიზარდა მთელი იმპორტის 98%-მდე, 2022 წლის 24 თებერვლის 80%-ის წინააღმდეგ, როდესაც მოსკოვი შეიჭრა უკრაინაში. ლ. გევესლერმა, მწვანეთა პარტიის წევრმა, განაცხადა, რომ აპირებს შეწყვიტოს კონტრაქტი, რადგან მთავრობა ემზადება ეროვნული არჩევნებისთვის ამ შემოდგომაზე. ”ჩვენი გაზის იმპორტის დივერსიფიკაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს ვენაში 2024 წლის 12 თებერვალს, და ხაზი გაუსვა - ”ეს კულმინაციას ახდენს რუსული ბუნებრივი გაზის ახალი რეკორდული წილით დეკემბერში 98%-მდე.” (NewsBase., 14, 2024). რუსეთზე გაზრდილი დამოკიდებულების გამომწვევი ფაქტორი ავსტრიაში გაზის მოთხოვნის შემცირებაა. ავსტრიის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს მოხმარება შემცირდა 75 ტვტ/სთ-მდე, 2022 წლის 100 ტვტ/სთ-დან. ეს ძირითადად მაღალი ფასების შედეგია, რამაც გამოიწვია შინამეურნეობების მიერ გაზის გამოყენების შემცირება და სამრეწველო საწარმოების დახურვა. იმავდროულად, OMV ვალდებულია „გაზპრომთან“ გრძელვადიანი კონტრაქტით, რომელიც 2018 წელს განახლდა და ვადა ეწურება 2040 წელს, „აიღე ან გადაიხადე“ პრინციპით იყიდოს წელიწადში მინიმუმ 60 ტვტ/სთ გაზი. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასები ამჟამად უფრო იაფია, ვიდრე ადგილზე შესყიდვები მეზობელი გერმანიიდან, რომელმაც თავად შეცვალა რუსული გაზის მიწოდება ტანკერებით თხევად გაზის (LNG) იმპორტით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, OMV-ს და მცირე ენერგეტიკულ კომპანიებს ავსტრიაში აქვთ ყველა მიზეზი, იყიდონ მეტი რუსული გაზი დღევანდელ საბაზრო პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიწოდების ალტერნატიული წყაროები.
გერმანიიდან იმპორტის გარდა, ავსტრიას ასევე აქვს წვდომა გაზის იტალიის პორტებიდან, LNG-ის სახით, ან მილებით ჩრდილოეთ აფრიკიდან. ავსტრიის მთავრობასაც სურს მიაღწიოს „გაზპრომის“ გაზის გაყიდვიდან რუსეთის შემოსავლების ნაკადის შემცირებას. ეს არის პოზიციის შესამჩნევი ცვლილება 2023 წლის ბოლოსთან შედარებით, როდესაც ავსტრიის მთავრობას ევროკომისიამ საყვედური გამოუცხადა - ბრიუსელის ელჩმა ავსტრიაში მარტინ სელმაირმა გაზზე ავსტრიის მუდმივ დამოკიდებულებას მოსკოვში „სისხლიანი ფულის“ გაგზავნას შეადარა. მინისტრმა ლ. გევესლერმა იგივე გააკეთა: „ჩვენი ენერგიის გადასახადებით, ჩვენ არაპირდაპირ ვართ უკრაინაში საშინელი ომის დამფინანსებელი“, - განუცხადა მან რეპორტიორებს (NewsBase, 14, 2024).
ავსტრიამ 2022 წელს რუსეთიდან 7 მლრდ ევროს (7,6 მლრდ დოლარის) ღირებულების გაზი იყიდა, როცა ფასები ძალიან მაღალი იყო. ამის შემდეგ, ენერგეტიკული კრიზისის გამო ფასები დაეცა, თუმცა 2023 წელს გაზის იმპორტის ფასი საკმაოდ მაღალი - 3 მლრდ ევრო იყო.
ევროკავშირის მისწრაფებაა 2028 წლისთვის რუსული გაზის მთლიანად ლიკვიდაცია მისი ენერგეტიკული სისტემიდან, მაგრამ ავსტრია თავად ვერ მიაღწევს ამ მიზანს, სანამ ავსტრიული OMV-ს რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტი რჩება ძალაში. თუმცა, მინისტრ ლ. გევესლერს აქვს რუსეთის გაზზე დამოკიდებულების დაძლევის სამპუნქტიანი გეგმა.
უპირველეს ყოვლისა, მინისტრს სურს ადგილობრივი კომუნალური მომსახურების სისტემის წახალისება, რათა მათ იმუშაონ რუსულის გარეშე და დაიწყონ ალტერნატიული წყაროების წილის გაფართოება მათ ენერგო მოხმარებაში. იდეალურ შემთხვევაში ეს იქნება გაზის შეძენა ევროკავშირის ერთობლივი შესყიდვების პლატფორმაზე, რაც 2023 წელს დაიწყო და რომელიც ცნობილია, როგორც AggregateEU. ავსტრიაში ადგილობრივი ენერგეტიკული სადისტრიბუციო საწარმოები, რომელთა უმეტესობა ნაწილობრივ მუნიციპალიტეტების ან ქალაქების საკუთრებაშია, ძალიან იაფად იღებენ რუსულ გაზს. მართალია ალტერნატივებიც ხელმისაწვდომია, მაგრამ უფრო ძვირია. კერძოდ, გერმანიის გავლით გაზის გადასახადია 1,86 ევრო/მგვტ/სთ-ზე. იტალიამ ასევე 2024 წლის 1 აპრილიდან დააწესა გაზის ექსპორტისთვის 2,19 ევრო/მგვტ/სთ გადასახადი (Сергей Вакуленко., 2024).
მეორე - ის გრძელვადიან პერსპექტივაში ცდილობს შეწყვეტოს „გაზპრომთან“ კონტრაქტი. ლ. გევესლერმა აღნიშნა, რომ მისმა სამინისტრომ დაიქირავა ეკონომიკური ანალიტიკური ცენტრი Wifo, რათა მან მოამზადოს კვლევა 2024 წლის ზაფხულისთვის და აწონ-დაწონოს „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ეკონომიკური ზეგავლენა.
და მესამე - მას სურს დააფიქსიროს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების საკითხი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.
გეგმა სავარაუდოდ, ბიზნესის მწვავე წინააღმდეგობას წააწყდება, რომლებიც ჩივიან, რომ მოუწევთ შეიძინონ რუსული გაზის უფრო ძვირი ალტერნატივა, რაც შეამცირებს მათი წარმოების რენტაბელობას. ყველაზე მძიმე დარტყმა იქნება ენერგო ინტენსიური ინდუსტრია, სადაც ბუნებრივი აირის ფასი დანახარჯების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტია. ასევე არსებობს ეჭვები „გაზპრომთან“ OMV-ს კონტრაქტის გაწყვეტის კანონიერებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მათ შორის უკვე დაწყებულია სასამართლო პროცესები.
ზემოაღნიშნულით ავსტრიის მთავრობა ამ ქვეყნის კონსერვატორებს თითქოს „აძლევს საშუალებას“ საკუთარი თავი წარმოაჩინონ ბიზნესის მომხრეებად, რადგან მათ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ მინისტრ ლ. გევესლერის გეგმა გამოიწვევს ენერგეტიკული ხარჯების ზრდას იმ დროს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ევროპაში რთულია. კონსერვატორებს ასევე შეუძლიათ თქვან, რომ წარმოდგენილი გეგმა გაზრდის საყოფაცხოვრებო-კომუნალურ გადასახადებს, რაც ამძაფრებს სოციალურ დაძაბულობას ევროპაში.
კანცლერმა კარლ ნეჰამერმა, მემარჯვენე ცენტრისტმა პოლიტიკოსმა 2023 წელს ხაზი გაუსვა, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შენარჩუნება გადასახადების გადამხდელთა ინტერესებში იყო. „ეს არის სახელმწიფო ქონების უზრუნველყოფის საკითხი და არსებული კონტრაქტები შენარჩუნდება რაც შეიძლება დიდხანს" (Сергей Вакуленко., 2024).
სავარაუდოდ ავსტრია, ისევე როგორც იტალია, ნაკლებად დაზარალდება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით, ვინაიდან მის ტერიტორიაზე რამდენიმე მილსადენი იკვეთება. ამიტომ, ამ ორ ქვეყანას ყოველთვის ექნება ალტერნატივები. მაგალითად, იტალია იღებს გაზს როგორც ცენტრალური ევროპიდან და ბალკანეთიდან, ასევე ჩრდილოეთ აფრიკიდან ორი მილით, აზერბაიჯანიდან „სამხრეთის გაზის დერეფნით“, და მის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე LNG ტერმინალის მეშვეობით. მეტიც, იტალიური ენერგოდისტრიბუციის კომპანია Snam (SRG.MI) 2027 წლისთვის აპირებს განახორციელოს 11,5 მლრდ ევროს (12,5 მლრდ აშშ დოლარი) ინვესტირება გაზის ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის, რაც 15%-ით მეტია, ვიდრე წინა ბიზნეს გეგმით იყო გათვალისწინებული. თავის ახალ სტრატეგიაში აღნიშნული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს ახალი მილსადენების მშენებლობასა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ინფრასტრუქტურის დასრულებაზე. ის ასევე განახორციელებს ინვესტიციას ე.წ. „ენერგეტიკულ გარდამავალ ბიზნესში“, მათ შორის ნახშირბადის უტილიზაციის ცენტრისა და წყალბადის ევროპული ქსელის განვითარებაში (Файл:Major Russian., 2021).
უნგრეთთან დაკავშირებით მდგომარეობა ცოტა უფრო რთულია, თუმცა მას შეუძლია რუსული გაზის მიღება „თურქული ნაკადის“ მეშვეობით. რაც შეეხება სლოვაკეთს, მას „ძმობის“ მილსადენის ალტერნატივა პრაქტიკულად არ აქვს. რუსული გაზის ჩასანაცვლებლად მას დასჭირდება ავსტრიის „ბაუმგარტენის“ ჰაბთან მილით დაკავშირება, ან ბალტიისპირეთის გერმანული LNG ტერმინალებიდან გაზის მიღება თუკი ოდესმე აფეთქებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ (Nord Streams) მილები აღდგება, ანუ სლოვაკეთიდან გაზის მიღების შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, ექნებათ თუ არა გაზი გერმანიას, ავსტრიას, უნგრეთსა და ჩეხეთს.
გარდა ამისა, ომამდე სლოვაკეთი რუსული გაზის ტრანზიტიდან წელიწადში 750 მლნ ევროს გამოიმუშავებდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,75%-ია. 2023 წელს ტრანზიტიდან შემოსავალმა სულ 227 მლნ ევრო შეადგინა და თუ „ძმობის“ ტრანზიტი შეჩერდა, ეს თანხა დაიკარგება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე აღიარა, რომ რუსული გაზის ტრანზიტი შეიძლება გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა უარი თქვა ხელშეკრულების 2024 წლის შემდეგ გაგრძელებაზე.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბულგარეთმა შეცდომა დაუშვა “ბალკანსტრიმის“ (BalkanStream) აშენებით, რითაც პუტინს გადასცა დასავლეთ ბალკანეთის გასაღები, როგორც 2020 წლიდან Euractiv Bulgaria-ის გამოძიება აჩვენებს. მაგრამ ახლა ბულგარეთს აქვს ძლიერი პოზიცია ავსტრიასთან, რომელიც ჯერ კიდევ ბლოკავს ქვეყნის „შენგენში“ გაწევრიანებას თავისი სახმელეთო საზღვრებით. ამრიგად, ვენას მოუწევს მოლაპარაკება სოფიათან, თუ მას სურს გაზარდოს მიწოდება მას შემდეგ, რაც უკრაინული მარშრუტით გაზის მიწოდება შეწყდება(Georgi Gotev., 2024). ამიტომ რუსეთი კიდევ უფრო დაინტერესებული იქნება ბულგარეთის დესტაბილიზაციაში 2024 წელს.
დასკვნები
მართალია, 2023 წელს ევროპაში რუსული მილსადენებით გაზის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 56%-ით შემცირდა, თუმცა ამის მიუხედავად, რუსული სახელმწიფო მონოპოლიის - „გაზპრომის“ შემოსავლები არ შემცირებულა, რამაც უზრუნველყო ცენტრალური ევროპის ქვეყნების მთავრობებზე, ჩვეულებრივ იარაღზე არანაკლებ ეფექტიანი - „ენერგეტიკული იარაღით“ ზეწოლა რუსეთ-უკრაინის ომზე მსჯელობისას.
ამრიგად, ჩვენი ჰიპოთეზით დასავლეთის მხრიდან სანახევროდ გატარებული სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სახელმწიფო მონოპოლიების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და რფ-ს საბიუჯეტო შემოსავლებს დიდ ზიანს არ აყენებს და მათგან თავის დაღწევა მოსკოვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უკვე 2024 წლის ბოლოს ევროპისკენ რუსული გაზის ბოლო მარშრუტის, მილსადენი „სუდჟა-ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ დაკეტვით დასავლეთის სანქციები მოსკოვს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს - გარკვეული პროგნოზირებადი პოლიტიკური შედეგებით. რუსეთი გაზრდის თხევადი გაზის (LNG) ხვედრით წილს თავის ენერგეტიკულ ბალანსში.
კერძოდ, ამ საუკუნის დასაწყისში ბუნებრივი აირის დაახლოებით 88-90% გაზსადენებით მიეწოდებოდა უშუალოდ კონკრეტული მიმწოდებლიდან კონკრეტულ მომხმარებელს, ძირითადად ევროპაში, დანარჩენი - ტანკერებით თხევადი (LNG) სახით (Z. Garakanidze, N. Garakanidze., 2013). უკვე 2023 წელს, LNG-ზე მოდიოდა გაზის გლობალური ბაზრის დაახლოებით 40%, დანარჩენი - გაზსადენებზე. უკვე 2025 წლიდან, ევროპაში რუსული მილსადენის გაზის იმპორტი საერთოდ შეწყდება, რაც კიდევ უფრო რელიეფურად წარმოაჩენს საქართველოს გეოეკონომიკურ მნიშვნელობას ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ (SGC). კერძოდ:
- ომის პირობებში „ევროკავშირის სამხრეთის გაზის დერეფნის“ როლი, და შესაბამისად, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისათვის კიდევ უფრო გაიზრდება;
- „დერეფანი“ კასპიისპირეთის ქვეყნებს ენერგო რესურსების მსოფლიო ბაზარზე გატანის ახალ, გაზრდილ შესაძლებლობებს მისცემს და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე;
- შესაბამისად უნდა დაჩქარდეს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თხევადი გაზის (LNG) დეგაზაციის ტერმინალებისა და მიწისქვეშა გაზსაცავების (UGS) დაპროექტება-მშენებლობა.